“როცა ჩვენი იუბილარი თავის სათაყვანებელ სამშობლოს დაუბრუნდება, ,,პატიოსნების ორდენს“ უკვე აქ გადავცემთ”

449

ჟურნალისტი გიგლა გობეჩია, სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პარიზში მცხოვრებ, თავის კოლეგასა და თანაკურსელს, ჟურნალისტ ბონდო ქურდაძეს იუბილეს ულოცავ და საჯაროდ მიმართავს:

“და გახსოვდეს, ,,არ გაქვს უფლება ცუდად ყოფნისა!!.“

თავის დროზე ყველაფრით გამორჩეულ გაზეთ ,,შანსს“ თავისუფლების კუნძული ვუწოდე. ,,შანსმა“ 1990-2000-იანი წლების პარტახიზაცია-პრიხვატიზაციის საყოველთაო პროცესს სუფთად გაუძლო და შექმნა უტყუარი ისტორია, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკის მიუკერძოებელი მკვლევარი გვერდს ვერასოდეს აუვლის. ბონდო ქურდაძე და მისი ,,შანსი“ მართლა შანსს არ გიტოვებს, შეუფასებელი დატოვო ეს დიდებული გაზეთი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში.
,,შანსი“ ბონდო ქურდაძის მაკვარანცხ გულ-გონში გამოიკვირტა, გაიფურჩქნა, იბრძოლა, ივიშვიშა და გაჩერდა. დღემდე ვიმედოვნებ, რომ დროებით. ყოველი შემთხვევისთვის, ბონდოს პარიზული ეპოპეის დამთავრებამდე.
შეიძლება თამამად ითქვას, მათ ერთმანეთი გაზარდეს – ბონდომ ,,შანსი,“ ,,შანსმა“ – ბონდო. ისინი უერთმანეთოდ წარმოუდგენელია. ხოლო მათ გარეშე – ქართული ჟურნალისტიკის უახლესი ეპოქა. ეს იყო თავგზა დაკარგული ჩვენი სამშობლოს ასევე თავგზა დაკარგული ჟურნალისტიკის ხანა, ოღონდ არა სინდის-ნამუსის.
პარიზული მონაკვეთი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თხემით ტერფამდე არამზადა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა თხემით ტერფამდე პატრიოტი და სუპერპროფესიონალი რედაქტორი იძულებული გახადა, ოჯახის ხსნა და გადარჩენა ევროპაში ეძება. ევროპამ ღირსეულად მიიღო სამშობლოდან აოტებული ჟურნალისტი.
სრული ათი წელი გავიდა ბონდო ქურდაძის იძულებითი დევნილობიდან. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა სულიერი ფორიაქი ჰქონდა მას მთელი ეს პერიოდი. შორიდან და გარეგნულად, ალბათ, ყველაფერი კარგად ჩანს. ბავშვები ფეხზე დააყენა, უფროსი შვილი, ნიკა ქურდაძე ამერიკული კინოაკადემიის კურსდამთავრებულია, მარიამმაც პარიზში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, ნაბოლარა ბარბარე სკოლაში სწავლობს და ტოლს არ უდებს ,,კარენნოი“ პარიზელ თანატოლებს. მისმა მეუღლემ, ჩვენმა ძვირფასმა რძალმა ეკა გრძელიძემ, მალევე ისწავლა ფრანგული ენა და მუზეუმში მუშაობს. მალე მოქალაქეობას მიიღებს მისი მეუღლისგან განსხვავებით. ყველაფრით გამორჩეულმა ბონდომ აქაც იორიგინალურა – უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მე სამუდამოდ საქართველოს მოქალაქედ ვრჩებიო, თქვა კიდეც ერთგან.
და დღეს ეს „ბიჭი“ დიდი იუბილარია. ექვს ათეულ წელს მოუყარა თავი! უფრო სწორად, ოფიციალურად მისი დაბადების დღე გუშინ, 25 ივნისს იყო, მაგრამ ქალაქში არ ვიყავი და…
ახლა ვულოცავ, ვლოცავ კაცურად, ძმურად, წელთა სიმრავლე და ჯანი არ მიაკლოს არსთა გამრიგემ, ბედნიერად უმყოფოს ყველა იქ, პარიზში და აქ, საქართველოში.
და ბოლოს, ჩვენი დიდი მაესტრო, ქართული ჟურნალისტიკის პატრიარქი ნოდარ ტაბიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, ჭყვიშს გვიხმობდა მის ,,დიდ ბიჭებს“ (ბატონი ნოდარი ასე მოგვმართავდა ხოლმე ბონდო ქურდაძეს, სოსო ჭუმბურიძეს და თქვენს მონა-მორჩილს), მერე გასცემდა ბრძანებას -,,მაგიდა რიონში!“ და ყველას თვალწინ იქ, რიონის მოდუდუნე ტალღებს დაანახებდა, როგორ გადასცემდა მის მიერ დაწესებულ ,,პატიოსნების ორდენს“ სამოცი წლის ჭაბუკ ბონდო ქურდაძეს.
და რახან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაესტრო ტაბიძე ამას აუცილებლად გააკეთებდა, მე, მისი ერთ-ერთი შეგირდი, უფლებას ვიტოვებ, აქედან დაუსწრებლად მივანიჭო პარიზს გადახვეწილ მეგობარს ბონდო ქურდაძეს ,,პატიოსნების ორდენი!“
ხოლო როცა ჩვენი იუბილარი თავის სათაყვანებელ სამშობლოს დაუბრუნდება, ,,პატიოსნების ორდენს“ უკვე აქ გადავცემთ.
იდღეგრძელე, ძამიკო, ბონდო.
და გახსოვდეს, ,,არ გაქვს უფლება ცუდად ყოფნისა!!.“

მარად შენი ძამიკო, გიგლა გობეჩია თბილისი, 25 ივნისი 2020 წ.”, -წერს გიგლა გობეჩია.