ნანა ჩარკვიანთან საუბრისას, მისი გაწონასწორებული ხასიათის, ჩამოყალიბებული და ღრმა აზროვნების, მრავალმხრივი ინტერესების ფონზე, ძნელად თუ წარმოიდგენთ, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერია. მამის, ირაკლი ჩარკვიანისა და ბაბუის, გელა ჩარკვიანის, ფაქტორებმა მის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ორივესთან ნანას ემოციური და მენტალური კავშირი აქვს. არ აღიზიანებს, რომ გარკვეული ადამიანებისთვის ის ჯერ ირაკლის შვილი და გელას შვილიშვილია და მერე – ნანა ჩარკვიანი. პირიქით, ამ გარემოებას ბედის საჩუქრად მიიჩნევს.
– ნანა, როგორია თქვენი დღევანდელობა, რა ინტერესები გაქვთ?
– ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, რასაც ასე დავარქმევდი: თინეიჯერული ობსერვაცია. ყველაფერი, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, არის საშუალება, დავაკვირდე და დასკვნები გავაკეთო. მიყვარს როგორც წიგნების კითხვა, ასევე, თავადაც როცა ვწერ და როდესაც გულწრფელ ემოციებს გადმოვცემ. ხანდახან მუსიკასაც ვწერ. რაც ფიქრების დალაგებასა და გადმოცემას ეხება, ყველაფერი მიყვარს.
– წელიწადიც არ არის გასული თქვენი უსაყვარლესი ბაბუის და ზოგადად უნიკალური პიროვნების, გელა ჩარკვიანის, გარდაცვალებიდან. ცნობილია თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობა. როგორია ამ დანაკარგით ცხოვრება?
– ცუდი ნათქვამია, მაგრამ მიხარია, რომ აქ არ ვიყავი, გელამ როდესაც დაგვტოვა. რომში ვიყავი, სადაც ვსწავლობდი. შემეძლო ჩამოსვლა, მაგრამ ღრმა ინტუიციური გრძნობა მქონდა, რომ ასე ჯობდა. გელამ არ დამანახა, როგორ წავიდა, ამიტომაც ის სულ ჩემთან არის. სულ მესიზმრება, სულ მესმის მისი ხმა. მომზადებული იყო ამ მომენტისათვის და ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ ეს მისთვის არ იყო პრობლემა. თითქოს მისი ცხოვრების ახალი თავი შემოგვთავაზა…გელას ენერგეტიკა სულ თან დამყვება, სულ ჩაბღაუჭებული ვარ მას.
– რამეს ხომ არ ნანობთ ბაბუასთან მიმართებაში? ვთქვათ, რაღაც არ მოისმინეთ მისგან, სათანადო დრო არ დაუთმეთ…
– არ მახსენდება ისეთი რამ გელასთან მიმართებაში, რასაც ვნანობდე. მისგან ჩუმად ყოფნის დროსაც კი შეიძლებოდა რამის სწავლა.
– თუ გიფიქრიათ, დღეს მამა თქვენ გვერდით რომ ყოფილიყო, როგორი იქნებოდით, როგორი იქნებოდა თქვენი ურთიერთობა?
– გელა ცდილობდა, მამის როლი გაეთავისებინა. ვერ ხვდებოდა, რომ ჩემთვის ძვირფასი იყო ის ფაქტი, რომ ჩემი ბაბუა იყო. მე არ მქონდა ის განცდა, რაც მამისგან დამაკლდა, ბაბუისგან მიმეღო. მამასთან კავშირს სულ ვგრძნობ. ფიზიკურად მამის არყოფნას შეიძლება ვგრძნობდი, მაგრამ მენტალურად და ემოციურად ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ისე გამოვიდა,მამაც მყავდა და ბაბუაც.
– გისმენთ და ვხვდები, რომ არც მამის და არც ბაბუის ჩრდილქვეშ ყოფნა არ გაკომპლექსებდათ. ეს როგორ მოახერხეთ?
– ადრეულ ბავშვობაში გამიჩნდა თავის დამკვიდრების სურვილი და ადრევე დავძლიე. როგორც კი წამოვიზარდე, ყველანაირი ასეთი შეგრძნებისგან თავისუფალი ვიყავი. როდესაც იბადები ასეთი საჩუქრებით და ამ ფაქტორს არ გამოიყენებ, ბევრ რამეს კარგავ ცხოვრებაში.
– რას აკეთებთ, როდესაც ფიზიკურად გენატრებათ თქვენთვის საყვარელი ადამიანები?
– გელას გარდაცვალების შემდეგ სულ მის ბიბლიოთეკაში ვარ ჩაფლული, მის წიგნებს ვკითხულობ. ამ წიგნებში ირაკლის მიერ ხაზგასმულია საინტერესო მომენტები, გელას გაკეთებული შენიშვნებიცაა და ასე მგონია, ჩვენ სამნი ერთად ვკითხულობთ. ეს არის მთავარი რიტუალი, რომელიც ამ ადამიანებთან მაახლოებს.