რატომ არ გამოსდის ზურა მანჯავიძეს ფულის დაგროვება, რაში ხარჯავს ის თანხას სიამოვნებით და როგორ ცდილობს უზრუნველი სიბერის შექმნას, ამას მისგან შევიტყობთ.
ზურა მანჯავიძე: ბავშვობიდან მიყვარდა ფული (იცინის). განსაკუთრებულად მიყვარდა, მაღაზიაში შესვლისას ყუთში ფულის შენახვის პროცესს რომ ვხედავდი და სულ ვნატრობდი, ის ყუთი ჩემი ყოფილიყო. ყველას ვეუბნებოდი – რომ გავიზრდები მილიონერი მაღაზიონერი უნდა გამოვიდე-მეთქი (იცინის). ჩვენ დროს შამპანურის ბოთლებში ვაგროვებდით 2 და 10-კაპიკიანებს. მაგრამ ნახევრამდეც ვერასდროს შევავსე, წარუმატებელი მცდელობები იყო (იცინის). ყულაბაშიც ვაგროვებდი ფულს, მაგრამ დიდ თანხას ვერასდროს მივაღწიე და დროთა განმავლობაში ხელი ჩავიქნიე. ჯერ მინის „ბანკებზე“ გადავედი, შემდეგ კრედიტ ბანკებზე (იცინის).
– საბოლოოდ, მიხვდით, რომ შემგროვებლობა არ არის თქვენი საქმე თუ მაინც ცდილობთ?
– ვცდილობ ხოლმე – კონკრეტული მიზნებისთვის. მაგალითად, მანქანისთვის დამიწყია ფულის შეგროვება და მერე კრედიტი დამიმატებია. ასე უფრო გამომდის – რაღაც თანხას ვაგროვებ, დანარჩენს ან ვისესხებ, ან ბანკიდან გამოვიტან და თავისუფლად ვისტუმრებ. როცა ფინანსური პასუხისმგებლობა მაქვს, მაშინ უფრო მობილიზებული ვარ. წლების წინ აგარაკს ვყიდულობდი. მეპატრონეს ვუთხარი, ნაწილს ახლავე მოგცემთ, ნაწილზე ხელწერილი გავაფორმოთ და დათქმულ დროს გადაგიხდით-მეთქი. ამ კაცმა რომ მიცნო, შენ ხელწერილს როგორ გამოგართმევ, როცა გექნება და როგორც, ნელ-ნელა გამისტუმრეო. ყველაზე მეტად მაშინ ვნერვიულობდი, ოღონდ ამ კაცთან პირი არ შემერცხვინა და რასაც ვიშოვიდი, გავვარდებოდი და მაშინვე მას ვაძლევდი. იმაზე ადრე გავისტუმრე ვალი, ვიდრე ეს კაცი ელოდა (იცინის). ვინმეს ვალი რომ მაქვს, საშინლად მაწუხებს.
– როდის გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი?
– 14-15 წლიდან ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ. მაშინ სამედიცინოზე ჩაბარებას ვაპირებდი. მე, როგორც მრავალშვილიანი ოჯახის შვილს, შემეძლო, ღამის სკოლაში გადავსულიყავი და სტაჟი დამეგროვებინა. სტაჟი უნივერსიტეტისთვის ქულებს გიმატებდა და მოკლედ, დავიწყე რესპუბლიკურში მუშაობა. ხელფასი მქონდა და ჩემთვის მხოლოდ გზისა და საკვების ფულს ვიტოვებდი, დანარჩენს დედაჩემს ვაძლევდი.
ბავშვობაში ზესტაფონში ვიყავი ქორწილში. ეზოში გამოვედი და ვხედავ, ორი 50-მანეთიანი აგდია. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო. გავიკითხე და პატრონი ვერ ვიპოვე. ჰოდა, ისიც დედაჩემისკენ გავაქანე. ახლა რომ ვუკვირდები, მე მგონი, დედაჩემისთვის ფულის წყარო ვიყავი (იცინის). მერეც, ცოტა რომ წამოვიზარდე, ფული რომ ჩამივარდებოდა ხელში, ისევ დედას ვაძლევდი. არ გვქონდა შეძლებული ოჯახი, თავზე არ გადაგვდიოდა, თან ოჯახში ბევრნი ვიყავით და თავში სულ ეს აზრი მქონდა – თუ რამეს ვიშოვიდი, ჩემს ოჯახს უნდა დავხმარებოდი. ეს თვისება ბოლომდე გამომყვა.
– თუ გჯერათ ფულთან დაკავშირებული ცრურწმენების?
– არანაირად, სისულელედ მიმაჩნია. ერთი ეგ არის, რომ ფულს უნდა გაუფრთხილდე და უჭკუოდ არ უნდა მოექცე. სხვათა შორის, ჩემს გოგოებს აქვთ ძალიან სასაცილო ცრურწმენები. მანქანით რომ გაივლი ხიდის ქვეშ, ამ დროს თუ ხიდზე მატარებელმა გადაიარა, თავზე ჩანთა უნდა დაიდო ან საფულე, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ერთდოლარიანი თუ მანეთიანი მაინც გედოს შიგ და გაგიმრავლდება (იცინის). გავივლიდით ხიდის ქვეშ და რამდენჯერაც მატარებელი გადაივლიდა, გოგოები წაიშენდნენ ხოლმე თავში ჩანთებს (იცინის). რამდენიმე ტაქსის მძღოლს გული გავუხეთქეთ (იცინის). იმ პერიოდში დღიური ანაზღაურება გვქონდა და ამბობდნენ: აი, ხომ ხედავთ, მატარებელმა რომ გადაგვიარა, იმიტომაც ვიღებთ ფულს ყოველდღიურადო და ვიცინოდი – ისედაც გეკუთვნოდათ ეს ფული, თავზე კოპები რომ არ გაიჩინოთ ჩანთის რტყმევით-მეთქი (იცინის). რა ვქნა, მე სისულელე მგონია ასეთი რიტუალები.
– გამოგდით ფულის პრაგმატულად ხარჯვა?
– არანაირად (იცინის). ხშირად, აღებიდან მეორე დღეს აღარ მაქვს, უფრო მეტიც, აღებამდეც დამიხარჯავს (იცინის). პრაგმატულად ხარჯვა არ გამომდის. უფრო ემოციური მხარჯველი ვარ. რაღაც ძალიან რომ მინდა, მე ან ჩემი ოჯახის წევრს თუ ახლობელს, მირჩევნია, ფული ამ სიამოვნებისთვის დავხარჯო და არ ვიფიქრო, ვაიმე, ხვალ რა ვქნა! ვიცი, რომ თუ ფულს კარგი მიმართულებით გაუშვებ, აუცილებლად ორ და სამმაგად დაგიბრუნდება. რომც არ დაგიბრუნდეს, ამაზე მაინც არ უნდა იდარდო. ფულის ხარჯვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს.
– რაში ხარჯავთ სიამოვნებით?
– პირველ რიგში – ქველმოქმედებაში. რამდენითაც შემიძლია. ვერასდროს ვუვლი გვერდს საქველმოქმედო მარათონებს, ვერც სოციალურ ქსელებში, ვერც ტელეეკრანებთან. რამდენითაც გავწვდები, ვეხმარები ხოლმე. მეორე – საჭმელი. კარგ და ჯანმრთელ პროდუქტებში ფული არ უნდა დაგენანოს. არც ტანსაცმელში უნდა დაგენანოს ფული, მაგრამ მე სიზარმაცე მძლევს. მეზარება მაღაზიებში სიარული და ათასი რამის გასინჯვა. შოპინგი სიამოვნება კი არაა ჩემთვის, პირიქითაა, საშინელ დღეში მაგდებს (იცინის). თუმცა, რომ შემომახმება და შემომაცვდება ტანსაცმელი, იძულებული ვარ, მაღაზიებს ვესტუმრო. კიდევ, მოგზაურობაში არ უნდა დაგენანოს ფულის დახარჯვა. მეგობრების გარემოცვაში და ასე შემდეგ.
– ფულის სასესხებლად ხშირად მოგმართავენ?
– რომ წარმოგიდგენიათ, იმაზე უფრო ხშირად (იცინის), თან, ჩემდა გასაკვირად, ისეთი ხალხი, რომლისგანაც არაფრით არ ველოდები ამ თხოვნას. საშუალოდ ნაცნობ ადამიანებს ვგულისხმობ, დიდი ნაცნობობა რომ არ გაკავშირებს, თუმცა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისგან მიმიღია ეს თხოვნა, „ფეისბუქიდან“ და ასე შემდეგ. ძალიან უხერხული მომენტია. ასეთი ტაქტიკა მაქვს – თუ ახლობელია და ვიცი, რომ დამიბრუნებს, რა თქმა უნდა, ვასესხებ, მაგრამ ზოგადად, ზუსტად ვიცი, რომ ვინმესთვის ნასესხები ფული დაკარგულია. თუ დამიბრუნებს ხომ კარგი, მაგრამ ის ფული უკვე გამოგლოვილი მაქვს (იცინის). ხშირად მიმართლებს და პატიოსანი ხალხიც მხვდება, მაგრამ ძირითადად, ზღაპრების მოყოლას რომ იწყებენ, ეს შემთხვევა არის ხოლმე (იცინის). ხშირად დიდ თანხას მთხოვენ, რისი საშუალებაც არ მაქვს და ვაძლევ იმას, რაც მაქვს. ამ დროსაც, ფსიქოლოგიურად მზარ ვარ, რომ ის უკან არ დაბრუნდება (იცინის).
– ყველაზე წარმატებული დაბანდება და „გადაყრილი“ ფულიც გავიხსენოთ.
– ახლა მიწები მავს ნაყიდი კახეთში და მეურნეობას ვაკეთებ. მე და ჩემმა მეგობრებმა სათევზაოდ ტბები გავაშენეთ. კარგი პროექტია და იმედი მაქვს, რომ ჩემი ყველაზე კარგი დაბანდება ეს აღმოჩნდება (იცინის). რაც შეეხება ფულის „გადაყრას“, ძალიან ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ. მაგალითად, მწვანილის სათბური გავაკეთეთ იმერეთში, ცერეცო მოგვყავდა (იცინის). კატასტროფული ყინვები დაგვემთხვა, მაგრამ მოსავალი მაინც გადავარჩინეთ, თუმცა შემდეგ კიდევ ათასი უბედურება მოხდა და არ გამოვიდა ეგ ამბავი.
მთელი ცხოვრება მხოლოდ ესტრადაზე ყოფნით ვერ გექნება საკმარისი შემოსავალი. თან, ასე თუ ისე, ამ პროფესიაში ასაკი შეზრუდული გაქვს და ამიტომ, მინდა ისეთი საქმე ავაწყო, რომ უზრუნველი სიბერე მქონდეს და ჩემს შვილებსაც გამოადგეთ. საერთოდ, მგონია, რომ მიწა ყველაზე მადლიანია, ის არასდროს გიღალატებს, მშიერს არ დაგტოვებს. ამიტომ სოფლის მეურნეობისკენ მაქვს გეზი აღებული. პატარა კაკლის ბაღებიც მაქვს და იქიდანაც ველოდები მოსავალს. თევზი და ნიგოზი არის ჩემი საქმე და ვნახოთ, როგორ შედეგს გამოიღებს (იცინის).
– რა ხდება როდესაც უფულობის მოახლოებას გრძნობთ?
– ძალიან მშვიდად ვარ. ისეთი პერიოდები მაქვს გამოვლილი, იმაზე მეტი რაღა უნდა გამიჭირდეს. პანდემიაშიც ძალიან გამიჭირდა და ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, ხომ არ ვიტაქსაო-მეთქი, კატასტროფული სიტუაცია იყო. მაგრამ მსგავსი მდგომარეობის გამო, ტრაგედია არასდროს შემიქმნია. მშვიდად ვუყურებ ამ საკითხს. მთავარია, ჯანმრთელად იყო და სასოწარკვეთაში თუ არ ჩავარდები, გამოსავალს აუცილებლად იპოვი.