ვისგან გახდა სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი თაკო ვადაჭკორია და რამდენჯერ მოუწია მას ცხოვრებაში დაცემულს წამოდგომა

ულამაზესი თაკო ვადაჭკორიას მოსასმენად პატარა კაფეში, გოგებაშვილზე, უამრავი ადამიანი დადის. მართალია, გარეგნულად არ ემჩნევა, მაგრამ უამრავი გულისტკენა, ბარიერი თუ წინაღობა გადალახა, ბევრჯერ დაეცა და წამოდგა, ცხოვრება და მიზნისკენ სწრაფვა გააგრძელა. ფაქტია, ეს მისი ძლიერი ხასიათის დამსახურებაა, თუმცა ამბობს, რომ მისთვის უფრო მისაღები არა ძლიერი, არამედ, სუსტი სქესის სტატუსია, გვერდით კი – დასაყრდენი, ძლიერი მამაკაცი.

თაკო ვადაჭკორია: ყველაზე მეტად ცხოვრებაში ოჯახში და შვილში გამიმართლა. ყველას აქვს განვლილ ცხოვრებაში მომენტები, რასაც შეცვლიდა. თუმცა, დრო რომ გადის, ხვდები, ყველაფერი, რაც მოხდა, საჭირო იყო იმისთვის, რომ სხვა რაღაც მოეტანა. შესაბამისად, იქ, სადაც ახლა ვარ, როგორც ვაზროვნებ, როგორც ვუყურებ ცხოვრებას და როგორც ვცხოვრობ, ამისთვის საჭირო იყო, ის გზა გამევლო, რაც გავიარე. ისე ვერ გავიზრდებოდი, ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ. ასე რომ, არ ვწუწუნებ (იცინის). სულ ვამბობ: ბოლო ორი წელია, ახალი სუნთქვა გამეხსნა და ახლა ვიწყებ ცხოვრებას-მეთქი (იცინის). მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატების ფორმულა, არის ყველა ის სიძნელე, რაც გამოვიარე. ცხოვრების ნულიდან დაწყება ვისწავლე, დავარდნილმა – ადგომა და მივხვდი, კონკრეტულ მომენტში თავი არ უნდა შევიცოდო. ჩემი თავი დავარწმუნე, რომ მე ყველაფერს შევძლებ. არასოდეს ვნებდები, მაშინაც კი, როცა უკანასკნელ ზღვარზე ვარ. ძალიან ბევრჯერ დავცემულვარ, მაგრამ ვიცი, ეს იმიტომ მოხდა, რომ წელში გამართული ავმდგარიყავი და უფრო მეტად შემძლებოდა წინ წასვლა. „კირჩხიბი“ ვარ და, არ მიყვარს კომფორტის ზონიდან გასვლა, თუმცა, ბოლო ორმა წელმა დამანახვა, რომ არ უნდა შეგეშინდეს, უნდა გასცდე შენს კომფორტის ზონას და მერე იწყება ნამდვილი ცხოვრება და ნამდვილი კომფორტი. შიში თუ დასძლიე, ყველაფერი გამოგდის. ასე რომ, ეს შიშიც დავძლიე, ძლიერი ადამიანიც ვარ და სხვა გზა არც მაქვს (იცინის).

– დავიჯერო, ახლა რომ უკან წლებში დაგაბრუნონ, შენი განვლილი ცხოვრებიდან არცერთ მომენტს არ ამოჭრიდი?

– ალბათ, არაფერს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცის გამო მოხდა და ყველაფერი, რაც მოხდა, იმისთვის იყო, რომ იქ ვიყო, სადაც ვარ, ის მქონდეს, რაც მაქვს, ისეთი ადამიანი ვიყო, რაც ვარ და ის ადამიანები მყავდეს გვერდით, ვინც მყავს. წლების მატებას ბევრი რამის გადაფასებებიც ახლავს თან, მათ შორის, ადამიანებისაც და ძალიან ახლო ადამიანებისაც კი. ადრე განვიცდიდი და ახლა, რაც დრო გავიდა, მივხვდი: ალბათ, ასე ჯობდა! ის ადამიანები რომ დარჩენილიყვნენ ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ასე არ იქნებოდა. ის ნერვიულობები, ტკივილები, გულისწყვეტები და წყენები ერთი წელია, საერთოდ გავუშვი ჩემი გულიდან და გავთავისუფლდი. და, ერთს მივხვდი: არავის არ უნდა გაეკიდო! არავის გამო არ უნდა შეიცვალო, უნდა იყო ის, რაც ხარ და მათ, ვისაც ნამდვილად უყვარხარ, არსად წავა. თუ ადამიანი გიყვარს, ვერაფერს დაუშავებ და არც გულს ატკენ. შესაბამისად, თუ იმ ადამიანებს ვუყვარვარ, ვინც ჩემ გარშემოა, ისინი არასოდეს შემაქცევენ ზურგს, როგორიც არ უნდა გავხდე. თუ ვინმე მიდის, თუ აღარ არის შენ გვერდით, ეძებს მიზეზს, შენში იპოვოს ცუდი და ამის შემდეგ დაგშორდეს, კონფლიქტის საბაბი იპოვოს და ამის გამო დაგშორდეს, დაე, იყოს ასე! კიდევ ვამბობ, არავის არ უნდა გაეკიდო, თუ წასვლა უნდა, წავიდეს, შენ კი ყოველთვის წინ უნდა იარო.

– ვინც ახლოს გიცნობს იცის, რომ უკონფლიქტო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ხარ და რაც მთავარია, ერთგული. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, შენც გყავს ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც შენში ცუდს ეძებენ. ამას წინათ, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერე: „აი, ის ავადმყოფი, ათასი გვერდი რომ გაქვს გახსნილი და ერთი ტექსტით შემოიფარგლები ჩემს კომენტარებში, იმდენი იკადრე, ბავშვის ფოტოზეც კი დაწერე. როდესაც გაბოროტებული ხარ, რაიმე არგუმენტირებული უნდა წერო და ზოგადად, რომ იმკურნალო არ გაწყენდა“. თუ გაიგე, ვინ არის ეს პიროვნება, თუ დაეკონტაქტე პირადად და გაარკვიე, რას გერჩის?

– სხვათა შორის, მე არ მაქვს პრეტენზია, როცა ვინმე რაიმე კომენტარს მიწერს, მაგრამ როცა ჩემს შვილს ეხებიან, საკმაოდ ცუდი რეაქციები მაქვს. უცებ გამოჩნდა გაურკვეველი ადამიანი, რომელმაც სასტიკად ცუდი კომენტარი დამიწერა, მაყენებდა შეურაცხყოფას. წავშალე და მერე ბავშვს მიაყენა შეურაცხყოფა. ვერც კი გავიმეორებ, რა ეწერა. ამის მერე დავიწყე ძიება. მალევე შემეხმიანა ჩემი „ფეისბუქმეგობარი“ გოგონა, რომელმაც იმავე ადამიანის მონაცემები ჩამიგდო, რომელსაც თურმე, მილიონი „აქაუთი“ აქვს გახსნილი. ვიზუალურად რომ ვნახე, მივხვდი, არ უნდა იყოს ჯანსაღად. ისედაც, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, რაც უნდა გაბრაზებული იყოს, ბავშვს არ მიაყენებს შეურაცხყოფას. მოკლედ, კვლევის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა „აქაუნთით“, იმავე პიროვნებამ, იმავე ტექსტებით ჩემს მეგობარსაც დაუწერა საშინელი კომენტარი. იპოვეს ის პიროვნება და ვიცი ნომერი. მივწერე იმ „აქაუნთზე“, რომლიდანაც მიკომენტარებდა და გავაფრთხილე: თუ კიდევ იქნება მსგავსი შეურაცხმყოფელი შემთხვევა, ყველა დამადასტურებელ დოკუმენტს, თავისი პიროვნებითა და ნომრით, საგამომძიებლო ორგანოებს მივაწვდი-მეთქი. ეს ადამიანი ეწევა გოგონებისა და ქალების ბულინგს სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი გოგონა ესაუბრა ამ მამაკაცს და ფსიქიკურად არ უნდა იყოს ჯანსაღად. ასე რომ, თუ კიდევ განმეორდა ფაქტი, სამართალდამცავ ორგანოებს აუცილებლად მივმართავ.

კიდევ ვამბობ, ვიცი, ყველას ვერ მოეწონები და არც ვცდილობ, ყველას მოვწონდე და ვუყვარდე, მე ბევრჯერ შემეხნენ და გავატარე, მაგრამ რადგან ბავშვს ეხებოდა საქმე, ამიტომ მქონდა ასეთი მწვავე რეაქცია. 11 წლის ბავშვს რომ აბულინგებენ, ამას ნამდვილად ვერ მოვითმენ.

– როგორც ვიცი, მეგობრული ურთიერთობა გაქვს შვილთან.

– დიახ, ნამდვილად ასეა. ალექსანდრე კალათბურთელია. სიმაღლეში გამასწრო, 170 სანტიმეტრია, იმხელაა, ხანდახან არ მგონია, თუ ეს ბავშვი ჩემი შვილია (იცინის). ალექსანდრე ერთადერთი მამაკაცია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, მთელი ჩემი სამყაროა. ისე ვზრდიდი, სამი წლიდან იცოდა, რომ იჯახის სრულფასოვანი წევრი იყო და გადაწყვეტილებებს მასთან ერთად ვიღებდი. ძალიან მამაკაცურია და ამაყი ვარ, რომ ეს ბავშვი გაზრდილი კი არა, აღზრდილია, იცის ქალის და ზოგადად, ადამიანის ფასი. სანდრო, სხვის ჩაგვრას ვერ იტანს და თუ ჩხუბი მოსდის – სხვისი დაცვის გამო. ეს თვისებები ძალიან მომწონს მასში და რაც მთავარია, კარგი იუმორი აქვს.

– ვიცი, არაერთი მამაკაცი იყო შემზე შეყვარებული, სურდა შენთან ურთიერთობა და ოჯახის შექმნა, თუმცა, შენ უარი უთხარი. ეს ნაბიჯი რომ არ გადადგი, ამის მიზეზი ალექსანდრეა თუ შენი არჩევანი იყო?

– ნამდვილად იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ მე ვთქვი უარი, იმ ეტაპზე, ჩავთვალე, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. ამბობენ: ოჯახის შექმნა პირველადაა მარტივი, თორემ მერე არაო. ჩემს შემთხვევაში ასე, არ აღმოჩნდა (იცინის). რაც შეეხება სანდროს, ის მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და მის გარეშე ამ საკითხს ნამდვილად ვერ გადავწყვეტ, ასეთ დროს მისი აზრი პრიორიტეტული იქნება. გვისაუბრია ამ თემაზე, თავიდან პროტესტი ჰქონდა, ყველაზე ეჭვიანობდა, მამაკაც მეგობრებზეც კი, მერე, თავის პირად ცხოვრებაზე რომ დამიწყო საუბარი, დავჯექი და ავუხსენი: მოვა დრო, შენ შენი ცხოვრება გექნება, მე მომიწევს ვიყო შენ გარეშე, ისე ახლოს, როგორც ახლა ვართ, ვეღარ ვიქნებით და ამიტომ მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებს, მაგრამ არასოდეს შენ გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ-მეთქი. ამაზე შევთანხმდით. თუმცა, ჯერ კიდევ ველოდები ისეთ ადამიანს, ვინც წარმომიდგენია, რომ ჩემს გვერდით უნდა იდგეს.

– მაინც, როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

– მე ვარ სუსტი სქესი და ჩემ გვერდით წარმომიდგენია საყრდენი, ნამდვილად ძლიერი მამაკაცი.

ასევე იხილეთ