“ვინც არ იმსახურებს სიყვარულს, მისთვის დროს აღარ ვკარგავ”

245

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, მარიკა სამანიშვილი, 64-ე დაბადების დღეს სასიამოვნო სიახლეებით შეხვდა – მამაპაპისეული სახლი დაიბრუნა სოფელ ზედა სიმონეთში, რომელიც სამოთხეს ჰგავს, ქუთაისიდან ზუსტად 20 წუთის სავალზეა.

რაც შეეხება შემოქმედებას, მარიკა სამანიშვილის იდეით დაიდგა სპექტაკლი ,,მგზავრის წერილები”, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185-ე წელს მიეძღვნა… დანარჩენს თავისი ცხოვრების ახლანდელ ეტაპზე ქალბატონი მარიკა ,,სარკის” მკითხველს თავად გვიამბობს.

– ამხელთ ასაკს, ქალბატონო მარიკა?

– რა მაქვს დასამალი?! 1958 წლის 24 ივლისს დავიბადე. 64 წლის გავხდი. წლების მატებას არ ვიმჩნევ, ეს არის ჩემი ოსტატობა. მსახიობმა ასაკი არ უნდა შეიმჩნიოს.

– წლების მატებასთან ერთად რა ცვლილებები შეამჩნიეთ საკუთარ თავს, ხასიათს, აზრებს?

– გამოცდილება მემატება და იცით, როგორი ვხდები? თუ ადრე ვნერვიულობდი რაღაც შეხედულებების გამო, დღეს უკვე აღარ ვნერვიულობ იმაზე, ვინ რას და როგორ იტყვის. ეს ასაკი არაა არც დიდი და არც პატარა, მაგრამ იმ ასაკისა ვარ, რომ მყავს ჩემი წრე, ახლობლები, რომელთაც ვაძლევ დიდ სიყვარულს, მათთვის კი, ვინც უკვე აღარ იმსახურებენ ამას, დროს აღარ ვკარგავ. ეს მომიტანა წლებმა.

– ეთანხმებით გამოთქმას, რომ წლები მხოლოდ ციფრებია?

– წლები მხოლოდ ციფრები არ არის. გეზრდება გემოვნება. თუ ადრე რაღაც შეიძლება, ასე ვთქვათ, გაგეტარებინა შენი თავისთვის, დღეს უკვე ეს აღარ მეპატიება. ბევრად მეტი მომეთხოვება. აღარ მეპატიება ისეთი ლაფსუსები, შემოქმედებითად რაიმე რომ დააკლო შენს როლს, შენს ლექსს, შენს პროზას.

-მოგვიყევით თქვენი საყვარელი ზედა სიმონეთის შესახებ.

-მამის მხარეა ზედა სიმონეთი, დავით კლდიაშვილი სადაც ცხოვრობდა, არაჩვეულებრივი იმერული სოფელი. იქ სახლი წლების განმავლობაში გაყიდული იყო და უფლის ნებით მე, პირადად, დავიბრუნე და აღარ მინდა იქიდან წამოსვლა. ვუვლი ვენახს, ყანას, ბაღს…

– საცხოვრებლად სოფელში გადასვლას ხომ არ აპირებთ?

 სიამოვნებით გადავიდოდი სოფელში, მანქანა რომ მყავდეს. ქალაქიდან ჩემს სოფლამდე არის 20 წუთის სავალი და ამ 20 წუთში ხარ სამოთხეში. ვერ წარმოიდგენთ, ავტობუსით მგზავრობა ისე მსიამოვნებს. იქ ხვდები ათასნაირი ფსიქოლოგიის ადამიანებს, სხედან გლეხებიც, პედაგოგებიც და ვისმენ მათ ისტორიებს.

ამას წინათ ერთი კაცი ყვება – კაცო, ახლა რომ დამიძახებს ჭიშკართან ადამიანი, სახლში თუ ხარო, კი ვეუბნები, სახლში ვარ, მარა ნათქვამი არა მაქვს და უკვე შემოდისო; ისიც უნდა დამიძახოს, რა მდგომარეობაში ხარო, იქნება გახდილი ვარ ტანზეო და, აი, ქე დამადგა თავზე უკვეო! ხომ არის მართლაც რაღაც სიბრძნე ამაში, იმერული სიბრძნეა. ახლა უკვე პატარა მინიატურების ჩაწერაც უნდა დავიწყო. ადამიანისთვის სოფელში ცხოვრება და მშობლიურ მიწასთან ურთიერთობა არის სიცოცხლის ერთ-ერთი გამახანგრძლივებელი ფაქტორი.

– ბუნებრივად მომხიბვლელი ქალი ხართ და ყოველთვის საუკეთესოდაც გამოიყურებით. გაგვიმხილეთ, ამას როგორ ახერხებთ.

– საუკეთესო ფორმაში ყოფნის პარალელურად, უამრავი პრობლემაა ირგვლივ. სულ ბრძოლაში ვარ. არ იფიქროთ, რომ ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული, რომ სალონებში ვზივარ. შინაგანად ვიცი, რისთვის ვცხოვრობ. ეს არის სიყვარული. მე უნდა გავცე ბევრი სიყვარული, მე უნდა დავთმო. მე უნდა მიყვარდეს, უნდა გავანეიტრალო ყოველთვის სიტუაცია. ჩემი ცხოვრების, აი, ასეთი ჩამონათვალი მაქვს. არ უნდა ჩავიდო გულში ცუდი, რადგან ის მე მაზიანებს. ცუდზე როცა ფიქრობს ადამიანი, სახეზე ეტყობა.

იცით, თეატრში ან, გნებავთ, სახლში, არ არის მარტივი ურთიერთობები. ამდენი მსახიობი ერთ ოჯახში რომ ვცხოვრობთ, ურთულესია. ამას აქვს თავისი დადებითი და აქვს თავისი უარყოფითი. ანგელოზი არც მე ვარ და არც ჩემი მეუღლე, მაგრამ რაღაცას ვითმენთ და მეორე წუთში აღარ გვახსოვს. არ შეიძლება პირდაპირ ნგრევაზე წასვლა. ალბათ ეს სიყვარული მეხმარება, რომ ასე გამოვიყურებოდე.