“ჩემი ქმარი არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია”

234

მსახიობი თათული ედიშერაშვილი ,,რუსთავი 2″-ის ახალ სერიალ ,,ბამბის აღმართში” დრამატული როლით გამოჩნდა. მსახიობისთვის ეს დიდი გამოწვევაა. მსახიობს გვერდში უდგანან ოჯახის წევრები – ქმარი და ორი ქალიშვილი. მეუღლე ყოველთვის გაგებით ეკიდება გადაღებებიდან დილით დაბრუნებული ცოლის ცხოვრების რიტმს. ქალიშვილები კი ცდილობენ, დედა კარგი ქცევებითა და სწავლით გაახარონ. თათული ხმამაღლა აცხადებს, რომ ბედნიერია როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.

– თათული, საუბარი დავიწყოთ ახალი სერიალით, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებთ და პროდიუსერიც ხართ. როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა?

– ყველაფერი დაიწყო 3 წლის წინ, როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა, კახაბერ შარტავამ, გავაკეთეთ ონლაინ არხი “პირველი სტუდია”. ამან საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვანი ტელეპროექტები შეგვექმნა. დროთა განმავლობაში გაჩნდა სერიალის გადაღების იდეა, რომელიც მთლიანად კახაბერ შარტავას ეკუთვნის.

შენი მცირე ფინანსებით გააკეთო სერიალი ქართულ ტელეარხზე, სადაც ძალიან დიდი კომპანიები ქმნიან პროდუქტებს, ეს უბრალოდ კარგი თავხედობაა. ჩვენს პროფესიაში ყოველთვის არის ეტაპი, როდესაც უნდა გარისკო. რისკზე ვერ წახვალ ისე, თუ გვერდით საიმედო ადამიანები არ გყავს. ვნახეთ ძალიან კარგი სცენარისტი და ასე დავიწყეთ ამბიციური პროექტის კეთება.

საერთოდ ცხოვრებაში ნაკლებად ამბიციური ვარ, მაგრამ პროფესიაში არის მომენტები, როდესაც გარკვეული ამბიციები უნდა გქონდეს. იმასაც ვიტყვი, რომ თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული, რომ მე არ უნდა მეთამაშა. დაიწერა სცენარი, დავიწყეთ გადაღებები, ერთ საღამოსაც კახა მირეკავს და მეუბნება, რომ ეს კონკრეტული პერსონაჟი შენ უნდა ითამაშოო.

ძალიან დრამატული როლი იყო და თავიდან უარი ვუთხარი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი, თან მე პროდიუსინგით ვიყავი დაკავებული. ალბათ მაყურებელს გაუჩნდება აზრი, რა ენაღვლება პროდიუსერ თათულის, აბა, მთავარ როლს სხვას ვის მისცემდა, საკუთარი თავის გარდაო. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ რეჟისორმა გადაწყვიტა ასე და მსახიობების გუნდს მეც შევუერთდი.

– რა ეტაპია ახლა თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?

– თეატრალური კუთხით ამ პანდემიამ, რა თქმა უნდა, სერიოზული პაუზა გამოიწვია, მაგრამ მაინც მოვახერხე, რომ ერთი წლის წინ ,,თავისუფალ თეატრში” პრემიერა მეთამაშა. არის პატარ-პატარა საინტერესო შემოთავაზებები, მაგრამ ამ სერიალით ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყო.

– ამასობაში თქვენი გოგონები წამოიზარდნენ. როგორია თქვენი დედაშვილობა?

– ნანიკო უკვე 11 წლის არის, სესე – 10 წლის. ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბავშვები არიან. ყოველთვის ძალიან გააზრებულად და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩემს საქმიანობას და იმ ფაქტს, რომ მათ გვერდით არ ვარ. ხანდახან მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ შვილებთან დიდ დროს არ ვატარებ, ამიტომ, როცა გოგონების გვერდით ვარ, ვცდილობ, მთლიანად მათ ცხოვრებაში ვიყო ჩართული. ძალიან ჭკვიანები არიან, მგულშემატკივრობენ, მაგრამ არც ერთს უნდა მსახიობობა. ეს ძალიან მომწონს.

– რატომ, ამ პროფესიის სირთულეებისთვის ვერ იმეტებთ?

– არ ვიცი, შეიძლება სხვა პროფესიის რომ ვყოფილიყავი და ის აერჩიათ, იგივე რეაქცია მქონოდა. როდესაც კონკრკეტულ სფეროში ღრმად ხარ ჩახედული და კარგად იცი ამ საქმის ყველა ტკივილი, არ გინდა, რომ ის გზა შენმა შვილებმაც გაიარონ. თუმცა მთავარია, თვითონ გააკეთონ არჩევანი იმაზე, რაც ძალიან ეყვარებათ.

– ყველაზე დიდი ოცნება რა აუსრულეთ მათ?

– მე – არა, მამამისმა აუსრულა, სახლში მოგვიყვანა ჯუჯა პუდელი. ჩემს შვილებს დიდი ხანია, უნდოდათ, მაგრამ მე წინააღმდეგი ვიყავი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სახლში ძაღლი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შემოგვემატა ოჯახის ახალი წევრი – თეთრი, პატარა გოგო, მილა. როგორც ჩანს, ჩემი ქმარი გიჟდება გოგოებზე.

ისეთი პატარა იყო, რომ დავინახე, ჩვეულებრივი სათამაშო მეგონა. ისეთი ემოციები გამოხატეს ბავშვებმა, რომ ვერაფერს ვიზამდი. პირველივე ღამეს ყველამ რომ დაიძინა, ლეკვმა დაიწყო ტირილი. ხელში რომ ავიყვანე და ლოგინში ჩავიწვინე, იმის შემდეგ ჩემთვის ძალიან საყვარელი ოჯახის წევრი გახდა. ხანდახან ჩემი შვილები ეჭვიანობენ, მილა უფრო მეტად გიყვარსო.

– ხშირად ქალებს მაინც უწევთ არჩევანის გაკეთება წარმატებულ კარიერასა და წარმატებულ პირად ცხოვრებას შორის. თქვენ, მგონი, ორივე კარგად შეითავსეთ.

– ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიაშიც და პირად ცხოვრებაშიც ვარ ბედნიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც კარიერაში და თუნდაც ოჯახურ ცხოვრებაში არ იყო რთული პერიოდები. როდესაც პრობლემებია კარიერაში ან გარკვეული დრამები – პირად ცხოვრებაში, ყოველთვის ვცდილობ, არ გავბოროტდე, არ გავხდე ბოღმიანი. როდესაც ამ ყველაფერს გადალახავ, ყველაფერი საუკეთესოდ ლაგდება. როდესაც სხვისი კარგი ამბავი გიხარია, ეს კოლეგა იქნება თუ ნათესავი, ძალიან კარგია.

ოჯახსა და პროფესიაში კარგად ყოფნა არა მარტო ჩემი დამსახურებაა. პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ადამიანებთან მოხვდე. ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის, რომელიც არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია.

მას ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს, რომ ერთი თვის განმავლობაში შეიძლება დილის 6 საათზე ვბრუნდებოდე გადაღებებიდან სახლში. არასოდეს დასვამს კითხვებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემს პროფესიაში ჩართული და სხვა საქმეს აკეთებს, აბსოლუტურად ესმის ჩემი სამუშაო რეჟიმის. ერთხელაც არ შეუქმნია ჩემთვის დისკომფორტი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია. ეს ძალიან დიდ ძალას და თავდაჯერებულობას მაძლევს ჩემს პროფესიაში.

მეორე მხრივ, არც მე ვაკეთებ რაიმე ისეთს, რაც ჩემს ქმარს გააღიზიანებს. ყოფილა გარკვეული პროექტებიდან შემოთავაზებები, როგორც მსახიობისთვის – მეტნაკლებად საინტერესო, მაგრამ მაშინვე მიფიქრია, შეიძლება მიშკას ეს არ მოეწონოს-მეთქი და უარი მითქვამს. როგორც ის თმობს ჩემთვის ბევრ რამეს, ასევე მეც შემიძლია მისთვის დავთმო, რადგან სხვანაირად არ გამოვა. საბედნიეროდ, ამის გამო ჩემს კარიერაში რაიმე მნიშვნელოვანი არ დამითმია.