“ისე დავმთვრალვარ, რომ ბაღიდან ბავშვის გამოყვანა დამვიწყებია“

370

რა შეცვალა წლებმა ჩვენს ცხოვრებაში, რა იყო წარსულში უკეთესი და რა ჯობს დღეს, ამაზე ყველასთვის საყვარელი ნუგზარ კვაშალი გვესაუბრება.

ნუგზარ კვაშალი: როცა ახალგაზრდა ხარ, ახალი წელსაც სხვანაირად ხვდები და სხვა დღესასწაულებსაც. მშობლები რომ ცოცხლები იყვნენ, ჯერ სახლში ვხვდებოდით, მერე მშობლებთან, ახლობლებთან და ბოლოს მეგობრებთან. დილის 6 საათზე ყველაფერი მოთავებული გვქონდა. ახლა 2 საათამდე თუ გავძელი, ხომ კარგი, მეტი გამორიცხულია.

არტისტებს ახალი წლის ღამეს გვეძლეოდა განსაკუთრებით ფინანსების შოვნის საშუალება და ამიტომ სახლში გვიან მოვდიოდით და ოჯახის მეკვლეც მე გამოვდიოდი. კარგი ფეხი მქონია. აქამდე მოვაღწიე, შვილები მყავს, სამი შვილიშვილი, სულ მატება გვაქვს და ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა, ბუნებამ დიდი გამოცდები გამოგვიგზავნა. პანდემიას ბევრი ახლობელი ემსხვერპლა, ამას დაუმატეთ ჩვენი ასაკი. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ახალგაზრდა ვერ აღიქვამ ასეთ რამეებს ისე, როგორც ასაკში. თუმცა, პრობლემების მიუხედავად, უბედნიერესი ადამიანი ვარ. წელს ჩემი მესამე შვილიშვილი პირველად ხვდება ახალ წელს.

– თოვლის ბაბუაც თქვენ ხართ ოჯახში, არა?

– ყველაფერი მე ვარ – თოვლის ბაბუაც, სანტა კლაუსიც და ჯუჯაც (იცინის). მე უფრო სანტა კლაუსის ფორმა მომწონს. უცხოურია, მაგრამ წმიდა ნიკოლოზს ნიშნავს და ყველამ იცის მის შესახებ.

– ნაბახუსევთან გამკლავების თქვენეული მეთოდები თუ გაქვთ?

– ადრე „პახმელია“ ძალიან რთული იყო. მაშინ სხვანაირი ღვინო გვქონდა და ის იწვევდა ცუდად ყოფნას. „პახმელიისთვის“ არსებობდა სპეციალური სახაშეები – ცხელი თონის პურს ჩააბუჟბუჟებდი ხაშში, ჩაარტყამდი ას გრამს, მერე მეორე ას გრამს მიაყოლებდი, მერე ლუდს და ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. რატომ? იმიტომ, რომ ღვიძლს უჭირს წინა დღის ცუდი ღვინის გადამუშავება და მეორე დღეს რომ ჩაარტყამ სხვა ალკოჰოლს, ღვიძლი მასზე გადმოერთვება და ის ავიწყდება. ასე ვატყუებდით ღვიძლს (იცინის). ახლა უკვე რამდენი წელია, ნაბახუსევი თითქმის აღარავის აწუხებს. იმიტომ, რომ უკვე ყველას კარგი ღვინო აქვს, უმეტესობას საკუთარი ოჯახის, ნატურალური. გეუბნებით, ბოლო წლებია ვოცნებობ, ნეტავ, ისე დამათრო, რომ ნაბახუსევზე თავის ტკივილმა გამაღვიძოს, ლუდი მომინდეს, პირი გამიშრეს-მეთქი. მომენატრა ის დრო. იმას რა ჯობდა, ცხელ ბოზბაშს რომ შეჭამ, წამალს დალევ და ყველაფერი მოგეშვება. ერთხელაც უნდა შევურიო სხვადასხვა სასმელი, რომ დილით თავი ამტკივდეს (იცინის). ადრე ნაბახუსევზე ორ-სამ ბოთლ ლუდს მივირთმევდი, თავის 200 გრამი არყით. ეს იყო ჩემი წამალი. ახლა მინდა ნაყინს მივირთმევ, მინდა ნამცხვარს, ან ცხელ ტორტს და ცივ ყავას – რაც შეიძლება ორიგინალურობას (იცინის).

– ისე დამთვრალხართ, რომ მეორე დღეს აღარაფერი გახსოვდათ?

ისე დავმთვრალვარ, რომ ბაღიდან ბავშვის გამოყვანა დამვიწყებია. ასე რომ დაგემართება, მერე ხვდები, რომ შემდეგზე თავს ზომიერებისკენ უნდა მოუწოდო. ისე, ასე რომ არ დაგემართოს, იმიტომაც არსებობს სადღეგრძელო, სიმღერა, ცეკვა სასმლის მიღებას შორის. ეს ყველაფერი ანეიტრალებს ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედებას. დღეს განსხვავებულებიც აღარ არის მოდაში და ლიტრნახევრიანი ყანწებითაც აღარ სვამენ. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგიცაა. არც იმდენი ზიანი გადგება და არც ძალიან თვრები.

– ისე, კარგი მსმელი ხართ?

– მე კარგი მსმელი ოჯახის წარმომადგენელი ვარ. მამაჩემიც ძალიან კარგად სვამდა, მაგრამ არ თვრებოდა. ეროსი მანჯგალაძე ეუბნებოდა: ტარიელ, ჩვენ რომ ვსვამთ, ვთვრებით და შენ ტყუილად იჭყიპები მგონიო. მამა 400-კაციანი ქორწილების თამადა იყო, მაგრამ მთვრალი არასდროს მინახავს. კარგი კახური ღვინო, კარგი ხასიათი, სავსე მუცელი, გადმოგდებული ღიპი, მაგრამ მთვრალი – არა. ამ ოჯახის წარმომადგენელი ვარ მეც. სმა მიყვარს, როგორ არა, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, ძალიან ბევრი სუფრა მაქვს მოვლილი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მინახავს, რვა, ათი ლიტრა დაულევიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები დღეს ცოცხლები აღარ არიან. ისე ავნეს ორგანიზმს, რომ შეეწირნენ ამ ამბავს. რატომ დავლიო ამდენი, როცა ცოტაშიც გადასარევად ვიქნები?!

– სიგიჟეები თუ ჩაგიდენიათ სიმთვრალეში?

– ჩემი შვილი 26 დეკემბერს დაიბადა. კარგად ვიქეიფეთ, პირველი ბიჭია… საჩუქარი ვიყიდე. ცოლი მეორე სართულზე წევს სამშობიაროში და ავძვერი კედელზე. საჩუქარი მივაწოდე ფანჯრიდან და გადმოვხტი. ისე დავებეყვე დაბლა, მის მერე ხერხემალი და ათასი რამე მტკიოდა (იცინის). მერე ფხიზელმა რომ დავინახე ეს კედელი, აქ როგორ ამოვძვერი-მეთქი, გაოცებული ვიყავი.

ასეა, რომ დალევ, ადრენალინი გაწვება.

ადრე სუფრებზე სხვა ამბები ტრიალებდა. გაუგზავნიდი გვერდით მაგიდაზე კაცს ორ ბოთლს, გამოგიგზავნიდა – ოთხს. გაუგზავნიდი ოთხ ბოთლს, გამოგიგზავნიდნენ – რვას. მერე იყო მაგიდებთან მისვლა, დალოცვა, ჩახუტება, ახალი ნაცნობების გაჩენა, ცხრა მაგიდის გაერთიანება. დღეს ასეთი რამეები წარმოუდგენელია. ადამიანები დაძაბულები არიან, უჭირთ ერთმანეთთან გახსნა.

– არაორდინარული ახალი წლებიც გავიხსენოთ.

– ახალი წელი ლათინურ ამერიკაში. იქ თოვლი ფოტოებით იყიდება. წლის ბოლოს ყველა დაწესებულება ქუჩაში ყრის მთელი წლის საბუთებს. ეს არის თოვლის იმიტაცია. თან, ასე წინა წელს წარსულს აბარებენ.

ჩვენთან რომ ინახავენ ყველაფერს და მე-17 საუკუნის დანაშაულს აგაფარებენ სახეზე, ასე კი არაა (იცინის). ლაოსშიც შევხვდით ახალ წელს 52 გრადუსს სიცხეში. არხებში მოედინება წყალი, ჩაყოფენ ვედროებს, ამოიღებენ და ამ ბინძურ, ბაყაყით სავსე წყალს, პირდაპირ სახეში გასხამენ. ეს არის მათი ტრადიცია. გილოცავთ ახალ წელსო, გეტყვიან და უცებ ბაყაყი გაზის სახეზე (იცინის).

– ყველაზე დიდი საჩუქარი რა მიგიღიათ ახალ წელს?

– ჩემი შვილი, როგორც გითხარით, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბადა. ყველაზე ძვირფასი და ნამდვილი საჩუქარი იცით, რა იყო? დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად რომ შემეძლო ამ დღეს შევხვედროდი. მამაჩემთან ერთად რომ ვქეიფობდი ახალ წელს, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. მარტო მე კი არა, ყველა ინატრებს, ნეტავ, ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ და ამ დღეს ერთად გვამყოფაო, მაგრამ რას ვიზამთ, დრო გადის, წლები გვემატება, ადამიანები გვაკლდება, ეს გარდაუვალი პროცესია.

– ახალი წელი და გოგონები…

– ახალგაზრდა, 21 წლის ვიყავი, როდესაც ცოლი შევირთე.

– ანუ, არ დაგცალდათ?

– როგორ არ დამცალდა. ისე დამცალდა, რომ, განსაკუთრებით რუსეთში გასტროლებზე (იცინის). იქ კაი გოგოების გულისთვის ყველაფერი ღირდა (იცინის). სიამაყით ვიტყვი, რომ ახლა რომ ვაკვირდები ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ისეთი ლამაზი გოგონები წამოვიდნენ, რუსები ახლოსაც ვერ მოვლენ. მაღლები, ლამაზები, განათლებულები. ყველა ფეხის ნაბიჯზე ასეთები მხვდებიან და თავი მტკივდება ხოლმე აქეთ-იქით ყურებით. რომ ვაკვირდები, ფიქრობენ, ამ ბებერს ნეტავ რა უნდაო (იცინის). ძალიან მაგარი თაობაა და მიხარია.