“უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა”

379

ბაბი კირკიტაძე 19 წლის იყო, როცა პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე. პუტკუნა, ჟღალთმიანი, მხიარული გოგონა, ფართო ღიმილით მალევე შეამჩნია და დაიმახსოვრა მაყურებელმა. წლებთან ერთად ბაბიც შეიცვალა, ცოტა დაიკლო, უფრო მომხიბლავი და ქალური გახდა. თავისი მუსიკალური მონაცემები “ღამის შოუს” ბენდში გამოავლინა, “პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემის წამყვანობით მისი პოპულარობა გაიზარდა, სულ ახლახან კი “იმედის” მეგა შოუში “ცეკვავენ ვარსკვლავები” დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბაბისთვის ოჯახია, პირველ რიგში, დედა – ინგა ოდიკაძე, რომელიც შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. მათი დედაშვილობის საფუძველი მეგობრობა და გულწრფელობაა. ქალბატონი ინგას დამსახურებაა, რომ ბაბი ასეთი შრომისმოყვარე, გახსნილი და ლაღია.

ქალიშვილის დიდი წარმატებით გამოწვეულ ემოციებზე, ოჯახზე, ცხოვრების მთავარ პრინციპებსა და დედაშვილობაზე ქალბატონი ინგა ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა:

-მთელი პროექტის განმავლობაში უზომოდ ვინერვიულე ბაბისთან ერთად, მთელ ოჯახს უძილო ღამეები გვქონდა. პარალელურად ბაბის ბენდთან ერთად კონცერტებიც ჰქონდა სხვადასხვა რეგიონში. ზოგჯერ მთელი ღამე გზაში იყო, დილის 7 საათზე კი ტელეკომპანიაში გარბოდა. მართლა არ ვიცი, როგორ გაუძლო, რა ენერგია ეყო.

უახლოესი მეგობრები აღმოჩნდნენ ერთად კონკურსის მონაწილეები, ესეც თავისთავად ძალიან რთულია. საბედნიეროდ, მათ შეძლეს და პირველ ადგილზე მეგობრობა დააყენეს, არ გახდნენ ერთმანეთის მეტოქეები. ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობდა, ეხმარებოდა. ბაბის გულწრფელად მიულოცეს გამარჯვება.

– ბაბის დაბადებით ეზიარეთ დედობის სიხარულს, რადგან პირველი შვილია. როგორი იყო მისი ბავშვობა, როგორ ზრდიდით მას?

– 24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.

ბაბის კარგი ბავშვობა ჰქონდა, იმ დროისთვის ფინანსურად ღონიერი ოჯახი ვიყავით. ეს საშუალებას მაძლევდა, გამოვლენილი ნიჭის კვალადაკვალ მისთვის ყველა პირობა შემექმნა, რომ მრავალმხრივ განვითარებულიყო. დამყავდა მუსიკაზე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, 5 წლის, როცა რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები ცეკვაზე მიგვეყვანა. სკოლაში იყო ცეკვის ანსამბლი. გვითხრეს, რომ პატარები იყვნენ, ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა, მაგრამ შესანიშნავად აითვისეს მარტივი ილეთები. შემდეგ კი ტოლს არ უდებდნენ მოზრდილებსაც.

აქტიური ბავშვი იყო, ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, თანატოლებში გამოირჩეოდა. როგორც ხდება ხოლმე, ზოგს არ მოსწონდა, ასეთი გამორჩეული რომ იყო, უსამართლო შენიშვნებს აძლევდნენ. ვეუბნებოდი, არასდროს არავისთვის გაეცა პასუხი. შენ უნდა იყო კარგი, უნდა დაამტკიცო, რომ ღირსეული პიროვნება გაიზრდები, მერე რა, რომ ვიღაცამ ვერ მოზომა, სიტყვით გატკინა, იქნებ მას ოჯახში პრობლემა აქვს, იქნებ გაღიზიანებულია, გაივლის დრო და ყველაფერი დალაგდება-მეთქი.

გონიერი იყო, დამჯერი, ყურადღებიანი, დიდი სიყვარულით ვზრდიდი, ამასთანავე მკაცრიც ვიყავი, მომთხოვნი, ვაჩვევდი წესრიგს, სისუფთავეს, თავისი ნივთების მოვლას. თან ვცდილობდი, შვილის მეგობარიც ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს წამიშლია ზღვარი, რაც დედაშვილობას შორის უნდა იყოს. დღემდე ასეა, ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ. ბაბი უდიდეს პატივს სცემს ჩემს აზრს. მეც ვითვალისწინებ შვილის მოსაზრებებს. თანხმობით, სიყვარულით, ზრუნვით, ერთობით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი.

– სიმღერისა და ცეკვის ნიჭი თქვენს შვილს ვისგან გამოჰყვა?

-მამა მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლდათ – რვა დედმამიშვილი იყვნენ, ყველანი მღეროდნენ, ასევე დედაჩემიც და დეიდებიც. ჩემი მამა-ბიძები, დედა-დეიდები სიმღერას რომ დაიწყებდნენ, მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. დიდი სტუმრიანი, შეკრული ოჯახი გვქონდა. ბავშვებიც ასე გავიზარდეთ, ნათესავების სიყვარულით, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლით, ჭირის და ლხინის გაზიარებით, საოჯახო დღესასწაულების აღნიშვნით, ერთმანეთის დახმარებით.

მე ამ ტრადიციების გამგრძელებელი ვარ. მიყვარს ოჯახში სუფრის გაშლა. მართალია, დიდი ბინა არ გვაქვს, მაგრამ კარი ყოველთვის ღიაა. 12 კაცს, ხშირად მეტსაც ვმასპინძლობ. ხომ იცით, სადაც სიყვარულია, უფრო პატარა ადგილზეც შეიძლება თავმოყრა და ერთმანეთთან ყოფნით გახარება. ახლა ყოველ ნაბიჯზე რესტორნებია, არც მზა კერძების შეძენაა პრობლემა, მაგრამ მე ყველაფრის ჩემი ხელით მომზადება მიყვარს. შეძენა, არჩევა, მოტანა, გაკეთება არასდროს მეზარება. მეუღლეც ძალიან მეხმარება.

შვილებსაც ამას ვასწავლი, არასდროს დაივიწყონ ტრადიციები, უყვარდეთ ადამიანები, პატივს სცემდნენ და ახსოვდეთ, საიდან მოდიან, ვინ ჰყავდათ წინაპრები. სადაც უნდა ვიყო, თუ ჩემიანის ოჯახში ლხინი ან ჭირია, აუცილებლად მის გვერდით ვიქნები. 8 იანვარს ჩემი ნათესავის წლისთავი იყო დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბაბი უსაშველოდ დაღლილი და დატვირთული იყო, მაინც წამომყვა.

ადამიანები იმიტომ ვცხოვრობთ, რომ შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ სხვებს ცხოვრება, დავეხმაროთ, როცა მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით, თუ საქმე ჯანმრთელობას ან განათლების მიღებას ეხება. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ზედმეტი არავის აქვს, გამონაკლისების გარდა, მაგრამ უნდა მოიკლო და სხვასაც გაუზიარო. ბაბიმ ეს კარგად იცის, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის.

ჩვენმა ოჯახმა რთული გზა გაიარა. დალხენილი, უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა, საკმაოდ გვიჭირდა, ყველაფერი დავძლიეთ და ვიცით, რა არის სიკეთე. ზოგადად სამყაროში სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს, სხვანაირად, ცხოვრებას აზრი არ ექნება.

რაც ბაბი პოპულარული გახდა, სულ მეშინოდა, ამ პოპულარობას ცუდად არ ემოქმედა, ამიტომ ვესაუბრებოდი მუდმივად. მახსოვს, პირველი ხელფასი რომ მოიტანა, კარზე ფეხით მოაკაკუნა, ხელები დაკავებული ჰქონდა. ვუსაყვედურე. ერთი წლის შემდეგ მითხრა, მივხვდი, დედა, რატომ მისაყვედურე, გინდოდა, რომ თავმდაბალი დავრჩენილიყავი და არ მეფიქრა, რომ მე უკვე ყველაფრის უფლება მქონდაო.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაბი შეყვარებულია. თქვენ, რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსში იქნებით.

– ეს ამბავი მეც მაშინ გავიგე, როცა სიცრუის დეტექტორზე პასუხობდა და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ეს რომანი დასრულებულია. რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები მაქვს მის ქორწინებასთან დაკავშირებით, რჩევებსაც ვაძლევ, მაგრამ საბოლოო არჩევანი მან უნდა გააკეთოს.