ლევან კბილაშვილი – განსაკუთრებული ემოციების მქონე მომღერალი, რომლის უდროოდ წასვლამ დიდი ტკივილი მოუტანა გულშემატკივრების არმიას.
რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა მუსიკოსის მოულოდნელი გარდაცვალება ყველასთვის, ვისაც მისი გულიანი ნამღერისთვის ერთხელ მაინც მოუსმენია, რთულად შესაგუებელი და უზომოდ მტკივნეული აღმოჩნდა.
ბავშვობიდანვე ძალიან ხიფათიანი იყო. მავნებელი არ იყო, სხვას არაფერს ავნებდა, მაგრამ თვითონ სულ დაშავებული იყო და ხუთ წლამდე, სანამ სკოლაში მივიყვანდი, ყოველკვირა ბავშვთა საავადმყოფოში ვიყავით. სულ მეშინოდა, ხიფათს არ გადაყროდა.
„ჯეოსტარში“ მონაწილეობის დროს ავარიით „დააგვირგვინა“. სწრაფად მოდიოდა და საბურავი გაუსკდა. იბურთავა მანქანამ და დაეცა. ღვედები არ ეკეთათ და მეგობარი, რომელიც გვერდით ეჯდა, მანქანიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, მას არაფერი დამართვია. ლევანი კი ისეთ მდგომარეობაში იყო, არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ცოტა რომ წამოიზარდა და ჩემი სამსახურში გასვლის დრო მოვიდა, გადავწყვიტეთ, ბაღში მიგვეყვანა. მეუღლე პოლიციის უფროსი იყო გლდანის რაიონში და იქვე, ძალიან ახლოს შევარჩიეთ ბაღი, მაგრამ ლევანი ცოცხალი თავით არ გაჩერდა იქ. ტიროდა, ერთი-ორჯერ გამოეპარა კიდეც მასწავლებელს, რადგან სახლში უნდოდა. ჩემი მეუღლე საათში ერთხელ აგზავნიდა თანამშრომლებს, რომ ენახათ, როგორ იყო, მაგრამ არაფერმა გაჭრა, არადა არ შეწყვიტა ტირილი და გადავწყვიტე, იმ ბაღში გადამეყვანა, რომელშიც ბავშვობაში მე დავდიოდი. თან, ზუსტად ამ ბაღთან ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და მას ვთხოვე, ყურადღება მიექცია. არც ამან გაჭრა, ლევანი პირველივე დღეს გამოსულა ბაღიდან და თურმე, ჩემს მეგობარს ეძახდა, ნუნუკა დეიდა, მიშველე, წამიყვანეო. დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ დავნებდით, ბაღიდან წამოვიყვანეთ და სახლში ძიძა მოვუყვანეთ. ეთერი ბებო ხანში შესული, ძალიან კარგი ქალბატონი იყო, რომელმაც ლევანიკოს ადრე გარდაცვლილი ბებიების ადგილი შეუვსო. ლევანიკო ძალიან მიეკედლა მას და ამ ქალბატონმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის პიროვნულ თვისებებზე. საქმე ისაა, რომ ეთერი ბებო უკვე ჩვენთან მუშაობდა, როცა შვილი გარდაეცვალა. ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, ის ჩვენს ოჯახში დაბრუნდა. ძალიან დადარდიანებული იყო, მაშინაც გასაგები იყო ამის მიზეზი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით კარგად მესმის მისი. აქედან გამომდინარე, უფროსებიც და ბავშვები განსაკუთრებით, მის მიმართ კრძალვით ვიყავით განწყობილი. ბებოს შვილიშვილი არ დარჩენია და ვხედავდი, რომ შვილის დაკარგვის სიმწარე ლევანიკომ გადაატანინა. ჩვენი შვილები სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოში გაიზარდნენ და თვითონაც ასეთები არიან, მაგრამ ლევანი კიდევ განსაკუთრებულად სხვანაირი იყო. როგორ გითხრათ, ვინმეს გასვენებაშიც რომ წავიდოდით, ვერ დაასწრებდი მიცვალებულის აწევას. ყველას პატივსაცემად პირველი გარბოდა.
– მუსიკალური ნიჭი როდის გამოავლინა?
– სკოლაში მიყვანამდე. მელოდიას რომ მოისმენდა, შეცდომის გარეშე იმეორებდა. თავიდან ცეკვაზე მივიყვანეთ, კარგად აითვისა, ერთხელ ფილარმონიაში კონცერტზე, ცეკვისას ფეხი გაუცურდა და ისე მოხერხებულად მიმართა იმპროვიზაციას, მასწავლებელი გაოცებული იყო, ხუთი წლის ბავშვმა ეს როგორ შეძლოო?! თუმცა ცეკვა არ მოინდომა, ჭიდაობამ გაიტაცა. ჩემი მეუღლე ძიუდოისტია და ჩვენთან ტრადიციულად, ან მოჭიდავე უნდა ყოფილიყავი, ან პოლიციელი. ლევანი 13 წლამდე ჭიდაობდა.
ერთხელ კბილი ამოვუღეთ. სახლში არ ვიყავით მოსულები, რომ ბავშვს საშინელი ალერგია გამოუვლინდა. ექიმმა რომ შეხედა, ისე შეეშინდა, ონკანთან მივარდა და წყალი დალია. საბედნიეროდ, ანტიალერგიული დავალევინე და ისე წავიყვანე კბილის ამოსაღებად და როგორც ჩანს, ამან გადაარჩინა. მაშინ გავიგეთ, რომ ლევანი ალერგიული იყო და მას შემდეგ, სულ გვეშინოდა მისი ხიფათიანობის – ვაიდა, რამე დამართოდა და ისეთი წამალი დასჭირვებოდა, რაზედაც ალერგია ჰქონდა?!
ჭიდაობისას, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, წვივში გადაუტყდა ფეხი, ორივე ძვალი გადატეხილი ჰქონდა. გვითხრეს, რომ აუცილებლად ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ექიმი გაგიჟდა, ოპერაციას ფხიზელს ხომ ვერ გაუკეთებდა?! არადა, სინჯები გაუკეთეს და ყველაფერზე ალერგია აღმოაჩნდა. ვერ უკეთებდნენ ოპერაციას, არადა, სხვა გზა არ იყო. კარგად მახსოვს, მთელი კლინიკა ლევანზე ლაპარაკობდა. ძალიან ძლიერი ტკივილი ჰქონდა და გამაყუჩებელსაც ვერ უკეთებდნენ. არის ასეთი ალერგოლოგი – მაია გოთუა და მაშინ მას მივმართე. მდგომარეობა რომ გაიგო, არ მომყვებოდა, მაგრამ მუხლის ჩოქვით დავითანხმე. მან 20-25 წამალზე გაუკეთა სინჯი ლევანს და აქედან ერთი აღმოჩნდა, რომელზედაც ჩემს შვილს ალერგია არ ჰქონდა. ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი გახდა და ფეხის პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ რეაბილიტაციას დრო დასჭირდა. ლევანი მთელი ეს დრო ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ სიმღერაზე დადიოდა და მისი სურვილები მუსიკისკენ გადაიხარა. სიმღერაზე დიდი ხნით ადრე, სკოლაში შეყვანისთანავე მივიყვანე. სულ მღეროდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა. თუ გაჩერდებოდა, მეზობლები მეკითხებოდნენ, ლევანიკო ხომ კარგად არის, რატომ არ გვესმის მისი სიმღერის ხმაო?! რობერტ ბარძიმაშვილთან მივიყვანე, მირჩიეთ, რა ვქნა-მეთქი. მოუსმინა და მითხრა, ჩემთან დატოვეთო. დარჩა და დარჩა. სხვათა შორის, „ჯეოსტარში“ გასვლა არ უნდოდა, მე დავაძალე.
– გიყვებოდათ, როცა ვინმე უყვარდა ან მოსწონდა?
– საერთოდ, ყველაფერს გვიყვებოდა. ერთხელ ერთი გოგო მოსწონდა აქ, „ჯეოსტარის“ დროს, შემდეგ მოსკოვში ჰქონდა რუს გოგოსთან ურთიერთობა. მითხრა, შეიძლება ცოლად მოვიყვანოო. მაშინ ახალი წასული იყო. ჩემს მეუღლეს არ ესიამოვნა, არ უნდოდა სხვა ეროვნების გოგოზე დაქორწინებულიყო. ვუთხარი, წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, შეიძლება, უფრო სწრაფად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და სჯობს, ვაცადოთ, თვითონ რაც უნდა, ის გააკეთოს, ვინც უნდა ის მოიყვანოს-მეთქი. მერე ლევანიკომ თვითონ თქვა, არა, ქართველი უნდა მოვიყვანოო.
მოსკოვში ძალიან დიდი კონცერტები ჰქონდა. ლუბა უსპენსკაიასთან ერთად – მით უმეტეს. ლუბა ახლაც მიყვება ხოლმე, გოგოების ცვენა იყო ლევანის კონცერტებზეო. კონცერტების დასრულების შემდეგ რომ მირეკავდა, თვითონაც ხუმრობდა: გოგონები – გასაგებია, მაგრამ უნდა ნახო, რამხელა ქალები არიან ჩემი ფანებიო. ძალიან შარმიანი იყო, ყველა ასაკის ადამიანებს აყვარებდა თავს და თვითონაც ყველა ძალიან უყვარდა, მათ დიდ პატივს სცემდა.
– ალბათ, ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ.
– საათში ერთხელ ვურეკავდი, სულ ვეკითხებოდი, სად იყო, რას აკეთებდა. ისიც ყველაფერს მიყვებოდა. გუშინ ლევანიკოს მეგობარმა დამირეკა უცხო ნომრიდან და მეუბნება, დედი, როგორ ხარო? ერთი ერთში ჰგავდა ლევანის ხმას და ვერ გეტყვით, რა დამემართა. მართლა ვერ მივხვდი, რომ შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო. იცით, რა მატანინებს ამ ამბავს? მგონია, რომ ისევ იქ არის და ცოტა ხანში უნდა დამირეკოს. ყველაფერი რომ კარგად გავიაზრო, არ ვიცი, რას ვიზამ. არ მინდა, ჩავუღრმავდე ჩემს მდგომარეობას და ფიქრებს. დედი, დე, დე, დედი – სულ ასე მეძახდა… ახლაც ველოდები, რომ იმავეს გააკეთებს. ველოდები, რომ ადრე თუ გვიან, კარი გაიღება და მანქანით შემოვა. ერთი დღე არ გამომიტოვებია, სულ დავდივარ ლევანისთან საფლავზე, მგონია, რომ სახლში ვაკითხავ. დეკემბრის თვეში ძალიან ცუდად ვიყავი, მაღალი ტემპერატურა მქონდა და სიცხე დამიწევდა თუ არა, მაშინვე მასთან გავრბოდი. ასე იქნება, სანამ ცოცხალი ვიქნები. საფლავზე რომ ავდივარ, ბიჭების ფეხის ნაკვალევი მხვდება ხოლმე, იქ რომ ვარ, უამრავი სრულიად უცხო ადამიანი მოდის. მიკვირს ხოლმე, რატომ მოდიან, ალბათ, მართლა განსაკუთრებული იყო ჩემი შვილი.
– როგორ მოხდა ისე, რომ მომხდარის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეთ?
– მასთან რომ არ დამერეკა, ვერ მოვისვენებდი, დილით რომ ვესაუბრებდი ხოლმე, იმ დღის გეგმებზე მიყვებოდა და მერე დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე ვურეკავდი. არ არსებობდა, არ ეპასუხა ან რამე, თუნდაც ელემენტარული დაემალა. წინა დღეს ორჯერ ვესაუბრე. ძალიან გახარებული იყო. ფესტივალიდან დაბრუნდა და თავის ემოციებს მიზიარებდა.
– ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა?
– კოვიდის გადატანის შემდეგ, ფეხი სტკიოდა. კოვიდი ძალიან რთულად გადაიტანა. შარშან, მარტიდან დაეწყო სახსარში ტკივილი. ექიმთან მივიდა, ანალიზები გაიკეთა და სახსარში ძვლის განლევა დაუდგინეს. უთხრეს: სანამ გაუძლებ – გაუძლებ, მერე ოპერაცია დაგჭირდებაო. აქ რომ ჩამოვიდა, ანალიზები კიდევ გავუკეთეთ. მაგრამ მაინც ვიდანაშაულებ თავს იმის გამო, რომ სრულყოფილი გამოკვლევები არ ჩავუტარეთ.
– თავიდან გარდაცვალების მიზეზად ფეხის სიმსივნეზე იყო საუბარი…
– ეს მეტიჩარა ადამიანებმა თქვეს, მათ ლევანთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ, პანაშვიდზეც არ მოსულან. არ მესმის ოჯახის ნაცვლად რატომ საუბრობდნენ?! რუსეთში ლევანიკოს ძალიან ბევრი იცნობდა. საკმაოდ ცნობადი სახე იყო და ძალიან მაღალ დონეზე გაკეთდა ყველაფერი. მე არ მინდოდა მისთვის ექსპერტიზის ჩატარება. არ აწვალოთ, დროზე ჩამომიყვანეთ-მეთქი, ვთქვი, მაგრამ იქიდან სხვანაირად არ გამოატანდნენ. თავიდანვე თქვეს, ინსულტი ან ანევრიზმააო და მართლაც, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ანევრიზმა იყო გარდაცვალების მიზეზი. ამის მიუხედავად, ვერ ვპატიობ ჩემს თავს. მეუბნებიან, რა აზრი აქვს თვითგვემას, ანევრიზმა ისეთი ბომბია, როდის რა დაემართებოდა, ვერ განსაზღვრავდიო. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, იქნებ ყველაფერზე რომ გაგვეკეთებინა გამოკვლევა, გაგვეგო. მის ძმას, უკვე ექიმები ჰყავდა ნანახი. ლევანი მალე უნდა ჩამოსულიყო თბილისში და ყველა გამოკვლევაზე შეთანხმებული ვიყავით. მაგრამ შემდეგ, ჩემმა უფროსმა შვილმა ექიმს რომ ჰკითხა, ამ მდგომარეობაში თავზე გაუკეთებდით კომპიუტერულ ტომოგრაფიასო? ექიმმა უპასუხა, ალბათ, არაო, რადგან ლევანს არასდროს უთქვამს, რომ თავის ტკივილი აწუხებდა.
– ბოლო საუბრისას, თითქოს, წინათგრძნობა გაგიზიარათ, არა?
– როგორც გითხარით, წინა დღეს ფესტივალზე იმღერა და მეუბნებოდა, 20 ათასი კაცი იყო, დე, ვერ წარმოიდგენდი, რა ხდებოდა, ხალხს ბოლომდე თვალს ვერ გაუწვდენდი. ეს ფესტივალი ხომ პანდემიის პირობებში ჩატარდა და რომ არა ეს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნებოდაო. ძალიან სერიოზული მუსიკოსებისგან საოცარი შეფასებები მიიღო ამ ფესტივალზე. პანდემიის დროს ვერ გავბედავ, მაგრამ მერე რომ გავბედო, დარწმუნებული ვარ, იმდენი მსმენელი მყავს, სტადიონს გავავსებო. მერე ვიდეოები დადეს ამ ფესტივალიდან და ვნახე – ისე ხტოდა სიმღერისას, რომ საყვედუროთ გადავურეკე, როგორ შეიძლება, ასეთი პრობლემა გაქვს ფეხზე და თავს გაუფრთხილდი-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, ახლა უნდა გავაკეთო ყველაფერი, ჩემი პროექტები დავასრულო, რომ ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, ჩემი ალბომები დარჩეს. აი, გონაშვილი როგორც დარჩა ლეგენდად, მეც ისე უნდა დავრჩეო. ხომ არ გაგიჟდი, რა დროს მაგაზე ლაპარაკია-მეთქი, ვუთხარი და როცა იქნება, ხომ მოხდება და მანამდე ისე უნდა გავაკეთო, რომ სალაპარაკო დავტოვოო და დატოვა კიდეც… ამ სიტყვებით ძალიან დამიმძიმდა გული. მერე ცოტა კიდევ ვისაუბრეთ. დაღლილი იყო და დაისვენე-მეთქი, ვუთხარი. მეორე დილით აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დასვენების საშუალებას მივცემ-მეთქი. როცა დავრეკე, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვიფიქრე, რომ დაუჯდა. მერე უფროსმა შვილმა დამირეკა, მკითხა, დღეს ლევანის ელაპარაკე? ბიჭები მირეკავენ, რომ რაღაც მოხდაო. ჩემს ქალიშვილს დავურეკე და ისიც აფორიაქებული იყო. მერე ლევანის ტელეფონი უკვე ჩართული იყო, მაგრამ მოსკოვიდან არც ის და არც სხვა არ მპასუხობდა. ხელები მიკანკალებდა, მაგრამ ასეთი რამ არც დამიშვია. უცებ „ფეისბუკი“ გავხსნი და ლევანის მეგობრის პოსტი ვნახე, წერდა „ლევან, ეს რა გვიქენი, ბიჭოო?!“. იმწუთას დავურეკე. ალბათ, მიხვდა, რომ არ ვიცოდი და არ მიპასუხა. ჩემმა მეუღლემ დაურეკა ვიღაცას და მან რომ ტელეფონი დაბლა დააგდო, მაშინ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. თურმე, უკვე ყველას სცოდნია და ჩემთან ვერ რეკავდნენ. არადა, დილით „ჭკუაზე არ ვიყავი“ სიხარულისგან. ლევანიკოს ვიდეოებს ვნახულობდი „ინსტაგრამზე“ და ჩემს „ფეისბუკზე“ ვდებდი. მიხაროდა, რომ ასეთი კარგი კონცერტი ჰქონდა და ასეთი ბედნიერი იყო. იმ ღამეს, თურმე, სამ საათამდე ესაუბრებოდა თავის ძმას. როგორც ჩანს, რომ ჩაეძინა, ძილში მოხდა ის, რაც მოხდა. ალბათ, დიდმა სიხარულმა და განცდებმაც გამოიწვია… არ ვიცი, მაგრამ ეს მოხდა და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.