“მინდვრის თაგვივით მარტო ვარ”

221

თამაზა, იგივე თაზო ლოხიშვილი ჯერ სოციალურ ქსელებში გახდა საოცრად პოპულარული და შემდეგ „პრაიმჰაუსში“ მონაწილეობით. განსხვავებული, მხიარული, მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი და გულახდილი თამაზა ყველამ შეიყვარა.

თამაზა: „პრაიმჰაუსის“ შემდეგ, ვგრძნობ, რომ ჩემი ცნობადობა და ადამიანების ჩემდამი სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა. ადრეც მცნობდნენ, მაგრამ ახლა ქუჩაში რომ გავდივარ, თითქმის აღარავინ მხვდება ისეთი, ვინც არ მიცნობს. ამ პროექტით ძალიან დიდ მასებზე გავედი (იცინის). ბევრი საინტერესო შემოთავაზებაც მივიღე. მოკლედ, განსაკუთრებით საინტერესო ცხოვრება დაიწყო. ზოგადად, ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებ ხოლმე და ვიცოდი, რომ „პრაიმჰაუსში“ შესვლით, ჩემს ცხოვრებას რამდენიმე წლით დავაჩქარებდი. ის, რაც შეიძლებოდა სოციალურ ქსელში აქტიურობით ორ წელიწადში გამეკეთებინა, ამ პროექტმა ორ თვეში გამაკეთებინა.

– პროექტში ვერ მოიგე ბინა, თუმცა თვითონ შეიძინე, არა?

– მე და დედას გეგმაში გვქონდა ბინის შეძენა და შევიძინეთ კიდეც მშენებარე კორპუსში. თბილისში ბინა ძალიან მინდოდა. დედა ზუსტად ამიტომ წავიდა იტალიაში. ახლა კი მთელი ცხოვრება უნდა ვიხადოთ მისი საფასური, მაგრამ არა უშავს. „პრაიმჰაუსიც“ დასრულდა და ამ ბინის შენებაც. ახლა თეთრი კარკასია და მალე უნდა დავიწყო გარემონტება. ხალხიც უნდა ჩავრთო ამ პროცესში. ძალიან განსხვავებული, არასტანდარტული რემონტის გაკეთება მინდა.

– ყველა ცდილობს, მოდური სახელი „დაირქვას“ და შენ თამაზა რატომ შეარჩიე?

– მე ყველაფრით „ვკაიფობ“. ისე მეცინება თამაზას რომ მეძახიან, ვერ გეტყვი. ადრე მე რომ შემომხედავდნენ და იგებდნენ, თამაზა მერქვა, შოკში ვარდებოდნენ და ახლა ხალხი უკვე მიეჩვია. ზოგი თაზოს, ზოგი თაზკას და რა ვიცი, რას არ ირქმევს და მე თამაზა „ვგლიჯე“ (იცინის). ჯერ ერთი, პაპაჩემს ერქვა თამაზა და ეს არის ჩემი სრული სახელი. თან, ასეთ გრანდიოზულ შოუში ვიღებდი მონაწილეობას და სახელი მოკლე რად უნდა მქონოდა?! (იცინის).

– სად დაიბადე და გაიზარდე, როგორი იყო ბავშვობა?

– დავიბადე ქსოვრისში, რომელსაც ხშირად ვახსენებ. უმაგრეს სოფელში, უმაგრეს ხალხთან ერთად გავიზარდე. ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა, მაშინაც პოპულარული ვიყავი (იცინის). თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, პოპულარობასთან დაკავშირებით, არ მინდოდა ჩემი ვიდეო გავრცელებულიყო სოციალურ ქსელში. ვიცოდი, რომ ჩემი თვისებების გამო, ხალხი უცებ აიტაცებდა და მაშინვე „გავარდებოდა“. მე კიდევ პოპულარობა არასდროს მნდომებია. ამიტომ ვერიდებოდი გამოჩენას.

– სად პოულობ ასეთ განსხვავებულ ტანსაცმელს?

– ყველგან, მეორადებშიც. მაგრამ დიდი ხანია, მეორადებში აღარ გავსულვარ. საერთოდ, რომ გავდივარ, იმდენი ტანსაცმელი მომაქვს, ფული აღარ მყოფნის ხოლმე. რომ მაჩუქებენ ხოლმე, ისე მიხარია, ვგიჟდები. ჩემი ტანსაცმლის გაჩუქებაც ძალიან მიყვარს და ამას ხშირად ვაკეთებ.

– ტანსაცმელთან ერთად, სხვა საჩუქრებითაც ძალიან განებივრებენ, არა?

– დღე არ გავა, რომ რამე არ მაჩუქონ. მინდა ხოლმე, სოციალურ ქსელში გამოვდო ეს საჩუქრები, მაგრამ ბევრს თვითონ არ უნდა გამოჩენა, ვინც მჩუქნის. არადა, ისეთი საჩუქრებია… ყველაზე მეტი საჩუქარი ემიგრანტებისგან მოდის. ერთხელ ძალიან მინდოდა ბოტასები. ისეთი ბოტასები მომწონს, 700 ლარი რომ ღირს ხოლმე და მერე ღამე მესიზმრება, რომ ვყიდულობ და დავდივარ (იცინის). ფული არ მქონდა, რომ მეყიდა და ველოდებოდი, როდის ჩამერიცხებოდა ხელფასი. ამ დროს, ერთმა ქალბატონმა ჩამირიცხა ისრაელიდან. ლამის ბოტასებთან გადავიღე სელფი და ისე გადავუხადე მადლობა, ისე გამიხარდა (იცინის). ერთმა მომწერა, რომ ჩემთვის საჩუქრის გადმოცემა უნდოდა. მეუბნებიან, სახლში მოგიტანო, მაგრამ ხომ არ ვიცნობ ვინაა და უცხო ადამიანების სახლში მოსვლას მაინც ვერიდები. ესეც მეუბნება, შენი ფანი ვარ, ძალიან მიყვარხარ და რაღაც მინდა, გაჩუქოო. ვიფიქრე, სახლთან ახლოს შევხვდები-მეთქი, მაგრამ ისე წვიმდა, ძაღლს არ გააგდებდნენ გარეთ. ჩავედი დაბლა, ხუთი წუთის გზა გავიარე და მეუბნება, მოვედიო. ვდგავარ და ველოდები. მანქანით იყო და ცოტა ხანში მეუბნება, ვაიმე, ბოდიში, გაგცდი, რაღაც ამერია, ახლავე წრეს დავარტყამ და მოვბრუნდებიო. ჩემს სახლთან წრის დარტყმას 15 წუთი სჭირდება, ამას დაუმატეთ საცობი და მოკლედ, გავიდა ნახევარი საათი. ვიყინები და ვფიქრობ, იქნებ რა მაგარი საჩუქარია, ჯანდაბას, დაველოდები, დიდი ამბავი-მეთქი. ცოტა ხანში მწერს, შეეთრიე სახლში, განა მართლა საჩუქარი მომქონდა, „გეღადავეო“. ვაიმე, იმდენი ვიცინე, სიცილით გავიგუდე. გაგონილა ასეთი რამე?! (იცინის). მე მგონი, გზის მეორე მხარეს მანქანაში იჯდა, მიყურებდა და ჩემზე მაგრად „ღადაობდა“ (იცინის). მანამდე ნათქვამი მქონდა, ყოველდღე საჩუქრებს ვიღებ-მეთქი და ეტყობა იფიქრა, ამას ახლა აზრზე მოვიყვანო (იცინის).

– ძალიან მხიარული ხარ, მაგრამ დიდი ტრაგედიები გქონია გადატანილი – ძმა და ბიძა ავარიაში დაგეღუპნენ?

– მაშინ ოთხი წლისაც არ ვიყავი და კარგად არ მახსოვს, რა მოხდა, მაგრამ ოჯახისგან ვიცი. ჩემი უმცროსი ძმა წლინახევრის იყო, უფროსი – რვის. მახსოვს, ბიძაჩემი მიდიოდა ცოლ-შვილის სანახავად და ვედროებით მარწყვი მიჰქონდა, რომელიც ბებიამ გაუმზადა. ჩვენი მეზობელი და ჩემი უფროსი ძმაც გაჰყვა. ადრე ბენზინის „კალისტრები“ მანქანაში ედგათ. გზაში, თურმე ბიძაჩემი და მეზობელი სიგარეტს ეწეოდნენ. ალბათ, ნამწვი რომ გადააგდეს, ფანჯრის კიდეს მოხვდა, უკან შემოვარდა და აფეთქდა. მანქანაში რომ ცეცხლი გაჩენილა, ჩემი ძმა გადმოუგდიათ ფანჯრიდან, რომ არ დამწვარიყო. ბიძაჩემი და მეზობელი, ისეთი დამწვრები იყვნენ, სამ დღეში გარდაიცვალნენ. მეზობელი, მგონი, უფრო ადრე, იმ დღესვე დაიღუპა. ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა. მთელი კანი დამწვარი ჰქონდა. სხვა დონორი ვერ უშოვიათ, დედას ააჭრეს ფეხებიდან კანი და ჩემს ძმას გადაუნერგეს. მისმა ორგანიზმმა კარგად მიიღო და უხაროდათ, ეგონათ, გადარჩებოდა, მაგრამ თურმე საყლაპავი მილი ჰქონია ჩამწვარი, შიდა სისხლდენა მიდიოდა და ეს ყველაფერი გვიან გაიგეს. ხომ იცით, მაშინ ამდენი ტექნოლოგია არ იყო. მგონია, რომ შიგნიდან მოეწამლა ორგანიზმი და მეთვრამეტე დღეს გარდაიცვალა.

ჩემი ძმა ჩემსავით მოსაუბრე იყო. მაშინ ძალიან ჭირდა, ექიმები კი დედას ეუბნებოდნენ, ფულია მოსატანიო. დედა ტიროდა, რომ ფულს ვერ შოულობდა. მერე ჩვენს სოფელში ააგროვეს. მამას ზოგმა ხუთი, ზოგმა სამი ლარი მისცა – ვის რამდენი ჰქონდა. სიაც კი გვაქვს, სადაც გვიწერია, ვინ რამდენით დაგვეხმარა. ჩემმა ძმამ რომ გაიგო, უფულობის გამო დედა ტიროდა, ექიმისთვის უთქვამს, დედაჩემს ნუ ატირებ, მე მოგცემ ფულსო. თვითონ მანამდე ყულაბაში აგროვებდა ფულს და იმის იმედი ჰქონდა. ძალიან კეთილი იყო.

– თქვენ პატარები იყავით და ალბათ, ვერც აღიქვით, რა მოხდა, მშობლებმა როგორ გადაიტანეს?

– ძალიან მძიმედ. სკოლაში რომ მიმიყვანეს, მაშინ გადაღებულ ფოტოზე დედაჩემი რომ დაინახოთ, გული გაგისკდებათ. 60 წლის ქალს დაემსგავსა ეს 25 წლის გოგო. სულ შავებში ჩაცმული დადიოდა.

– საერთო ჯამში, როგორ გახსენდება ბავშვობა, სკოლა, სოფელი?

– ისეთი ბავშვი ვიყავი, ყველას უხაროდა ჩემთან ერთად ყოფნა – ოღონდ მე მელაპარაკა. სადაც რამე გაფხაკუნდებოდა, მეც იქ ვიჯექი. ყველას ვუყვარდი. რამეც რომ დამეშავებინა, გამოსავალს ვპოულობდი და ყველა ჩემზე გიჟდებოდა, მცნობდნენ. ჩემები სადმე რომ მიდიოდნენ, ყველა აფრთხილებდა, თამაზი არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად წამოიყვანეთო. ყველგან წინ ვიყავი გამოჭიმული. სკოლაშიც მე მიმყავდა „პარადი“. კონცერტი იყო, ექსკურსია თუ რაც გინდა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა. საბოლოო სიტყვა მე უნდა მეთქვა. ზოგჯერ აბუნტდებოდნენ, სხვა რამეს მოინდომებდნენ ხოლმე, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ჩემს აზრზე გადმოვიყვანდი, იცოდნენ, რომ გამკეთებელი მაინც მე ვიყავი. ჩემი აზრი თუ ბოლომდე არ გავიტანე, ისეთ „ჩორტს“ ჩავაგდებ, რაც დაგეგმეს აღარ გამოუვათ (იცინის).

– პროფესიად რა აირჩიე?

– ახლა ფსიქოლოგიას ვეუფლები. ყველა მეუბნება, ფსიქოლოგი უნდა გამოხვიდეო? – არა. მე ჩემი თავის კარგი ფსიქოლოგი ვარ. ჩემს მეგობრებსაც ძალიან კარგ კონსულტაციას ვუწევ, არაფერი მეშლება. ადამიანს თუ გამოუვალი მდგომარეობა აქვს, ვაიმე, დამიკავშირდეს და ყველაფერს დავულაგებ (იცინის). მინდა, ხალისიანი ცხოვრება მქონდეს და არა სტრესული. სტრესს არ ვუშვებ ჩემამდე. ახლა გაყიდვების სფეროში ვმუშაობ, ფსიქოლოგობა კი უბრალოდ, ჩემთვის მინდა. თუ გინდა ცხოვრებაში მძიმედ არაფერი მიიღო, ყველაფერი წინასწარ უნდა განიცადო. რაღაცის ძალიან რომ გეშინია, უნდა წარმოიდგინო, რომ უკვე მოხდა და შეეგუო, რადგან მერე, როცა უცებ მართლა მოხდება, განცდებმა არ დაგანგრიოს. მე მაგალითად, „პრაიმჰაუსში“ ბინას თუ მოვიგებდი, არ გადავირეოდი, იმიტომ რომ, რამდენიმე კვირის წინ უკვე „მოვიგე“ და განვიცადე ეგ სიხარულიც და მარცხის სევდაც (იცინის).

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– მინდვრის თაგვივით მარტო ვარ. არის ადამიანი, ვისთანაც მიწერ-მოწერა მაქვს, მაგრამ, ზოგჯერ მხოლოდ მიწერა არის და მოწერა არა, ან პირიქით. ვნახოთ, თუ გასცდა რაღაც საზღვრებს, აგერ სახლს ვარემონტებ და გადავალთ საცხოვრებლად, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ჩანს (იცინის).

– პირად ურთიერთობაშიც ასეთი ხალისიანი ხარ?

– კი, საერთოდ, ძალიან ხალისიანი ვარ. აი, ახლა ყელი მტკივა, ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რით გავერთო. გეფიცები, მესამეკლასელის ჭკუა მაქვს (იცინის). განა ის, რომ პრობლემებზე ვიფიქრო, არაფერზე ვდარდობ ამქვეყნად. მე ხომ ჭამა-სმა მაგრად მიყვარს და გუშინ მთელი მაღაზია რომ გამოვზიდე, მერე გამახსენდა, რომ გაზის ფული მაქვს გადასახდელი და თანხა აღარ მაქვს. მაგრამ არ ვდარდობ ამაზე, იქნებ საღამომდე რეკლამა გამოჩნდა, თუ არადა, ვისესხებ. არაფერია სადარდებელი ამქვეყნად. ერთადერთი რამის მეშინია, არ მინდა, ჩემს გარემოში ისეთი ადამიანი გაერიოს, ვისი ნდობაც არ შეიძლება. ეს ურთიერთობაში ხშირად „მატორმუზებს“. სხვა მხრივ, ძალიან მიყვარს მხიარული ცხოვრება. საერთოდ, ყველაფერს მიჩვეული ვარ. წკაპ და უცებ იმხელა თანხას იშოვი, სხვებსაც ახარებ და თვითონაც კარგად გრძნობ თავს, მაგრამ წკაპ და უცებ არაფერი გაქვს – ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილია. დღეს ერთი ლარი არ მაქვს, ხვალ შეიძლება ბევრი ვიშოვო. მთავარია, ოჯახის წევრები მყავდნენ კარგად და „მატერიალი“ სულ არ მაინტერესებს. ჩემთვის ეს არის ბედნიერება.