სცენარისტი და ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში იმ კეთილი საქმეების შესახებ წერს, რომელიც მისი და მისი გუნდის თაოსნობით გაკეთდა.
„ყველა კარგ ამბავს ერთად გეტყვით.
პირველ რიგში იმ ამბებს, რომლებზე ძალიან ბევრმა მომწერეთ.
ვიყავით ლანჩხუთში, პატარა მარიკოსთან და მის დედასთან. ჩავუტანეთ საკმარისი პროდუქტები და თანხაც გადავეცით.
გლდანში, პატარა გოგო, რომელიც შვილთან ერთად ქუჩაში მოწყალებას თხოულობდა, ზამთარს სახლში გაატარებს, აღარ შესცივათ და აღარ მოშივათ. ქუჩიდან სახლებში დავაბრუნეთ 8 ადამიანი, გადავუხადეთ რამდენიმე თვის ქირა და ზამთარს ქუჩაში აღარ გაატარებენ. მზრუნველობის ქვეშ ავიყვანეთ კიდევ ორი მიტოვებული, ავადმყოფი მოხუცი და ჩვენ მივხედავთ სანამ ვიქნებით. გადავიხადეთ ორი გადაუდებელი ოპერაციის ფულის ნაწილი და ერთიც ქუჩაში მცხოვრები ადამიანისთვის მხედველობის აღდგენის.
18 ადამიანს შევუძინეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები, 22 ოჯახში, სადაც თითქმის ყველა ავადმყოფი, ან არასრულწლოვანია, მივიტანეთ რამდენიმე თვის სამყოფი საჭმელი, ზამთრის გადასატანად.
თბილისში, ქუთაისში, ყვარელში და ბათუმში დავეხმარეთ 6 მარტოხელა და ძალადობის მსხვერპლ დედას. გადავუხადეთ საცხოვრებელის ქირა და ბავშვებისთვის შევუძინეთ ყველაფერი.
უკვე რვა თვეა ყოველ შაბათს და კვირას, უფასოდ რიგდება პური და ნებისმიერს შეგიძლიათ წაღება. ეს ყოველთვის, ყველა შაბათს და კვირას ასე იქნება !
1 მარტიდან, 7 მარტის ჩათვლით, დავით თავხელიძის 1 ნომრის ეზოში, ღია იქნება მოხალისეების ცენტრი და ნებისმიერს, ვისაც გჭირდებათ,შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეგიძლიათ მობრძანდეთ მოხალისედ და ჩვენთან ერთად გააბედნიეროთ ადამიანები.
ამ ყველაფერს საამაყოდ არ გიყვებით. გიყვებით იმიტომ, რომ საზეიმოდ გითხრათ, რომ ამ საქმეების გასაკეთებლად ფულის მოგროვება აღარ დაგვჭირდა, თქვენი მოგროვილი ფული გვქონდა და ვცდილობთ რაც შეიძლება ზუსტად იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვისაც მართლა ყველა იმედი დაკარგული აქვთ.
თუმცა, რატომაც არა საამაყოდ. გვეამაყება რასაც ვაკეთებთ ყველა ერთად. გვიყვარხართ ყველა და გეგულებოდეთ. განურჩევლად ეროვნების, აღმსარებლობის და გარეგნობის. რასაც შევძლებთ, აქ ვართ თქვენს გვერდით.
თქვენ, ყველას, უზარმაზარი მადლობა ყველა ჩარიცხული ლარისთვის. ნეტავ ყველაფრის სათითაოდ ჩვენება შემეძლოს, რამდენი და რამხელა ბედნიერება მოგაქვთ ადამიანებისთვის.
გაუფრთხილდით ერთმანეთს და გახსოვდეთ, რომ
#სიკეთეგადამდებია“, – წერს სინჯიკაშვილი.