რა ჯოჯოხეთი გამოიარა ხატია ჭყონიამ თურქეთში მიწისძვრის დროს და რამ აიძულა ის, დანგრეულ სახლში შესულიყო

206

ხატია ჭყონია ქართველი ფეხბურთელია, რომელიც თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის დროს იმ ქალაქში იმყოფებოდა, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოჩნდა.

ხატია ჭყონია: დიდი ხანია, რაც ფეხბურთს ვთამაშობ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ. კონტრაქტით ჩავედი თურქეთში სათამაშოდ და ჰათაიში – იმ ქალაქში აღმოვჩნდი, სადაც მიწისძვრა მოხდა. მანამდე სტამბოლში ვიყავით. იქ მესამე თამაშის შემდეგ ხუთდღიანი შესვენება გვქონდა და შვიდი ბავშვი სტამბოლიდან ჰათაიში დავბრუნდით. ღამე ჩავედით, სამი საათი იქნებოდა, როცა სახლში მივედით. მოვწესრიგდით, ვჭამეთ და დავწექით. სამსართულიან კორპუსში ვიყავით. ალბათ, ხუთი საათი და რაღაც წუთები იქნებოდა, როცა შიშმა გამაღვიძა და უცებ წამოვხტი, რა ხდება-მეთქი. დავინახე, რომ ჩემი საწოლი ირწეოდა. მანამდეც იყო სამი-ოთხი ბიძგი და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მაშინვე გავაღვიძე ბავშვები და ბიძგებიც უფრო გაძლიერდა. პირველი ბიძგი იმდენად ძლიერი არ იყო, არაფერი დამტვრეულა, უბრალოდ, ძლიერად შეგვაქანა. ყველა ერთად ვიყოთ-მეთქი, ვყვიროდი და ხელჩაკიდებულები კარის ქვეშ დავდექით, რადგან გაგონილი მქონდა, რომ მიწისძვრის დროს ასე უნდა მოვქცეულიყავით. მეორე ბიძგი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ აქეთ-იქით დაგვფანტა. საშინელი ხმა იყო, სახლში ყველაფერი დაიმტვრა, კედლები დაიბზარა. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, ტელეფონი ავიღოთ და გარეთ გავიდეთ-მეთქი, ვუთხარი ბავშვებს. ველოდით, როდის გაჩერდებოდა ბიძგები, რომ შენობიდან თავი დაგვეღწია. ერთი ბავშვი ფანჯრიდან ხტებოდა და გავაჩერეთ, მეორე აივანზე გადიოდა, იქ გადავრჩებითო. მე 33 წლის ვარ, ისინი ასაკით ჩემზე პატარები არიან, 25 წლამდე, თან ჩემი გუნდელები და მათ წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. „კურტკები“ ავიღე, მე ჩავიცვი და ბავშვებს მივაწოდე, მაგრამ შოკისგან არ ჩაუცვამთ. გარეთ გასვლა გვინდოდა, მაგრამ კარი ჩაჭედილი აღმოჩნდა. რკინის კარი იყო, რას ვიზამდი? ერთადერთი, რაც შემეძლო ის გავაკეთე, ფეხი მივარტყი რამდენჯერმე, გამოვქაჩე და გაიღო. კარიდან რომ გავედით, შუქებიც ჩაქრა. ძალიან ვჩქარობდით, რადგან ბიძგების სიძლიერე იმატებდა. ფეხზე ჩაცმა გვინდოდა, მაგრამ ამის დროც აღარ იყო, კარადის კარიც ვერ გავაღეთ, რომ ფეხსაცმელები აგვეღო. ბავშვებს კიბეზე ჩასვლის ეშინოდათ, პირველი ჩავედი და შევამოწმე, რატომღაც მჯეროდა, რომ მყარი იყო. მერე გავიგე, რომ ის უბანი, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ყველაზე მყარი აღმოჩნდა.

გარეთ რომ გამოვდიოდით, კიბეები ნამსხვრევებით იყო სავსე, ჩვენ ფეხშიშველები ვიყავით და ფეხისგულებზე რაღაცები გვერჭობოდა, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა. არ დაიშალოთ-მეთქი, ბავშვებს ვეძახდი. ეზოში გაჩერება საშიში იყო და ქუჩაში გავედით. გარეთ უკვე ბევრი ხალხი იყო გამოსული. მანქანები ასიგნალებდნენ, ხალხი ტიროდა, ყვიროდა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდით. გავედით თუ არა, მესამე ბიძგი დაიწყო და ჩვენს თვალწინ კორპუსი ჩამოიშალა. შიგნიდან საშინელი ხმები მესმოდა, ბავშვის ხმაც გავიგეთ – დედა, დამეხმარეო, მაგრამ ეს ის მდგომარეობაა, როცა ვერავის ეხმარები. ყველა თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით, ვერ გავბედე, ახლოს მივსულიყავი და მათი დახმარება მეცადა. ნიადაგიც ისე ირწეოდა, ასფალტზე მყარად ვერ ვიდექით. ფეხშიშვლები ვიყავით, წყალი მოდიოდა, „კურტკა“ მარტო მე მეცვა და ბავშვებზე ვიყავი გადაფარებული. ძალიან სციოდათ, ერთს თავი ჰქონდა მირტყმული და გასიებული. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ასფალტი არ ჩამტყდარიყო. ჩვენ გვერდით ჩატყდა და საშინელება იყო. გარშემო ისეთი რამ ხდებოდა, სიცივეს აღარ ვჩიოდით. ვისაც მანქანა ჰყავდა, მასში შეაფარა თავი. თოვდა, წვიმდა, საშინელი ქარი იყო. მერე ვიღაცებს შევეცოდეთ და მანქანებში ჩაგვისვეს.

– ალბათ, ყველა პანიკაში იყო.

– ყველა ტიროდა. პატარა ბავშვები ჰყავდათ გარეთ წვიმაში და ასეთ სიცივეში, გადასაფარებელიც კი არ ჰქონდათ. მანქანაში რომ ჩავსხედით, ვიღაც მოვიდა, დამეხმარეთ, მამაჩემი ვერ გამომყავსო, ვიღაც კი ერთ „ნასკს“ ითხოვდა, რითაც შეიძლებოდა დახმარება ერთმანეთს ეხმარებოდნენ, მაგრამ დანგრეულ შენობაში შესვლას ვერ რისკავდნენ. ამ მხრივ, ძალიან რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ ისეთი პანიკა არა, რომ ერთმანეთისთვის რამე დაეშავებინათ.

ამასობაში გათენდა. მანქანის პატრონებს, როგორც ჩანს, წასვლა ან დასვენება უნდოდათ, რადგან ბევრჯერ გვკითხეს, მოგვაკითხავდა თუ არა ვინმე და უკვე უხერხული იყო იქ გაჩერება. გადმოვედით, მაგრამ შორტებითა და მაისურებით გავიყინებოდით. სხვა გზა აღარ მქონდა, სახლში უნდა ავსულიყავით. ახლა რომ იმ მდგომარეობაში ვიყო, იმ სახლში არაფრით არ ავიდოდი, მაგრამ იმ მომენტში, ვიყინებოდით, სხვა გზა, უბრალოდ, არ იყო. შენობა დანგრეული არა, მაგრამ ძალიან დაზიანებული იყო. თან დავინახე, რომ მეზობელმა გამოიტანა რაღაც და უფრო ამიტომაც გავბედე. მაქსიმალურად შევეცადე, შემემოწმებინა, რომ საფრთხე არ გვემუქრებოდა და უცებ ავედით, რომ შემდეგ ბიძგამდე მოგვესწრო. პასპორტები, ტელეფონები და ტანსაცმელი გვინდოდა, მაგრამ სახლში არ უნდა ჩაგვეცვა, ეს დროს დაგვაკარგვინებდა. საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით.

ამის შემდეგ რა უნდა გვექნა, ვერ ვხვდებოდი. ღია ცის ქვეშ ვიდექით, იქ, სადაც ხალხი იყო თავშეყრილი. ტელეფონებმა სიხშირე დაკარგეს, ვერსად ვრეკავდით. გვეგონა, რომ კარვებს მოგვიტანდნენ და თავს შევაფარებდით, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანდა. მერე ჩვენი მეკარეების მწვრთნელმა მოგვძებნა და სადაც ვვარჯიშობდით, იქ წაგვიყვანა, მყარი გასახდელები ჰქონია და მისი ოჯახიც იქ აფარებდა თავს. ის ამ ჯოჯოხეთში მართლა ანგელოზივით გამოგვეცხადა და იმედი ჩაგვესახა. ავტობუსს ვეძებდით, რომ იქიდან თავი დაგეღწია, მაგრამ გზები ისეთ მდგომარეობაში იყო და კიდევ რა მოხდებოდა, არავინ იცოდა. ამიტომ, მძღოლები ვერ ბედავდნენ გადაადგილებას. ეს ბიძგებიც არ ჩერდებოდა, მაგრამ უკვე რეაქცია აღარ გვქონდა. მერე მწვრთნელებმა ერთი კაცი გამოგვიგზავნეს, რომელმაც სოფელში წაგვიყვანა საკუთარ ოჯახთან. გარეთ ენთოთ ცეცხლი და სამი დღე იქ ვიყავით, მიწაზე გვეძინა, უფრო სწორად, ვის დაეძინებოდა, საჭმელსაც ვერ ვჭამდით.

თუმცა, მე რა მაქვს სათქმელი, ჩვენ კიდევ კარგად გადავურჩით მომხდარს. ჩვენი უბანი ყველაზე ნაკლებად ყოფილა დაზიანებული. მერე მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა ჩამოგვაკითხეს პატარა „მარშრუტკით“. ძალიან ბევრი საჭმელი და წყალი ჩამოიტანეს და ვისაც შევძელით, დავეხმარეთ. ამ პროცესში, მანქანით გადაადგილების დროს, ისეთი კადრები ვნახე, რომ მივხვდი, ჩვენს უბანში მომხდარი, იმათთან შედარებით, არაფერი იყო.

ალბათ, ჯოჯოხეთი ასეთია. ყველგან სიკვდილის სუნი დგას, ყველგან მკვდრებს ხედავ. ახლა, ამდენი დღის შემდეგ რომ ვუყურებ, ადამიანები კიდევ ცოცხლები ამოჰყავთ იმ ნანგრევებიდან, ვხვდები, რომ ეს ღმერთის წყალობაა, ეს სასწაულია! მაშინ ქუჩებში მანქანით რომ გადავადგილდებოდით, გვაჩერებდნენ, იმისთვის, რომ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების ხმა გაეგოთ. მერე ხან ცოცხალი გამოჰყავდათ, ხან მკვდარი. ეს უმძიმესი სანახავი იყო. გარშემო ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული.

კიდევ ერთი საშინელება იყო ამ ქალაქიდან გამოსასვლელი გზა. ასფალტი ისე იყო დამტვრეული, ვერც აღვწერ. ზუსტად ამის მეშინოდა. რამდენიმესაათიანი საცობი იყო, ქალაქიდან გამოღწევა ძალიან გაგვიჭირდა. იქიდან ანკარაში ჩავედით. იქ ორი დღე ვიყავი. ბილეთის აღება გახდა პრობლემა იმიტომ, რომ ფინანსებიც ამოიწურა და მერე ყველაფერში ჩვენი ფედერაცია დამეხმარა. რაც შეიძლება, მალე მინდოდა, სახლში დავბრუნებულიყავი, იქ ვეღარაფერს გავაკეთებდი.

იქიდან მოვდიოდი, მაგრამ მაინც ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ოჯახი ქობულეთში მყავს და რომ ჩამოვედი, პირდაპირ იქ წავედი. სახლში დედმამიშვილები მელოდნენ. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს და ყველა იქ იყო. ამ დროს ერთი და შეშინებული მწერს, ქვემოთ ჩავდივართო. 4,5 ბალის მიწისძვრა მომხდარა ქობულეთში. აი, მაშინ ვიგრძენი კიდევ ერთი საშინელი შიში, რომელმაც გამანადგურა. ეს ისეთი სტრესი იყო, რომ ორი-სამი დღე საერთოდ ვერ ვიძინებდი.

– რამდენიმე დღე შენ შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან კომუნიკაციის საშუალება არ იყო…

– კი და ოჯახს მკვდარი ვეგონე. უყურებდნენ ტელევიზორს და ხედავდნენ, რომ ყველაფერი მიწასთან გასწორდა. იმედი დაკარგეს, რომ იქ გადარჩენას შევძლებდი. ყველაფერს არ მიყვებიან, მაგრამ რთულად წარმოსადგენი არ არის, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ. მერე მამაჩემს რომ ეუბნებოდნენ, კარგადაა, არ ინერვიულოო, არ სჯეროდა. სანამ კამერით დალაპარაკება არ შევძელი, ფიქრობდა, რომ ატყუებდნენ.