რეჟისორ რატი წითელაძის ცხოვრება 2023-მა წელმა რადიკალურად შეცვალა. რატი მამა გახდა და როგორც ამბობს, შვილმა მის სიცოცხლეს ის აზრი შესძინა, რომლის უკმარისობასაც ყოველთვის განიცდიდა.
რატი წითელაძე: ჩემს ცხოვრებაში პირველი შობა-ახალი წელია, რომელიც აღვნიშნე. აქამდე არც დაბადების დღეს აღვნიშნავდი და არც სხვა დღესასწაულებს. წელს ეს დღესასწაული ოლიასთან და ბავშვთან ერთად გავატარე და ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. საერთოდ, დღესასწაულები, ქორწინება, შვილის ყოლა, ჩემთვის უცხო იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ბავშვი მეყოლებოდა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს ამ სამყაროში ცხოვრებას არანაირი აზრი არ გააჩნდა. იბადები, ცხოვრობ და ერთ დღეს გარდაიცვლები – ეს ყველაფერი უაზრობად მიმაჩნდა. როცა ოლიასთან დავიწყე ურთიერთობა, მისმა სიყვარულმა ბევრ რამეზე შემიცვალა წარმოდგენა. ვიცოდი, რომ მას ძალიან უნდოდა შვილი და რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი გვყოლოდა. ფეხმძიმედ რომ იყო, მაშინ ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მამა ვხვდებოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემში ყველაფერი იცვლებოდა. რამე საფრთხე თუ გაჩნდებოდა, ძალიან განვიცდიდი. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მინდოდა, ჩვენი გადაწყვეტილება რეალობად ქცეულიყო და მამა გავმხდარიყავი. მერე, როცა ჩვენი შვილი დაიბადა და გულში ჩავიკარი, თითქოს, ამ სამყაროში ყველაფერი გაქრა, რაც მანამდე არსებობდა. ჩემი მსოფლიოს ჩემპიონობა, ევროპის ჩემპიონობა, კანის ფესტივალი, „ბერლინალე“… ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ იმავდროულად, ამ სამყარომ და ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვანაირი აზრი შეიძინა.
– ის, რაც მანამდე გაკლდა, რის გამოც ვერ აღიქვამდი ცხოვრების მნიშვნელობას, შვილის სახით შეიძინე, ასეა?
– ასეა, მანამდე ვერ ვხვდებოდი ცხოვრების აზრს. მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, მაგრამ არანაირი განცდა, რომ რამე ღირებული გავაკეთე, არ მქონია. მერე სპორტს შევეშვი და მსახიობის პროფესიით ვეცადე წარმატების მიღწევას. ბევრ საერთაშორისო ფილმში მივიღე მონაწილეობა, კინოინდუსტრიის ნაწილი გავხდი და როგორც რეჟისორმა, არაერთ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ამ გამარჯვებებს მაინც რაღაც აკლდა. ცხოვრების ფასს რეალურად მაშინ მივხვდი, როცა მამა გავხდი.
– სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ძალიან ყურადღებიანი მამა ხარ.
– ოლია უკეთ იტყოდა, მაგრამ მე თუ რამე ნაბიჯს გადავდგამ, მასში მთელ სულსა და გულს ჩავდებ. სპორტშიც ასე იყო და კინოსამყაროშიც ასეა. მგონი, 25 წლამდე ფილმი კინოთეატრში არ მინახავს, მაგრამ როცა გადავწყვიტე, რომ ამ ინდუსტრიაში უნდა ვყოფილიყავი, 24 საათი შესაბამისი საქმით ვიყავი დაკავებული. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბავშვი გვყოლოდა, ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა და მას შემდეგ ჩემთვის ჩემს შვილზე ღირებული არაფერია. ჩვენ 24 საათი ერთად ვართ. ღამეებსაც ვათენებ, საფენებსაც ვუცვლი, ვბან კიდეც და ზოგადად რომ ვთქვათ, შვილის აღზრდის პროცესში ჩემსა და ოლიას შორის არანაირი განსხვავება არ არის. ის ორივე ჩვენგანის ნაწილია და მე მამობა სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
– შენი და ოლიას ურთიერთობა თუ შეცვალა შვილის დაბადებამ?
– ოლია 11 წლის წინ გავიცანი და ჩემთვის ის კარგი მეგობარი იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა. პლატონური სიყვარული მქონდა და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ბოლო წერტილი. შემდეგ გავიცანი, როგორც ხელოვანი, როგორც პროდიუსერი. ჩემს ფილმებზე ერთად ვმუშაობდით და მიყვარდა, როგორც ხელოვანი. მაშინაც მეგონა, რომ ეს იყო ჩვენი ურთიერთობის მაქსიმუმი. ამას მოჰყვა შეყვარებულობა, მეუღლეობა და ყოველდღიურ ურთიერთობაში ერთმანეთი კიდევ უფრო კარგად გავიცანით. ვიცოდი, რომ ძალიან, ძალიან კარგი დედა იქნებოდა. სხვანაირად ამ ნაბიჯს არც გადავდგამდით, ბავშვი არ გვეყოლებოდა. დღეს კიდევ სხვა დამოკიდებულება მაქვს ოლიას მიმართ. უსაყვარლესი და უკარგესია ამ ამპლუაში. ჩემთვის დედის იდეალი დედაჩემია და ოლიაში იმავე თვისებებს ვხედავ. ალბათ, ამიტომაც განვითარდა ჩვენი ცხოვრება ასე.
– ძალიან რთული რამ გადაგხდათ თავს ახალი წლის წინა ღამეს – გეგონა, საყვარელ ადამიანს კარგავდი. რა მოხდა?
– პატარა სახლი გვაქვს ნაქირავები. მე ოთახში ბავშვთან ერთად ვიყავი და უცებ ოლიას კივილის ხმა გავიგონე. შეშინებული გამოვვარდი და ოთახში რომ შევედი, ვხედავ, ოლია იატაკზე გდია და მისი თავის გარშემო სისხლის გუბე დგას. მერე გავიგე, რომ თურმე, თავისთვის დამახასიათებელია ძლიერი სისხლდენა. მომენტალურად გავითიშე. ვეღარ ვაზროვნებდი. ხელები და მთელი სხეული მიკანკალებდა. არ ვიცოდი, რა გამაკეთებინა. კარი გავაღე და მეზობლებს დახმარებას ვთხოვდი, ვეხვეწებოდი სასწრაფოში დარეკეთ, მეუღლე სისხლში წევს, მიკვდება-მეთქი. მე თვითონ ვერ მოვახერხე დამერეკა. ტელეფონი გვერდით მქონდა, მაგრამ ისეთ შოკში ვიყავი, ესეც კი ვერ შევძელი და მეზობლები დამეხმარნენ. ოლიას გონება არ დაუკარგავს, ხმადაბლა, მაგრამ დალაპარაკება შეძლო. მითხრა, ძალიან მინდა დედა ვიყო, ჩვენი პატარა გავზარდოო და ვერ აგიხსნით, ამ მომენტში რა ვიგრძენი. მე მამა ვარ და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, ჩემი შვილის გაზრდის საშუალება მქონდეს, მამაშვილობით მინდა დავტკბე, მაგრამ იმ წამს ოლიას სიამოვნებით მივცემდი ჩემს სულსა და გულს. დედა-შვილის სიყვარული კიდევ სხვა არის. მე მამაც ძალიან მიყვარს და დედაც, მაგრამ დედაშვილობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ოლიას ამ მდგომარეობაში რომ ვხედავდი, გული გამიჩერდა. ხნიერი მშობლები ჰყავს და მთხოვა, მათთვის მიმეხედა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ არ დავიწყებია ის გაჭირვებული ადამიანები, რომელთა დახმარებაც მისი ბავშვობის ოცნებაა. ჩვენ მოხუცთა თავშესაფარს დავპირდით დახმარებას და იმ წუთებში ისიც მითხრა, ძალიან გთხოვ, მათაც მიხედეო. არ მეგონა, თუ მისი შეყვარება უფრო მეტადაც შემეძლო, მაგრამ იმ წუთებმა და მისმა სიტყვებმა, მისი თავი და მისი ადამიანობა უზომოდ შემაყვარა და დამაფასებინა.
– რა დაემართა?
– ფეხი დაუცურდა, დავარდა და ლოგინის კუთხეს ჩამოარტყა თავი. კარგი ის იყო, რომ ზედაპირი ჰქონდა გაჭრილი, სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლდენა ძლიერი იყო, დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, სამი თვის შვილი რომ გყავს და მეუღლეს სისხლის გუბეში ხედავ, როგორია?! ეს 30 დეკემბერს მოხდა. სასწრაფომ კლინიკაში გადაგვიყვანა, მაგრამ რადგან მდგომარეობა რთული არ აღმოჩნდა, ნაკერები დაადეს და მალე გამოგვიშვეს. მთავარი იყო, რომ გადარჩა და სხვა აღარაფერი გვაინტერესებდა, თუმცა ძალიან გაგვიმართლა იმაშიც, რომ დამატებითი პრობლემებიც არ მოჰყოლია.
– მოხუცების დახმარება ახსენე. ეს დღეებია, სოციალურ ქსელში აქტიურად მხვდება ვიდეო, სადაც მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები მამაკაცი ამბობს, „ესე იგი, მეც ადამიანი ვარ“, მაშინ როცა ოლია საახალწლო საჩუქრებს ჩუქნის. საიდან დაიწყო ეს ძალიან ემოციური ისტორია?
– მე მთელი ცხოვრებაა ვმოგზაურობ. ოლია მთელი ცხოვრებაა მოხუცებს, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსა და სხვებს ეხმარება. ბავშვი რომ გაგვიჩნდა, ბუნებრივია, დროში ძალიან შევიზღუდეთ, რადგან პატარას დიდი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ოლია მაინც სულ ახერხებდა სხვების დახმარებას. როგორც გითხარით, მისი ბავშვობის ოცნება იყო, ბევრი ფული ჰქონოდა და მოხუცებს დახმარებოდა. ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წუხდა ამაზე, სულ ამბობდა, რომ უნდოდა, ამ საქმისთვის უფრო მასშტაბური სახე მიეცა, რომ რაც შეიძლება, მეტის თანადგომა შესძლებოდა. შევთავაზე: მოდი, ჩემი სოციალური ქსელი გამოვიყენოთ, სხვა ადამიანებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში და დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერი უკეთ გამოგვივა-მეთქი. თავიდან ვიდეოების გამოქვეყნება არ გვინდოდა. ყველაფერი ჩვენი სურვილითა და საკუთარი სახსრებით დავიწყეთ და ამის გასაჯაროებაზე არც გვიფიქრია, მაგრამ მივხვდით, რომ მარტო ბევრს ვერ გავწვდებოდით. ვისაც და როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით, მაგრამ ვხედავდით, რომ უფრო და უფრო მეტი იყო დასახმარებელი. მერე ვთქვი, რატომ არ გამოვიყენოთ ეს საშუალება? მივცეთ სხვებსაც საშუალება, დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ-მეთქი და ვიდეოები ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნეთ. ვერ აღგიწერთ, რამდენი ადამიანი გვწერს ყოველდღიურად. ზოგი გვეხმარება, ზოგი თბილი სიტყვებით გვამხნევებს და ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ სამ დღეში ერთხელ წავიდეთ და ჩვენს მოხუცებს დავეხმაროთ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიდეოს, ვიცი, რომ ძალიან გავრცელდა, მაგრამ ბევრგან აზრს მოკლებულადაც. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვიდეო, რომელიც ბევრ ნახვას დააგროვებდა, მიზანი იყო ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და მათში დახმარების სურვილის გაღვიძება. თუმცა ამ ვიდეოების ყოველგვარი შესავლის გარეშე გავრცელება, მგონია, რომ ფუნქციას კარგავს. ამიტომ თან გვიხარია, თან გული გვტკივა, თუ ისეთ შედეგს ვერ მოიტანს, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ამ საქმეს. გვინდა, მოხუცთა თავშესაფრის გარდა, მარტოხელა დედებსაც დავეხმაროთ. რამდენიმე შემთხვევაში შევძელით, მაგრამ იმდენი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, ვფიქრობთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და იმედია, რამე გზას გამოვნახავთ. ამ ამბავში რომ ჩაებმები, მერე ხვდები, რამდენად დიდია პრობლემა. თუმცა, არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს, ეს მარტო ჩვენი პრობლემაა. მე ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ეკონომიკურად დაწინაურებული ქალაქში, მაგრამ იქ 60 ათასი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების საცხოვრებელ უბანს ცოტა რომ გასცდები, სულ სხვანაირ და საშინელ რეალობას დაინახავ. ანუ, ეს მსოფლიოს საერთო პრობლემაა და ჩემი აზრით, მსგავსი პრობლემების მოგვარება ყველაზე მეტად ერთიან ოჯახს შეუძლია. საბედნიეროდ, საქართველოში ოჯახის ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
– ბოლოს, ვთქვათ ისიც, სად აპირებ ცხოვრებას და რა გეგმები გაქვს შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– ეს ის საკითხია, რომელზედაც პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. სიამოვნებით ვიცხოვრებდი საქართველოში, მაგრამ ჩემი პროექტები საერთაშორისოა, მე აქ არანაირი დაფინანსება არ მაქვს, ამიტომ, აქ ცხოვრება ცოტა რთულია. ახლა მე და ოლია ორ დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობთ. მე – როგორც რეჟისორი, ოლია – როგორც პროდიუსერი. მალე ცოტა ხნით ევროპაში ვაპირებთ მოგზაურობას, მერე შეიძლება, ამერიკაში წავიდეთ. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.