რატომ ამუშავებდა სხვის როლებს შინ ციალა გურგენიძე და რას ემუდარებოდა მას გიორგი შენგელაია

276

ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსკომედიის მსახიობმა კინოშიც არაერთი საინტერესო სახე შექმნა, მაყურებლისთვის გამორჩეული, ალბათ, მაინც მისი გმირი ქეთო ყარაულაშვილი იყო, ფილმიდან – „სიყვარული ყველას უნდა“ და ცუცა ფილმიდან – „კუჩხი ბედინერი“.

„ორგანიზაცია გლუხო-ნემო-სლეპიხ“

პეტრე ამირანაშვილმა და ზურაბ ანჯაფარიძემ ქუთაისიდან თბილისში ოთხი მომღერალი – მაყვალა ქასრაშვილი, ციალა გურგენიძე, თამარ გურგენიძე და ტანია რიბნიკოვა ჩამოიყვანეს. სამმა მათგანმა კონსერვატორიაში ჩააბარა. ციალა გურგენიძემ კი – თეატრალური ინსტიტუტის მუსკომედიის განყოფილებაზე. მისი დამთავრების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში აიმაღლა კვალიფიკაცია, პარალელურად კი, კულტურის სამინისტრომ ის მუსკომედიის თეატრში გაანაწილა…

„იმჟამინდელმა დირექტორმა, შანიძემ არ მიმიღო, – ადგილი არ მაქვსო. …როგორც ჩანს, ჩემზე უთხრეს, უნიჭოაო, ის კი, ალბათ, სხვისი ენის ამყოლი კაცი იყო. მე ჯიუტი და პრინციპული ქალი ვარ და ამას ვერ შევეგუებოდი. იმხანად კულტურის სამინისტროში მუშაობდა აკაკი დვალიშვილი, მსახიობ ბაია დვალიშვილის მამა (მაშინ ბაია არც იყო დაბადებული, მოგვიანებით კი მან „კუჩხი ბედინერში“ ჩემი შვილის როლიც კი შეასრულა). მოკლედ, ბატონმა აკაკიმ მითხრა, სადაც გინდა, იქ მოგაწყობ, ოღონდ მუსკომედიაში ნუ მიხვალ, რადგან მის დირექტორს შენი მიღება არ უნდაო. გავბრაზდი, როგორ, მუსკომედიის ფაკულტეტი დავამთავრე, საკმაოდ კარგი მეცო-სოპრანო ვიყავი და მუსკომედიის თეატრში ვერ ვივარგებდი? დავკარი ფეხი და მოსკოვში, საკავშირო კულტურის მინისტრს შევხვდი, თან წავუღე ნიშნების ფურცელი, განაწილების ქაღალდი, ინფორმაცია ჩემი წარმატებების შესახებ და ავუხსენი, რომ მასთან სამართალს ვეძებდი. ყურადღებით მომისმინა და მთხოვა, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ვიდრე მატარებლით საქართველოში ჩამოვედი, კურიერმა თეატრში ჩარიცხვის ფურცელი შინ დამახვედრა. სასწრაფოდ გამაფორმეს სოლისტად, თუმცა როლებს არ მაძლევდნენ, მხოლოდ ხელფასი მერიცხებოდა – 80 მანეთი. ისე, მუშაობა 80 მანეთით დავიწყე და ახლაც 80 ლარი მაქვს პენსია. ბედის ირონია არ არის? მერე, ნელ-ნელა როლებიც მომცეს, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, თეატრის რეპერტუარში იყო როლები, რომელთაც, მჯეროდა, ძალიან კარგად შევასრულებდი, მაგრამ სხვას აძლევდნენ. შეიძლება, დიდი წარმოდგენა მქონდა საკუთარ შესაძლებლობებზე და სულაც ვერ მეთამაშა კარგად, მაგრამ ძალიან მინდოდა, მომესინჯა. მერე ერთ-ერთი წამყვანი არტისტი დაფეხმძიმდა და როლებიც მომაყარეს, თუმცა დეკრეტიდან მისი გამოსვლის შემდეგ ყველაფერი ძველებურად წარიმართა. ერთი რამ მახასიათებდა, ყველა სხვა როლს, რომელიც მომწონდა, შინ ჩუმად ვამუშავებდი და როდესაც რომელიმე არტისტი რაღაც მიზეზით ვერ გამოცხადდებოდა ან კიდევ გაუთვალისწინებელი რამ მოხდებოდა, მაშინვე მომადგებოდნენ, ციალა, გვიშველე, სპექტაკლი არ მოგვახსნევინო, ეს როლი შეასრულეო. გაჭირვების ტალკვესსაც კი მიწოდებდნენ. მერე ის როლები სულ მე მრჩებოდა სათამაშოდ. არადა, საწყენი იყო, თავიდანვე რომ ვერ მამჩნევდნენ, ამიტომ როცა მეკითხებოდნენ, სად მუშაობო, ვპასუხობდი, ჩემს სამსახურს „ორგანიზაცია გლუხო-ნემო-სლეპიხ“ (ქართულად – ყრუ-მუნჯი-ბრმა) ჰქვია-მეთქი. ბევრჯერ მიტირია, ცრემლები მიღვრია, მაგრამ როლებს მაინც ვთამაშობდი.“

„ბაბაჯანას ქოშებიდან“ კინომდე

კინოს რაც შეეხება, პირველად ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილის შვილებმა გაიცნეს… თეატრში, „ბაბაჯანას ქოშებში“ ბიჭისა და გოგოს ყველა როლი ითამაშა. უფრო ხშირად, თურმე, ბიჭებს ათამაშებდნენ, უკეთ გამოსდისო. ბრაზობდა, ჩემში მარტო ბიჭს რომ ხედავთ, გოგო ვეღარ დაინახეთო? – აპროტესტებდა კიდეც, თუმცა ბავშვებს ბევრს აცინებდა. ასე შეიყვარეს ირაკლი ონოფრიშვილის შვილებმა და სკოლაში თავისუფალი თემაც კი დაწერეს მასზე. მერე თავად ოპერატორი მივიდა მსახიობთან, საგანგებოდ, და გაიცნო, ხოლო როდესაც „კუჩხი ბედინერის“ გადაღებას იწყებდნენ, რეჟისორ გურამ პატარაიას ციალა გურგენიძის კანდიდატურა შესთავაზა. მსახიობმა მიამბო: „გურამ პატარაიამ დამიბარა და პიესის ერთი მონაკვეთის წაკითხვა მთხოვა… მეგრელებთან არასდროს მქონია ურთიერთობა, მაგრამ ისე წავიკითხე, სასწრაფოდ დამამტკიცა ცუცას როლზე. ტექსტის წაკითხვა ერთი იყო და მეგრელი ქალის ეკრანზე თამაში – მეორე. ამიტომ ხანგრძლივად ვაკვირდებოდი მეგრელებს და ოთხი თვის განმავლობაში ვსწავლობდი მეგრულ ტექსტებს, ზუსტი ინტონაციით რომ წარმომეთქვა. ასე ვითამაშე გადარეული მეგრელი ქალი – ცუცა. დღესაც კი არ არსებობს მეგრელი, ვინც იცის ან გაიგებს, რომ ცუცას როლს მე ვასრულებ და პატივი არ მცეს. ბაზარშიც რომ შევდივარ, ან ყვავილს მჩუქნიან, ან ხილს და ასე შემდეგ ერთხელ, მახსოვს, სოხუმში წავედით, გასტროლი გვქონდა და უთოს წაღება დამავიწყდა. სასტუმროში რომ ვითხოვე, უარი მითხრეს, მაგრამ როგორც კი ვუთხარი, – მა ცუცა ვორექ „კუჩხი ბედინერიდან“-მეთქი“ (ანუ მე ვარ ცუცა „კუჩხი ბედინერიდან“-მეთქი), გაგიჟდნენ – ცხრა უთო მომირბენინეს. უნდა გენახათ, რესტორანში მე და ჩემს შვილს როგორ გვემსახურებოდნენ! ახლაც, თუნდაც ბაზარში, კვლავ ცუცას მეძახიან, არადა, ეს სახელი არ მიყვარს და რა ვქნა?

წიოკაანთ მარო თუ ქეთო – რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ

„…დიდი მიხეილ ჭიაურელი ფილმ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავს“ რომ იღებდა, მეორე რეჟისორმა ელიზბარ გედევანიშვილმა მასობრივი ეპიზოდების გადასაღებად თავისი სტუდენტი გოგონები წაგვიყვანა. ვიდრე გადაღებას დაიწყებდნენ, დრო რომ არ დამეკარგა, იქვე დავჯექი და კერვა დავიწყე. ამ დროს სოფიკო ჭიაურელი მომიახლოვდა (მაშინ მას არ ვიცნობდი) და ჩემი საქმიანობით დაინტერესდა. მივხვდი, ხელით ამოგვირისტებული ტილოს ნაჭერი ძალიან მოეწონა. ავუხსენი, რომ კაბას ვკერავდი, რადგან ყიდვის საშუალება არ მქონდა. უცებ გამცილდა. თურმე, დიღომში ბინა ჰქონიათ. იქ წასულა და ცოტა ხანში შინიდან ზუსტად ჩემი ტილოს ნაჭრის ფერებში გაკეთებული ტყავისძირიანი წინდა მომიტანა, გამასინჯა, ზუსტად მომერგო და მაჩუქა. რამდენი წელიწადია, ვინახავ იმ წინდას – არც მე ჩავიცვი და არც შვილს მივეცი, რელიკვიად დავიტოვე… რაც შეეხება ჩემს ხანმოკლე კინო-კარიერას – როდესაც „კუჩხი ბედინერი“ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ნახა, გამომიძახა, რადგან კახელებზე ფილმის, „სიყვარული ყველას უნდას” გადაღებას იწყებდა. წარმოიდგინეთ, ჰაიმორიტი მქონდა და გიორგისთან შებლშეხვეული და შეფუთული გამოვცხადდი – სოფლიდან ჩამოსულ გაუბედურებულ ადამიანს ვგავდი, ძლივს ვლაპარაკობდი, მაგრამ მაინც მივედი = მინდოდა გადაღება და რა მექნა? მაგიდასთან დავსხედით და წიოკაანთ მაროს ტექსტი წამაკითხა. მეც ავწიოკდი და გიორგი აღფრთოვანდა, რა კარგი გოგო ყოფილხარო. ხელზე ხელი დამარტყა და დროებით დამემშვიდობა. მერე გამოვიდა მზე, დათბა, ჰაიმორიტიც მომირჩა და ჩვეულ ფორმაში ჩავდექი. ახალგაზრდა ვიყავი, კარგი თმა მქონდა. როგორც კი კახეთში, გადაღებაზე გამომიძახეს, კარგი საყურე გავიკეთე, კარგი შარვალიც ჩავიცვი, ჩავედი და მაშინვე კამერა ჩამირთეს. წიოკაანთ მაროს ტექსტი მზად მქონდა და დავიწყე. უცებ გიორგიმ მითხრა, – გადავიფიქრე, შენ მარო კი არა, ქეთო ყარაულაშვილი იქნებიო. გადავხედე პიესას და ეს მუნჯი, ჩუმი და ლეღვის ფოთოლაფარებული ქეთო არ მომეწონა. გავიცინებდი და მაჩუმებდნენ, ტი სკრომნაია, ნე სმეისაო (ქართულად – შენ მოკრძალებული ხარ, ნუ იცინიო), არადა, სიცილი მიყვარდა და, საერთოდაც, სახასიათო მსახიობი ვიყავი. მოკლედ, გავბრაზდი, ჩავიბარგე, მოვკიდე ჩემს პატარა გოგონას ხელი და თბილისში წამოსვლა დავაპირე. ყველა გაგიჟდა. გიორგი მოვიდა, – სად მიდიხარ, გინდა ხელახლა მაძებნინო მსახიობიო? შემომხედე, ნატო ვაჩნაძის შვილი ვარ, მის გამო მაინც მეცი პატივი და არ წახვიდეო. მერე რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემაც მითხრა: არ გრცხვენია, ვის ეუბნები უარსო? რა გაეწყობოდა, დავრჩი და სადაც ვიყავი ან არ ვიყავი საჭირო, გიორგიმ ყველგან „შემაძვრინა“, ჩემი ქეთო ასმაგად დატვირთა, ხან ფანჯარა გააწმენდინა, ხან კინოში დასვა, შეყვარებულის წინ, რომ მეტი ჰონორარი ამეღო. გიორგის ვენაცვალე, არ მეკუთვნოდა ის თანხა, რაც მან მომცა, კიდევ ბევრ სიკეთეს მიკეთებდა. მას მსუბუქი მანქანა ემსახურებოდა, ჩვენს მსახიობებს – დიდი ავტობუსი. რადგან ბავშვთან ერთად ვიყავი, გადაღებიდან მე და ბავშვს თავისი მანქანით გვისტუმრებდა ხოლმე, თავად კი ავტობუსით ბრუნდებოდა თელავის სასტუმროში. მერეც, ფილმი „მიდიოდა მატარებელი“ რომ გადაიღო, კუპეში დამსვა და კარტი მათამაშა. წამიერ ეპიზოდში მაინც გავიელვე და ჰონორარიც 80 ლარი გამომიწერა. წარმოიდგინეთ, იმ გაჭირვების დროს ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავდა“.