როგორ გახდა მაკა ტოხიშვილი ობამას ევროპელი ლიდერი და როგორ ემზადება ის ბარაკ და მიშელ ობამებთან შესახვედრად
მაკა ტოხიშვილი ობამას ფონდის ევროპის პროგრამაში შერჩეულ 35 ლიდერს შორისაა. პროგრამა ამზადებს მონაწილეებს მთელს მსოფლიოში ლიდერობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობაში. მაკა იქნება ერთ-ერთი 105 ლიდერთაგან, რომლებიც მონაწილეობენ განვითარებადი ლიდერების პროგრამაში მთელი მსოფლიოდან.
მაკა ტოხიშვილი: „ობამას ფონდის“ თანადამფუძნებელი თავად ბარაკ ობამა გახლავთ. ამ ფონდის მიზანია მსოფლიო ლიდერების აღმოჩენა და მათი დაკავშირება. კონკრეტულად კი – თავად ბარაკ ობამამ აღმოაჩინოს ახალგაზრდები, გააძლიეროს და შექმნას მათი კოჰორტა. კოჰორტა ნიშნავს ერთნაირი უნარებისა და ღირებულებების მქონე ახალგაზრდების გაერთიანებას. ლიდერული თვისებები, სიკეთე, ემპათია, საზოგადო სიკეთისთვის ბრძოლა – ეს ის ნიშნებია, რომელიც მასში გაერთიანებულ ახალგაზრდებს უნდა გვაერთიანებდეს. ჩვენი წოდება ჟღერს, როგორც ობამას ევროპელი ლიდერი.
– რა წინაპირობა ჰქონდა ამას? რა გზა გაიარეთ აქამდე?
– აქ საჭიროა ორგანიზაციული წარდგინება და ორი რეკომენდატორი, შესაბამისი საქმიანობიდან, რომელიც გაწეული გაქვს შენს ქვეყანაში. კონკურსი შედგებოდა აპლიკაციისა და გასაუბრების ეტაპებისგან. აპლიკაციის ნაწილში წარვადგინე ცნობები ჩემ შესახებ. ჩემი ბიოგრაფია შეიცავს გამოცდილებას მთავრობის მრჩეველობისა და ახალგაზრდობის უფლებების დაცვის სფეროში. ფონდში წარდგენილი ვიყავი, როგორც ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში ვთანახელმძღვანელობდი საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სტუდენტურ კამპანიას, რომელმაც პირველად ჩართო 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემუშავებაში, შექმნა ახალი სტიპენდიების შესაძლებლობა 6 000-ზე მეტი სტუდენტისთვის. ჩვენი ბრძოლის შედეგად, მთავრობამ შეიმუშავა რეფორმა – განათლების დაფინანსების ახალი სტრატეგია.
ყველაზე დიდი, რაც ამ გამოცდილებამ მომიტანა, ისაა, რომ აღმოვაჩინე ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერები ახალგაზრდებში. შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემი ცხოვრებისეული მისია ვიპოვე – ამ ახალგაზრდებს ვაძლევ ძალას იმისთვის, რომ დაფიქრდნენ საკუთარ მნიშვნელობასა და მისიაზე. აღმოვაჩინე ლიდერები მთელი საქართველოს მასშტაბით და სიამაყით გეტყვით, რომ მათ შორის აფხაზეთშიც.
– დამატებით იყო რამე მოთხოვნა ობამას ფონდის მხრიდან?
– ყველაზე დიდი სირთულე, რასაც აპლიკაციის შევსების პროცესში წავაწყდი, არის ის, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი საკუთარი თავისა და უნარების შესახებ. მაგალითად, იქ იყო ასეთი კითხვა: რა ღირებულებები გაძლევთ მოტივაციას? სამწუხაროდ, საქართველოში ამის შესახებ აქტიურად არ ვსაუბრობთ. მთელი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არის ღირებულებებით სავსე, მაგრამ ჩვენს ქმედებებს არ ჰქვია ხოლმე კონკრეტული სახელი. ჩვენ ჩვენი მთავარი ძალა არ გვაქვს აღმოჩენილი და სახელდარქმეული. მაგალითად, მე ძალიან გამიჭირდა იმის თქმა, რომ ვარ კეთილი და თანამგრძნობი ადამიანი. კანადაში ჩამოსვლის შემდეგ ისიც აღმოვაჩინე, რომ ვარ შეუპოვარი ადამიანი. აქამდე ეს ჩემ შესახებ არ ვიცოდი. ფონდის აპლიკაციის შევსების პროცესი საკუთარ თავთან დაკავშირებით ბევრი რამის გააზრებაში დამეხმარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რა წუთსაც ჩვენს თვისებებს საკუთარ სახელს დავარქმევთ, იმ წუთიდან ის განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს. მაგალითად, ახლა კანადაში დაინტერესებული ვარ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციით. შევავსე მათი აპლიკაცია, მაგრამ არ მიპასუხეს. მეორე კვირას დავუკავშირდი და მითხრეს, რომ ხელახლა შემევსო. შევავსე და ისევ არ მიპასუხეს. ამის შემდეგ ავდექი და მივწერე ოთხ მენეჯერს და საერთოდ მთელი ორგანიზაციის პრეზიდენტს, რომელიც მილიონობით ბიუჯეტს მართავს. მენეჯერებმა არ მიპასუხეს, მაგრამ მიპასუხა თავად ორგანიზაციის დირექტორმა და ახლა ჩემი აპლიკაცია მუშავდება. სხვა შემთხვევაში, ანუ, მე რომ ასე კარგად გააზრებული არ მქონოდა ჩემი ძალა, შეიძლებოდა, ჩამეთვალა, რომ მე მათ ამ მომენტში არ ვჭირდებოდი და მარტივად დავნებებულიყავი. არადა, ცდად ნამდვილად ღირს.
– თვითონ თუ გჯეროდათ საკუთარი შესაძლებლობების აპლიკაციის შევსების მომენტში და თუ ელოდით, რომ დღეს 35 ევროპელ ლიდერს შორის იქნებოდით?
– სიმართლე რომ გითხრათ, გასაუბრების შემდეგ 85 პროცენტით მქონდა მოლოდინი, რომ ობამას ლიდერი გავხდებოდი. წინასწარ შევისწავლე სხვა ლიდერების საქმიანობა, საჭიროებები, მოთხოვნები და ფონდის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა კითხვას წინასწარ გავეცი პასუხი. ვიცი, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ ვნახე, რომ ჩემი გამოცდილება ძალიან ჰგავდა ობამას სხვა ლიდერების გამოცდილებას, ამიტომ თავდაჯერებული ვიყავი.
– წერდით, წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, ბარაკ და მიშელ ობამებისგან წერილს მიიღებ, ვერ დავიჯერებდიო. როცა ეს მოხდა, როგორი ემოციები გქონდათ?
– მე პოლიტიკის მეცნიერებაზე ვსწავლობდი და ამ მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მაქვს. ჩემთვის ჩემს პროფესიაში ბარაკ ობამა საუკეთესოა. ახლა ვსწავლობ საჯარო გამოსვლებს ჰარვარდის უნივერსიტეტში და მინდა, გითხრათ, რომ ჩატარდა გამოკითხვა ჰარვარდელებში ყველაზე მაგარი სპიკერის გამოსავლენად და პირველი ადგილი ბარაკ ობამამ დაიკავა. ამიტომაც, ჩემთვის ეს ადამიანი ნამდვილი კუმირია. პროგრამაში მოხვედრის მიუხედავად, ნამდვილად არ ველოდი, რომ პირადად მიშელ და ბარაკ ობამებისგან მივიღებდი მეილს. ვერ აღვწერ, ისეთი დიდი ემოცია მქონდა იმ მომენტში. თვალებს რომ დახუჭავ და საკუთარ თავს ეუბნები – გამოვიდა!
– ეს კომუნიკაცია მხოლოდ წერილით არ შემოიფარგლება, ალბათ, მათთან შეხვედრაც გელოდებათ.
– კი და ძალიან ადამიანურად გეტყვით, როგორც გოგო, პირველ რიგში, იმაზე ვფიქრობ; რა ჩავიცვა (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრს ვემზადები. ვსწავლობ მათ ჩანაწერებს, გამოსვლებს, მათ ძლიერ მხარეებს, ვეძებ მათთან კომუნიკაციის გზებს. ობამები რამდენიმე დღეს დაუთმობენ ლიდერებთან შეხვედრას. ბარაკ ობამა გვწერს, რომ ის ამაყია ჩვენი საქმიანობებით და მე კი, რა თქმა უნდა, ამაყი ვარ იმის გამო, რომ ობამას ლიდერი მქვია.
– ახლა ტორონტოში, კანადაში რა მიზნით იმყოფებით?
– ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ძალიან მინდოდა ამერიკის კონტინენტზე განათლების მიღება. ახლა ტორონტოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტურანტურისთვის ვემზადები. მეორე და ძალიან კარგი მიზეზი კი იყო ის, რომ დავქორწინდი და ჩემი მეუღლე ექვს წელზე მეტია, ტორონტოში ცხოვრობს.