თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მომღერალი ბაბი კირკიტაძე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. როგორც თავად ამბობს, საჭირო დროს საჭირო ადგილზეც ხშირად ხვდება, იღბალიც უღიმის, წარმატებაში ბედისწერაც ხელს უწყობს და რაც მთავარია, ხალხის სიყვარულს ყოველთვის გრძნობს. მართალია, მის გვერდით საყვარელი მამაკაცი არ დგას, თუმცა, ამბობს, რომ კარიერული სტიმულისთვის ეს ნამდვილად არ სჭირდება.
ბაბი კირკიტაძე: ბედისწერისა და იღბლის მჯერა, მაგრამ არა დამოუკიდებლად. ანუ, მგონია, ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, იღბალიც მასთან მიდის და წარმატების მიღწევაში ბედისწერაც შველის. მგონია, ბედისწერა სხვადასხვა ვარიანტებს გვთავაზობს და თავად უნდა ავირჩიოთ როგორი წესით გვინდა ცხოვრება.
– როგორ ფიქრობ, შენს შემთხვევაში, როგორ მოვიდა წარმატება?
– ჩემს წარმატებაში სამივე კომპონენტი – ბედისწერა, იღბალი და შრომისმოყვარეობა, ერთად დამეხმარა. სავარაუდოდ, როცა დავიბადე, ბედისწერის ნაწილში სამყარომ ჩამიწერა, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი. ასე რომ, იღბალთან და ბედისწერასთან ერთად, რასაკვირველია, შრომა და მონდომებაც აუცილებელია. საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩენილვარ – ალბათ, ეს ბედისწერაა, მიშრომია და იღბალსაც გაუღიმია.
– ანუ, მოინდომე, ბედისწერას ხელი შეუწყვე, ბევრი იშრომე, ბევრი გააკეთე და ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?
– ჩემი ცხოვრების აქტიური პერიოდია 18 წლიდან მოყოლებული დღემდე. ანუ, ათი წელია და ცოტა დღე თუ მახსენდება ამ დროის განმავლობაში დამესვენა. მართლა თითზე ჩამოსათვლელი დასვენების დღეები მაქვს. ძალიან დიდი შრომის ხარჯზე მოხდა ის, რომ მე დღეს ბენდში ვმღერი, ხალხს ვუყვარვარ, ელოდება კონცერტს, ელოდება ჩვენს გამოჩენას სცენაზე და მათგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებაც ხომ ხალხის სიყვარულის დამსახურებაა. ჩემმა გულშემატკივრებმა უდიდესი ნდობა გამომიცხადეს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს, რომ ვუყვარვარ და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ეს კიდევ უფრო საფრთხილოა ჩემი მხრიდან. მოკლედ, რა სიყვარულიც გავეცი მათდამი, უკან ასმაგად დამიბრუნეს. ბენდი აქტიურად მუშაობს, ჰიტების „გამოცხობის“ სეზონი იწყება და ამ ეტაპზე ჩემთვის პირველ ადგილზე ბენდი და მისი კარიერაა.
– „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ახსენე. ბევრმა არ იცის, რომ წლების განმავლობაში ბინა არ გქონდა, შენი შრომით შეიძინე, გაარემონტე, მოაწყვე და ახლა იმ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობ. ახლა უკვე საკუთარი ბინაც გაქვს, რომელიც პროექტში მოიგე. მარტო გადასვლას როდის გეგმავ?
– ხალხის დამსახურებით, უკვე საკუთარი ბინა მაქვს. ჯერჯერობით, მშენებარე მდგომარეობაშია, სამ წელში დასრულდება და მერე, სავარაუდოდ, იქ გადავალ. კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს და ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა დავუბრუნო მათ ამხელა სიყვარული და თანადგომა. თუმცა, მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი საქმითა და დამოკიდებულებით ვაგრძნობინო მათ, რომ მადლიერი ვარ და ვიქნები მთელი ცხოვრება. მადლობა თითოეული მესიჯისთვის.
– კარგია კარიერული წინსვლა, ის, რომ ხალხს უყვარხარ, ის, რომ პატივისცემასა და გვერდით დგომას გრძნობ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ, სტიმული ხომ გჭირდება? ანუ პირადი ცხოვრება და გვერდით საყვარელი ადამიანი.
– მოტივაციის ნაკლებობას პირადი ცხოვრების გარეშეც არ განვიცდი, თუმცა, როცა არსებობს გვერდით საყვარელი ადამიანი, უფრო მოტივირებული ხარ და ყველაფერს სხვა განწყობით აკეთებ. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ჩემს ცხოვრებაში არ არის საყვარელი ადამიანი, მე მოტივაცია არ მაქვს. ასე რომ იყოს, დავიღუპებოდი (იცინის). ზოგადად, როცა საქმე სიყვარულს ეხება, ძალიან ფრთხილი ვარ.
– გვერდით გყავდა საყვარელი ადამიანი და რა მოხდა, რის გამო დაშორდით?
– ეს იყო პირველი სიყვარული. ათასი მიზეზი იყო და არ მინდა ამ მიზეზებზე საუბარი. საყვარელი მამაკაცის გარეშეც ვუქმნი საკუთარ თავს მოტივაციას, ვისახავ მიზანს და ყველაფერს ვაკეთებ, მივიდე ამ მიზნამდე. მოკლედ, არ არის აუცილებელი, მოტივაციისთვის ვიღაც მყავდეს გვერდით. სხვათა შორის, როცა შეყვარებული ვარ, პეპლები და ღრუბლები დაფრინავს ირგვლივ და ცოტა შრომისუუნარო ვხდები (იცინის). გინდა, არ გინდა, შენი ენერგია სხვა ადამიანზე ნაწილდება და კარიერასაც აკლებ ძალისხმევას, რომელიც მასში უნდა ჩადო. კი, ეს მდგომარეობა კარგია, მაგრამ მე, როცა შეყვარებული ვარ, ენერგიას უფრო საყვარელ ადამიანში „ვდებ“, ვიდრე კარიერაში. მე არ ვამბობ, რომ საყვარელი ადამიანი აუცილებელი არ არის, რადგან გჭირდება ადამიანი, ვისაც წარმატებას გაუზიარებ, მხარს დაგიჭერს, შენს ემოციას გაიზიარებს… ვარდისფერი სათვალიდან გარე სამყაროს ყურება კარგია, სხვანაირი განწყობა მოაქვს, თუმცა უნდა შეგეძლოს კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება. ამინდი ჩემს შრომის მოტივაციაზე ძალიან მოქმედებს, ხოდა გაზაფხული რომ დადგა და მზე ანათებს, სხვა ენერგიით ვიღვიძებ და საქმესაც სხვა შემართებით ვაკეთებ. უკვე ვემზადები ზაფხულისთვის, „იქოქება“ ახალი ჰიტები და ჩვენს მსმენელს ძალიან მაგარ კონცერტებს შევთავაზებთ. სიახლეები იგეგმება სატელევიზიო სივრცეშიც და მიმდინარეობს აქტიური სამზადისი.
– ესე იგი, დასვენებაზე არ ფიქრობ?
– დასვენებაზე მართლა არ ვფიქრობ, დრო არ მაქვს დასასვენებლად (იცინის).კონცერტებიდან იმხელა ენერგიას გავცემ და ვიღებ, ისეთი ენერგიით ვიმუხტები, ფაქტობრივად, ესაა ჩემი დასვენება. „გადახალისება“ კი მჭირდება, დასვენების სახით, მაგრამ ჩემთვის ეს „გადახალისების“ პერიოდი ჯერ არ დადგა (იცინის). ისეთი პროფესია მაქვს, რთულია, შენს თავს დაუთმო დრო, თუმცა ბედნიერებაა, როცა ამხელა სიყვარულსა და სითბოს გრძნობ.