ბიზნესლედ ნატალია კვანტალიანის შვილიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი და წყვილის სიყვარულის ისტორია

312

ყველასთვის ცნობილი და წარმატებული ბიზნესლედის – ნატალია კვანტალიანის სახელი სიკეთესთან, ქველმოქმედებასთან და სიცოცხლის სამსახურში ყოფნასთან ასოცირდება. მისი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რთული იყო, მაგრამ თავდაუზოგავმა და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. დღეს მისი მთავარი მიღწევა ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრია, რაც სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს აერთიანებს.

ქალბატონი ნატალია დიდი იმედი და ძლიერი დასაყრდენია როგორც ოჯახის და გარშემო მყოფებისთვის, ისე სრულიად უცხო ადამიანებისთვის, ვისთვისაც უანგაროდ არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი. ლიდერის თვისებები და წარმატებისკენ სწრაფვა ოჯახის სხვა წევრებსაც გამოარჩევთ, მათ შორის ქალბატონი ნატალიას მოსახელე შვილიშვილს, რომელმაც წარმატებით დაამთავრა სკოლა ესპანეთში და მადრიდის უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდა. პარალელურად, ჩართულია სხვადასხვა პრესტიჟულ პროგრამაში, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი. ფლობს რამდენიმე ენას და საკუთარი კარიერა საბოლოოდ ისევ საქართველოში წარმოუდგენია. ნატალი ჩხიტუნიძე ნატალია კვანტალიანის ერთადერთი ქალიშვილის შვილია და მას ოთხი დედმამისშვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ მათ დიდ ოჯახში ბედნიერი დღესასწაული იზეიმეს, ქალბატონი ნატალიას შვილიშვილის, ბებიის მოსახელე ნატალია ჩხიტუნიძის გაბედნიერება. უმცროსმა ნატალიამ ბედი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მორაგბეს დემე თაფლაძეს დაუკავშირა და მათი გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში, „მარანი ჰოლში“ გაიმართა. თუმცა ამ ამბის წინაპირობა იყო ლამაზი და საინტერესო სიყვარულის ისტორია, რის შესახებაც ახალდაოჯახებული წყვილი თავად მოგვიყვა.

დემე თაფლაძე: ერთმანეთი გასული წლის 10 აპრილს გავიცანით, როდესაც მე ერთ–ერთი შეკრებიდან დავბრუნდი, მაშინ ნატალი ესპანეთში სწავლობდა და ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში ისიც საქართველოში იმყოფებოდა. ბარში შემთხვევით შევხვდით და ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო.

ნატალი ჩხიტუნიძე: ახალი ჩამოსულები ვიყავით და მეგობრების თხოვნით, I’m ბარში წავედით, სადაც ერთმანეთი გავიცანით.

დემე: ერთ კვირაში მე პორტუგალიაში ვბრუნდებოდი, ნატალი კი – ესპანეთში. ჩვენი ურთიერთობა ნელ–ნელა განვითარდა. მერე ნატალი პორტუგალიაში ჩემს თამაშზე, ფინალზე დასასწრებად ჩამოვიდა.

– დაქორწინების იდეა როდის გაჩნდა?

– ორივე სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და ეს ჩვენთვის მარტივი არ იყო, ამიტომ რამდენიმე თვეში გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით.

– სად და როგორ სთხოვეთ ხელი?

ნატალი: პორტუგალიაში ერთ–ერთ საუკეთესო რესტორანში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ისე მოხდა, რომ იმ ადგილას აღმოვჩნდით, საიდანაც საუკეთესო მოგონებები გვქონდა და სწორედ იქ მთხოვა ხელი.

– გრანდიოზული ქორწილი გქონდათ, ბევრი სტუმრით, რომელთა შორის იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეებიც, ვინ დაგეგმა საქორწილო ღონისძიება?

– 600 სტუმარი გვყავდა, კომპანია „ვანილას“ და დედაჩემის კოლაბორაციით ძალიან კარგი ქორწილი გამოვიდა. გვყავდა ლელა წურწუმია, დავით გომართელი, ბენდი „ნონ სტოპი“ და ქორწილი დიჯეიმ დახურა. დედიკომ და დიზაინერმა ვანილამ ქორწილი ჩვენთან თითოეული დეტალის შეთანხმებით დაგეგმეს და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.

– ულამაზესი კაბა გამშვენებდათ, ვისი დიზაინით იყო შექმნილი?

– კაბა მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ჩემი და დიზაინერ მაკა კვიციანის ერთობლივი დიზაინით იყო შექმნილი.

– სურპრიზებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს?

– სურპრიზები ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ, ყოველდღიურად გავახაროთ ერთმანეთი.

– თქვენი კარიერა როგორ განვითარდა?

– მეექვსე კლასიდან მეათე კლასამდე ბუდაპეშტში ვსწავლობდი, შემდეგი ორი წელი სწავლა ესპანეთში განვაგრძე და სკოლა იქ დავამთავრე. უნივერსიტეტში მადრიდში ჩავაბარე, ერთი წელი იქ ვისწავლე და იყო ასეთი პროგრამა – „გახდი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, სადაც მივიღე მონაწილეობა და ერთი წელი იქ ვიყავი დაკავებული. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ბევრ საინტერესო ღონისძიებაში ვიყავი ჩართული. ახლა საქართველოში დავბრუნდი და საბუთები აქ გადმოვიტანე. ოჯახთან ახლოს ვარ, უფრო უკეთ ვიცნობ ჩემს ქვეყანას, ვაპირებ იქ მიღებული განათლებისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენებას.

დემე: 16 წელია, რაც მორაგბე ვარ, ვარ საქართველოს ნაკრების წევრი, ასევე, ვთამაშობ ქართულ კლუბ „შავ ლომში“, პარალელურად, ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ნატალი: ამ ეპატზე მთავარი პრიორიტეტია, სწავლა წარმატებით დავამთავრო და საქართველოში დავიწყო აქტიური საქმიანობა, ჩავერთო საოჯახო ბიზნესში. იცით, რომ ბებია ძალიან წამატებულია თავის საქმეში და მაქსიმალურად ვეცდები, მის გვერდით ვიყო და ჩემი წვლილი შევიტანო საერთო საქმეში. ასევე, ვაპირებთ, დამოუკიდებლად წამოვიწყოთ ჩვენი საქმიანობა. გვაქვს გარკვეული მონახაზები, რაზეც ვმუშაობთ და როცა კონკრეტულ ეტაპზე მივალთ, დეტალებს მერე გავამხელთ.

დემე: რაც შეეხება ჩემს კარიერულ გეგმებს, მუდმივად ვმუშაობ საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე. წინა წელი ფანტასტიკური იყო საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის. ეს წელი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – მსოფლიო ჩემპიონატის წელია და მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული.

– რა როლი გაქვთ ერთმანეთის წარმატებაში?

– ორივე ჩვენს სფეროში საკმაოდ წარმატებული ვართ და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ვფიქრობთ, რომ ძლიერ ოჯახს სწორედ ორი ძლიერი და დამოუკიდებელი ინდივიდი ქმნის.