“ქართველი ემიგრანტები ისეთი სითბოთი შემხვდნენ, ყინვა დამავიწყეს…“

318

31 მარტს, შვედეთის დედაქალაქში – სტოკჰოლმში გაიმართა ნოდიკო ტატიშვილის სოლოკონცერტი. ეს კონცერტი სპეციალურად ჩატარდა შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ნიკოლოზ ლატარია, რომელიც მრავალი წელია, ცხოვრობს სტოკჰოლმში. მან გააკეთა ქართული რესტორანი „ჯორჯიან ჰაუსი“, რომელიც ერთადერთი ქართული რესტორანია და გამოირჩევა ქართული ტრადიციული გემოებით და გარემოთი. ქართველებთან ერთად, ამ რესტორანში დადიან შვედებიც, რომლებიც ძალიან აფასებენ ქართულ სამზარეულოს. ნიკოლოზ ლატარიამ საკუთარ რესტორანში გადაწყვიტა ქართული სიმღერის საღამოს გამართვა და ნოდიკო ტატიშვილი მიიწვია.

ნოდიკო:

„30-ში ჩავფრინდი სტოკჰოლმში. საკმაოდ ციოდა. გაზაფხულიდან, მზიანი თბილისიდან აღმოვჩნდი ყინვაში. მარტის ბოლოს მინუსი იყო, მაგრამ 31-ში ისეთი კონცერტი გაიმართა, იმდენი ხალხი დაესწრო და ისეთი სითბო დამხვდა „ქართულ სახლში“, რომ სიცივემ ვერ შემაშინა. არაჩვეულებრივი მასპინძლობა გამიწია ნიკოლოზ ლატარიამ. მან შესანიშნავი ორგანიზება გაუწია ჩემს საღამოს. ყველაზე მეტად გამაბედნიერა, რომ ხალხი ისეთი კმაყოფილი იყო, დავგეგმეთ კიდევ ერთი კონცერტი შემოდგომას. მინდა, ქართველ ემიგრანტებს არა მხოლოდ შვედეთში, არამედ ყველგან, დიდი მადლობა ვუთხრა. ახალი წლიდან მოყოლებული, საზღვრებს გარეთ რამდენიმე კონცერტი გავმართე. არის დაინტერესება, რომ წავიდე და ვიმღერო ქართველი ემიგრანტებისთვის, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ ჩვენგან სითბო. მადლობა ნიკოლოზ ლატარიას, რომ მომცა საშუალება, შევხვედროდი ქართველ ემიგრანტებს სტოკჰოლმში“.

ეს იყო ნოდიკო ტატიშვილის მეოთხე ვიზიტი იყო შვედეთში – პირველად „ევროვიზიაზე“ იმყოფებოდა, მეორედ – სამეფო მეჯლისზე, მესამედ გრანდიოზული სატელევიზიო მეგაშოუს „მელოდიფესტივალის” საერთაშორისო ჟიურიშიც გახლდათ მიწვეული.