მოდელი ლიკუნა მეტრეველი ორი შვილის დედაა და პატარებზე ზრუნვასთან ერთად, კარიერული წინსვლისთვისაც ბევრს შრომობს. ლიკუნა პროფესიით იურისტია. ვნახოთ, რამ ითამაშა უფრო დიდი როლი მის წარმატებაში – იღბალმა თუ შრომისმოყვარეობამ.
ლიკუნა მეტრეველი: იღბალი და შრომისმოყვარეობა – ორივე თანაბრადაა საჭირო წარმატების მისაღწევად. თუმცა, ვფიქრობ, რომ შრომისმოყვარეობაზე მაინც მეტია დამოკიდებული. თუ დასახული მიზნისთვის ყველაფერს გააკეთებ, მეტი შანსია, შედეგს მიაღწიო. თუ ფიქრობ, რომ წარმატებული და შემდგარი ადამიანი ხარ, მაშინვე გიჩნდება განცდა, რომ შენ ეს შეძელი და ამ მხრივ, ნამდვილად იღბლიანი ვარ.
– სიზარმაცემ რაში გძლია?
– ყველაფერში შემეძლო კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა, მაგრამ რაღაც დავაკელი სწავლასაც და სამოდელო კარიერასაც. ყოველთვის ნორმაზე მეტს ვაკეთებდი, მაგრამ არა მაქსიმუმს. ეს შეიძლება, სიზარმაცეს მივაწეროთ.
– დაუღალავად რისთვის გიშრომია?
– ამ კითხვაზე, პირველ რიგში, საადვოკატო გამოცდისთვის მზადების პერიოდი მახსენდება. საერთოდ, თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს. ვმუშაობ ჩემი პროფესიით და თან ორი შვილი მყავს. ამიტომ მინიმალური დრო მქონდა გამოცდისთვის მოსამზადებლად – ერთ კვირაში ძალიან დიდი მასალა უნდა გამევლო და სიზარმაცისთვის დრო ნამდვილად არ მქონდა (იცინის).
– ამ პროფესიაში არ არის „ლამაზი ქალის“ სტერეოტიპი?
– ზოგადად, ვებრძვი სტერეოტიპებს და მათი მსხვრევა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომელიც შემხვედრია, ზუსტად ეს იყო. ძალიან ბევრს უთქვამს, მათ შორის, ჩემს კოლეგებსაც, რომ სანამ გამიცნობდნენ, პირველი შთაბეჭდილება ჩემ შესახებ, ასეთი იყო – მოდელი, ლამაზი, გრძელფეხება გოგო რა იურისტი უნდა იყოს?! ცოტა ხანში, ერთმანეთი რომ გავიცანით და ნახეს, საქმის მხრივ რა შემეძლო, თავადვე აღნიშნეს ამ სტერეოტიპის შესახებ. ასე რომ, ამ სტერეოტიპის დამსხვრევის ერთ-ერთი მაგალითი ნამდვილად ვარ (იცინის).
– ოჯახისთვის უფრო მეტს შრომობ თუ კარიერისთვის?
– ძალიან მიყვარს ბალანსი და ყველაფერში ვცდილობ მის პოვნას. ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ მე მაინც ვცდილობ. უფრო მეტ შრომას ოჯახში ვდებ, იმიტომ, რომ ორი შვილი მყავს და ბავშვებთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კარიერას რამეს ვაკლებ. მთელი ჩემი ცხოვრება ასეა. თუ საქმეში უფრო მეტს ჩადებ, შეიძლება, უკეთესი კარიერა გქონდეს ან თუ ოჯახში ჩადებ მაქსიმუმს, იქ კიდევ უფრო კარგად გქონდეს ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ რადიკალიზმი და მხოლოდ ერთი კუთხით განვითარება არ არის საკმარისი კარგად ყოფნისა და ბედნიერებისთვის. კარიერაც უნდა გქონდეს, პირადი სივრცეც და ოჯახიც.
– რამდენად გაგიმართლა მეორე ნახევარში?
– ვასო არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხელს მიწყობს განვითარებაში. კარგი კუთხით, ჩემი წამქეზებელია – რატომაც არა, შენ ეს შეგიძლია, შენ ამას გააკეთებ და ასე შემდეგ, მისგან ასეთი სიტყვები ხშირად მომისმენია და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მეორე ნახევარში ნამდვილად გამიმართლა.
– გარეგნობა – ამ მხრივ იღბლიანობას ნამდვილად ვერ უარყოფ, მაგრამ რამდენადაა შენი ვიზუალური მხარე შრომის შედეგიც?
– ჩემი თინეიჯერობის პერიოდი მახსენდება, მაშინ ყოველგვარი მეიქაფის და გაპრანჭვის გარეშე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს (იცინის). დიდად არ მიყვარდა ეს ამბები. მერე, როცა სამოდელო სფეროში ჩავერთე, საკუთარი თავის სხვანაირად აღქმა დავწყე. სილამაზე ძალიან სუბიექტურად აღქმადია, მაგრამ მაინც, როცა ბევრი გეუბნება – უი, რა კარგი გოგო ხარო, ეს მოქმედებს შენზე და თვითშეფასება მაღლა იწევს. ჩვენი თვითშეფასება სოციუმზეც არის დამოკიდებული. მერე რაღაც მხრივ, ვალდებულებაც გიჩნდება, მუდმივად ფორმაში იყო. ეს არ ნიშნავს განუწყვეტილივ არასწორ დიეტებზე ყოფნას, მაგრამ ხასიათი მაინც უნდა გქონდეს ამაღლებული და კარგი.
– როგორ ზრუნავ სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად?
– ახლა დავუბრუნდები სიზარმაცეს (იცინის). ძალიან ცუდია, ასე რომ არის, მაგრამ ღიად საუბარი ჩემთვისვეა უკეთესი (იცინის). „ინსტაგრამზეც“ ხშირად ვწერ ხოლმე, აი, ახლა ვიწყებ ვარჯიშს-მეთქი და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი თავიც წავახალისო და პასუხისმგებლობის გრძნობამაც მიბიძგოს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. არ ვიცი, ალბათ, ძალიან გამიმართლა ამ კუთხით და მოდი, ესეც იღბალს მივაწეროთ – არასდროს მქონია პრობლემა ფორმაში ყოფნასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ არ ვგულისხმობ წონას, მთავარია, შენი თავი იპოვო და შეიძლება ნებისმიერი წონისაც ძალიან კარგად გრძნობდე თავს საკუთარ სხეულში. მე არც ვიცი, სხვა წონის როგორი ვიქნები ან თავს როგორ ვიგრძნობ. რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ერთი და იმავე წონის ვარ, თუ არ ჩავთვლი ორი ორსულობის პერიოდს. რაც შეეხება ვარჯიშს, განვიცდი, რომ აქ სიზარმაცე მძლევს, რადგან ჩემი ჯანმრთელობისთვის მინდა, რომ ამ მხრივ აქტიური ვიყო. პირობაც მაქვს მიცემული საკუთარი თავისთვის, რომ მარტში ვიწყებ და აუცილებლად დავიწყებ. ჯანსაღ კვებას რაც შეეხება, ჯერ ამასაც ვერ მივაღწიე. არადა, ჩემი მიზნების ჩამონათვალში ერთ-ერთი სწორედ ეს არის (იცინის).
– ცვლილებები…
– რადიკალურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან რთულად ვიღებ. თმის ფერის შეცვლაზე და შეჭრაზეც კი ორი წელი მაინც უნდა ვიფიქრო და მერე გადავდგა ნაბიჯი. მე ვიზუალში კორექტივების შეტანა ძალიან მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს ცვლილებების სურვილი აქვს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჯერ მე ეს პერიოდი არ დამდგომია, თუმცა ძალიან მინიმალური ჩარევებისთვის მიმიმართავს. მაგალითად, ბიორევიტალიზაცია გავიკეთე, კანის მოვლაზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან დღეს მგონია, რომ მხოლოდ ქალები კი არა, კაცებიც ძალიან აქტიურად უვლიან თავს. რამდენიმე თვის წინ ბოტოქსი გავიკეთე, მაგრამ ისეთი პრეპარატით, რომ მიმიკა შემნარჩუნებოდა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და საუბრისას ყველა ემოცია სახეზე მეტყობა, ამიტომ მიმიკური ნაოჭები მქონდა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წელი დამჭირდა, ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და ძალიან ბედნიერი ვარ (იცინის).