პოზიტიური, მუდამ ხალისიანი, მოღიმარი და ენერგიული მსახიობის, ნინო მუმლაძის პირად ცხოვრებაში სიახლეა – ის შეყვარებულია. როგორც თვითონ ამბობს, თავის თავს კარიერაში წარმატებულს ვერ უწოდებს, თუმცა, ბედისწერის სჯერა და მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან ცნობადია და ხალხის სიყვარულსაც გრძნობს. საყვარელმა ადამიანმა კი მის ცხოვრებაში ახალი ფერები და ემოციები შეიტანა. მართალია, რჩეულის ვინაობას ჯერჯერობით მალავს და არ ამბობს, თუმცა, გვიმხელს, რომ ურთიერთობა სერიოზულია.
ნინო მუმლაძე: ჩემს თავზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, უიღბლო ვარ-მეთქი. არის რაღაცები, რაშიც ძალიან მიმართლებს. ბედისწერისაც მჯერა. მაგალითად, არის მომენტები, როცა ბევრს ვწვალობ, ვცდილობ, პროექტებს ვწერ, მიმაქვს, მაგრამ არ გამოდის. მერე, უცებ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, იღება ისეთი კარი, რომელზედაც არც კი ვფიქრობდი და ვერც წარმომედგინა.
– ბევრჯერ გაღებულა ასეთი კარი მოულოდნელად?
– ძირითადად, კი. სადაც არ მიფიქრია ყოფნა და მუშაობის დაწყება, სამსახურებში ისეთ ადგილებში ვხვდები ხოლმე. რასაც ჩემი გეგმებით ვცდილობ, მივაღწიო, იშვიათად გამომდის. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში დაუგეგმავად გამოდის ყველაფერი. მართლა გეუბნებით, რაზედაც მთელი გულით მიფიქრია, მიწვალია, დამიწერია პროექტი, შემიტანია, არასოდეს არაფერი გამოსულა. სადაც მივსულვარ, იქნება – იქნება, არ იქნება და ნუ იქნებაზე, ზუსტად ეგეთი რაღაცები გამოსულა და გამმართლებია.
– ნინო, გიფიქრია, რომ არა მსახიობი, რა პროფესიის იქნებოდი?
– სხვათა შორის, სანამ პროფესიას ავირჩევდი, ვორჭოფობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. კონსერვატორიასთან არსებული ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და დედაჩემს უნდოდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ლირიკული სოპრანო ვიყავი და შესაძლოა, ამ კუთხითაც წავსულიყავი. ხატვაც მიყვარდა და ჯერ კიდევ სკოლაში ვფიქრობდი, სამხატვრო სასწავლებელში, ნიკოლაძეში ან თოიძეში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – რა პროფესიაც უნდა ამერჩია, ყველა ვარიანტში სახელოვნებო სფერო იქნებოდა.
– ლირიკული სოპრანო ვიყავიო. ესე იგი, შენი სახით კარგი მომღერალი დაკარგა საოპერო სფერომ?
– კაცმა არ იცის, ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ვიქნებოდი, პრიმა თუ გუნდში ვიდგებოდი, ესეც ბედისწერის ამბავია. თუმცა, მართლა კარგად ვმღეროდი და ჩემს პედაგოგსაც ჰქონდა იმედი, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი. გარდა ხმის ტემბრისა, ჩემში დრამატული და არტისტული მონაცემებიც მოსწონდა და დიდ პერსპექტივას ხედავდა. მეუბნებოდა: როგორი არტისტული ხარ, ჩააბარე კონსერვატორიაშიო. კიდევ ვამბობ, ბედისწერის მჯერა და კარიერიდან დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული, როცა ჩემით ვცდილობ რაღაცებს, როგორც წესი, ასეთი რაღაცები არ გამოდის, მაგრამ, როცა არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას რომელიმე ამბავს ან საერთოდ არ ვფიქრობ და თავში აზრადაც არ მომსვლია, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაცები უფრო ხდება და გამოდის. მაგალითად, პირადშიც თუ ვინმე შორიდან მომწონებია, ახლოდან რომ გამიცვნია, მოვმხვდარვარ, სულ ტყუილად მომწონებია ეს ადამიანი. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, ისეთი ადამიანისგან მიგრძნია ემოციები და დამიწყია ურთიერთობა, თავში აზრადაც რომ არ მომივიდოდა, რომ მასთან რაღაცა მქონოდა. არ ვიცი, ასე რატომ არის, მაგრამ სპონტანური გადაწყვეტილებები და მოულოდნელი რაღაცები უფრო ამართლებს, ვიდრე ჩემი აქტივობები, ნაფიქრი და დაგეგმილი.
– რადგან პირადს შევეხეთ, მოდი, გკითხავ – ვიცი, შენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა და შეყვარებული ხარ. ვინ არის შენი რჩეული და რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
– სულ ხუთი თვეა, რაც ერთად ვართ. ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, საერთო მეგობარი გვყავს. ესეც ის შემთხვევაა, როცა თავში აზრადაც არ მომივიდოდა ამ ადამიანის გვერდით ყოფნა (იცინის). მოკლედ, დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და მერე არ ვიცი, რა მოხდა. ფაქტია, იმასაც გადაუტრიალდა თავში რაღაც და მეც (იცინის). თავად რომ გამოხატა ინიციატივა და აქტივობა, მეც ავყევი ამ ამბავს, მეტი საერთო დავინახეთ ერთმანეთში და შევყევით ამ ურთიერთობას.
– ვინაობას არ გვიმხელ, მაგრამ ის მაინც გვითხარი, ურთიერთობის დაკანონებას, ანუ დაოჯახებას მალე გეგმავთ?
– ვფიქრობ, ხუთი თვე ცოტა დროა, დაოჯახების საკითხი რადიკალურად დავსვათ. დრო გვაჩვენებს. არ ვამბობ, რომ ასეთი ურთიერთობა წლების განმავლობაში უნდა გაიწელოს, მაგრამ როცა ასეთ ნაბიჯს დგამ, მეტი დაფიქრებაა საჭირო, დრო გჭირდება, მეტად დარწმუნდე საკუთარ თავში, ვნებებში, გრძნობებში, პარტნიორში და ზოგადად, ურთიერთობაში.
– რა შეცვალა სიყვარულმა და რა ფერები შემოიტანა საყვარელმა მამაკაცმა შენს ცხოვრებაში?
– ამ ადამიანმა ჩემში ახალი ემოცია, განწყობა, მეტი სტიმული და ახალი ფერები შემოიტანა. უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს და უფრო კარგ ხასიათზე ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თავს მარტოსულად არ გრძნობ და გვერდით საყვარელი ადამიანი გიდგას, რომელსაც ენდობი, ვისთანაც კომფორტულად ხარ, თანაც, აბსოლუტურად თავისუფალი. ალბათ, ესაა ბედნიერება.
– თვეების წინ, ვარჯიში დაიწყე და საკმაოდ დაიკელი წონაში. ეს საყვარელი მამაკაცის გამო ხომ არ მოხდა?
– არა, არა. პირიქით, ვარჯიშს რომ მოვრჩი და დამეზარა ამ ყველაფრის კეთება, მერე დავიწყე ამ ადამიანთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ვარჯიში სიყვარულით ჩავანაცვლე (იცინის). დაახლოებით, ორი თვე ვვარჯიშობდი დარბაზში და ჯამში, 12 კილო დავიკელი. ახლა, ცოტა მოვიმატე და ვნერვიულობ. თან, გაზაფხულია, მინდა, ფორმაში ვიყო და მინდა, ისევ დავუბრუნდე ვარჯიშს. რაც ყველაზე მთავარია, მომიწესრიგდა ნივთიერებათა ცვლა, ჯანსაღად დავიკელი, დიდხანს ვინარჩუნებდი წონას, მიუხედავად იმისა, რომ დავარღვიე კვების რეჟიმი და ვარჯიშსაც შევეშვი და ახლა, ვამჩნევ ცოტა გამექცა წონა და შემეშინდა. ამდენი ძალისხმევა დავხარჯე და მინდა, ისევ ფორმაში ჩავდგე, ამიტომ აუცილებლად დავიწყებ ვარჯიშს ისევ.