გამთენიისას – პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის უცნობი ნამუშევარი

1,529

თაკო ჩარკვიანის ქალიშვილი, ირმა გიგანი სოციალურ ქსელში დედის ჩანახატს ავრცელებს.

გამთენიისას

-რატომ იგვიანებენ, ხომ არ იცი?
-არა.
-უკვე სული მეხუთება.
-ცოტაც მოითმინე.
-ვერ ვითმენ.
-მოდი რაღაცეები გავიხსენოთ, თორემ იქ უკვე აღარ გაგვახსენდება, ხომ იცი?
-იცი რა, როგორ არ გაგვახსენდება, რას ლაპარაკობ, აი მაგას ვერ დავიჯერებ ნამდვილად, მე და შენ რომ აი აქ ვიყავით ამდენ ხანს, ეს არ გაგვახსენდება?
-არა, არ გაგვახსენდება, ხომ გვითხრეს ერთხელ.
-იცი რა, მოდი კიდევ ბოლოჯერ ვთხოვოთ უფალს, ეგება დაგვაბრუნოს, რა იცი, ეგება შეგვიცოდოს.
-არა არ გინდა, ხომ გახსოვს რა გვითხრა, თანაც ეს ქალი მეცოდება, გველოდება ამდენი ხანია.
-მეც მეცოდება, მაგრამ მეშინია ყველაფერი რომ დამავიწყდეს არ მინდა, არ მინდა ახალი ცხოვრების დაწყება.
-არც მე, შენ გგონია მე მინდა?
-ჰოდა, მოდი ვთხოვოთ, დაგვაბრუნოს.
-არა, არა, მე ვერ ვთხოვ.
-მე ვთხოვ.
-შენ უკან თუ დაბრუნდები, მე ვეღარ მნახავ, ვერასოდეს, შეგიძლია ამის გაკეთება?
-მე უშენოდ არ შემიძლია.
-არც მე.
-რატომ აგვიანებენ ნეტა?
-ჩვენ ხომ არ ვაგვიანებთ?
-მე მგონი.
-პირველი შენ წახვალ?
-არა შენ, მე რომ არ ვიქნები, შენ არ შეშინდე და უკან დაბრუნება არ სთხოვო უფალს, ამიტომ შენ წადი.
-კარგი.
-იცოდე, მერე თუ ვეღარ გითხარი ცხოვრების მანძილზე, იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ, მოიცა, მართლა დაგვავიწყდება აქამდე სადაც ვიყავით?
-კი, დაგვავიწყდება.
-კარგი, აბა, წავედით.
გამთენიისას პალატაში ორი ტყუპი შემოიყვანეს, ბიჭები, ჯერ ერთს აჭამა ქალმა, მერე მეორეს.
ჭამის დროს ხან ერთი აწევდა თავს, ხან მეორე, მიაშტერდებოდნენ ქალს დაკვირვებით, მერე ისევ ძუძუში ჩარგავდნენ თავს და გააგრძელებდნენ ჭამას, არავინ იცის, რას ფიქრობდნენ ტყუპები, არავინ იცის, რა ახსენდებოდათ მათ.

ავტორი: თაკო ჩარკვიანი