“არ მეგულება სიტყვა, რომელმაც შეიძლება ნოდიკო ტატიშვილის გულწრფელი სიყვარული დაიტიოს”

246

მომღერლების, სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის, მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ახლო ნათესავებივით არიან, ერთმანეთის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობენ. ამიტომ, როცა სალომეს შვილის, პატარა ალექსანდრეს – სანტის მონათვლის დრო დადგა, კითხვა არ დასმულა, ვინ უნდა ყოფილიყო ნათლია – რა თქმა უნდა, ნოდიკო ტატიშვილი! მას უზომოდ უყვარს თავისი ნათლული. საბავშვო ბაღიც თავად შეურჩია სანტის და ყოველდღიურ მზრუნველობასაც იჩენს. მას კიდევ 28 ნათლული ჰყავს და, როგორც “სარკესთან” ამაყად აღნიშნა, მალე მათ რიცხვს 30-მდე დაამრგვალებს. არც ნათლიდედა სალომე ჩამორჩება ნოდიკოს, მისი ხელით 18 პატარა მოინათლა.

მეგობრულ-ნათესაურ-სულიერ კავშირებზე სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი “სარკეს” უყვებიან.

– სალომე, როგორ ემზადებოდით თქვენი პირმშოს ნათლობისთვის?

სალომე: ნათლობა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამ დღიდან იწყება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება. მე სამი ნათლია მყავდა, დღეს მხოლოდ ერთი, ეკა ნათლია მყავს გვერდით, რომელიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია, მუდმივად ჩართულია ჩემს ცხოვრებაში, უამრავი სიკეთე მახსოვს მისგან.

სანტი, ანუ ალექსანდრე, პატარა მოვნათლეთ სამების ეკლესიაში. ნათლიები ნოდიკოსთან ერთად ცნობილი სახეებიდან არიან ნანუკა გოგიჩაიშვილი, თიკა მახალდიანი, ჯაბა ჯიღაური.

ერთ-ერთ ჟურნალს ჰქონდა ჩვენთან შეთანხმება, რომ ნათლობის ფოტოები პირველად იქ გამოქვეყნდებოდა. ნათლობის დილას, როცა გავიღვიძეთ და სანტის მომზადება დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ჩემს ბიჭს თანდაყოლილი თმა იმ ღამით მთლიანად გასცვივდა. მოტვლეპილი ძალიან სასაცილო იყო, სულ პატარა ბუსუსები ჰქონდა შერჩენილი ყურების უკან და როგორღაც მოახერხეს ნათლობის დროს კულულის შეჭრა. სურათები ძალიან სასაცილო გამოვიდა, ერთი სიტყვით, ყველამ ვიხალისეთ.

– ყველა ნათლია თქვენი და თქვენი მეუღლის მეგობარია. ცნობილია, რომ განსაკუთრებით ახლო მეგობრობა გაკავშირებთ ნოდიკო ტატიშვილთან. ალბათ კიდევ უფრო გამყარდა ურთიერთობა ნათლობის შემდეგ.

სალომე: ნოდიკოს მეგობარი აღარ ჰქვია, ის არის ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ძმა. საერთოდ არ მიჭირს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიყვარს, გრძნობების გამომჟღავნება, თბილი სიტყვების თქმა, მაგრამ ნოდიკოსთვის დაბადების დღის ან დღესასწაულების მისალოცად საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ, რადგან არ მეგულება სიტყვა, რომელმაც შეიძლება ეს დიდი, გულწრფელი სიყვარული დაიტიოს და გამოხატოს.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მამა არ მყავს ცოცხალი. ნოდიკო ხშირად მეუბნებოდა, შენმა საქმრომ ხელი მე უნდა მთხოვოსო და როცა ეს წუთი დადგა, საშინლად ვნერვიულობდი, ვაითუ, ჩემი რჩეული არ მოსწონებოდა. საბედნიეროდ, ორივეს მოეწონათ ერთმანეთი და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.

ნოდიკოს რომ უნდა მოენათლა ჩემი შვილი, თავიდანვე ნათელი იყო. ისიც ჩვენსავით მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას. პირველი დღიდან ჩართული იყო ყველაფერში, ლამის ყოველდღე მორბოდა სანახავად, მოჰქონდა საჩუქრები.

საბავშვო ბაღიც ნოდიკომ შეურჩია ნათლულს, ყველაფერი თავის თავზე აიღო, პირველ დღეს თავად წაიყვანა. იმ საბავშვო ბაღში დადიოდა სოფო გელოვანის ვაჟი აკაც, რომელიც ნოდიკოს ნათლულია. ბიჭები პირველი დღიდან დამეგობრდნენ და ძმებივით უყვართ ერთმანეთი.

ახლა სანტი პირველ კლასშია. სკოლაში მისვლის პირველ დღეს ნოდიკო ვერ წამოვიდა, ამიტომ ონლაინ რეჟიმში ვუგზავნიდი ყველა ფოტოს და ვიდეოს, რასაც ვიღებდით.

 ნოდიკო, როდის გააცნობიერეთ, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელია ტაძარში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება, მოძღვარი, ზიარება?

ნოდიკო: მშობლებმა ერთი წლის ასაკში მომნათლეს დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. სამი ნათლია მყავს, რომლებსაც პატივს ვცემ, მიყვარს და კარგი ურთიერთობა მაქვს.

მეხუთე კლასიდან დავიწყე ეკლესიაში სიარული, დაახლოებით 1996 წელს. იმ დროიდან მყავს ჩემი მოძღვარი. საერთოდ, ასეთი საკითხები ძალიან პირადულია და საჯაროდ საუბარი არ უხდება.

– ხშირად ადამიანებს აღსარების ჩაბარება უჭირთ. თქვენ გამოგდით გულწრფელობა აღსარების დროს?

ნოდიკო: მოძღვართან სიხარულით და სრული ნდობით უნდა მიხვიდე. ვერ ვიგებ იმ ხალხისას, ვისაც ეშინია მოძღვრის, აღსარების ჩაბარების დროს შებოჭილია და ცუდად ხდება. ესე იგი მასა და მოძღვარს შორის არ არის ჰარმონიული ურთიერთგაგება. მე ყოველთვის გულწრფელი ვარ, სხვანაირად რა აზრი აქვს? აღსარების დროს ვამბობ იმას, რასაც განვიცდი, ვნანობ და შენდობის შემდეგ არ გავიმეორებ.

 თქვენს ნათლულებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, ყველას უნაწილებთ ყურადღებას?

ნოდიკო: სანტის გარდა, სოფო გელოვანის, ელენე ფოჩხუას, გოგოლა კალანდაძის, სოფო გორდაძის შვილების ნათლია ვარ… სულ 29 ნათლული მყავს. ძალიან მალე დათუნა მგელაძის შვილსაც მოვნათლავ და 30 გახდება. ნათლობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მზად უნდა იყო, რომ ნათლულებს ყურადღება არ მოაკლო.

სალომე ჩემი გამორჩეული მეგობარია, არა, მეგობარი კი არა, ოჯახის წევრი. რომ დავიწყო, შეიძლება სამი დღე ვერ მოვრჩე სალომეს ღირსებების ჩამოთვლას. არაჩვეულებრივი გოგოა, ერთგული, სანდო, კეთილი, ნიჭიერი. მისი შვილის ნათლია რომ უნდა ვყოფილიყავი, ამაზე არც გვისაუბრია, თავისთავად იგულისხმებოდა. როცა სანტი საბავშვო ბაღში მივიყვანე, ჩემი მეორე ნათლული, სოფო გელოვანის ვაჟი გავაცანი. ვუთხარი, თქვენ ძმები ხართ, მე კი ორივეს ნათლია ვარ-მეთქი. იმ წუთიდან რომ ჩასჭიდეს ხელი ერთმანეთს, მართლაც ძმებივით არიან დღემდე.

ვცდილობ, ყველა ნათლულს ყურადღება მივაქციო. ტაძარში მუდმივად ვაბარებ მათ სახელებს ჯანმრთელობის მოსახსენებლად. შეიძლება ყველას ისეთი სიხშირით ვერ ვნახულობ, როგორც საჭიროა, მაგრამ მოკითხვა, დარეკვა, მილოცვა არ მავიწყდება.

ოჯახი, ვისაც შვილს უნათლავ, შენთვის ახლობელი უნდა იყოს. უნდა იცნობდე კარგად, იცოდე, რა ულხინს, რა უჭირს, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. თუ ასეთი ახლობლობა არ გაქვს, ნათლიობაზე შეიძლება უარი თქვა. ჩემი ნათლულების ოჯახები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მათი შვილები მოვნათლე.

– სალომე, თქვენი ნათლულების შესახებ რას გვეტყვით? ახლო ურთიერთობა გაქვთ მათთან?

სალომე: 18 ნათლული მყავს. მომღერალი ნათია დუმბაძე ჩემი უახლოესი მეგობარია და მისი შვილი მოვნათლე. უკვე დიდი ვაჟკაცია, მაღალი, დახატული. გვერდით რომ მომყვება, ჩემს მეგობარს უფრო ჰგავს, ვიდრე პატარა ნათლულს. ვგიჟდები მასზე!

ვიცი, რომ ნათლულებს სულიერი ცხოვრების დაწყებაში უნდა მოვეხმარო, ტაძარში ვატარო. მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ვერ ვასრულებ ამ მისიას, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე. მეც მაქვს ჩამოწერილი მათი სახელები და ეკლესიაში მათ სახელზე ლოცვა არ მავიწყდება.

როგორც გითხარით, ნათლია ნამდვილად არის ზოგჯერ სისხლით ნათესავზე ახლობელი და ძვირფასი. როცა გასტროლზე ვიყავით მე და ნოდიკო ამერიკაში, ჩემი სანტი ჯერ ერთი წლისაც არ იყო. მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და კლინიკაში დააწვინეს. ჩვენ კი არ შეგვატყობინეს, რომ არ გვენერვიულა. ჩემი ეკა ნათლია პროფესიით ექიმია, ყოველდღე დადიოდა კლინიკაში და ბავშვს ყველაფერს უკეთებდა, რაც საჭირო იყო.

– ოდესმე თუ გქონიათ სურვილი, საეკლესიო საგალობელი შეგესრულებინათ?

სალომე: სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, გაკვეთილების შემდეგ გოგოებთან ერთად ქუთაისში, ამაღლების ტაძარში მივდიოდი, იქ ვგალობდი ხოლმე. მაშინ არც საგალობლები ვიცოდი, არც ის, როგორ უნდა შემესრულებინა, მაგრამ მთელი გულით ვმღეროდი, რასაც ვგრძნობდი. ახლაც, როცა ტაძარში ვარ და გალობას ვუსმენ, სიამოვნებით ავყვები, ეს დიდ სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს.

– სალომე, როცა მოულოდნელად ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა შეგექმნათ, თუ გრძნობდით უფლის მფარველობას?

სალომე: არა მხოლოდ მაშინ, უფლის მფარველობის იმედი ყოველთვის მაქვს. ვიცი, რომ არასდროს მიმატოვებს. მალე ქრისტეშობას ვიზეიმებთ, მინდა, ყველა ოჯახს ბედნიერება და უფლის წყალობა დაებედოს.

– ნოდიკო, რადგან ვინათლებით, ესე იგი ვხდებით მართლმადიდებელი ქრისტიანები და ვიწყებთ ქრისტიანულ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ბევრი ცოდვა ტრიალებს ჩვენ ირგვლივ. ნუთუ ძნელია ქრისტეს მცნებებით ცხოვრება?

ნოდიკო: უფალი ნამდვილად დიდია, მან მოგვავლინა ქვეყნად და ის კეთილმოწყალეა, მოგვცა არჩევანის თავისუფლება, გვიჩვენა, რა არის ბოროტი და რა – კეთილი. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა გზას ავირჩევთ.

არ ვარ მორალისტი, არც მრჩევლად გამოვდგები, მხოლოდ ერთი რამ ვიცი, აუცილებელია,  ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და სიკეთე ვაკეთოთ. გული მწყდება, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეკლესიის მიმართ ცუდად არის განწყობილი და არასასიამოვნო განცხადებებს აკეთებს. ეს ზოგადად ვნებს არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ქვეყანასაც. კიდევ კარგი, მათი რიცხვი დიდი არ არის.

დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს, რაც შეიძლება მეტი სიყვარული გავუზიაროთ ერთმანეთს!