რატომ მოიტაცეს სოფია კანდელაკი ბებიის პანაშვიდიდან და როგორ გახდა ის მილიონერი ერთი საბედისწერო შემთხვევის წყალობით
მოცეკვავის, ბიზნესლედის, სექსუალური და ცეცხლოვანი სოფია კანდელაკის ცხოვრების განვლილი გზა საინტერესოსთან ერთად, დაუჯერებელიცაა. ქუთაისელ კრიმინალურ ავტორიტეტ ქმარს ამერიკაში გაექცა და ნამდვილ თავისუფლებას სტრიპტიზის ძელზე ეზიარა.
სოფია კანდელაკი: ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. კარგად ვსწავლობდი, მეოჯახე გოგო ვიყავი, გულუბრყვილო და პატიოსანი. თერთმეტი წლიდან ოჯახში ყველაფერს მე ვაკეთებდი. სერიოზულად არავინ მყვარებია, თუმცა პატარ-პატარა გატაცებები იყო. ვიცოდი, რომ ერთ ქუთაისელ კრიმინალურ ავტორიტეტს მოვწონდი და რაღაცას აპირებდა. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ბებიის პანაშვიდიდან გამიტაცებდა.
– ბებიის პანაშვიდიდან მოგიტაცა?
– დიახ. ვიჯექი პანაშვიდზე, ვტიროდი ბებიას, რომელიც ორ დღეში უნდა დაგვესაფლავებინა და უცებ, შემოიჭრნენ შეიარაღებული პირები და ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში. მაშინ, 20 წლის ვიყავი. ჩემზე 18 წლით უფროსი იყო, დედაჩემზე ერთი წლით უმცროსი. მე არ მომწონდა, არ იყო საჩემო ტიპი – მელოტი იყო, მე გრძელთმიანი ბიჭები მომწონდა, ქოჩრიანები. ერთი სიტყვით, ნასვამი იყო თავის ძმაკაცებთან ერთად მოვარდა და არც მეტი და არც ნაკლები, ბებიის პანაშვიდიდან მომიტაცა.
– წინააღმდეგობა არავინ გაუწია?
– მე რომ ფორთხვა-ფორთხვით მიმათრევდნენ, ნათესავები გამოვიდნენ, თუმცა, ვერ გაბედეს შეწინააღმდეგება. ბიძაჩემი იყო მოსკოვიდან ჩამოსული, ისიც წამოხტა, მაგრამ ვერ მიეკარა, იარაღიდან ისროდნენ. მოკლედ, საცოდავი გარდაცვლილი ბებიაჩემის გარდა, ყველა გამომყვა, მაგრამ მოახლოება ვერ გაბედეს. ერთადერთი, ჩემმა დამ გაუწია წინააღმდეგობა, მივარდა და ცემა დაუწყო, თუმცა მომავალმა სიძემ, ფეხებში ესრლა ტყვია და ასე მოიშორა თავიდან. მანქანის კარის გაღებას და გადახტომას ვცდილობდი. ჩემმა ქმარმა, იარაღი მომადო შუბლზე და მითხრა: თუ უარს იტყვი, შენი სიცოცხლე აქვე დამთავრდებაო. მიმიყვანეს ნათესავთან, სადაც დაგვხვდა გაშლილი იმერული სუფრა და მთელი მისი სანათესავო. ჩემმა დედამთილმა მომაყარა ოქროული, თუმცა, ყველაფერი „მეკიდა“. ვტიროდი, დედა მომიყვანეთ–მეთქი. ჩემმა ქმარმა კონცერტები დადგა, თავს მოვიკლავო. ახლა კი ვიცი, რომ არ იყო თავის მომკვლელი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი და შემეცოდა.
– როგორც ვიცი, ეს ადამიანი შენზე ძალადობდა. როგორ დააღწიე თავი მოძალადე ქმარს და რის გამო წახვედი ამერიკაში?
– იქვე ვცხოვრობდი, ორ ნაბიჯში და სახლში არ მიშვებდა დედასთან. ექვსი თვის ორსულს ბალიშით მგუდავდა. მოკლედ, ჩუმ-ჩუმად წამოვიღე ოქროული, ბოლოს დედასთან გადავიყვანე წლინახევრის ბავშვი და უკან აღარ დავბრუნდი. მაშინ მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად. იფიქრა, ამას მუცელი გაეზრდება, სად წავა, თავისი ფეხით მოფორთხდება უკან, ჩემ იქით გზა არ აქვს, დაბრუნდებაო და მშვიდად წავიდა რუსეთში, სადაც ბიზნესი ჰქონდა. გაბრაზებული და გაბოროტებული ფინანსურადაც არ მეხმარებოდა. ფულში იხრჩობოდა და თავის შვილსაც არ უზრუნველყოფდა მატერიალურად, ექვსი-შვიდი თვე დედაჩემის ხარჯზე ვიყავით. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა. მივედი მამაოსთან და ვუთხარი: ამერიკაში მინდა წასვლა, სამი თვის ორსული ვარ, ჩემი ქმარი არ არის ქუთაისში და აბორტი უნდა გავიკეთო-მეთქი. მითხრა: თუ წახვალ, დაგწყევლიო. განადგურებული და შეშინებული წამოვედი იქიდან. მეგონა, აბორტს თუ გავიკეთებდი, მოვკვდებოდი. თუმცა, უკან არ დავიხიე, გავიკეთე აბორტი. გავყიდე ოქროული, ვიზა რომ გამეკეთებინა. ბავშვი დედას დავუტოვე და წავედი. ვიფიქრე, ექვსი თვით წავალ, ვუმუშავებ, გადავხედავ სიტუაციას და მერე ბავშვთან დავბრუნდები-მეთქი. ოცნებად მქონდა მანჰეტენზე გავლა და ფოტოების გადაღება და ეს ოცნება ავიხდინე, თუმცა, ექვსი თვე კი არა წლები შემოვრჩი ამერიკაში. თავიდან ბებიებს და ბაბუებს ვუვლიდი, სახლებსაც ვხეხავდი და ვწმენდდი. ყველა მიჩიჩნებდა: რა კარგი გოგო ხარ, რა გინდა ბებიებთან, უკეთესი სამსახურებია, მაგალითად, სტრიპტიზბარში მოცეკვავედ და ბევრ ფულსაც გააკეთებო. ვეჩხუბე და იმ გოგოებს დიდი ხანი არ ველაპარაკებოდი – როგორ მაკადრეთ ქუთაისელ გოგოს ძელზე ტრიალი-მეთქი. ისე მოხდა, რომ სამსახურში აღარ ამიყვანეს, უფულოდ ვიჯექი და ისევ იმ გოგოებს დავურეკე, მოვუბოდიშე და ვუთხარი: ვცდი, წამიყვანეთ-მეთქი. არადა, ქართული ცეკვაც კი არ ვიცოდი. მივედი აგენტთან შეშინებული, მოკუნტული, ოთხად დაკეცილი, შემომხედა და მითხრა: კარგი გოგო ხარ, ყველაფერი გამოგივაო. მე კიდევ თავში, ქუთაისი, ჩემი ქმარი და ახლობლები მიტრიალებდა, რას იტყვიან, რომ გაიგონ–მეთქი. ჩემი ქმარი მაშინ ცოცხალი იყო, სამი წელია, რაც გარდაიცვალა. სხვათა შორის, სანამ არ გარდაიცვალა, საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, მემუქრებოდა, დავიქირავებ ვინმეს და მოგკლავო. მოკლედ, რომ შევაღე კარი და ძელი და ნახევრად შიშველი მოცეკვავე გოგონები დავინახე, ვიფიქრე, ამას მე ვერ შევძლებ, სახლში წამიყვანეთ-მეთქი. მაგრამ უფულობამ რომ ძალიან შემაწუხა, დავდექი სარკესთან და დავიწყე ცეკვა, მიხვრა-მოხვრა და ფსიქოლოგიურად და მენტალურად მოვემზადე. დიდი კონკურენცია იყო, მომწამლეს კიდეც რუსმა გოგოებმა, მაგრამ გადავრჩი. მოკლედ, ძნელი იყო, მაგრამ გამომივიდა. პირველად ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე მივეჩვიე და ცეცხლი წამოვიდა, ჩემში ქალური, სექსუალური ენერგიები აღმოვაჩინე და რაც ჩაკეტილი მქონდა საქართველოში, ქუთაისში, პირველ ქმართან, იქ გამეხსნა. ვფიქრობ, ყველა ქალი უნდა უცეკვებდეს თავის ქმარს სტრიპტიზს, არ უნდა რცხვენოდეს, თავისი სექსუალური ენერგია მის წინაშე გამოიტანოს და აჩვენოს.
– სოფია, წლების წინ შენს ცხოვრებაში ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა. ალბათ, სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონა ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ნიუ-იორკში შენი სახელი, გვარი და ფოტო ყველა გამოცემაში წინა ყდაზე იქნებოდა დაბეჭდილი და თან, მილიონერი გახდებოდი.
– ეს საბედისწერო შემთხვევა „როლექსის“ საათს უკავშირდება. ქუთაისიდან ქმრისგან წასულმა, დაჩაგრულმა გოგომ კარგად შევისწავლე ქალთა უფლებები, რომელიც ამერიკაში საკმაოდ დაცულია. მივხვდი, რასაც აქ ვერ ვაღწევდი, იქ მივაღწევდი და ვერავინ დამჩაგრავდა. ერთ დღეს მეგობართან ერთად კლუბში წავედი, სადაც დაპატიჟებული ვიყავით. როგორც კი შევედი, დავინახე მილიონერ მამაკაცს როგორ ეხვეოდნენ ქალები. მე რომ დამინახა, ისინი მიყარ-მოყარა, ჩემკენ წამოვიდა და საუბარი დამიწყო. მთვრალი იყო, ხმამაღლა ხვნეშოდა, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო იყო და მეგობარს ვთხოვე, სხვა მაგიდაზე გადავსხდეთ-მეთქი. მაგიდა იმ კაცმა შეუკვეთა ჩვენთვის და იქ დავსხედით. მიხვდა, რომ არ „დამევასა“, მაგრამ არ მომეშვა – მოვიდა, მომიჯდა გვერდით, ღრმად სუნთქავდა, ბეჭით მეხახუნებოდა, ხელი გადამხვია. ვუთხარი, მე მივდივარ-მეთქი და დაიწყო: მე „ბენტლი“ მყავს, წამოდი, გავისეირნოთ და მერე ჩემს, პენტჰაუსში გადავიდეთო. უარი ვუთხარი და ტაქსის გასაჩერებლად გარეთ გამოვედი. მოვიდა ის ტიპი და დაიწყო: შენ მე გამექეცი? კაცად არ მაგდებ? ასე მიქენი, ისე მიქენიო… გამწარდა, მწვდა თმაში, მეც არ დავაკელი… მგონია, მოვიშორე, წავიდა და უცებ მოვტრიალდი, მორბოდა გასისხლიანებული თვალებით და „როლექსის“ საათიანი ხელი მგლიჯა შუბლში. გამისკდა და 16 ნაკერი დამადეს. დაიწყო გამოძიება, ჩაერთნენ დეტექტივები, ადვოკატები, გაიმართა სასამართლო და ტომას ჰარტმანი გაამტყუნეს. თავს იმართლებდა, ბალანსი დავკარგე და ხელი შემთხვევით მოვარტყიო. ორი თვით ციხე მიუსაჯეს და რასაკვირველია, ფულადი კომპენსაცია დაეკისრა. თავად მილიონერი შემთხვევით გახდა – მუშა-მშენებელი იყო, ცოლს სცემდა, იმან პოლიციაში დარეკა. გარბოდა, და პოლიციის მანქანამ გადაუარა ფეხზე და მოაჭრეს. იჩივლა, პოლიციას 17 ათასი დოლარი მოუგო და გაჯეჯილდა კაცი. პროთეზი თუ ჰქონდა, არც კი ვიცოდი, მერე გავიგე, როცა მის შესახებ დაწერეს.
– მართალია, რომ მასთან ათმილიონიანი დავა გქონდა და მოგების შემდეგ ეს თანხა შენს ანგარიშზე დაჯდა?
– დავა, დაახლოებით შვიდი წელი გაგრძელდა. ათი მილიონი არა, მაგრამ გარკვეული თანხა ნამდვილად გადაიხადა.
– როგორც ვიცი, კიდევ გქონდა დავა სასამართლოში, რომელიც ასევე შენი მოგებით დასრულდა.
– დიახ, მანჰეტენზე „ეიჩენდემის“ მაღაზიაში მოხდა შემთხვევა, რის გამოც ვიჩივლე და დავა მოვიგე. გასახდელში შევედი, შევიტანე ტანსაცმელი, იქვე იდგა ბიჭი, რომელსაც კონტროლი ევალება, მივესალმე და ყურადღება არ მომაქცია. ჩამოვაფარე ფარდა და დავიწყე გამოცვლა. ტელეფონმა დარეკა და რომ ავიღე და იმ ბიჭმა ჩემი ხმა გაიგო, ფარდა გადასწია. ვუთხარი, რა უფლებით ხსნი ფარდას, ხომ ხედავ გახდილი ვარ-მეთქი. ყვირის: გამოდიო. ვეუბნები: არ გაქვს უფლება, მე მოგესალმე, არ მომაქციე ყურადღება და შიშველს ფარდა გადამიწიე, ახლავე ჩამოაფარე-მეთქი. ჯინაზე, ადგა და ფარდა ბოლომდე გადახსნა. ეგრე არ უნდა-მეთქი და ვუჩივლე. მერე დაწერეს: სტრიპტიზკლუბში იხდიდა და რა მოხდა, თუ შიშველი მაღაზიაში დაინახესო. იქ, ჩემი სამსახური იყო და ჩემი ნებით ვიხდიდი, მაღაზიაში კი არავის აქვს უფლება, ისარგებლოს და როცა ვიცვლი, ფარდა გადამიწიოს. მოკლედ, ეს საქმეც მოვიგე და ჩემი სარჩელი დააკმაყოფილეს.
– საქართველოში დროებით ჩამოხვედი, თუმცა, დიდი ხნით შემორჩი, ბიზნესიც ააწყვე და სიყვარულიც იპოვე. აღარ აპირებ ამერიკაში დაბრუნებას?
– საქართველოში ოთხი წლის წინ ჩამოვედი. ამდენ ხანს რომ შემოვრჩი აქ, ამის მიზეზი ჩემი ბოიფრენდია – „მისტერ ვალენტინი 2023“ და ბარიტონი, ზურა კობიაშვილი. ერთად ბიზნესიც წამოვიწყეთ თბილისში. ზურა კონსერვატორიის სტუდენტია, ბოლო კურსზეა, დაამთავრებს და მერე ვიფიქრებთ და გადავწყვეტთ, როდის წავალთ ერთად ამერიკაში.