„49 წელია, მაწუხებს ეს ამბავი… ახალგაზრდებს მივმართავ, უსამართლობაზე ამოიღეთ ხმა…“

329

ლელა წურწუმია „მთავარ არხთან“ ერთ ამბავს იხსენებს, რომელმაც მასზე მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა.

„54 წლის ვარ და ეს ისტორია რომ მახსენდება, სხვათა შორის, ხშირად მახსენდება, როცა განმარტოებული ვარ ან როცა წამოვწვები და ფიქრებთან მარტო ვარ, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. ამიტომაც გადავწყვიტე ეს მომეყოლა, რადგან არავისთან მომიყოლია. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. ბებიამ სასეირნოდ წამიყვანა და ჩემს სახლთან აფთიაქში შევედით. წამალს ყიდულობდა ბებია. შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი. სანამ მისი რიგი მოვიდოდა, ჯიბეში ჩაიყო ხელი, რომ ამოიღო, ქაღალდის ერთმანეთიანი გადმოუვარდა. იქვე იდგა ახალგაზრდა, ნელ-ნელა წამოვიდა ეს კაცი და ამ ფულს დაადგა ფეხი. კუპიურა აღარ ჩანდა. მოვიდა ამ ბიჭის რიგი და ეძებს ფულს, არ არის… ნამდვილად მქონდა ფულიო. მე ვუყურებ ამ კაცს, ვარ 5 წლის… ამ კაცმა ხომ დაინახა, რომ მე ეს დავინახე… რაიონიდან იყო ჩამოსული ის ბიჭი, ბოლო ფული იყო, რაც მქონდა, ბავშვისთვის უნდა მეყიდა წამალიო. გამშრალი ვუყურებდი… თვალები აუცრემლიანდა და გავიდა აფთიაქიდან. ალბათ, შემეშინდა. ძალიან შემრცხვა. ეს გრძნობა დღემდე მაწუხებს. საშინლად განვიცდი. ის ერთი მანეთი იმ კაცისთვის ალბათ მთელი ცხოვრება იყო. ის წამალი, რომელიც მის შვილს სჭირდებოდა. მას მერე ჩემი ცხოვრების წესად გავიხადე, როდესაც ვხედავ ასეთ უსამართლობას, ვცდილობ, ხმა ამოვიღო. საშინლად ვერ ვიტან უსამართლობას…“