როგორ იწინასწარმეტყველა პატრიარქმა დარიკო ჩიხლაძის წარმატება და როდის დაიწყო მოულოდნელად ქართველმა ხელოვანმა საოცარი ნამუშევრების შექმნა

267

დარიკო ჩიხლაძე გახლავთ ხელოვანი, რომელსაც ოქროს ხელების პატრონს ეძახიან. რთულია, მის მიერ შესრულებული ნამუშევრები ნახო და ამ შეფასებას არ დაეთანხმო.

დარიკო ჩიხლაძე: საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, როდესაც ხელნაკეთი ნივთების შექმნის სურვილი გამიჩნდა და რატომღაც, საეკლესიო თემატიკაზე დავიწყე მუშაობა.

– პროფესიით ისტორიკოსი ხართ, ამიტომ საინტერესოა, პირდაპირ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყეთ ამაზე მუშაობა?

– სკოლის პერიოდში ძალიან კარგად ვქსოვდი. ისე კარგად, რომ ფაბრიკული ნაწარმისგან განსხვავება ძალიან ძნელი იყო. დაახლოებით, ათი წლის შემდეგ კი მაღაზიაში მასალა შევიძინე და დავიწყე. არანაირ ტექნიკას არ ვფლობდი და რასაც გონება მკარნახობდა, იმას ვაკეთებდი. ბევრი ნამუშევარი შევქმენი და როდესაც საქართველოში დავბრუნდი, სპეციალისტს ვაჩვენე, რომელიც სამების ნატიფი ხელოვნების სკოლაში საეკლესიო ნაქარგობას ხელმძღვანელობდა. ის გახლავთ დედა თამარი, ერისქალობაში – ეთერ უროტაძე. სწორედ მასთან მივედი ჩემი ნამუშევრებით. გულისყურით შეამოწმა და დანანებით მითხრა: შვილო, რამდენი გიშრომია, მოდი, ქართული გააკეთეო. აღმოჩნდა, რომ არცერთი ჩემი ნამუშევარი არ იყო ქართული, რაც ბუნებრივია, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ყველა ნამუშევარი სლავური და ბერძნული კანონიკით მქონდა შესრულებული. ამის შემდეგ, დავიწყე იმ მიმართულების შესწავლა, რომელიც მირჩიეს, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული აღმოჩნდა. ეს იყო ურთულესი, ძველი ტრადიციული ქართული ნაქარგობა, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოდის. ადრე ეს ნაქარგობა მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ძაფებით სრულდებოდა. სახელწოდებაც აქედან გამომდინარე ეწოდა – ოქრომკედით ქარგვა. ეს იმდენად ძვირად ღირებული ხელსაქმე იყო, რომ მხოლოდ სამეფო კარზე ჰქონდათ შესაბამისი სახელოსნოები და დღევანდელის მსგავსად, მაშინაც ძალიან ცოტა სპეციალისტი არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნეში სახელოსნოები უკვე მონასტრებშიც გაჩნდა. იქ უკვე საეკლესიო ნივთები იქარგებოდა. მონაზვნები ძალიან მაღალ დონეზე ქარგავდნენ გარდამოხსნებს, დაფარნებსა და მღვდლის შესამოსელს, რომელიც მუზეუმებში დღესაცაა შემონახული.

– გასაოცარი ისაა, რომ ამაზე მუშაობა ყოველგვარი ცოდნის გარეშე დაიწყეთ.

– თავიდან – ყოველგვარი ცოდნის გარეშე. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი თვითნასწავლი ხელოვანია, მათ უნიკალური ნამუშევრები აქვთ შექმნილი და ეს ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მე ისე მქონდა შესრულებული პირველი ნამუშევრები, რომ დღემდე ვერ მიუსადაგეს რაიმე ტექნიკა. თუმცა ამის შემდეგ უკვე შევისწავლე ტრადიციული ტექნიკები და ქართული საქმის კეთებას შევუდექი.

– ძირითადად, ეკლესიებისთვის ასრულებთ ნამუშევრებს თუ კერძო პირებისთვისაც?

– იქმნება როგორც საეკლესიო, ასევე საერო დანიშნულების ნივთები. ადრე, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ძალიან ძვირფასი სამოსი მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის იქმნებოდა, შემდეგ დიდგვაროვანთათვისაც და დღეს უკვე იქმნება როგორც საერო ნამუშევრები, ისე საეკლესიო დანიშნულების: გარდამოხსნები, დაფარნები, კრეპსაბმელი, მღვდლის შესამოსელი, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, რამდენიმე მათგანი შემოსილია ხელით ნაქარგი სამოსით და თითოეული ულამაზესია. საერო ცხოვრებაში მე, პირადად, მოქარგული მაქვს გათანამედროვებული ქართული კაბა, ყაბალახები, ჩანთები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები. რამდენჯერმე ფეხსაცმელიც გავაკეთეთ და ძალიან ლამაზი გამოვიდა. თუმცა, ეს საქმე საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამიტომ – რთულად ხელმისაწვდომი. ორი წელია, რაც საერო დანიშნულების ნივთებზე დავიწყე მუშაობა, თუმცა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხელსაქმეა, რომ თუ მას ადამიანი დაეუფლება, ყოველთვის ცდილობს, საეკლესიო თემატიკის ნამუშევარი შექმნას, ტაძარს შესწიროს და დიდი მადლი გადმოვიდეს მასზე. აქამდე მართლაც ასე ვაკეთებდით, მაგრამ როდესაც საერთაშორისო გამოფენებში ჩავერთეთ, აღმოჩნდა, რომ საეკლესიო ნამუშევრებით ყველგან ვერ გავდიოდით და ამიტომ საერო ნამუშევრების შექმნაც დავიწყეთ. ასე გავაცანით ვიზიტორებს ეს მიმართულება.

– გამოფენებში ჩართვამდე პატრიარქთან საინტერესო ისტორია გადაგხდათ…

– პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ მიმართულება, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელსაც ოქრომკედითა და ვერცხლმკედით ქარგვა ჰქვია, ორი საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო და სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე თითქმის 30 წელია, საქართველოში ისწავლება. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია მის მიერ ჩვენი ნამუშევრების მონახულება.როდესაც უკვე დავეუფლეთ ხელობას და სერიოზული ნივთების შექმნა დავიწყეთ, მე მოვქარგე მეჩვიდმეტე საუკუნის ძალიან ძვირფასი სამოსელი და სამების საგამოფენო სივრცეში გამოფენაზე გავიტანე. ეს გამოფენა ყოველთვის პატრიარქის აღსაყდრების წლისთავს ეძღვნებოდა და იყო მომენტები, როდესაც პატრიარქი პატივს დაგვდებდა და გამოფენაზე მობრძანდებოდა ხოლმე. ეს ჩვენთვის დიდი ზეიმი იყო. ყველა ველოდით, როდის დაათვალიერებდა ის ჩვენს ნამუშვრებს. ასე მოხდა მაშინაც. საბედნიეროდ, პატრიარქი გამოფენაზე გვესტუმრა, დაგვლოცა და საჩუქრები გადმოგვცა. ძალიან მინდოდა, მისთვის ჩემ მიერ მოქარგული ძვირფასი სამკლავურები გადამეცა – ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარი იქნებოდა, ჩემი ნამუშევრით პატრიარქი შეიმოსებოდა. როდესაც ჩემს ვიტრინასთან მოვიდა და დავაპირე მისთვის ამის გადაცემა, შეხედა და ძალიან მშვიდი ხმით მითხრა – „ჯერ იყოს, ჯერ იყოს“. რა თქმა უნდა, დავემორჩილე და გავჩერდი, მაგრამ ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ გადავეცი. დიდხანს გამყვა დარდი ამის გამო. დრო გადიოდა და მუშაობას ვაგრძელებდი. კიდევ ბევრი ნამუშევარი შევქმენი და ერთ მშვენიერ დღეს მიწვევა მომივიდა საზღვარგარეთის სამწლიანი პროექტიდან. დიდხანს ვფიქრობდი, გამეგზავნა თუ არა ასე შორს, სხვა ქვეყანაში ჩემი ნამუშევრები. ბოლოს დავთანხმდი და სამი წლის განმავლობაში ამ ნამუშევრებმა 70 ქალაქი მოიარა. მათ შორის იყო ისიც, რომლის გადაცემაც პატრიარქისთვის მინდოდა. როდესაც მათ ვაგზავნიდი, ზუსტად მაშინ გამახსენდა პატრიარქის სიტყვები – „ჯერ იყოს“. ჩვენი პატრიარქი ხომ ყველაფერს ხედავს და მე ვფიქრობ, სწორედ ეს სამწლიანი მოგზაურობა იყო მიზეზი იმისა, რომ პატრიარქმა მაშინ ეს სიტყვები მითხრა. სამი წლის შემდეგ დამიბრუნდა ეს ნამუშევრები და კიდევ ერთხელ გამოიფინა საქართველოში. ვფიქრობ, რომ თავის მისია უკვე შეასრულა და იმედია, ძალიან მალე პატრიარქს გადაეცემა.

– თქვენი ერთ-ერთი ნამუშევარი ტაძარში ინახება და წელიწადში ერთხელ მრევლს მასთან ლოცვის საშუალება აქვს.

– ეს ნამუშევარი არის გარდამოხსნა, რომელიც 2013 წელს შევქმენი და ოჯახის სახელზე შევწირე გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარს თბილისში, საირმის ქუჩაზე. ეს ისეთი საეკლესიო ნამუშევარია, რომ მრევლს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლია მასთან მივიდეს, პირჯვარი გარდაისახოს და ემთხვიოს. ეს არის წითელი პარასკევი. ყოველ წელს ვესწრები გარდამოხსნის გამობრძანებას და ყოველთვის ბოლოს მივდივარ, მაშინ, როცა ყველა გაიკრიფება. თავიდანვე ისეთ ადგილას ვდგები, სადაც თავისუფლად შემიძლია ტირილი. იმ დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შევქმენი. ამდენი ადამიანი დგას მის წინაშე, მუხლს იდრეკენ, ემთხვევაინ და პირჯვარს იწერენ. ეს ძალიან დიდი განცდაა, ენით აღუწერელი და წელიწადში იმ ერთ დღეს ძალიან ამაყი ვარ.

– ხელოვანის ნატურა თქვენში კიდევ ბევრი მიმართულებით ვლინდება…

– გავიარე ქარგვის ყველა მიმართულება, მატყლის დამუშავება, ტიხრული მინანქარი, ძალიან კარგად ვფლობ მოზაიკას და სერიოზული ნამუშევრები მაქვს. თურქული ტრადიციული ხელოვნების მიმართულებებსაც ვფლობ. თურქი ხელოვანებისგან შევისწავლე წყალზე ხატვის ხელოვნება, ოსმალური კალიგრაფია, ქაღალდის მოვარაყება და მინიატურა. თუმცა ჩემთვის პირველ ადგილას ქართული კალიგრაფია დგას. ქართული კალიგრაფიით შესრულებული მაქვს ლეგენდა ბაზალეთზე. ტბა, რომელზედაც აკვანი დევს თექით არის დამუშავებული, აკვანი ოქრომკედითა და ვერცხმკედით მოვქარგე და ძალიან პატარა მარგალიტებით გავაფორმე. საბანზე ამოვქარგე სიტყვები, რომელიც ძალიან უხდება აკვანში მწოლიარე პატარას „იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღე და ღამ დაჰნატრის ჩუმის ნატვრითა ქართველი“. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ანუ, ერთი ლეგენდა შეიქმნა როგორც ოქრომკედით, ასევე, თექით და ჩვენი ქართული, კლასიკური კალიგრაფიით.