გუგული მაღრაძის უცნობი მხარე
– ვინ არის გუგული მაღრაძე?
გუგული მაღრაძე: საქართველოს რიგითი მოქალაქე, კარგი დედა, ბებია, მეგობარი, გაბედული და კარიერაში საკმაოდ წარმატებული.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– პრინციპში, ჩემი პირადი ცხოვრება, როგორიც ახლა ვარ, ჩემს საოცნებო ცხოვრებისგან დიდად არ განსხვავდება. ოღონდ, მინდა, უკეთესი საქართველო: ტერიტორიებაღდგენილი, ეკონომიკურად უფრო გამართული, ნამდვილი დემოკრატიის საშუალო ინდექსის მქონე მაინც. ისეთი ქვეყანა, სადაც მონდომებულ შრომისმოყვარე ადამიანს აქვს ღირსეული ცხოვრება და სადაც ადამიანის დრო და ენერგია უაზრო მოუწესრიგებელ წვრილმანებში არ იხარჯება.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– შარშან ორი მეგობარი გარდამეცვალა, სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ მაშინ ძალიან ვიტირე. ყოველდღიურობაში კი ნაკლებად ხდება ეს ამბავი.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში დიდი ფული მოიგოთ?
– გააჩნია, რაოდენობას. მყავს რამდენიმე გაჭირვებული ახლობელი, ცოტას ხელს წავუკრავდი. რამდენიმე კარგ, მაგრამ შეჭირვებულ სტუდენტს დავეხმარებოდი უცხოეთში სწავლისთვის. დანარჩენით რაიმე ისეთ ფართობს ვიყიდდი, რომ მუდმივი დამატებითი შემოსავალი მქონოდა. ჩემს შვილიშვილებთან ერთად რამდენიმე მოგზაურობას დავგეგმავდი. ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი.
– ხანდახან შეიძლება, ჩემს ახლობლებს ვაწყენინო, ეს ხდება, როცა თითქოს უმიზეზოდ ცუდ ხასიათზე ვარ და ყველაფერი მაღიზიანებს.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– იმდენად პოზიტიურად ვარ საკუთარი თავის მიმართ განწყობილი, რომ ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ცხადია, იქნებოდა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ეტყობა, ჩემი მეხსიერება მიცავს და ასეთი რამ არ შემოინახა.
– მოგიპარავთ რამე?
– წიგნი ბიბლიოთეკაში, უფრო სწორად წამომიღია და შევპირებივარ მოგიტან-მეთქი, მაგრამ არ მიმიტანია. კიდევ პატარაობისას, როცა ხარაგაულში ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდით, ჩემს ბიძაშვილებსა და ადგილობრივ მეგობრებთან ერთად ყურძენი მოვიპარეთ, რაზეც ბაბუამ მაგრად გაგვლანძღა – ყურძენის მეტი რა მაქვსო.
– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?
– პატარ-პატარა ტყუილებს, ცხადია, ვამბობ, მაგალითად, თუ დამაგვიანდა ყველაფერს ტრეფიკს ვაბრალებ, როცა ტრეფიკი არაა ხოლმე. ახლა დავფიქრდი და ახალგაზრდობაში უფრო ხშირად მიწევდა პატარა ტყუილების თქმა, მახსენდება, თუ რაიმე მაგარ ღონისძიებაზე შესვლისას იმაზე მეტი ვიყავით, ვიდრე ბილეთი გვქონდა, ტყუილებით გავდიოდით.
– სახალისო შემთხვევა პაემანზე…
– პაემნებზე ხშირად არ მივლია, ერთი შემთხვევა კი მახსოვს. ერთი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო, ჩემი სტუდენტობის მეგობრის მეგობარი, გოგოებს მოგვწონდა ფეხბურთელები მაშინ და ახლაც მოდაში არიან. ამ ფეხბურთელს ჩემს მეგობართან დავუნახივარ და შემომითვალა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის საწინააღმდეგო მხარეს შევხვდეთ საღამოს 6 თუ 7 საათზეო. მეც გამოვიპრანჭე და მივედი, ცოტა ხნის შემდეგ ჩემი სხვა მეგობრები შემხვდნენ და დამიწყეს ხუმრობა, რაღაც ძალიან გაპრანჭული ხარ, პაემანი გაქვსო, მე მომერიდა და არა-მეთქი, ვუთხარი. სადღაც შემომთავაზეს ერთად წასვლა და წავყევი. ის ბიჭი მოსული ყოფილა და დაინახა რომ მე დემონსტრაციულად წავყევი სხვებს, მაგრად გაბრაზებულა და ჩემი სახელის ხსენებაც არ უნდოდა. როგორც იტყვიან, ასე დავკარგე შესანიშნავი ბედი, მაგრამ მე სულ მწამს, რომ რაც ხდება, ალბათ, ყველაფერი ასეც უნდა იყოს.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– ყველაზე დიდი მარცხი, დღევანდელი გადასახედიდან, არის ჩემი მარცხი წონასთან ბრძოლაში. ვიწყებ კარგად (დიეტები და სხვა) და 1-2 თვის მერე ვეღარ ვუძლებ, ვმარცხდები. თითქმის ყველანაირი მეთოდი მაქვს გამოცდილი, მივყვები განრიგს, ვიკლებ ცოტა-ცოტას, მაგრამ მერე ნებისყოფა აღარ მყოფნის, ჯერ ცოტ-ცოტას ვარღვევ და მერე საერთოდაც ვეღარ ვიცავ. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება უკავშირდება 2012 წლის არჩევნების მოგებას.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რაც ძალიან გესიამოვნათ და ცუდი, რაც გეწყინათ?
– ძალიან მსიამოვნებს, როცა ჩემი ყოფილი სტუდენტები მხვდებიან და მადლობას მეუბნებიან. ასევე, ძალიან მიხარია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების გამო სრულიად უცნობი ადამიანები მიხდიან მადლობას. რაც შეეხება წყენას, პირადად საწყენი არავის უთქვამს, თუმცა, „ფეისბუქზე“ – ადრე უფრო მეტად, მაგრამ ზოგჯერ ახლაც საკმაოდ უსიამოვნო რაღაცებს წერენ ხოლმე ჩემზე (ფეიკები ან გინებები), მაგრამ კარგა ხანია, ჩემზე ეს აღარ მოქმედებს. თუმცა, ჩემს ახლობლებს ჯერ კიდევ უჭირთ ამასთან შეგუება.
– რის კეთება გიყვართ/არ გიყვართ ყველაზე მეტად?
– მიყვარს კითხვა, კარგი მუსიკის მოსმენა კონცერტებზე, ჩემს ოჯახთან ერთად სადმე უცხოეთში ყოფნა, ასევე, მიყვარს, როცა საინტერესო კვლევას დავასრულებ ან კარგ საჯარო ლექციას წავიკითხავ. მეგობრებთან ყოფნა მიყვარს, საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მახალისებს. არ მიყვარს მარტო და ჩუმად ყოფნა და არ მიყვარს, როცა თავს ძალა უნდა დავატანო რაიმეს გასაკეთებლად.
– რას ამბობენ მეგობრები თქვენზე – რის გამო გაკრიტიკებენ და რის გამო გაქებენ?
– მაქებენ, რომ ვარ გულღია, ხალისიანი, მეუბნებიან, შენთან არ მოიწყენო. ჩემთან ურთიერთობა ეადვილებათ, ყოველთვის ვცდილობ, ხასიათი გავუსწორო. მეგობრები თითქმის არ მაკრიტიკებენ. უკვე იმდენი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, რომ ახლა კრიტიკას აზრი აღარ აქვს, რაც ვართ – ვართ. ახლობლები კი ზოგჯერ მაკრიტიკებენ, მეუბნებიან, რომ ცოტა არ იყოს, ეგოცენტრიკი ვარ, ჩემს სურვილებს უფრო ვუწევ ანგარიშს, ვიდრე მათსას და ასე შემდეგ. სერიოზული არაფერი.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ამ მხრივ, მთლად კარგი რესპონდენტი ვერ ვარ. რაიმე დიდი შიში არ მახსენდება. რაღაც შიშები მაქვს, განსაკუთრებით, როცა ოჯახის წევრები სადმე მიემგზავრებიან. სანამ ჩავლენ, მე ძალიან ვნერვიულობ. ასევე, ძალიან უმწეო ვხდები და შიშიც მაქვს, როცა ოჯახის წევრი ავადაა, სრულიად უბრალო რამე რომ იყოს, მაინც.