დავით კვირცხალიას ,,უცნობი მხარე”
– ვინ არის დავით კვირცხალია?
დავით კვირცხალია: კაცი, რომელსაც ძალიან უნდოდა მსახიობობა და მგონი, ვარ კიდეც. მთლად ისეთი არა, როგორიც მინდოდა, მაგრამ იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც სრულყოფილებას ითხოვს, რაც იშვიათობაა და მე არ გამომივიდა… არც ის მინდა, ისეთი ყეყეჩი ვიყო, რომ თავს ვიმშვიდებდე, ვაიმე, რა მაგარი ვარ-მეთქი.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– ტირილი არ მახსოვს, მაგრამ ღამის სამ საათზე მეღვიძება და დილამდე თვალს ვეღარ ვხუჭავ, ეს ემოციების, საფიქრალის ბრალია. ასაკს ასე სცოდნია. რაც დრო გადის, რთულდება სცხოვრება. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც საკმაოდ კარგი პერიოდი მქონდა თეატრში. სულ ახალგაზრდა მოვხვდი რუსთაველის თეატრში. როლებს მაძლევდნენ, რასაც წარმატებები მოჰყვა – პოპულარული ხდები, ქუჩაში გცნობენ, ახლობლები გაღიარებენ, გულშემატკივარს უყვარხარ. იყო ასეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და მაშინ, მახსოვს სულ კარგ ხასიათზე ვიყავი, სულ ვიცინოდი. ახლა ჩემს თავს ვიჭერ, რომ უკვე აღარ მეცინება, ძველებურად გულით ვეღარ ვიცინი. ასაკში ფიქრს სხვა რამეებზე იწყებ და ეს ფიქრები უფრო მეტად სევდიანია. დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე ადამიანი გარკვეულ გზას გადის. თვითონ უნდა ვეცადოთ, ეს გზა გავილამაზოთ. ღმერთმა გაგვაჩინა თავის მსგავსად და ასეთი საოცარი სამყარო მოგვცა, მაგრამ თუ მასში შენი ადგილი სწორად ვერ განსაზღვრე, თუ არასწორი ნაბიჯები გადადგი, დაგისხლტება ეს ცხოვრება ხელიდან. ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ სიმპათიას იწვევდნენ ისინი, ვინც ასეთ საკითხებზე ფიქრობდნენ და მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ პოპულარობას. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა პოპულარობა, მაგრამ მარტო ამ მიზნისთვის ცხოვრება არასწორი მგონია. თუ პოპულარობაა, ისიც შენ მიერ ზედმიწევნით კარგად გაკეთებულმა საქმემ უნდა მოგიტანოს, მაშინ არის ეს სასიამოვნო. არ იფიქროთ, ჩემს თავზე ვამბობ, ზოგადად ვსაუბრობ.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონი მოიგოთ?
– ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, მილიონამდე არც დამითვლია (იცინის). მით უმეტეს, არასდროს წარმომიდგენია, რომ შეიძლებოდა ამდენი ფული მქონოდა, ამიტომ ამ კითხვაზე მზა პასუხი არ მაქვს. ალბათ, ყველაზე დიდი მადლი ბავშვების დახმარება იქნებოდა. თვალცრემლიანი ბავშვის დანახვა გულისშემძვრელია. მოხუცებიც ძალიან უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე. მათ უკან უფრო გრძელი გზა დარჩათ, ვიდრე წინ ელოდებათ და თუ შევძლებთ, პატარა ზღაპარი მოვუწყოთ, ამას რა ჯობია?!
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რასაც ნანობთ, არის…
– ალბათ, ბევრი დავაკელი ჩემს პროფესიას. არ მოვექეცი ისე, როგორც იმსახურებდა. ახალგაზრდობაში ბევრი დრო გავფლანგე. ახლა ბევრ რამეს ვაანალიზებ და ვხვდები, რომ ხშირად მორცხვიც ვიყავი, ზარმაციც და მხდალიც. ეს პროფესია ვერ იტანს ამ თვისებებს. წინ სიარულის ხშირად მომრიდებია, შემშინებია. ასეთები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვინმე დამეჩაგროს, რამე ცუდი გამეკეთებინოს სხვისთვის ან ბარიერები შემექნას, ასეთი რამ – არა.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რაც თავს გადაგხდენიათ?
– მსახიობის პროფესია გაუთავებელი გამოცდებია. ყოველი ახალი როლით ამტკიცებ, რომ შენ შეგიძლია. ბევრჯერ შეგემთხვევა უხერხულობაც, მაგრამ შეიძლება გაპატიოს მაყურებელმა. შეიძლება პირიქით, რომ გგონია, ყველაფერი გააკეთე და ახალი გვირგვინები უნდა დაიდგა, მაშინ მიხვდები, თურმე არ ყოფილა ასე.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– როგორ არა, მაგრამ ეს არ იყო ჩემი მანიაკალური მიდრეკილება. რაღაც ამიღია, ვფიქრობდი, რომ ვერ შეამჩნევდნენ, მაგრამ ჩემი მშობლები შეურიგებლები იყვნენ ამ საკითხთან მიმართებაში და ყოფილა შემთხვევა, როცა უკან დამაბრუნებინეს. მამაჩემმა მიმიყვანა იმ ოჯახში, საიდანაც დაუკითხავად ფირსაკრავის ფირფიტა წამოვიღე და ბოდიში მომახდევინა. სახლშიც არ ვიყავით მოსულები, როცა შეამჩნია, რომ ეს ჩავიდინე, იმ დღეს უკან დაბრუნება უკვე გვიანი იყო, სხვა ქალაქში ვიყავით სტუმრად, მაგრამ მეორე დილა გათენდა თუ არა, წამიყვანა და დამაბრუნებინა. მას შემდეგ ჩემს თავს ავუკრძალე მსგავსი რამ. უზარმაზარი გაკვეთილი მივიღე მამისგან. შეიძლება, უნებურად რამე შემრჩენია, მაგრამ სიხარბით არავისგან არაფერი ამიღია.
– სახალისო შემთხვევა პაემანზე…
– ყველა შემდგარი პაემანი უკვე სახალისოა (იცინის). თუმცა, მე ვეთანხმები დიდ გენიოსს, სიყვარულსა მალვა უნდაო, რომ ამბობს და არ მოგიყვებით (იცინის). საერთოდ, თუ არ გიყვარს, უბედური ხარ, თუ გიყვარს – ბედნიერი. როცა სიყვარულით ხარ შეპყრობილი შენი გული სიხარულითაა სავსე. ბევრჯერ გგონია, რომ გიყვარს და იმ მომენტში ამ შეგრძნების გამო ბედნიერებისგან დაფრინავ. მერე უცებ რაღაცები იცვლება ცხოვრებაში. ყოველთვის ისე არ გრძელდება, როგორც იმწუთას წარმოგიდგენია, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. შანსი არაერთხელ მოდის. ცხოვრება ეგეთია, მაგრამ ცხოვრებაზე კარგი, მაინც არაფერია.
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?
– მე არ ვარ მხედართმთავარი, რომ ვინმეს მიმართ ჩემი სისასტიკე გამოვავლინო და საჭიროების შემთხვევაში, სადამსჯელო ღონისძიებებს მივმართო, მაგრამ ვფიქრობ, ამას შეუგუებელი ვარ ბევრი ჩემი ნაცნობის მიმართ, რომლებიც ზოგჯერ იმაზე ბევრად მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე იციან. კაცმა მხოლოდ იმაზე უნდა ილაპარაკოს, რაც კარგად იცის. ზოგს რაღაც პოზა აქვს არჩეული ცხოვრებაში, რაღაც ნიღაბი უკეთია. მე მაღიზიანებს, ადამიანს რომ რაღაც იარლიყები აქვს მიკერებული ან იმ ნიღბებს ატარებს, რომელიც იმ სიტუაციაში საკუთარ თავს მოუძებნა. თუნდაც ის, რომ მაგალითად, ჩაცმის ხარჯზე უნდა საზოგადოებაში გასვლა. რა თქმა უნდა, ჩაცმაც უნდა შეგეძლოს და ყველაფერი, მაგრამ მარტო ამის იმედად ნუ იქნები, შენს თავზეც იმუშავე ცოტა. ასეთები რომ სხვას მოძღვრავენ, ამაზე ძალიან მეშლება ნერვები. მათთვის შეურიგებელი ვარ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერი ვიცი და ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა გააწყალა გული ამ კაცმა, რამდენს ლაპარაკობსო, მაგრამ რაკი მეკითხებით, მე ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე გულწრფელად გპასუხობთ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– მარცხზე თითქმის გელაპარაკეთ. უკეთესად შემეძლო ქულების დაგროვება ჩემს პროფესიაში. ბევრი შანსი მქონდა და არ გამოვიყენე, ამას კარგად ვგრძნობ. წარმატებად მიმაჩნია ის, რომ სწორად ვიცხოვრე. ბოდიში, შეიძლება ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ მე ასე მგონია. არავისთვის შემიქმნია ბარიერი ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა დიდ კონკურენციას მოიაზრებს, ძალიან მიხარია ყველას წარმატება. არც მყავს მოძულეები, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე ვერ მიტანდეს. არ იფიქროთ, რომ ვტრაბახობ, ეს ჩემი მოკრძალებული შეხედულებებია.
– ყოფითი საქმეებიდან რის კეთება გიყვართ და რის – არა?
– ხშირად მიცდია თავი კულინარიაში. ახალი არაფერი მომიგონია, მაგრამ შემიძლია, მარტო ვიყო და არ დავიჩაგრო, ანუ, საკუთარ თავს თვითონ მოვუარო. მყავს მეგობრები, რომლებიც ჩაისაც ვერ იკეთებენ დამოუკიდებლად. მე კერძების გაკეთება შემიძლია და ხშირად ჩემი გაკეთებული უფრო გემრიელია, ვიდრე სხვისი. სხვის გაკეთებულს, ჩემი მირჩევნია (იცინის). ჩხირკედელობაც გამომდის. საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთებაც შემიძლია და ჩემს სახლში ონკანი იშვიათად წვეთავს.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
– 2008 წელს. ძალიან შემეშინდა, როდესაც თავს აგრესორები დაგვესხნენ. სარკინიგზო ხიდის აფეთქების დროს, ჩემი ქალიშვილი აჭარიდან მოდიოდა მანქანით მარტო და სანამ ჩამოვიდა, ძალიან ვინერვიულე. ამაზე დიდი განცდა არ ვიცი. თავდახრილი ვევედრებოდი ღმერთს, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრებულიყო. ღმერთმა ქნას, ასეთი რამ არასდროს განმეორდეს ჩემს ქვეყანაში.
– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც შეჯახებიხართ…
– არასდროს ვეძებდი მტერს, რომელსაც გავუსწორდებოდი, მაგრამ საერთოდ, უსამართლობებით სავსეა ქვეყანა. მე ისეთ ეპოქაში დავიბადე, სადაც ყველაფერში უსამართლობა იყო. უსამართლობაა დღეს, რაც უკრაინაში ხდება, უსამართლობაა ამდენი დაღუპული ადამიანი. ძალიან კარგად არჩევენ მტერს და მოყვარეს, მაგრამ უსამართლოდ დგანან გარკვეულ მხარეს ქულების ჩასაწერად. უსამართლობა ბევრგანაა და ბევრია, ალბათ, მეც მისი ნაწილი ვარ, არ ვიქნები გამონაკლისი.
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– ჩემდა სამწუხაროდ, უკვე ბევრი წელი დავაგროვე (იცინის). ხშირად გავიგონებ ხოლმე, რა ყოფილა ეს სიბერე, „ტკბილი სიბერე“ ტყუილი ყოფილაო. როდესაც სისუსტე მატულობს, კარგი ხასიათი იკლებს, ტკივილები იმატებს, მართლაც, თითქოს, რა არის ამაში კარგი?! ამიტომ მინდა, ისე დავამთავრო ცხოვრება, რომ ეს ყველაფერი ჩემგან შორს იყოს. არ მინდა, ლოგინად ჩავვარდე და სხვაც გავაწვალო ჩემი მოვლა-პატრონობით. მინდა, უცებ წავიდე და დალოცვილი დავტოვო ჩემი ქვეყანა.