“სამჯერ მომიტაცა ერთმა ბიჭმა და ბოლოს, დავრჩი, ითვლებოდა, რომ მისი მეუღლე ვიყავი, თუმცა მის გვერდით საწოლში ერთი წამიც არ გამიტარებია”

569

მაკო კობერიძის ცხოვრების ისტორია ნამდვილ დრამას, თან, ბესტსელერს და თან, კონკიას ზღაპარს ჰგავს. სიყვარულსა და სითბოში გაზრდილი ბავშვი, დედის გარდაცვალების შემდეგ, დედინაცვლის ხელში აღმოჩნდა და სწორედ დედინაცვლის დისგან მწარე სიმართლის გაგების მერე, რომ ის მშობლების ბიოლოგიური შვილი არ იყო, დაიწყო მის ცხოვრებაში რთული დღეები. მას მოჰყვა გათხოვება მამაკაცზე, რომელიც მასზე ძალადობდა, შემდეგ კარიერული ზრდა და ისევ საყვარელი მამაკაცი, რომელსაც დაშორდა. მისი ფოტოები ჟურნალ „ფლეიბოის“ ყდაზეც გამოჩნდა, ფილმშიც გადაიღეს, სადაც ეროტიკული სცენები შეასრულა და ამას მოჰყვა საკმაოდ რთული პეიროდი, როცა საზოგადოებაში არ ჩანდა.

მაკო კობერიძე: საოცარმა ადამიანებმა აღმზარდეს, ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ ზედმეტად განათლებულები, დახვეწილები, თბილები და საყვარლები. არასოდეს მოუხვევიათ ჩემთვის თავიანთი სურვილები, სრულ იდილიაში მზრდიდნენ და მეც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. 3 წლის ვიყავი, როცა დედა მძიმე სენით გახდა ავად. მამას ყოველდღე დავყავდი კლინიკაში და იმ პერიოდშიც და მერეც მამა იყო ჩემი დედაც, მამაც, მეგობარიც, დაც და ძმაც. დედის დაავადების გამო მამამ ყველაფერი გაყიდა და დეიდასთან ვცხოვრობდით. დედა რომ გარდაიცვალა, ექვსი წლის ვიყავი.

– მამა აღარ დაქორწინებულა?

– დიდი ხანი არა, თუმცა მერე, იძულებული გახდა, დაქორწინებულიყო. მარტო ვეღარ ახერხებდა ოჯახური საქმეების გამკლავებას, ბებოსა და ჩემს მოვლას, ოთხ სამსახურში სიარულს, სახლის საქმეებს. შეირთო ცოლი და აქ დაიწყო ჩემი მენტალური პროტესტი. იყო ეჭვიანობაც, ეგოიზმიც ჩემი მხრიდან. დედასთან ვაიგივებდი და აბსოლუტურად არ ჰგავდა დედას. თან, იმ ქალბატონის ოჯახს არ ვუყვარდი, ორგანულად ვერ მიტანდნენ, თუმცა, ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. მაგრამ როცა ჩვენთან მოდიოდნენ, მე ამას ვგრძნობდი.

– როდის გაიგე, რომ დედა და მამა, შენი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ?

– თხუთმეტი წლის ასაკში, როცა ღრმა, მძაფრი ემოციური პერიოდი მქონდა. დედინაცვლის და იმყოფებოდა ჩვენთან სტუმრად და მკითხა: რომ გაიგო, გყავს ძმები ან დები, რას იზამო. ვუპასუხე: მე არც და მყავს და არც ძმა-მეთქი. აი, მაშინ მითხრა: შენ გყავს ძმები და ისინი ცხოვრობენ თბილისში, ამა და ამ ადგილას და შენ ხარ ნაშვილებიო. როგორც შემდგომ გავიგე, ჩემი გაშვილება და შვილად აყვანა შეთანხმებულად მომხდარა. ეს ყველამ იცოდა, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური დედა, ბებია, მაგრამ მე არ მეუბნებოდნენ. ბიოლოგიური დედა პატარა ასაკის გოგონა ყოფილა, რომელიც შეყვარებულისგან დაფეხმძიმებულა. დედამისი, ანუ ბებიაჩემი, მაშინ მაღალ ეშელონებში მსახურობდა და არ დაუშვა, მის 16 წლის შვილს ჰყოლოდა ბავშვი კაცისგან, რომელთანაც არ იყო კანონიერ ქორწინებაში.

თინეიჯერობის ასაკში, როცა ჩემს სულში პროტესტი დუღდა, სწორედ ამ დროს მითხრა იმ ქალმა, აყვანილი ხარო. ეს იყო ტრაგედია და სტრესი. სანამ მამა სამსახურიდან მოვიდოდა, დეიდებთან წავედი. მათ რომ ვკითხე, ხმა არ ამოუღიათ, წამომყვნენ სახლში და მამა რომ მოვიდა, მათთან ერთად ვკითხე: გავიგე, რომ თურმე სხვა ადამიანის შვილი ვარ, შენიანებს რომ არ ვუყვარდი, მეგონა, ეს იმის გამო იყო, რომ დედიკო არ უყვარდათ და მეც ამიტომ მექცეოდნენ ასე-მეთქი… მამას თვალები აუცრემლდა, თავი დახარა და მითხრა: მერჩივნა, ჩემგან გაგეგო სიმართლე, მაგრამ ეს ვერ შევძელიო.

– ამის შემდეგ, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება? გაგიჩნდა ბიოლოგიური დედის ნახვისა და გაცნობის სურვილი?

– იმ პერიოდში ხაშურში ვცხოვრობდით ბებიასთან, ავად იყო. 15 წლის ასაკში, ერთ დღესაც, არავისთვის არ მითქვამს, სამი ლარი მქონდა და ბიოლოგიური დედის სანახავად მატარებლით დავბრუნდი დედაქალაქში. თუმცა, მისი ნახვა ადვილი არ აღმოჩნდა. ბიოლოგიური დედის მისამართი გავიგე, გავარკვიე, რომ კანონიერ ქურდზე გათხოვილა, რომელიც უკვე ათი წლის გარდაცვლილი იყო და მყავდა ორი ძმა. მივედი პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში და დედაჩემის დედამთილმა რომ დამინახა, ადგილზე გაშეშდა – თურმე, საოცრად ვგავდი ბიოლოგიურ დედას. ვკითეხ, ასეთი სახელისა და გვარის ქალი აქ ცხოვრობს-მეთქი? თითქოს მეხი დაეცაო, ამ სახელის გაგონებაზე, წამოენთო და სახეში გამარტყა: მაგ გათახსირებულის სახელს აქ ნუ ახსენებ, გაეთრიე აქედანო. თურმე, ჩემი ბიოლოგიური დედა ქმრის სიკვდილის მერე დედამთილს გაუგდია და შვილებიც წაურთმევია, ანუ დედობა ჩამოურთმევიათ. ჩემს ძმას სკოლაში მივაკითხე, თუმცა, დირექტორი გაფრთხილებული ყოფილა და ზუსტად ხუთ წუთში, ბიძამისი გაჩნდა და ყვირილით გამომეკიდა.

– ბიოლოგიური დედის მისამართს ვერ მიაკვლიე?

– წლები რომ გავიდა. ჩემი დიზაინერი აღმოჩნდა ჩემი ალალი ბიძაშვილი. „ფეშენ ვიქის“ ჩვენებაზე გამოვდიოდი და რომ გავიგე, ჩემი დიზაინერის გვარი, ჩემი ბიოლოგიური დედის მოგვარე აღმოჩნდა და თან, მისი ძმისშვილი. ამ გოგოსგან გავიგე, რომ ვინაიდან პირველი ოჯახი ავიწროებდა, დედობის უფლებაჩამორთმეული და შვილებს ჩამოშორებული თურქეთში გაქცეულა სტამბოლში. ერთი სიტყვით, არც ძმებმა მოინდომეს ჩემი ნახვა და გაცნობა და არც დედამ. ბიოლოგიურმა დეიდამ და დეიდაშვილმა მოისურვეს ჩემთან ურთიერთობა და იმათაც გამომიყენეს, რადგან მაშინ უკვე ყველაფერი მქონდა – სახლი, კარი, კარიერა, მანქანა, ფული… სიმართლე გითხრათ, ბიოლოგიურ დედაზე აღარც კი ვფიქრობდი, რომელიც ერთხელაც არ დაინტერესდა, შვილი ენახა და ჩახუტებოდა. მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, დღემდე არ მითხრა ბიოლოგიური მამის ვინაობა.

– სამწუხაროა, რომ ამდენი მცდელობის მერე ბიოლოგიურმა დედამ მაინც არ მოინდომა შენი გაცნობა. მაკო, რამდენი წლის ასაკში გათხოვდი?

– 15 წლის ასაკში, ხაშურში მომიტაცეს. არც მე დავრჩი და არც ჩემმა ოჯახმა დამტოვა. მერე კიდევ სამჯერ მომიტაცა ერთმა ბიჭმა და ბოლოს, დავრჩი. ითვლებოდა, რომ მისი მეუღლე ვიყავი, თუმცა მის გვერდით საწოლში ერთი წამიც არ გამიტარებია. იმიტომ არ წამოვედი მისგან, რომ ეს ერთგვარი პროტესტი იყო ჩემგან, რადგან სახლში არ მინდოდა დაბრუნება. თან, მინდოდა გათხოვილი გოგოს სტატუსი მქონოდა, რათა თავისუფლება ადვილად მომეპოვებინა. მისგან სამი თვის მერე წამოვედი. მაშინ გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი და თბილისში ბიოლოგიური დედის ძებნა დავიწყე. წლების მერე, 19 წლის ასაკში ჩემი შვილის მამას გავყევი ცოლად. ეს ის პერიოდი იყო, როცა „ფლეიბოის“ გადაღებები მქონდა და დათუნას მამამ ყველა ჩემს თაყვანისმცემელ მამაკაცს აჯობა, ყველაფერი გააკეთა და ცოლად მომიყვანა.

მიყვარდა, ვუყვარდი. მასთან ქორწინებას არ ვაპირებდი, თუმცა დათუნაზე დავრჩი ფეხმძიმედ. გათხოვებას იმიტომ არ ვგეგმავდი, რომ ბევრი იყო ჩემით დაინტერესებული, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაღალი ეშელონებიდანაც კი, საჩუქრებით მანებივრებდნენ და მე დედოფალივით ვცხოვრობდი, თუმცა არავის ვიკარებდი.

– მაკო, თქვი, ფილმებში გადამიღესო. შოთა კალანდაძის ფილმებს გულისხმობ? როგორც ვიცი, ამის გამო პრობლემები შეგექმნა…

– დიახ. შოთა კალანდაძემ სიცრუით, მოტყუებით ხიბლში ჩამაგდო და გადასაღებად მიმიწვია თავის ფილმში, რომელსაც „გორგონა მედუზები“ ჰქვია. მან ამიხსნა, რომ ეს გერმანიიდან იყო დაკვეთილი და იქ გავიდოდა. თუმცა ფილმი მახინჯ ეროტიკად აქცია და ყველას დიდი ლაქა მოგვცხო. ბოლო წუთას შემიცვალა მსახიობი და რომ მივედი ბოლო სცენის გადასაღებად, სადაც ეროტიკული სცენა უნდა მეთამაშა, გადასაღებ მოედანზე ორი წყვილი, ქალი და ბიჭი დამახვედრა – სცენა ორგიად გადააქცია. სხვათა შორის, ამ ფილმში ბევრი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი თამაშობდა. შოთამ ისე გაყიდა ეს ფილმი, არავინ ვიცოდით, არ უთქვამს ჩვენთვის და ერთი წლის მერე, კინო „ამირანთან“ რომ ჩავიარე, შემთხვევით დავინახე აფიშაზე ჩემი თავი. მქონდა მკაცრი რეაქცია. თან, მაშინ სერიოზულ ადამიანზე ვიყავი შეყვარებული. ჩემს გავლენიან მეგობრებს ვთხოვე დახმარება და ამ ფილმის ჩვენება შეწყდა.

ლეგენდა მხატვარმა, ედმუნდ კალანდაძემ, 89 წლის ასაკში გამოაცხადა მზაობა, რომ დაეხატა შიშველი ქალის ნატურმორტი და ეს ქალი ვიყავი მე. ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება, რადგან ლეგენდა ადამიანის ნატურობა არ არის სირცხვილი, პირიქით, ეს არის გამიზნული სიამაყის თანხმობა, ლეგენდა ადამიანის მუზა ვიყავი და ამ ფილმსაც შოთა კალანდაძე იღებდა და ასეც დაერქვა „მხატვრის მუზა“. უამრავი ტელევიზია აშუქებდა ამ გადაღებას. ამ ფილმის გადაღებიდან გავიდა ათწლეული. როდესაც ბატონმა ედმუნდმა ნახატი დაასრულა, მიაწერა: „სახსოვრად მაკოს ენდმუნდ კალანდაძისგან“. შოთას ეს ნახატი შანტაჟით, ძიძგილაობით გამოვგლიჯე.

– კი მაგრამ, თუ შენ გაჩუქა, შოთასთან როგორ მოხვდა?

– შოთამ იცოდა, იმის გამო, რომ ჩემი ფილმი უკონტრაქტოდ გაყიდა, ჩივილს ვაპირებდი და ედმუნდს უთხრა, ნახატს მე მივცემ მაკოსო და სახლში წამოიღო, ფაქტობრივად, მოიპარა. შავი ფანქრით მ ასო შ-დ გადააკეთა და მაკოს მაგივრად, გამოვიდა შაკო. ეს სამხარაულის ექსპერტიზამ დაამტკიცა და თუ საჭირო გახდა, კიდევ ჩავუტარებ ექსპერტიზას. მოკლედ, მივედი მასთან სახლში მეგობრებთან ერთად და მკაცრი ტონით მოვთხოვე სურათი. ხელში ეჭირა ტელეფონი, რომელიც უფრო დიქტოფონს ჰგავდა და მითხრა: მე ახლა ხელს დავაჭერ ღილაკს და შენ თქვი: რაც გინდა, ის უქენი ჩემს პირველ ფილმს, მე შენ არ გიჩივლებ, ოღონდ ჩემი ნახატი მომეცი და ამ შემთხვევაში გადმოგცემო. იცოდა, რომ ეს ნახატი ჩემთვის ძვირფასი იყო. დავთანხმდი. რასაკვირველია, ეს იყო შანტაჟი, მაგრამ დავთანხმდი. მომაწოდა ჩემი პორტრეტი, წამოვიღე და უკვე თხუთმეტი წელია, ჩემს სახლში კიდია. ეს მოხდა 2012 წელს. გადის ათი წელი, მირეკავს მეგობარი და მეუნება: მაკო, შენ თუ პორნოვარსკვლავი ხარ, რატომ ცხოვრობ ასეთ გაჭირვებაში, როცა შენი ფული სხვის ჯიბეში მიდის? გამეცინა და ვუპასუხე: კარგი რა, ადრეც წერდნენ ჩემზე, რომ პირველი პორნოვარსკვლავი ვარ საქართველოში-მეთქი. მითხრა: მაკო, მე არ გეხუმრები, სასწრაფოდ ჩართე მსოფლიო პორნო საიტი „იქს იქს პორნო ქომ“ და ნახავო. მართლაც, თურმე, ხუთი წლის განმავლობაში, ასი ათასობით ნახვა აქვს ჩემს ფილმებს, იმ კონკრეტულ მონაკვეთებს, რომელიც ფილმში ვერ მოხვდა. ანუ ის სცენებიც კი გაყიდული აქვს, რომელიც შავ მასალად ითვლებოდა.

– ანუ, შენ ხელს ადებ შოთა კალანდაძეს?

– მე ხელს არავის ვადებ. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ის ადამიანი, ვისაც შავი მასალა გააჩნდა. შავი მასალა კი შოთას ჰქონდა, თუმცა ჯერ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ამას ვერ ვიტყვი.

– ესე იგი, სასამართლოში სარჩელი შეიტანე?

– რა თქმა უნდა! ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. ვითხოვ იმას, რასაც ამდენი წელი ვაყურადებდი. ვცხოვრობ უკიდურეს გაჭირვებაში, ქირით, თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი. ჩემი შელახული რეპუტაცია აუცილებლად უნდა აღვიდგინო და იმის გამო, რომ უფლებები დაარღვიეს, ბინძურად გადამიარეს, მორალურ და მატერიალურ კომპენსაციას ვითხოვ. ვითხოვ, რაც მე მეკუთვნის – ჩემი უფლებების პაკეტს, რომელიც ბინძურად დაარღვიეს. იპოვონ დამნაშავე პირი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა. რვა წლის განმავლობაში დავკარგე ყველაფერი, რაც გამაჩნდა – ქონება, ბიზნესი, ბინა, დამენგრა ოჯახი და ჩავვარდი მძიმე დეპრესიაში. კარზე ქონების წასმით დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები, ვერ ვმეტყველებდი, ვიყავი არაადეკვატური, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ერთი თვე ალკოჰოლდამოკიდებული გავხდი, გავსივდი. ამ ჩემი მენტალური დარღვევების გამო, შემიჩერდა პიროვნული ზრდა. სამწუხაროდ, ტელევიზიებმა, ჩემი ეს მენტალური არჯანსაღი მდგომარეობა, თავის სასიკეთოდ გამოიყენეს. ვერ ვაზროვნებდი და თითქოს შურისსაძიებლად, ჩემი ყოფილი დედამთილ-მამამთილის გამო, არაადეკვატურად ვიქცეოდი.

– როგორ გამოხვედი ამ მდგომარეობიდან?

– ჩემი მეგობრები მიწვდიდნენ დახმარების ხელს და ჩემი მეორე მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელი დაშორებული ვიყავით, ყველასგან დაფარულად მეხმარებოდა. სასიკვდილო ჯადო მქონდა გაკეთებული, ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი ვიწვალე. გასულ წელს, ორ იანვარს, ვიპოვეთ მე და ჩემმა შვილმა ქუჩის შავი ფისო და შემოვიყვანეთ სახლში. თან, სამი მეგობარი, რომელიც სულ ჩემ გვერდით იყვნენ, მოდიოდნენ და მეჩიჩინებოდნენ, როდემდე უნდა იყო ასეო. ბედობა დღეს, ფისომ და მეგობრებმა მაიძულეს, ავმდგარიყავი და ისევ დამეწყო აკტიური ცხოვრება. უკვე ორი წელია, აქტიური ვარ, თავის მოვლა და ადეკვატური მსჯელობა და გააზრება დავიწყე. მივხვდი, რომ შვილი მყავს, მისთვის უნდა ვიბრძოლო. უფალმა მომცა ცხოვრების თვიდან დაწყების შანსი, შესაძლებლობა, ვიყო ქალი, დედა. ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილს, როცა მე მე არ ვიყავი, პიროვნებაშეჩერებული დედა რომ ვიყავი და ახლა აუცილებლად გავაქტიურდები. ფაქტობრივად, მეათასედ დავიბადე და ეს ჩემი ბოლო დაბადება არაა, წინ კიდევ მაქვს სიურპრიზები. ჩემი ცხოვრება არის ყველაზე დიდი ბესტსელერი, რაც კი შეიძლება, ადამიანებს ფილმებში ჰქონდეთ ნანახი, ზღაპრებში წაკითხული ან მოსმენილი.