“წლები ვცხოვრობდი შიშით, რომ ნებისმიერ წამს ხელიდან გამომეცლებოდა”

423

მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა 2022 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში შექსპირის ,,მაკბეტში” ლედი მაკბეტის როლი ითამაშა. პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა. ამასთან ერთად, მაკა კიდევ ორ თეატრშია დაკავებული – ბათუმისა და გორის.

როგორც ამბობენ, ჭირი და ლხინი განუყოფელია. მსახიობს რამდენიმე თვის წინ  ტკივილიანი დანაკარგი ჰქონდა – შემოდგომაზე მამა გარდაეცვალა, რომელიც წლების განმავლობაში ავადმყოფობდა და მისი ჯანმრთელობა მაკას მთავარი საზრუნავი იყო. წარმატებასა და ტკივილზე მაკა ,,სარკეს” ესაუბრა:

– ჩემი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად – ცხოვრება მამასთან ერთად და მამის გარეშე. წლები მუდმივად ვმკურნალობ-დით. ვერ ვიტყვი, რომ არ ვიცოდი, ადრე თუ გვიან ასე რომ დასრულდებოდა და მაინც ფაქტის წინაშე დადგომა საშინელება ყოფილა.

ამ განცდას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას განიცდიან შვილები, ვისაც მშობელი უკვდებათ. მეც მივსულვარ მათთან, მითქვამს სანუგეშო სიტყვები, მწუხარებაც გამიზიარებია, მაგრამ განცდის სიმძაფრეს თურმე ვერ ჩავწვდომივარ. მამაჩემის ამქვეყნიდან წასვლამ განმაცდევინა სიკვდილის სიღრმე და დამანახა მისი გარდაუვალობა. მე პაპა და ბებო გარდაცვლილები მყავს, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ვიტირე, განვიცადე, მაგრამ მალე გამიარა. მშობლის წასვლას სხვა სიმწარე ახლავს.

შეიძლება ცოტა უცნაური რამ ვთქვა – წლები ვცხოვრობდი შიშით. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ხელიდან გამომცლოდა, მუდმივად ექიმებთან დავდიოდით. მამა კეთილზე კეთილი ადამიანი იყო და უფალმა კარგა ხანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. მისი დიაგნოზით ადამიანები ამდენ ხანს ვერ ცოცხლობენ. ალბათ განიცადა ის ექვსწამიანი შოკი, რასაც განიცდიან ადამიანები გარდაცვალების ჟამს, მაგრამ შემდეგ მისმა ნატანჯმა სულმა დაისვენა.

ერთი მხრივ, საშინელ გულისტკივილს განვიცდი და პირმოუკრავი იარა მაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, მშვიდადაც ვარ, რადგან დამთავრდა მისი ტანჯვა. ვსწავლობ ცხოვრებას მამის გარეშე და ვცდილობ, დედას გადავატანინო მწუხარება…

სანამ მამა ცოცხალი იყო, ყველაფერი გადადებული მქონდა – მატერიალური პრობლემები, საყოფაცხოვრებო პირობები. მხოლოდ მამის სიცოცხლე იყო პირველი საზრუნავი. ახლა კი აუცილებლად ვიფიქრებ პრობლემების მოგვარებაზე და ყველაფერი გამომივა.

– მშობლები მიდიან, სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გარშემო რჩებიან ახლობლები, ვინც გვიადვილებს ყოფას და ვისთვისაც ღირს ცხოვრება. თქვენთვის ასეთი არის თქვენი ქალიშვილი თინანო. მასზე გვიამბეთ.

– თინათინი ძალიან დამოუკიდებელი, გაწონასწორებული, ჭკვიანი გოგოა. ზოდიაქოთი სასწორია, ამართლებს თავის ნიშანს. ნამდვილად მაქვს მისი იმედი. როგორც კარგი მეგობარი, გონებადამჯდარი, ზრდასრული ადამიანი, ისე მიდგას გვერდით. ვენდობი ყველაფერში.

– არასდროს საუბრობთ პირად ცხოვრებაზე, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრეთ თქვენს მეორე ქორწინებაზე, ქმარზე… იქნებ ჩვენს ჟურნალთან გატეხოთ ნავსი.

– არა, არც ერთი სიტყვის თქმას არ ვაპირებ. ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, ბედნიერი ვარ და საუბარი საჭირო არ არის

მინდა, წელს ერთი ოცნება ავისრულო – გავაკეთო პოეზიის საღამო სხვადასხვა პოეტების შემოქმედებიდან, შემდეგ საქართველოს ყველა რაიონში ჩავიდე, მერე კი, მინდა, სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს ვეწვიო და მოვეფერო.

ვისურვებ, სადაც უნდა ვიყოთ, რა მწვერვალიც უნდა დავიპყროთ, არასდროს დაგვავიწყდეს ჩვენი სამშობლო და უპირველესად მისი სადიდებელი შევსვათ. შემდეგ კი ყველა კეთილი სურვილის შესრულებისა იყოს, რაზეც ადამიანები ოცნებობენ!

,,არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო,

არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე,

მიზეზის, სხვისა და სხვისა გამო,

გთხოვ, არ იფიქრო მხოლოდ ღელვაზე.

არ დაგავიწყდეს ტალღა, ლიანა,

გეტყვი, თუ გული ჩემი დამიწდეს,

არ დაგავიწყდეს ჩვენი ქვეყანა,

ყველაფერი რომ გადაგავიწყდეს!”

გალაკტიონი