ბაბი კირკიტაძის დედა ოჯახურ ურთიერთობებზე – ”უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა”

319

ბაბი კირკიტაძე 19 წლის იყო, როცა პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე. პუტკუნა, ჟღალთმიანი, მხიარული გოგონა, ფართო ღიმილით მალევე შეამჩნია და დაიმახსოვრა მაყურებელმა. წლებთან ერთად ბაბიც შეიცვალა, ცოტა დაიკლო, უფრო მომხიბლავი და ქალური გახდა. თავისი მუსიკალური მონაცემები “ღამის შოუს” ბენდში გამოავლინა, “პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემის წამყვანობით მისი პოპულარობა გაიზარდა, შემდეგ კი ,,იმედის” მეგა შოუში “ცეკვავენ ვარსკვლავები” დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბაბისთვის ოჯახია, პირველ რიგში, დედა – ინგა ოდიკაძე, რომელიც შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. მათი დედაშვილობის საფუძველი მეგობრობა და გულწრფელობაა. ქალბატონი ინგას დამსახურებაა, რომ ბაბი ასეთი შრომისმოყვარე, გახსნილი და ლაღია.

ქალიშვილის დიდი წარმატებით გამოწვეულ ემოციებზე, ოჯახზე, ცხოვრების მთავარ პრინციპებსა და დედაშვილობაზე ქალბატონი ინგა ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.

– ბაბის დაბადებით ეზიარეთ დედობის სიხარულს, რადგან პირველი შვილია. როგორი იყო მისი ბავშვობა, როგორ ზრდიდით მას?

– 24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.

ბაბის კარგი ბავშვობა ჰქონდა, იმ დროისთვის ფინანსურად ღონიერი ოჯახი ვიყავით. ეს საშუალებას მაძლევდა, გამოვლენილი ნიჭის კვალადაკვალ მისთვის ყველა პირობა შემექმნა, რომ მრავალმხრივ განვითარებულიყო. დამყავდა მუსიკაზე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, 5 წლის, როცა რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები ცეკვაზე მიგვეყვანა. სკოლაში იყო ცეკვის ანსამბლი. გვითხრეს, რომ პატარები იყვნენ, ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა, მაგრამ შესანიშნავად აითვისეს მარტივი ილეთები. შემდეგ კი ტოლს არ უდებდნენ მოზრდილებსაც.

აქტიური ბავშვი იყო, ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, თანატოლებში გამოირჩეოდა. როგორც ხდება ხოლმე, ზოგს არ მოსწონდა, ასეთი გამორჩეული რომ იყო, უსამართლო შენიშვნებს აძლევდნენ. ვეუბნებოდი, არასდროს არავისთვის გაეცა პასუხი. შენ უნდა იყო კარგი, უნდა დაამტკიცო, რომ ღირსეული პიროვნება გაიზრდები, მერე რა, რომ ვიღაცამ ვერ მოზომა, სიტყვით გატკინა, იქნებ მას ოჯახში პრობლემა აქვს, იქნებ გაღიზიანებულია, გაივლის დრო და ყველაფერი დალაგდება-მეთქი.

გონიერი იყო, დამჯერი, ყურადღებიანი, დიდი სიყვარულით ვზრდიდი, ამასთანავე მკაცრიც ვიყავი, მომთხოვნი, ვაჩვევდი წესრიგს, სისუფთავეს, თავისი ნივთების მოვლას. თან ვცდილობდი, შვილის მეგობარიც ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს წამიშლია ზღვარი, რაც დედაშვილობას შორის უნდა იყოს. დღემდე ასეა, ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ. ბაბი უდიდეს პატივს სცემს ჩემს აზრს. მეც ვითვალისწინებ შვილის მოსაზრებებს. თანხმობით, სიყვარულით, ზრუნვით, ერთობით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი.

– სიმღერისა და ცეკვის ნიჭი თქვენს შვილს ვისგან გამოჰყვა?

– საქართველოში თითქმის ყველა მღერის და ცეკვავს, ეს ქართველების გენეტიკური ნიჭიერებაა. გამონაკლისი არც ჩემი ოჯახი იყო. მამა მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლდათ – რვა დედმამიშვილი იყვნენ, ყველანი მღეროდნენ, ასევე დედაჩემიც და დეიდებიც. პროფესიით მამა მეღვინე იყო, ვაზის კულტურისა და ქართული ლხინის დამფასებელი. ბავშვებსაც გვეუბნებოდა, ორი-სამი პატარა ჭიქა ღვინო სადილზე უნდა დალიოთ, მხენობა და ხალისი რომ იგრძნოთო. დედა ჯავრობდა ამაზე, ჩვენ მამას ვუჯერებდით.

ჩემი მამა-ბიძები, დედა-დეიდები სიმღერას რომ დაიწყებდნენ, მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. დიდი სტუმრიანი, შეკრული ოჯახი გვქონდა. ბავშვებიც ასე გავიზარდეთ, ნათესავების სიყვარულით, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლით, ჭირის და ლხინის გაზიარებით, საოჯახო დღესასწაულების აღნიშვნით, ერთმანეთის დახმარებით.

მე ამ ტრადიციების გამგრძელებელი ვარ. მიყვარს ოჯახში სუფრის გაშლა, ნათესავების, ახლობლების მოპატიჟება. მართალია, დიდი ბინა არ გვაქვს, მაგრამ კარი ყოველთვის ღიაა. 12 კაცს, ხშირად მეტსაც ვმასპინძლობ. ხომ იცით, სადაც სიყვარულია, უფრო პატარა ადგილზეც შეიძლება თავმოყრა და ერთმანეთთან ყოფნით გახარება. ახლა ყოველ ნაბიჯზე რესტორნებია, არც მზა კერძების შეძენაა პრობლემა, მაგრამ მე ყველაფრის ჩემი ხელით მომზადება მიყვარს. შეძენა, არჩევა, მოტანა, გაკეთება არასდროს მეზარება. მეუღლეც ძალიან მეხმარება.

შვილებსაც ამას ვასწავლი, არასდროს დაივიწყონ ტრადიციები, უყვარდეთ ადამიანები, პატივს სცემდნენ და ახსოვდეთ, საიდან მოდიან, ვინ ჰყავდათ წინაპრები. სადაც უნდა ვიყო, თუ ჩემიანის ოჯახში ლხინი ან ჭირია, აუცილებლად მის გვერდით ვიქნები. ახლაც, 8 იანვარს, ჩემი ნათესავის წლისთავი იყო დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბაბი უსაშველოდ დაღლილი და დატვირთული იყო, მაინც წამომყვა.

ადამიანები იმიტომ ვცხოვრობთ, რომ შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ სხვებს ცხოვრება, დავეხმაროთ, როცა მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით, თუ საქმე ჯანმრთელობას ან განათლების მიღებას ეხება. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ზედმეტი არავის აქვს, გამონაკლისების გარდა, მაგრამ უნდა მოიკლო და სხვასაც გაუზიარო. ბაბიმ ეს კარგად იცის, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის.

ჩვენმა ოჯახმა რთული გზა გაიარა. დალხენილი, უზრუნველი ცხოვრების შემდეგ მძიმე დროც დაგვიდგა, საკმაოდ გვიჭირდა, ყველაფერი დავძლიეთ და ვიცით, რა არის სიკეთე. ზოგადად სამყაროში სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს, სხვანაირად, ცხოვრებას აზრი არ ექნება.

რაც ბაბი პოპულარული გახდა, სულ მეშინოდა, ამ პოპულარობას ცუდად არ ემოქმედა, ამიტომ ვესაუბრებოდი მუდმივად. მახსოვს, პირველი ხელფასი რომ მოიტანა, კარზე ფეხით მოაკაკუნა, ხელები დაკავებული ჰქონდა. ვუსაყვედურე. ერთი წლის შემდეგ მითხრა, მივხვდი, დედა, რატომ მისაყვედურე, გინდოდა, რომ თავმდაბალი დავრჩენილიყავი და არ მეფიქრა, რომ მე უკვე ყველაფრის უფლება მქონდაო.

– ბაბი როგორ მოხვდა ტელევიზიაში?

– გაიგო, რომ კასტინგი იყო გამოცხადებული და მთხოვა, გავყოლოდი. მართალი გითხრათ, არ მინდოდა, ამ კუთხით დაეწყო საქმიანობა. გავყევი იმ იმედით, რომ კასტინგს ვერ გაივლიდა. მსურველი ბევრი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბატონმა შალვა რამიშვილმა არჩევანი ბაბიზე შეაჩერა. შემდეგ თავისი შრომისმოყვარეობით, ნიჭით, ზრდილობით, წესიერი ქცევით დაიმსახურა პატივისცემა. მე, რა თქმა უნდა, მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი, ყოველთვის გულახდილად ვსაუბრობთ, ვაძლევ რჩევებს, რასაც ბაბი ითვალისწინებს.

პირველად რომ მიმიწვიეს ტელევიზიაში, დედის დღე იყო. სანამ სტუდიაში შევედი, ყველა შემხვედრი მიღიმოდა და მადლობას მეუბნებოდა კარგი შვილის გაზრდისთვის. დედისთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

– თქვენი ვაჟიშვილი რას საქმიანობს?

– ბესომ სკოლა დაამთავრა, რეპეტიტორებთან არ უვლია. გამოგვიცხადა, სკოლაში მიღებული ცოდნით აუცილებლად ჩავირიცხებიო. მართლაც, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა ეკონომიკურ ფაკულტეტზე. დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არ უმუშავია, დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამებით, დამოუკიდებლად შეისწავლა საკმაოდ კარგად და დღეს ამ სფეროში მუშაობს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ორივე შვილი კარგად აღზრდილი, წესიერია. ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი შრომით მოიპოვონ.

ბაბიმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მახსოვს, ერთი პერიოდი კონცერტების გამო გაკვეთილების გაცდენა უწევდა და ქიმიაში ჩამორჩა. დავსვით მე და ბიძამისმა, ორი თვე თავი არ აუღია და ქიმიის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მეც ასე ვიყავი. როცა მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი, გერმანული გრამატიკა თითქმის არ ვიცოდი. სკოლაში აქტიური მოსწავლე ვიყავი, სულ შეკრებებზე, კონფერენციებზე გავდიოდი, ამიტომ პედაგოგთან, ლევან წულაძის დედასთან, თინა დვალიშვილთან, მიმიყვანეს. გამესაუბრა და მითხრა, შვილო, შენ უცხო ენებზე რა გინდა, ფაქტობრივად არაფერი იციო. ვთხოვე, დავეტოვებინე. ზუსტად ერთ თვეში შევძელი მთელი მასალის ამოქაჩვა. შემდეგ კი ისე ვიმეცადინე, გერმანულ ენაში ფრიადი დავიმსახურე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეც და ჩემი შვილებიც მიზანდასახულები ვართ და, რასაც ჩავიფიქრებთ, უნდა შევასრულოთ. ბაბის შემთხვევაში ნიჭს და შრომას იღბალიც დაემატა.

– გვიამბეთ, თქვენ და თქვენმა მეუღლემ როგორ შექმენით ოჯახი, რა გზა გაიარეთ ერთად დღემდე.

– საკმაოდ ადრე გავთხოვდი. საბედნიეროდ, ჩვენი სიყვარული მტკიცე გამოდგა და დღემდე ბედნიერი ოჯახი მაქვს. ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა, ეს არ არის მხოლოდ ქმარი, ცოლი, შვილები. ოჯახი არის მოვალეობების უწყვეტი ჯაჭვი და უმეტესად ქალზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავ ურთიერთობებსარა მარტო მეუღლესთან, არამედ დედამთილთან, მამამთილთან, მულთან, მაზლთან. შენს საკუთარ ნათესავებთთან ბავშვობიდან გაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა, ახალ ოჯახში ახალი ადამიანები არიან, ახალი კავშირები, შენ უნდა დაანახო მათ კეთილგანწყობა, პატივისცემა, რომ მიიღო იგივე.