როგორ ჩაუნერგა მამამ საქართველოს სიყვარული შვედეთში გაზრდილ საბინა ჭანტურიას და როგორ აღმოჩნდა მისი სიმღერები ინგლისურ და ამერიკულ რადიოარხებზე

289

საბინა ჭანტურია ქართულ-შვედური ფესვების მქონე მუსიკოსია, რომლის შემოქმედებასაც გულშემატკივრები არა მარტო საქართველოსა და შვედეთში, არამედ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ჰყავს.

– საბინა, საკმაოდ აქტიური მუსიკოსი ხართ. მოგვიყევით, რა სიახლეები გაქვთ? როგორი იყო ახალ სინგლზე მუშაობის პროცესი? თქვენთან ერთად, ამ სინგლში მსოფლიო დონის მუსიკოსები უკრავენ, როგორ შედგა ეს თანამშრომლობა?

– დიახ, ჩემი ახალი სინგლი – „ექოს“ – ივნისში გამოვუშვი. ის ჩაწერილია ლოს-ანჯელესში. მე საკმაოდ ხშირად ვარ ლოს-ანჯელესში, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა მაქვს ამერიკელ პროდიუსერ დეივ ჯენკინთან. დეივ ჯენკინს დიდი კონტაქტები აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი დახმარებით, საშუალება მომეცა, მეთანამშრომლა დრამერ კენი არონოვთან, რომელიც მიკ ჯაგერსა და პოლ მაკარტნისთან ერთად მუშაობდა. სწორედ კენი არონოვი უკრავს ჩემს სინგლს. ეს ყველაფერი 2019 წელს ერთ-ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე დაიწყო, სადაც მე ჩემი სიმღერა შევასრულე და აღმოჩნდა, რომ ის ძალიან მოეწონა ერთ ამერიკელ მენეჯერს. სწორედ მისი მეშვეობით გავიცანი პროდიუსერი დეივიდ ჯენკინი. ეს ძალიან საინტერესო, დიდი და შედეგიანი პროცესი იყო. როგორც ამბობენ, ხანდახან მოხვდები ხოლმე ზუსტ ადგილას და ზუსტ დროს და ეს ნამდვილად ის შემთხვევაა.

– ახლახან საქართველოში დაუკარით, „თბილისი ოფენ ეარის“ ფარგლებში. როგორი იყო ქართველ მსმენელთან შეხვედრა და რა სიხშირით ახერხებთ ამას?

– ძალიან გამიხარდა „თბილისი ოფენ ეარის“ ფესტივალზე გამოსვლა, ქართულ ბენდთან ერთად. ბენდის წევრები არიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი მუსიკოსები: ბასგიტარისტი გიორგი მხატვარი, ელექტროგიტარისტი გედევან კევლიშვილი და დრამერი ნიკოლოზ აღლაძე. ნამდვილად არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები შემექმნა, ძალიან თბილად შემხვდა ქართველი მსმენელი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ, ყოველთვის მოვნახო დრო საქართველოში ჩამოსვლისა და მუსიკალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს უნიკალური საშუალებაა ჩემთვის, რომელიც გულს მიხარებს.

– წარმატებული პროექტები გქონდათ „ჰოლივუდში“. დღესაც აგრძელებთ მათთან თანამშრომლობას?

– დიახ, „ჰოლივუდში“ მართლაც წარმატებული პროექტი მქონდა, ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, რაიან ფრენსისთან ერთად, რომელიც რეჟისიორ სტივენ სპილბერგის ფილმ Peter Pan-ში, თამაშობდა. ის ასევე მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო სერიალ Sisters-ში და სხვა. გარდა ამისა, მე ნაყოფიერი თანამშრომლობა მქონდა რეჟისიორ ჩად ჰოლმეირთან, რომელმაც გადაიღო ჩემი პირველი მუსიკალური კლიპები. მიხარია, რომ ჩვენი კონტაქტი გრძელდება და ახალ პროექტებსაც ვგეგმავთ.

– თქვენი მუსიკა სხვადასხვა ქვეყნის რადიოებში გადაიცემა, მათ შორის ბრიტანულ და ამერიკულ რადიოარხებზე. როგორ მიაღწიეთ ამას?

– ძალიან წარმატებული იყო კონტაქტის დამყარება ერთ-ერთ ცნობილ დიდ ბრიტანელ პრომოუტერთან, რომელიც ძალიან დაინტერესდა ჩემი მუსიკით. ასევე, პირადად დავამყარე კავშირი სხვადასხვა რადიოსადგურთან. ამაზე დიდხანს ვმუშაობდი და ძალიან მიხარია, რომ შედეგი გამოიღო. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უსმენენ შენს მუსიკას. მით უმეტეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია ბრიტანულ და ამერიკულ რადიოარხებზე მოხვედრა და მიხარია, რომ ეს შევძელი.

– მინდა, ამერიკელი, შვედი და ქართველი მსმენელი შეადაროთ ერთმანეთს – თქვენი აზრით, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის?

– ცნობილია, რომ მუსიკა არის უნივერსალური ენა. ჩემი მუსიკა გამოხატავს ჩემს განცდებს, ფიქრებს, ანუ რასაც შინაგანად ვგრძნობ, ის გადამაქვს სიმღერაში. ეს გრძნობები გულიდან მოდის და ამას აღიქვამს მსმენელი. რა თქმა უნდა, როცა შვედურად ვმღერი, ის ყველაზე ახლოს შვედი მსმენელისთვისაა, ხოლო, როცა ქართულად – ქართველი მსმენელისთვის. ამერიკაში ძალიან მოსწონთ ჩემი ინგლისური სტილის სიმღერა, იმიტომ რომ აღიქვამენ, როგორც პოპ მუსიკას, რომელიც ძალიან უყვართ.

– მშობლების შესახებაც მოგვიყევით – როგორ შეიქმნა შვედურ-ქართული ოჯახი?

– დედა – კარინა ვმლინგი ეროვნებით შვედია, პროფესიით ლინგვისტია და 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირებაზე ჩამოვიდა. იქ გაიცნო მამაჩემი რევაზ ჭანტურია, რომელიც მაშინ თბილისის უნივერსიტეტში, თანამედროვე ქართულ ენის კათედრაზე მუშაობდა. ორი წლის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს სოხუმში, რადგან სოხუმი მამას მშობლიური მხარეა. 1989 წლიდან მამა დედასთან ერთად საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა.

– ახლა სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ?

– მშობლები ცხოვრობენ შვედეთის სამხრეთში, ქალაქ ლუნდის მახლობლად. ისინი მუშაობენ მალმეს უნივერსიტეტში, სადაც დააარსეს კავკასიის კვლევის ცენტრი. დედა კავკასიის მეცნიერებათა პროფესორია და ხელმძღვანელობს კავკასიური კვლევების განყოფილებას. მამა ასოცირებული პროფესორია, ასევე, ლინგვისტი კავკასიოლოგი. მუშაობს ბასკურ-კავკასიურ თემაზე.

– საქართველოზე რას გიყვებოდათ მამა, როგორ შეგაყვარათ სამშობლო და ენა როგორ ისწავლეთ?

– ბავშვობიდან მახსოვს, რომ ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენი ნათესავები. ასევე, მამას და დედას კოლეგები საქართველოდან. აქტიური ურთიერთობა მქონდა ქართულ დიასპორასთან. კარგად მახსოვს ის ემოციები, როდესაც პირველად გავაკეთე ხინკალი (იცინის). საქართველოს ნახვის დიდი ინტერესი და სურვილი მქონდა. მამა ბევრს მიყვებოდა საქართველოზე და მავარჯიშებდა ქართულ საუბარში. მალმეს უნივერსიტეტში გავიარე ქართულის ონლაინ კურსი, რომელიც ჩემმა მშობლებმა შეადგინეს მანანა კობაიძესთან ერთად.

– როგორც ვიცი, საქმრო გყავთ. როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. ერთმანეთი გავიცანით შვედეთში, ჩვენი საერთო მეგობრის სახლში, სუფრაზე. შესანიშნავი ადამიანია, გულისხმიერი, პოზიტიური, წინდახედული. დროსთან ერთად, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო გაღრმავდა და უკვე 10 წელი სრულდება, რაც ერთად ვართ. დრო სწრაფად მიფრინავს. ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ჩემი გულის სატრფო. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.