“სამასი კაცი საკუთარი ხელით დავმარხე, ამის შემდეგ საერთოდ ნორმალური როგორ ვარ”

291

ამ ზაფხულს 59-ე დაბადების დღე აღნიშნა. როგორც ამბობს, ეს დღე ახლა ისეთი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანი თარიღია. რამდენად უყვარს საკუთარი დაბადების დღე გიორგი გურგულიას და რა დანაკარგს განიცდის ყველაზე მეტად, ამას მისგან შევიტყობთ.

გიორგი გურგულია: ჩემი დაბადების დღე ახალგაზრდობაში მიყვარდა. ზაფხულში მაქვს და ხშირად, რომელ კურორტზეც ვიყავი, იქ ვიხდიდი. ჩემ გვერდით ის ადამიანები იყვნენ, ვინც ძალიან მიყვარდა. ახლა რომ ყველა ის ადამიანი დავპატიჟო, რომელიც მიყვარს, სახლში არ დაეტევიან, იმიტომ რომ მთელ თბილისს ვიცნობ (იცინის). სხვადასხვა კურორტზე კი სხვადასხვა, მაგრამ ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანებთან ერთად მიწევდა ხოლმე გადახდა. ერთი პერიოდი, თუ სადმე ვიყავი წასული, სპეციალურად ჩამოვდიოდი თბილისში და აქ ვიხდიდი. ჩემი ძმაკაცებიც ჩამოდიოდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. პირველ დღეს აღვნიშნავდით, მეორე დღეს „პახმელია“ გვქონდა და მესამე დღეს ისევ ბრუნდებოდნენ, სადაც მანამდე იყვნენ. ეს იყო, სანამ ცოლს მოვიყვანდი. მაშინ ძალიან კარგად ვერთობოდით. გავშლიდით დიდ სუფრას და მთელ ღამეს ვათენებდით. წლები მიფრინავს. ახალგაზრდობაში ამას ვერ ხვდები, გგონია, რომ ცხოვრება ძალიან გრძელია. წარმოიდგინეთ 36 500 დღე არის ასი წლის განმავლობაში. ყოველდღე ლარი რომ გადადოთ, ასი წლის განმავლობაში 36 500 ლარს მოაგროვებთ, რაც ერთი მანქანის ფასიც არ არის. თქვენს ცხოვრებას მატერიალურ ჭრილში რომ შეხედოთ, ძალიან ხანმოკლეა. სინამდვილეში, ჩვენ პეპელასავით ვცხოვრობთ, არადა, გვგონია, რომ ბევრ რამეს ვასწრებთ.

მე ვეღარასდროს ვითამაშებ ორმოცი წლის კაცს. როცა ამ ასაკის ვხვდებოდი, 12 წლის განმავლობაში ქართულ კინემატოგრაფიაში სულ ორი ფილმი გადაიღეს და ორივეში მივიღე მონაწილეობა. როცა ყველაზე მეტი პოტენციალი მქონდა, მაშინ ირგვლივ ყველაფერი მკვდარი იყო. მერე მოვიდა მიშა სააკაშვილის პერიოდი, როცა მე მებრძოდნენ და ჩემი კინოებიც აკრძალული იყო. საერთოდ აკრძალული ვიყავი, კინოშიც და ეკრანზეც. ჩემი მეგობარი იყო ლევან კორინთელი. რომ იტყვიან თავი მოიკლა და მაგ დროს გადამიღო. ეს იყო „გასეირნება ყარაბაღში“. იმ პერიოდში რუსეთში ვთამაშობდი. აქ, როგორც „ჩარეცხილი“, აკრძალული ვიყავი.

– 59 წლის განმავლობაში ყველაზე რთულად რა დრო გახსენდებათ?

– 90-იანი წლები, ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, დაახლოებით, 300 კაცი ჩემი ხელით დავმარხე, საკუთარი მეგობრები და ძმაკაცები. სკოლა რომ დავამთავრე, 300-ამდე ძალიან ახლო ძმაკაცი მყავდა. უბრალო ნაცნობი კი არა, ისეთები, ჩხუბში რომ ერთად ვიყავით და გართობით რომ ერთად ვერთობოდით. 300-იდან, ალბათ, სულ 20 კაცი დამრჩა ცოცხალი. მე მარტო ძმაკაცებზე ვსაუბრობ, თორემ ამას ახლობლები დაუმატეთ და წარმოიდგინეთ, რამდენი გამოვა. იყო დღეები, როცა ორ და სამ ძმაკაცს ერთად ვმარხავდი. ამის შემდეგ საერთოდ ნორმალური როგორ ვარ? მიდი და ყოველდღე ძმაკაცს შუბლზე ემთხვიე, მერე კი მიწა დააყარე, როგორია?! თუ ცხოველი ხარ, შეიძლება, გაუძლო. მე თვითონ არ ვიცი, ამას როგორ გავუძელი. ეტყობა, ჩვენც კარგი ცხოველები ვართ, ამდენს რომ ვიტანთ. ათი წლის განმავლობაში რომ დამარხავ თითქმის ყველას, ვინც გიყვარს, როგორია?! ჯვარი სწერიათ, ბავშვობის ხუთი ძმაკაცი შემომრჩა ცოცხალი, მერე შეძენილი საერთო ძმაკაცები – ერთი ათი კაცი, რამდენიმე კიდევ მერე შეძენილები.

– ამდენი დაღუპული რის გამო?

– ომები, ავარიები, წამალი. ნარკოტიკმა ჩემ გარშემო ასამდე საუკეთესო ბიჭი წაიყვანა. სიკვდილი სხვადასხვა მიზეზით იყო მოსული, ხან ისე კლავდა, ხან ასე, არ ჰქონდა მნიშვნელობა. ბევრი გავიღეთ ქართველებმა. ლევან აბაშიძისნაირი ბიჭი რომ მოგიკვდება, ირაკლი ამირეჯიბი რომ მოგიკვდება… კიდევ რომელი ერთი დავასახელო?! აფხაზეთი აფხაზეთად და აქ ცალკე მიზეზები. კინოც განადგურდა და სამყაროც დაინგრა.

– მართლა რამ გადაგარჩინათ ამ ყველაფრის შემყურე?

– ერთი მხრივ, იმან, რომ დედის მხრიდან ძალიან რელიგიურ ოჯახში გავჩნდი. ჩემი დიდი ბებია კალისტრატე ცინცაძის შვილობილი იყო. საგალობლებს წერდა. მაშინ დაიწყო წირვა ქართულად, მანამდე ყველაფერი რუსულად იყო, ამაში ბებიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. კალისტრატეს ყველაფერში გვერდით ედგა. კალისტრატეს ზიარების კოვზი ჩვენს ოჯახში ინახებოდა და შემდეგ პატრიარქს ვაჩუქეთ.

ბებიებმა პატარა ქაღალდზე 90-ე ფსალმუნი დამიწერეს, ნაჭერში ჩაკეცავდნენ ან ტყავში ამოახვევდნენ და პერანგებზე „ბულავკით“ მიმაგრებდნენ. ეს მიცავდა, ეს ჩემი თილისმა იყო. ბებიების ლოცვა მიფარავდა. ალბათ, მეც რაღაც მისია მაქვს. არ შეიძლება, ასე უმიზეზოდ გადაურჩე ყველაფერს. აქამდე ასნაირი სიკვდილით უნდა მოვმკვდარიყავი – გაზით აფეთქება, ავარიები… ოკეანეში, შტორმში ვარ მოხვედრილი, იარაღი, ჭრილობა და ასე შემდეგ – ასი პროცენტით უნდა დავღუპულიყავი. ჩემზე ბევრად უხიფათო ბიჭები წავიდნენ ამქვეყნიდან. მიუხედავად მუდმივი ხიფათებისა, უფალი რატომღაც ყოველთვის მიფარავდა. უბრალოდ არაფერი ხდება და ამიტომაც ვამბობ, რომ ეტყობა, რაღაც მისია მაქვს. ბევრჯერ უნდოდათ ჩემი მოკვლა, სამი ტყვია მესროლეს, მაგრამ უფალმა გადამარჩინა. არაერთხელ გადავრჩი სასწაულებრივად. რამ გადამარჩინა? როცა ღმერთის გწამს, აღარ გეშინია. მინდობილი ხარ მის ნებას. უფალი თუ გიყვარს და მეგობრად თვლი, ვინღა მოგერევა. თუ მის სიყვარულს გულით ატარებ და მამად მიიჩნევ, რამ უნდა გაგანადგუროს, ყველაფერი ხომ მისი შექმნილია?!

– დროსთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა. დღეს რა მოგწონთ და რა არის მიუღებელი თქვენთვის?

– ყველაფერი სასწაულად შეიცვალა. იმასთან შედარებით, რაც იყო, არაფერი აღარ მომწონს. ყველაზე ცუდი ადამიანებს შორის კომუნიკაციის გაქრობაა. ერთმანეთის სიყვარული, ჩახუტება, მოკითხვა და ერთმანეთის სიხარულით ბედნიერება აღარ არსებობს. ტექნიკურად ვვითარდებით, კომფორტს ვიქმნით, მაგრამ სულიერად იგივე ნაგვები, მკვლელები და ქურდები ვრჩებით.