“მადლობელი ვარ, რომ ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი ცუდი ვნახე, ვიდრე კარგი”

304

იშვიათად მინახავს ისეთი გულწრფელი და გულღია ადამიანი, როგორიც ნუკა კვალიაშვილია. მას გამორჩეული ხმა და მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, გენეტიკურად მხატვრობის ნიჭიც აქვს და რომ არა მომღერალი, ალბათ, მხატვარი იქნებოდა. ის სამი არაჩვეულებრივი შვილის დედაა, თან, მუშაობს და თან, ყველა საოჯახო საქმეს თავად ართმევს თავს. ამაში, რასაკვირველია, საყვარელი მამაკაციც გვერდით უდგას და ეხმარება.

ნუკა კვალიაშვილი: მიმაჩნია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. პირველ რიგში, მაქვს საოცარი ოჯახი, ყველაზე საუკეთესო, მოსიყვარულე მეუღლე და სამი ულამაზესი შვილი, მეორე – ძალიან ბევრი რამ გადავლახე და ვისწავლე, დავრჩი ადამიანად და, თან, საოცრად გავძლიერდი. ასე რომ, ბევრი რამ არის ჩემს ცხოვრებაში, რითაც თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი.

– ნუკა, რომ არა მომღერალი, როგორ გგონია, ვინ იქნებოდი?

– ალბათ, მხატვარი ვიქნებოდი. ჩემი დიდი ბაბუაც – კოტე კვალიაშვილიც მხატვარი იყო, დედაც კარგად ხატავს და მეც, უსწავლელის კვალობაზე, არა მიშავს. ბავშვობაში უფრო მეტს ვხატავდი, ვიდრე ვმღეროდი. ზოგადად, რასაც ხელს ვკიდებ, იმას ძალიან პასუხისმგებლობით ვაკეთებ, შესაბამისად, არ მგონია, მხატვრობაში წარუმატებელი ვყოფილიყავი.

– რას ნანობ განვლილი ცხოვრებიდან და რომელ ეპიზოდს ამოჭრიდი?

– გულით გეტყვით, განვლილი ცხოვრებიდან არაფერს ვნანობ. უცნაური და არასტანდარტული შეხედულებები მაქვს. მგონია, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, საჭირო იყო, რადგან, რომ არ ყოფილიყო, მე დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. პირიქით, მადლობელი ვარ, რომ ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი ცუდი ვნახე, ვიდრე კარგი და მაინც ასეთი ვარ – ძლიერი და ძალიან კეთილი.

– რთულია, იყო სამი შვილის დედა და თან, დამხმარის გარეშე ზრდიდე. როგორ ართმევ თავს და მეუღლე თუ გეხმარება?

– ზოგადად, ბავშვების ყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რაც ძალიან დიდ ენერგიას, გამძლეობასა და მუშაობას მოითხოვს. ძალიან რთულია, მაგრამ რთული და ძალიან სასიამოვნოდ რთული განსხვავდება. მე მარტო არ ვარ, მე და ჩემი მეუღლე რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის. ვასწავლით, რომ ჰაერიდან არაფერი მოდის და ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ განებივრებასაც თავისი ოქროს შუალედი აქვს.

– მიუხედავად ბევრი საქმისა, თავის მოვლას ახერხებ…

– ძალიან დიდი ენერგიის პატრონი ვარ. დიასახლისიც ვარ, თან ვმუშაობ, პარალელურად თავსაც ვუვლი და თუ დამატებითი გამოწვევაა, ისიც ბოლომდე მიმყავს.

– ყველაფრის მიუხედავად, დასვენებაც ხომ საჭიროა? როგორ იწყობ განტვირთვის დღეებს საყვარელ ადამიანთან ერთად?

– განტვირთვის დღეები მე და ჩემს მეუღლეს იშვიათად გვაქვს. სამი ბავშვია სახლში და ფიზიკურად დროის უქონლობის გამო მთვარის შუქზე, პიკნიკებზე ვერ ვსხდებით. ჩვენი განტვირთვაა, როცა ღამე დგება და ვცდილობთ, სიმშვიდეს ყური შევაჩვიოთ (იცინის). დილიდან დაღამებამდე ჩემი რუტინა რომ ჩამოვწერო, იმდენ საქმეს ვაკეთებ კონკრეტულად სახლში, მაშინაც კი როდესაც სამსახური მაქვს, ერთი წიგნი ვერ დაიტევს. მიყვარს სახლის საქმეს თვითონ რომ ვაკეთებ, დახმარებაზე, გარდა ჭურჭლის გარეცხვისა, ძირითადად, უარს ვამბობ. მგონია, რომ ჩემნაირად ვერავინ დაალაგებს, ვერ გაფენს, ვერ დაკეცავს, ვერ გახეხავს და ასე შემდეგ. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მთლიანობაში, 30 წუთი თუ გამომდის დაჯდომა და დასვენება, ისიც იმიტომ რომ ან სარეცხის მანქანას ველოდები, რომ დაასრულოს გაწურვა ან სხვა რამ ხდება, მაგალითად, წყალი წავიდა, შუქი გაითიშა და ასე შემდეგ.

– ესე იგი, ყველაზე მშვიდად ღამე გრძნობ თავს, როცა ბავშვებს აძინებ და დასვენებისა და ფიქრის საშუალება გეძლევა?

– კი, ნამდვილად ასეა. არამარტო მე, ჩემი მეუღლეც მაგ დროს ისვენებს. მერე დრო მალე გადის გვათენდება და მეორე დღეს ვნანობთ, რომ ღამე არ დავიძინეთ.

– არაჩვეულებრივი სასიმღერო მონაცემი გაქვს და ეს ყველამ იცის. ხომ არ ფიქრობ, რომ საქართველოში შენს ნიჭს ვერ აფასებენ? უცხოეთში ძალების მოსინჯვა თუ გიცდია?

– მიმაჩნია, რომ საქართველოში ის კატეგორია აფასებს ჩემს ნიჭს, ვინც საჭიროა. უცხოეთს რაც ეხება, ძალიან მალე აუცილებლად ვისაუბრებ, თუ რა ხდება და როგორ. მეტს ვერაფერს გეტყვით.

– შვილები თუ დაგემსგავსნენ სიმღერის ნიჭით და თუ უმღერი ხოლმე?

– კი, სამივე მღერის, ღიღინებს, ცეკვავს. სახლში იშვიათად ვმღერი, რადგან ამის დრო არ მაქვს, ისე ვიდეოებიდან მისმენენ და მიყურებენ.

– ნუკა, რა არის შენთვის ბედნიერების საზომი და ყველაზე მეტად რა გენატრება?

– ჩემთვის ბედნიერება არ იზომება, ზომები არ აქვს. ბედნიერებას ყველა პატარა დეტალსა თუ ნიუანსში ვხედავ. პრობლემებშიც ვხედავ ბედნიერებას. მთავარი ბედნიერება კი ჩემი შვილების ჯანმრთელად ყოფნაა, რასაც ყველას შვილებს ვუსურვებ მთელი გულით.

– ზაფხული იწურება და თუ მოასწარი დასვენება და ძალების აღდგენა?

– ბავშვებს ვუშვებ რაჭაში, რამდენიმე დღით მეც ჩავალ ხოლმე, რადგან შვებულება არ ამიღია და ეს ზაფხულიც ჩემი ინიციატივით ვმუშაობ. დასვენებაზე ვფიქრობ, უბრალოდ, არ ვიცი, რა არის ან როგორი დასვენება იქნება ჩემთვის ისეთი, რომ ეს 24/7-ზე ჩართული მზადყოფნის რეჟიმი მომიხსნას. თუ ბავშვები 1-2 დღე ბებიებთან რჩებიან და ჩემთან არ არიან, უკვე სიცარიელეს ვგრძნობ, ხმაური მენატრება, ვერ ვეგუები, რომ სიმშვიდეა და სიწყნარე, ვერ ვეგუები, რომ სამსახურში წასვლამდე არაფერს ვაკეთებ. დასვენება ჩემთვის არის ღამე, როცა ჩვენს შვილებს თავიანთ საწოლებში სძინავთ და ვიცი, რომ ჩვენთან არიან. ამ დროს ვისვენებთ მეც და ჩემი მეუღლეც.