საინტერესო ამბები ყოველთვის თან ახლავს ცნობილ დიდ ადამიანებს, ფილმებს, სპექტაკლებს, ყველას და ყველაფერს, რაც კი საინტერესოდ აღიქმება სამყაროში. დღევანდელ რუბრიკაში მინდა, ქართველი ლოტბარი, გენიალური ხმის მქონე ადამიანის, თემურ ქევხიშვილის ცხოვრების ეპიზოდები გაგაცნოთ და დავიწყებ იმ ეპიზოდით, რომელიც ქართული მხატვრული კინოს ისტორიაში ჩაიწერა და რატომ კინოში, ახლავე მოგახსენებთ:
შავი შაშვი
„ოჯახში ყველა მღეროდა – მშობლები, აწ გარდაცვლილი ჩემი და-ძმაც. პროფესიონალურ მუსიკასთან ურთიერთობა მოგვიანებით მომიწია. 18 წლის ვიყავი, ნოტების შესწავლა რომ დავიწყე. შემდეგ კი სწავლის გაგრძელება კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში გადავწყვიტე, სადაც ქორეოგრაფიულ და თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდნენ. რამდენიმე გამოცდა იყო ჩასაბარებელი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მისაღები გამოცდა ჩავაბარე სიმღერაში – ფანდურზე ვიმღერე. იცით, საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მეუხერხულება, მაგრამ რადგან საზოგადოება ჩემით დაინტერესდა, გულღიად მოვყვები ყველაფერს… მოკლედ, როცა სიმღერა დავასრულე, კომისიის თავმჯდომარემ, კონსერვატორიის პრორექტორმა, გივი ლორთქიფანიძემ თქვა, ეს მომღერალი ამ დარგის ვარსკვლავიაო… ამ სიტყვების შემდეგ, მორალური უფლება არ მქონდა, ამ საქმეს არ გავყოლოდი. 4 წელი მუსიკალურ ტექნიკუმში ვისწავლე, 6 წელი – კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟოროზე… ტექნიკუმში ჩემთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილი სწავლობდა და დღემდე ერთად მოვდივართ. მაშინ, ჩვენს ახალგაზრდობაში, ქართველი საზოგადოება ხალხური სიმღერებისადმი პატივისცემასა და ინტერესს არ იჩენდა… ძალიან ცუდად მახსენდება ერთი შემთხვევა: ვაკის პარკში საზაფხულო დარბაზში კონცერტს ვმართავდით. უნდა გვემღერა გურული სიმღერა – „შავი შაშვი“, რომელსაც გადმოცემის თანახმად, მონადირე ასრულებს. ნადირობის სურათი გვქონდა შექმნილი – სიმღერის დაწყებამდე ძაღლების ყეფა და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. (ავტორი ლ. პაპასკირი) როგორც კი, მუსიკალური ნომერი დაიწყო, დარბაზიდან დაგვისტვინეს და სიცილ-ხარხარი ატყდა. შეურაცხყოფისგან გაოგნებული ვიდექი სცენაზე. ენა ჩამივარდა და თვალზე ცრემლი მომადგა. მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის დღე ახლაც მწარედ მახსოვს. მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა ვთქვით, ქართველი მსმენელი თავის ფესვებს უნდა დაუბრუნდეს და ეროვნული განძი დააფასოსო. დროთა განმავლობაში, თავდადებული შრომის შემდეგ, „გორდელამ“ ეს შეძლო. გომარ სიხარულიძესთან ერთად ძალიან ბევრი მივიწყებული სიმღერა და საგალობელი მოვიძიეთ და გავაცოცხლეთ.
პატარა ბიჭი ვიყავ და…
მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა თელავის სახელმწიფო ანსამბლის წევრთა რეპეტიციას დავესწარი. რეპეტიციის შემდეგ, ანსამბლის ხელმძღვანელმა, ფირუზ მახათელაშვილმა მომღერალ კახელებს ჩემი თავი წარუდგინა. მკითხა, რომელი სიმღერის მოსმენა გინდაო? მხრები ავიწურე, მათთან შედარებით პატარა ბიჭი ვიყავი და მომერიდა, დაღლილები იქნებიან-მეთქი, მათ კი კახურად მიპასუხეს: მიდი, კაცო, დაღლილი არა, ისა, გვითხარი, რა გინდაო… როგორც იქნა, შევბედე, „მრავალჟამიერი“ მინდა-მეთქი. დასცხეს და აგუგუნდნენ. როცა დაასრულეს, კიდევ მკითხეს. თელავურ „ჩაკრულოს“ სხვა მადლი აქვს და ამჯერად არჩევანი მასზე შევაჩერე. ისე მღეროდნენ, როგორც კონცერტზე, მთელი გულითა და სულით. ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ამ ხნის კაცი მოვიყარე და მსგავსი არაფერი მომისმენია… იმ წლებში განსაკუთრებით შავკანიანების ფოლკლორი იყო მოდაში, მაგრამ ხმამაღლა შემიძლია, ვთქვა და ვისაც უნდა, დავუმტკიცებ: როცა ქართველი „მრავალჟამიერს“ მღეროდა, მაშინ სხვები ხეებზე დადიოდნენ. 90-იან წლებში საქართველოში მსოფლიო დონის უსინათლო ჯაზმენი, რეი ჩარლზი ჩამოვიდა. მაშინ რამდენიმე ადამიანმა აღფრთოვანება ვერ დაფარა და თქვა, – ბედნიერია საქართველო, რომ რეი ჩარლზი ესტუმრაო. ცოტა ხნის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი ჩავატარეთ: ვაჟთა გუნდ „დარიალს“, რომლის ხელმძღვანელიც გახლდით, 10 წელი შეუსრულდა. დარბაზი გადაჭედილი იყო. სიტუაციით ვისარგებლე, სცენაზე გამოვედი და ვთქვი: რეი ჩარლზის ჩამოსვლის შესახებ ისეთი განცხადებები გაკეთდა, არ შეიძლება, უპასუხოდ დავტოვო; ბედნიერი ჩვენ კი არ ვართ მისი ჩამოსვლით, არამედ ის არის, რადგან „მრავალჟამიერისა“ და „ჩაკრულოს“ სამშობლოში ჩამოვიდა-მეთქი. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და იქაურობა ტაშით დაინგრა.
მრავალხმიანი პასპორტი
80-იანი წლების მიწურულს, როცა საბჭოთა პასპორტები იცვლებოდა, ჟურნალისტებმა ამასთან დაკავშირებით აზრი მკითხეს. ვუპასუხე: მოქალაქის გვარის, სახელის, მამის სახელის, დაბადების თარიღისა და ეროვნების გრაფის ქვემოთ კიდევ უნდა იყოს გრაფა, სადაც ჩაიწერება, რომელ ხმას მღერის-მეთქი. – თუ საერთოდ ვერ მღერისო?! – მაშინ, ქართული სიმღერა უყვარს თუ არა-მეთქი. – იქნებ არც უყვარს და არც უსმენსო?! – ასეთ კაცს რად უნდა პასპორტი-მეთქი?!
ხმა გულისა
როცა ჩემი ვაჟი გარდაიცვალა მაშინ, მეგონა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი, მაგრამ ქართული სიმღერა ისეთი ფენომენია, ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი მონაკვეთის, ტკივილისა თუ სიხარულის გამოხატვა შეუძლია. ჩვენი წინაპარი დაბადებაზეც მღეროდა, ქორწინებაზეც, ომზეც, სიბერეზეც, სიკვდილზეც. მასში ყველა ადამიანური ემოციაა გადმოცემული და ამან გადამარჩინა. სიმღერა რომ არ შემძლებოდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი… როცა „ჯარისკაცის მამის“ პერსონაჟისთვის „ურმული“ ვიმღერე, მელოდიაში ტრაგიზმი უნდა ჩამედო. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ შევძელი. ამ ტრაგედიის შემდეგ ხშირად მახსენდებოდა ის პერსონაჟი და ვფიქრობდი, თუ რა ძალა აქვს ქართულ სიმღერას… ახლა ჩემი პატარა შვილიშვილიც მღერის, ოღონდ მან სხვა მიმართულება აირჩია. მთავარია, რომ მუსიკა მისთვისაც ძვირფასია, ჩემთვის კი ყველაფერია. მთელი ჩემი ცხოვრება, გული და სული მასში ჩავდე და ამის სანაცვლოდ ყველაზე მთავარი, ხალხის სიყვარული მივიღე, რაც ჩემთვის ყველაფერია…
კომპოზიტორობის ამბიცია არა მაქვს, მაგრამ გავბედე და რამდენიმე საავტორო სიმღერაც დავწერე, რომელიც შესულია ჩემს წიგნში – „ხმა გულისა“. მხოლოდ ხალხურ და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე ვწერ სიმღერებს. სანამ უკან მოხედვის დრო დამიდგება, მინდა, კიდევ ბევრი გავაკეთო“.