ბაკალავრიატში წარმოების მენეჯმენტი ისწავლა, მაგისტრატურაზეც მენეჯმენტის მიმართულებით განაგრძო სწავლა და სამსახურებრივი გამოცდილება დიდ კომპანიებში მიიღო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ძელის აკრობატიკა გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა.
ტატა კარბელაშვილი: ძელის აკრობატიკით ხუთი წლის წინ დავკავდი. მაშინ ერთ უკრაინელ გოგოს პატარა სტუდია ჰქონდა გახსნილი საკუთარ სახლში და მასთან დავდიოდი სავარჯიშოდ. სამი წლის შემდეგ მივხვდი, რომ განვითარების იმ ეტაპზე ვიყავი, როცა იქ მეტს ვეღარ ვისწავლიდი, თან, პატარა ბიზნესის წამოწყება მინდოდა და ჩემს მწვრთნელს უფრო დიდი დარბაზის გახსნა შევთავაზე. დამთანხმდა და ჩვენი პირველი დარბაზი გავხსენით. მე მწვრთნელის კურსები გავიარე, სერტიფიკატი ავიღე და დავრწმუნდი, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა შემეძლო.
დარბაზი რომ გავხსენი, პარალელურად, სხვა სამსახური მქონდა, მაგრამ ცხრა თვის შემდეგ მივხვდი, რომ ორივესთვის ერთად დრო არ მყოფნიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელობა უფრო მომწონდა, სამსახურს თავი დავანებე და დარბაზში დავრჩი. ძელის აკრობატიკასთან ერთად გაწელვებსაც ვასწავლიდი. ნახევარი წლის შემდეგ უფრო დიდი დარბაზის გახსნა გადავწყვიტე, სადაც ძელის აკრობატიკას საჰაერო აკრობატიკის მიმართულებებიც დავუმატე. გავხსენი airhall-tbilisi, რომელშიც ახლაც ვვარჯიშობ და ვმუშაობ.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა არსებობდა. ამიტომ დავიწყე ვიდეოების ჩაწერა და „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნება. მინდოდა, ყველას გაეცნო ეს სპორტი, მისი სირთულეებიც და სარგებლიანობაც. ყველაზე კარგი ისაა, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი წლოვანების ადამიანს შეუძლია ამ სპორტით დაკავდეს. ჩემს მოსწავლეებს შორის ყველაზე უმცროსი 7 წლის ბავშვი იყო, ყველაზე უფროსი კი – 53 წლის ქალბატონი. ჭარბწონიანი იქნება თუ პირიქით, არც ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა.
– თქვენ რომ დაიწყეთ, გქონდათ გარკვეული სპორტული წინაპირობა?
– 12 წლამდე მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი, მაგრამ შემდეგი ათი წლის განმავლობაში, ამ მხრივ, პასიური ვიყავი. მახსოვს, ერთხელ წავიტრაბახე, „შპაგატში“ ვჯდები-მეთქი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ეს აღარ შემეძლო. ეს იყო ჩემთვის ბიძგი ვარჯიშის დასაწყებად. თავიდან გაწელვებით დავიწყე და მერე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ძელის აკრობატიკა. მალევე მივხვდი, რომ მინდოდა, ამ სპორტით ვყოფილიყავი დაკავებული. თუმცა, ზოგადად არ არის საჭირო რამე წინაპირობა გქონდეთ. ჩემთან მოსული ადამიანების 90 პროცენტი მეუბნება, რომ არასდროს ჰქონია სპორტთან შეხება და არაფერი შეუძლია, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ვიწყებთ საბაზისო ილეთებით და ნელ-ნელა ვზრდით დატვირთვას, ნელ-ნელა მოდის განვითარებაც. საბაზისო ილეთების შესასწავლად ყველას განსხვავებული დრო სჭირდება და როცა ეს მოხდება, მერე უკვე განვითარების პროცესი სწრაფად მიდის წინ. ყველა ადამიანს თავისი განვითარების სიჩქარე აქვს, ეს ინდივიდუალურია და არც წონაზეა დამოკიდებული და არც ასაკზე.
– დასაწყისი, ალბათ, ძალიან რთულია.
– სანამ კანი მიეჩვევა ძელთან შეხებას, მანამდე ახასიათებს კანის ტკივილი და ჩალურჯებები. ჩალურჯებები საკმაოდ ხშირია და საწყისი ეტაპისთვისაა დამახასიათებელი. კანის შეჩვევას, დაახლოებით, ორი კვირიდან ორ თვემდე სჭირდება, ესეც ინდივიდუალურია. ახალ ილეთებს რომ სწავლობ, ახალი ჩალურჯებებიც გიჩნდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ახალი ჩალურჯებები ძალიან მახარებს, ეს ნიშნავს, რომ ახალი ილეთი ვისწავლე.
– ამ სპორტის პოპულარიზება რომ დაიწყეთ, როგორც ვიცი, საზოგადოება არაერთგვაროვანი რეაქციით შეგხვდათ. ბევრს არ ჰქონდა ინფორმაცია მის შესახებ და ერთი შეხედვით, სტრიპტიზი ეგონათ…
– როცა მე თვითონ დავიწყე ვარჯიში, ანუ ხუთი წლის წინ, არც მე ვაფიშირებდი, რომ ძელის აკრობატიკაზე დავდიოდი. მიზეზი ზუსტად საზოგადოების დამოკიდებულება იყო. არ ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდათ და ბოლომდე არც საკუთარ თავში ვიყავი დარწმუნებული. შემდეგ ნელ-ნელა ჩემს მეგობრებთან დავიწყე ამაზე საუბარი, მერე უკვე სხვებსაც ვუსხნიდი სპორტის ამ სახეობის შესახებ ყველაფერს. აღმოვაჩინე, რომ ბევრმა იცოდა კიდეც მასზე, მაგრამ არ იცოდნენ, რომ საქართველოშიც არსებობდა. დავინახე, რომ ჩემ მიერ გაზიარებული ინფორმაცია მათში აღფრთოვანებას იწვევდა, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც სპორტის ამ სახეობას, უყურებს, როგორც სტრიპტიზს და არ უნდათ აზრის შეცვლა. თუმცა, ასეთი ხალხი, ძირითადად, „ტიკ-ტოკზე“, კომენტარებში მხვდება, რეალურ ცხოვრებაში – ნაკლებად. ძალიან ცუდ კომენტარებს წერენ და იმის მიუხედავად, რომ მიდევს ვიდეოები, სადაც ვყვები, თუ როგორია ამ სპორტის ისტორია, რომ მისი დაკავშირება სტრიპტიზთან, სინამდვილეში, მხოლოდ სტერეოტიპია, ამის გაგება არ უნდათ. არადა, რეალურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ სპორტის ფედერაციები არსებობს, მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება, იმაზეც მიდის საუბარი, რომ სპორტის ეს მიმართულება ოლიმპიურ თამაშებში შეიტანონ, მაგრამ ამის მოსმენა არ უნდათ. რადგან შორტებსა და ტოპებში ვვარჯიშობთ, მათთვის ეს უკვე სტრიპტიზია.
– ნებისმიერი სპორტის სახეობა ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, რით განსხვავდება ეს?
– ძელის აკრობატიკის შესრულებისას სხეულის ძალიან ბევრი კუნთი მუშაობს. ვერ ვიტყვი, ყველა-მეთქი, მაგრამ ძალიან ბევრი. ბევრი მოსწავლე მყოლია, დარბაზიდან ფიზიკურად კარგად მომზადებული რომ მოსულა ჩემთან, მაგრამ მეორე დღეს მაინც კუნთების ტკივილით იღვიძებდნენ. ეს იმიტომ, რომ ამ ვარჯიშებში სულ სხვა კუნთებია ჩართული. ძელის აკრობატიკა ადამიანს ფორმაში აყენებს, კუნთს უყალიბებს, ძალას მატებს, ფორმებს გამოკვეთს და ძალიან უმაღლებს თავდაჯერებულობას.
– თქვით, ყველა მიჩვეულია ჩემგან უცნაურობებსო. სხვას რას გულისხმობდით?
– მიყვარს სიახლეები. გარდა ძელის აკრობატიკისა, უკვე სამი წელია, რაც სროლაზე დავდივარ და მართლა კარგად ვისვრი როგორც პისტოლეტიდან, ისე ავტომატიდან. მანამდე სასროლი დანით ვიყავი გატაცებული. ასევე, უეცრად გადავწყვიტე, რომ თურქულის სწავლა მინდოდა და სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. კონკრეტული საჭიროება არ მქონია, უბრალოდ, მომინდა და გადავწყვიტე, მესწავლა. ხშირად დავდივარ ლაშქრობებში და ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ერთი წელი ვცხოვრობდი ჩეხეთში, გაცვლითი პროგრამით და შეიძლება ითქვას, ნახევარი წელი მოგზაურობაში გავატარე. თავიდან ყველა დეტალს ვგეგმავდი, შემდეგ ჩავფრინდებოდი ადგილზე და ყველაფერს იქ ვარკვევდი. განსხვავებულ შესაძლებლობებზე არასდროს ვამბობ უარს. ადამიანი ყველაფრისთვის ვერ იქნები მზად, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვო და ჩემი თავი სხვადასხვა სიტუაციაში გამოვცადო. გამოწვევები ძალიან მიყვარს.
– ერთ-ერთი მოგზაურობა საკმაოდ რომანტიკული აღმოჩნდა, საყვარელმა ადამიანმა ხელი გთხოვათ.
– დიახ, უძირო ტბაზე ვიყავით ასულები და იქ მთხოვა ხელი. ამ მოგზაურობაში ერთი დღით ადრე ლამის დავიხოცეთ. დაგეგმილი გვქონდა, რომ დანიშნულების ადგილას მზის ჩასვლამდე მივსულიყავით. გზად ძალიან მოიღრუბლა და საშინელი წვიმა წამოვიდა. ელავდა და ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო. ფანრები არ გქონდა, რადგან ჩვენი გათვლით, მზის ჩასვლამდე ადგილზე უნდა ვყოფილიყავით, არადა, ძალიან ჩამობნელდა. ტელეფონებს ვერ ვრთავდით, ელვაში არ შეიძლებოდა და ვერ ვხედავდით, სად მივდიოდით. ბილიკი აგვერია და ჩანთებით ძალიან დიდ ლოდებზე მოგვიწია სიარული, სრულიად უგზოობასა და საშინელ წვიმაში. ტბამდე რომ მივსულიყავით, დაახლოებით, ორსაათ-ნახევარი ვიარეთ ამ ლოდებზე. ბევრჯერ აგვიცდა ფეხი და ამიტომ ძალიან ნელა მივდიოდით. მართლა ისე ბნელოდა, რომ არაფერი ჩანდა და გზას მხოლოდ ელვა გვინათებდა. საბედნიეროდ, გადავრჩით და ახლა უკვე ჩემმა მეუღლემ, მოახერხა გეგმის განხორციელება (იცინის).