“ვმალავ, რომ ნოდიკოს დედა ვარ”

317

მაია ურიგაშვილი ნოდიკო ტატიშვილის დედა გახლავთ. ის ყველასთვის საყვარელ მომღერალს სხვა კუთხით, ისეთ ნოდიკოს დაგვანახვებს, როგორსაც შესაძლოა, ნაკლებად ვიცნობდეთ.

მაია ურიგაშვილი: არასდროს მყვარებია ჩემი შვილების ქება, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ნოდიკო ისეთი შვილია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. რეალურადაც ისეთია, როგორადაც იცნობენ – ძალიან პატიოსანი, უბოროტო და ყველას გვერდში მდგომი. ოჯახისთვის საოცარი ადამიანია. ჩვენ დედა-შვილიც ვართ, მეგობრებიც, და-ძმაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მამა-შვილიც კი. იმდენად მზრუნველია, რომ ზოგჯერ მგონია, ჩემი მამაა. ყველაფერი იცის: სად მივდივართ, რა გვაცვია, რა გვახურავს, თავს როგორ ვგრძნობთ და ასე შემდეგ. რამე თუ აგვტკივდა, ხომ საერთოდ… ზოგჯერ რამე რომ გვაწუხებს ვუმალავთ, ძალიან განიცდის ხოლმე. ბავშვობიდან ასეთი ყურადღებიანი იყო. არ გამორჩება, თუ რამე გჭირდება. მხოლოდ მშობლების კი არა დისთვისაც ასეთია და თქვენ წარმოიდგინეთ, მეზობლებისთვისაც კი. პატარაობისას ძალიან ცელქი იყო, მაგრამ თან ძალიან დამჯერი – რომ ვარიგებდი, იგებდა და ითვალისწინებდა.

– მიუხედავად იმისა, რომ აქტიური კარიერა და დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ესე იგი, მისგან ყურადღების ნაკლებობას არ განიცდით.

– არა, რას ამბობთ. მეგობრები მეტყვიან ხოლმე, ამ ყველაფრის დრო როდისღა რჩებაო. მეც არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის დრო ყოველთვის აქვს. ერთი დღე თუ ვერ გვნახა, ტელეფონზე არის ჩამოკიდებული, თან, სულ ვიდეოთვალით გვირეკავს, რომ დაგვინახოს როგორ ვართ. ხმა თუ არ მოეწონა, მაშინვე ჩვენთან გაჩნდება.

– მისი ბავშვობიდან რა ისტორიები გაქვთ შემორჩენილი?

– სიმღერაზე ბავშვობიდან დამყავდა. 6-7 წლის ასაკში უკვე ფილარმონიის სოლისტი იყო ამ ასაკის ბავშვებში, თუმცა, როგორც გითხარით, ძალიან ცელქი იყო. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს აფუჭებდა, თან, ყველაფერს ხელს ჰკიდებდა (იცინის). ახლობლებთან რომ სტუმრად მივიყვანდით, სულ კუდში დავდევდით, რომ ხელში არაფერი აეღო. ყურადღების მიქცევას თუ ვერ მოვასწრებდით, იმწუთას რამეს გატეხდა ან გააფუჭებდა. რასაც კი დაინახავდა, ყველაფრის შიგთავსი აინტერესებდა და ტეხდა. უცნაურობები სჭირდა – ჩვენ მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ და ყველაფერს ზემოდან ყრიდა. ერთხელ ნათესავმა ლობიო მოგვიტანა და დროებით, სანამ ადგილს მივუჩენდით აივანზე ვინახავდით. გავიხედეთ და მეზობელი გვირეკავს, თქვენგან ლობიო ცვივა, ამევსო მთელი ეზო, რა ხდებაო (იცინის). ერთხელ სხვა მეზობელმა მოგვაკითხა, ხელში ქუდი და პიჯაკი ეჭირა, ეს ხომ ნოდიკოსიაო, გვეკითხება. ნამდვილად ნოდიკოსი იყო, ესეც ეზოში გადაუყრია. მაშინ 4 წლის იქნებოდა. კიდევ მიწაში მარხავდა ნივთებს. გვეკითხებოდა, სიმინდი და ლობიო თუ ამოდის მიწიდან, რატომ ბოთლი და დანა არ ამოდისო. ერთხელ ბოთლი დაამტვრია, ეზოში, ხის გარშემო „დათესა“ და წყალს უსხავდა ხოლმე (იცინის).

სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, უმაღლესიც წარჩინებით დაამთავრა. ამისთვის ორიანი არ არსებობდა, ყოველთვის ასეთი იყო – თუ რამეს აკეთებდა, მაქსიმალურად კარგად უნდა გაეკეთებინა.

ერთადერთი, რასაც ჩემს თავს ვერ ვაპატიებ ისაა, რომ გამომრჩა სიგარეტის მოწევა რომ დაიწყო. მეცხრე-მეათე კლასში იქნებოდა, ეს რომ გააკეთა. ვეკითხებოდი, სიგარეტის სუნი რატომ აგდის-მეთქი და მპასუხობდა, მეგობრები ეწევიან და მათთან ერთად ვიყავიო. ამას ეგონა, რომ ეს მჯეროდა და სიმართლე გითხრათ, თან მჯეროდა და თან – არა. მერე მამამისმა უთხრა, თუ ეწევი მოსწიე, ჩუმად მოწევა არ დავინახოო.

ნოდიკო ტატიშვილი: მამამ მითხრა, თუ ეწევი, ერთად მოვწიოთ, ჩუმად სადარბაზოებში სიარული და იქ მოწევა არ დაიწყოო. მომერიდა და ვუთხარი, არ ვეწევი-მეთქი. ერთხელაც, რესტორანში შევედი და ვეწევი, ამ დროს შემომიღო კარი მამამ. მერე სახლში ავედით, აივანზე დავსხედით და ორივე ერთად ვეწეოდით. ეს რომ დედამ დაინახა, იქ ამბავი მოხდა… (იცინის)

ქალბატონი მაია: ჩემთან ერთად დიდი ხანი არ ეწეოდა. ახლა უკვე ამხელა კაცია და ამაზე საუბარი ზედმეტია. სხვა მხრივ, ყველანაირად გვიწევდა ანგარიშს. ცდილობდა, გული არ გვტკენოდა არც მშობლებს და არც მის დას.

– სკოლის ასაკში სიცელქე არ გაჰყვა?

– მერე ძალიან დავტვირთე, ბევრ წრეზე დამყავდა. სხვათა შორის, შატალოზეც დადიოდა და ამ დროს მე, პირიქით, ვამხნევებდი ხოლმე, ვეუბნებოდი: მიდი, დედა, შენც აუცილებლად წადი-მეთქი. არ მინდოდა, ეთქვათ, იმის გამო, რომ მასწავლებლის შვილია, მეგობრებს არ აჰყვაო.

– რაც შეეხება სიმღერას, თქვენ რა წვლილი მიგიძღვით იმაში, რასაც დღეს ნოდიკო წარმოადგენს?

ნოდიკო: ამ საქმეში ყველაზე დიდი, გრანდიოზული როლი მას აქვს.

ქალბატონი მაია: მე ბავშვობიდან ვმღეროდი და ვუკრავდი. ანსამბლშიც ვიყავი, გუნდის სოლისტიც, მაგრამ ყველაფერს მამაჩემისგან მალულად ვაკეთებდი. მამა სამხედრო პირი იყო და არ უნდოდა, შვილი სცენაზე ენახა. თუმცა, მისი ორივე შვილიშვილი ბავშვობიდან სცენაზე იდგა. ჩემი გოგო ანსამბლ „ნერგებში“ მღეროდა და მამას ეს ძალიან მოსწონდა, კონცერტებზე პირველი ის მიდიოდა, თუმცა, მე რომ მემღერა, ამის წინააღმდეგი იყო. თვითონ მამაც ძალიან კარგად მღეროდა. მე დავიფიცე, თუ ჩემს შვილებს სმენა აღმოაჩნდებათ, აუცილებლად შევუწყობ ხელს ამ მხრივ განვითარდნენ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ნოდიკო ორი წლიდან მღეროდა. უფრო სწორად, 1 წლის და 8 თვის იყო, ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა, როცა ერთად ვმღეროდით ხოლმე. მერე კომპოზიტორ ნანა დაუშვილთან მივიყვანე და ფაქტობრივად, ნანამ გაზარდა. შემდეგ იყო „ნუცას სკოლა“, შემდეგ ბასილაიამ წაიყვანა თავისთან, რასაც არაერთი საერთაშორისო კონკურსი მოჰყვა, საიდანაც სულ პირველი ადგილებით ბრუნდებოდა. შემდეგ კი – „ჯეოსტარი“.

– როგორ შეხვდით მის პოპულარობას?

– ეს, ალბათ, ყველაზე მეტად მშობელს უხარია. თუმცა, მე ნოდიკოს პოპულარობას მაშინ ვხვდებოდი, როცა მასთან ერთად ქუჩაში გავივლიდი და ხალხი შემოეხვეოდა, ჰკოცნიდნენ, ლოცავდნენ და მეც მლოცავდნენ, თქვენ, ალბათ, დედა ხართ და გაიხარეთ ასეთი შვილის გაზრდისთვისო. ასეთი სიტყვებისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა. მე ისინი მაგრძნობინებენ ჩემი შვილის პოპულარობას, თორემ დედისთვის შვილი შვილია და არა პოპულარული ადამიანი.

ნოდიკო: ერთხელ რაღაცაზე ჩემი პასუხი არ მოეწონა და მაშინვე ჩხუბი დამიწყო, შენ ჩემთვის ვარსკვლავი არ ხარო (იცინის).

ქალბატონი მაია: თავიდანვე ვუთხარი, თავში არ აგივარდეს-მეთქი და მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა. ისეთივე უბრალო დარჩა, როგორიც იყო.

– რომ იგებენ ნოდიკოს დედა ხართ, ალბათ, განსაკუთრებული ემოციებით გხვდებიან.

– თქვენ წარმოიდგინეთ, ვმალავ, რომ ნოდიკოს დედა ვარ. მერე უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ხოლმე და ამის ძალიან მერიდება. შეიძლება, ზოგმა იფიქროს, რატომაც არაო, მაგრამ მეც და ჩემი მეუღლეც ასეთები ვართ, არ გვიყვარს თავის წარმოჩენა.

– ნოდიკოს სიყვარულებზეც უნდა გკითხოთ, რა ისტორიები აქვს ბავშვობიდან?

– ბაღში ჰყავდა შეყვარებული, მზიკო ერქვა. ძალიან საყვარელი გოგო იყო. ნოდიკო გიჟდებოდა, ისე უყვარდა. მასზეც ისე ზრუნავდა, როგორც ჩვენზე. ყველგან მიაცილებდა და მოაცილებდა, საჭმელს სთავაზობდა და ასე შემდეგ. მერე სკოლაში უყვარდა ერთი გოგო. ამ ბოლო დროს უკვე აღარ ვიცი. რომ უყვარდეს ვინმე, ალბათ, მეტყოდა.

ნოდიკო: ახლა ძალიან მიკვირს, ცუდს რომ არ ლაპარაკობს ჩემზე. როგორც წესი, ასე იცის (იცინის).

ქალბატონი მაია: „ნუცას სკოლაში“ მონაწილეობის პერიოდში გადაღებაზე ჩვენთან, სახლში მოვიდნენ. მონაწილე ბავშვების ოჯახებს იღებდნენ და ჩვენამდე უკვე ჰყავდათ რამდენიმე ოჯახი გადაღებული. ყველას ცაში აჰყავდა თავის შვილი და მე რომ მკითხეს, როგორი შვილია ნოდიკოო, ვუთხარი, ვაიმე, ძალიან ჯიუტი, ისეთი და ასეთი-მეთქი. ჟურნალისტი გაოცებული მიყურებდა, მაგრამ შემდეგ მითხრა, ასეთი სიუჟეტი არავისზე გაგვიკეთებია, ყველა აქებს თავის შვილს და თქვენი გულწრფელობა ძალიან მომეწონაო. კი, ნოდიკო ჯიუტი იყო და დღემდე ასეთია – სიმართლე უნდა ითქვას.

– ეუბნებით ხოლმე, ცოლი მოიყვანე, შვილიშვილები მინდა და ასე შემდეგ?

– ყოველდღე, ყოველდღე. იცით, რა გააკეთა? მაია ასათიანმა აჩუქა პატარა, უსაყვარლესი ძაღლი და სახლში მოგვიყვანა, ცოტა ხანი ამაზე გაერთეთო. მერე ამბობდა, მეც და ჩემი დაც ბედნიერები ვართ, მგონი, დავავიწყდით ცოტა ხანიო (იცინის).

– თქვენს საქმიანობაზეც მოგვიყევით.

– მე პედაგოგი ვარ, დაწყებით კლასებს ვასწავლი. წელს პირველი კლასი ამყავს, დაფრთიანებული მეოთხე კლასელები გავუშვი და ახლა ახალ წიწილებს ველოდები. ძირითად დროს სკოლაში ვატარებ და ვცდილობ, ამ საპასუხისმგებლო ამპლუას თავი ღირსეულად გავართვა.