“როგორც მშობელი ნიას გვერდში ვუდგავარ, მისი ყავარჯენი ვიქნები მაგრამ არავითარ შემთხვევაში გზამკვლევი”

283

„ცვალებადი ნიშნები“ ახალი სერიალია, რომელმაც მაყურებლის ყურადღების მიქცევა დასაწყისიდანვე მოახერხა. ამ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ნია გუგავა ასრულებს, მისი პერსონაჟის მეგობრის დედის როლს კი ნიას ნამდვილი დედა – მსახიობი ეთო გუგავა თამაშობს.

ეთო გუგავა: სერიალში „ცვალებადი ნიშნები“ ნია, ჩვეულებრივ, კასტინგის მეშვეობით მოხვდა. მე კი გადასაღებ მოედანზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ნიას რაღაც ნივთი დასჭირდა და მივუტანე. მაშინ გავიცანი რეჟისორი და მსახიობები. რეჟისორმა ადგილზევე გადაწყვიტა, კასტინგზე დავებარებინე ნენეს დედის როლზე. მე და ნენეს როლის შემსრულებელი გვერდიგვერდ რომ დაგვინახა, ეს იდეა მაშინ გაუჩნდა და ასე აღმოვჩნდი ამ სერიალში.

– რამდენად სანერვიულო და საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი?

– ბედნიერებასთან ერთად, ღელვასაც იწვევს. პირველ რიგში, არ მინდა, საზოგადოებაში არსებობდეს მითი იმის შესახებ, რომ რადგან მსახიობი და ცნობადი სახე ვარ, ჩემი შვილი აქ ჩემი დამსახურებით არის. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია. მე, როგორც ყველა დედა, ძალიან ვნერვიულობ ჩემი შვილების გამოცდებსა თუ კასტინგებზე, მაგრამ არც შემიძლია და არც მივესალმები იმ ფაქტს, რომ რაიმე სახით, წინ ხალიჩა გავუფინო. მირჩევნია, მან თავისი ნიჭითა და შრომით მიაღწიოს წარმატებას და გარკვეულ საფეხურებზე ავიდეს. თუ იქიდან ჩამოვარდება, ისიც ეცოდინება, ეს რისი ბრალიცაა და შესაბამისად, გამოსწორების გზასაც მიაგნებს. როგორც მშობელი, გვერდით ვუდგავარ და საჭირო დროს მისი ყავარჯენი ნამდვილად ვიქნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – გზამკვლევი.

– სერიალში დიდად სასურველი დედის როლი არ გაქვთ.

– სერიალში საშინელი დედა ვარ, მე თვითონ შემეშინდა ჩემი თავის (იცინის). ეს პერსონაჟი არაფრით არ მგავს. ჩემი და ნიას ურთიერთობა რადიკალურად განსხვავდება ლელასა და ნენეს ურთიერთობისგან. ნიამ მითხრა, იმდენად შემზარავია შენი პერსონაჟი, მივხვდი, რომ რეალურად იმაზე კარგი დედა ხარ, ვიდრე აქამდე მეგონეო (იცინის). მივხვდი, რომ მიზანი მიღწეულია. ზუსტადაც რომ, ტოქსიკური და შემზარავი ქალის როლი უნდა შემესრულებინა, რომელსაც უნდა ეტყობოდეს უკიდურესი შინაგანი სიდუხჭირე. როგორც ჩანს, გამომივიდა (იცინის).

– ნიას ძალიან გამორჩეული გარეგნობა აქვს, ეს დედისთვის ალბათ, საოცარი შეგრძნებაა…

– მისი დაბადების წამიდან ასე იყო. ერთი ფოტო მაქვს, რომელიც პირველ წამებშია გადაღებული და იქ კარგად ჩანს, რომ მაშინაც კი საოცარი სანახავი იყო. არ ჰგავს ახალშობილს, უნიკალური გარეგნობა და საოცრად მეტყველი თვალები აქვს. რომ შევხედე, მივხვდი, რომ რაღაც საოცრება მოევლინა ქვეყანას და ძალიან სათუთად უნდა მოვპყრობოდი.

– კი, მისი გარეგნობა მართლა დადებითად განგაწყობს.

– ყველა მის ფოტოსა თუ ვიდეოს კომენტარებში ამას წერენ. გოგონები უწერენ საოცარ კომპლიმენტებს. ხშირად წაგვიკითხავს და მოგვისმენია კიდეც, რომ ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ სილამაზის გარდა, აღმოჩნდა, რომ ქართველები არ ვყოფილვართ ასეთები. პირიქით, გულწრფელად აღიარებენ და ხაზს უსვამენ მის სილამაზეს, ძალიან სათუთად ეპყრობიან და თბილ სიტყვებსა და განსაკუთრებულ ემოციებს არ იშურებენ. ვუთხარი კიდეც ნიას, ქალები რომ გაღიარებენ, ესე იგი, ეს სიმართლეა და მხოლოდ დედის სუბიექტური დამოკიდებულება არ არის-მეთქი.

– რაც შეეხება მის როლს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ჩვეულებრივად იღებს, როგორც თანამედროვებისთვის მახასიათებელს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია.

– სოციალურ ქსელში ყველა კომენტარი წაკითხული მაქვს (იცინის). ამქვეყნად რაც კი ხდება, ყველაფერი განხილვის საგანია და გამორიცხულია, რაიმე საკითხთან დაკავშირებით ყველა ერთ აზრზე იყოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ. ჯერ კიდევ შემოგვრჩა პირველყოფილი ტრადიციები და ჩვევები, ახლის მიღება კი უფროსი ასაკის ადამიანებში ჯერ კიდევ სირთულეებს უკავშირდება. ჩემთვის ამ სერიალში და იმ სცენაში, რაზეც საზოგადოებას მწვავე რეაქცია ჰქონდა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. კი, მეც ასე ვაზროვნებ და ვფიქრობ, რომ ადამიანმა შეიძლება, ნებისმიერ საკითხზე ისაუბროს ოჯახის ნებისმიერ წევრთან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძალიან აღშფოთდა, შოკში ჩავარდნენ, მაგრამ ალბათ, ადრე თუ გვიან მიიღებენ ამ მოცემულობას და მალე ვეღარ დაინახავენ პრობლემას იმაში, რომ შეიძლება, საკუთარ შვილიშვილს ასწავლო ის, რაც მისთვის პრობლემურია და რაღაცებისთვის შეამზადო. სექსუალური განათლების საჭიროება დიდია. ადამიანი პატარა ასაკიდან იწყებს ზოგადი განათლების მიღებას და ასე უნდა იყოს სექსუალური განათლების შემთხვევაშიც. გოგო ან ბიჭი ოჯახს რომ ქმნიან, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ წინ ბევრი სირთულე შეხვდებათ. რატომ უნდა ვასწავლოთ ქალიშვილს, რომ გათხოვების შემდეგ ჭურჭელი და ქმრის წინდები უნდა რეცხოს. სარეცხი კი იდეალურად უნდა გაფინოს, მეზობელი რომ დაინახავს რამე არ თქვას – ეს ყველაფერი ხომ ბოდვაა. შვილები გაცილებით სერიოზული თემებისთვის უნდა მოვამზადოთ, იმისთვის, რაც ბედნიერებასთან არის კავშირში. რატომ უნდა ეგონოს ბიჭს, რომ ცოლს რომ შეირთავს, ის უნდა წამოწვეს და ცოლმა ხეხოს. რატომ არ უნდა იცოდეს, რომ ჭურჭელი მანაც ისევე უნდა გარეცხოს, როგორც ცოლმა და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ სექსუალურ განათლებასაც არ ეხება საქმე, ძველი ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ და გავაანალიზოთ, რომ ქალიც, კაციც, სექსიც, გართობაც, ჭამაც და ასე შემდეგ, ციდან არ მოდის. ყველას გვიწევს პრობლემებთან შეჯახება, მაგრამ თუკი წერა-კითხვას ვასწავლით შვილებს, ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული ანბანიც უნდა ვასწავლოთ. არ მესმის, რას ხედავენ ამაში პრობლემურს. რეალურად მესმის, მაგრამ იმედი მაქვს გადაუვლით და მიხვდებიან, რომ არ არის პრობლემა ამაზე საუბარი.

– ნიასთვის ასეთი მასშტაბური პროექტი პირველია. როგორ ხვდება მსგავს გამოხმაურებას?

– არ არის პირველი. ნიამ საკმაოდ მასშტაბურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. 2021 წელს „პირველმა არხმა“ გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჯადოსნური ახალი წელი, ანუ ერთი კოცნის ისტორია“. ამ ფილმში ნიამ მთავარი როლი შეასრულა და თან კოცნის სცენა ჰქონდა. ამაზეც ერთი ამბავი იყო, მაგრამ იმდენად ფერადი და კეთილი ფილმი იყო, რომ საზოგადოებამ კარგად მიიღო და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან ეფერებოდნენ. არა, ნიას არანაირი რეაქცია არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ადამიანს თუ ოჯახისგან აქვს თანადგომა, ნებისმიერ ზეწოლას გაუძლებს, რადგან იცის, რომ მარტო არ არის ამ პრობლემის წინაშე. ნიას ჩემგან და ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მიგვაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, რომ ზრდასრული ადამიანი და პროფესიით მსახიობია. ჩვენ არ ვცხოვრობთ ილუზიებით და არ გვგონია, როცა მსახიობი ხარ, მხოლოდ ფიფქიას ან კონკიას როლი უნდა შეასრულო. მე და ჩემი მეუღლე ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვებმა თავი მშვიდად იგრძნონ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ. იციან, რომ ისინი თავისუფალი პიროვნებები არიან და არჩევანის უფლება აქვთ. ისიც იციან, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენენ და სხვას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებენ, ჩვენ არ გავამართლებთ. ყოველთვის სიმართლის მხარეს დავიჭერთ. ასეთ გარემოში ბავშვები ძლიერ პიროვნებებად იზრდებიან. კი, ნია ნამდვილად ძლიერი ადამიანია ასეთი აღზრდისა და მისი პიროვნული თვისებების გამოც. პატარა რევოლუციონერია.

– ახლა მინდა დედაზე ვისაუბროთ, რომელიც იპოვეთ და ძალიან მალე დაკარგეთ.

– კი, ვიპოვე, დავკარგე და მიუხედავად ერთწლიანი ურთიერთობისა, მან დიდი კვალი დატოვა ჩემს გულსა და ჩემს ოჯახში. კიდევ კარგი, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.

– როცა შეხვდით, მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ უკვე ცნობილი იყო?

– არა, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. პანკრეასის სარკომა ისეთი დაავადებაა, რომ ორ-სამ თვეში კლავს ადამიანს. ეს აქ დაემართა, მას შემდეგ, რაც ომი, ნერვიულობა, სტრესი და ათასი უბედურება გამოიარა. პირდაპირ შემიძლია, ხელი რუსებს დავადო – ტყვიის გარეშე მოკლეს ადამიანი. სხვათა შორის, მისი მეგობრები, ვინც ახლაც უკრაინაში არიან, ნახევარზე მეტი ონკოლოგიური პრობლემის წინაშე დადგა. ბევრს დაემართა ეს სტრესის და ნერვიულობის ფონზე.

– უკრაინელ, პატარა დისშვილს ზრდით, რომელიც მგონი, ნამდვილ პატრიოტ ქართველად იზრდება…

– კი, ასეა. ჩვენ უკვე ვკითხულობთ წიგნს დავით აღმაშენებელზე და ბავშვი აღფრთოვანებულია მისი ისტორიით. ყველაზე მაგარი ისაა, რომ მთხოვს, ქართულ სკოლაში გადავიყვანო. წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ენა ისწავლა, წერა-კითხვაც. საუბარი ისე კარგად იცის, რომ მასთან რუსული სიტყვების გამოყენება აღარ გვჭირდება. უფრო მეტიც, ინსტინქტურად რამეს თუ რუსულად ვიტყვი, მისწორებს, დეიდა რუსულ სიტყვებს ნუ მეუბნებიო და მეც მობოდიშების შემდეგ ქართულად ვაგრძელებ. ჩემს დას ვესაუბრე, მისგან დამოუკიდებლად ვერ გადავიყვანდი ქართულ სკოლაში და მან მითხრა, როგორც შენ გადაწყვეტო. ჩემი და ისევ უკრაინაშია. უნდა, რომ ბავშვმა აქ იცხოვროს, ჩემთან ერთად და როცა მის ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, თვითონ მერე ჩამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ სტრესშია, უმძიმეს დღეებს გადის, ახლა ქვეყნის დატოვება არ უნდა. სულ ცოტა ხნის წინ ყავაზე გავიდა ოფისიდან. მისი სამსახურის მოპირდაპირე შენობაში კაფეტერიიდან ყავა აიღო და უკან ბრუნდებოდა, როცა ეს ორი შენობა დაიბომბა. ჩემი და ამ ორ შენობას შორის მოყვა და აფეთქების ტალღამ მოისროლა. დაზიანებები მიიღო, მაგრამ სერიოზული არა. გოგონა, რომელმაც მას ყავა მიაწოდა დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის უკრაინიდან არ მოდის.