“ძალიან ვცდილობ მის სახეზე სევდა არ დავინახო”

281

ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ ქართველმა სალომე უშხვანს ხელი სთხოვა. წყვილის ურთიერთობა „პრაიმჰაუსში“ დაიწყო და პროექტის მიღმაც გაგრძელდა.

ნიკოლოზ ქართველი: სიმართლე რომ ვთქვა, ხელის თხოვნა დაგეგმილი არ მქონია. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. უცბად გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი და სხვათა შორის, ძალიან ვინერვიულე. პირველად მომიწია საყვარელი ქალისთვის ხელის ოფიციალურად თხოვნა, აქამდე სხვანაირად ხდებოდა და ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად განვიცადე. ძალიან ემოციური ყოფილა.

ჩვენ უკვე დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ. პროექტიდან წამოსვლის შემდეგ, საკმაოდ მოკლე ხანში გადავედით ცალკე საცხოვრებლად და მას შემდეგ ერთად ვართ. ეს ძალიან მაგარია. კარგად ვეწყობით ერთმანეთს და ბედნიერები ვართ ჩვენს სამ შვილთან ერთად.

– სალომეს საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, ცოტა ხნის წინ მამა დაკარგა.

– კი და ყოველდღე მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო, გავართო და ამ ტკივილზე ფიქრის საშუალება არ მივცე. ვგრძნობ, რომ გულის სიღრმეში ძალიან მოწყენილია, მაგრამ ძალიან მინდა, მის სახეზე სევდა არ დავინახო. მამასთან ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა. სიყვარულთან ერთად, ბევრი წყენაც ჰქონდა, მაგრამ როდესაც სალომე ოთახში შევიდა და გარდაცვლილი მამა დაინახა, მისი იმდროინდელი სახე არასდროს დამავიწყდება. განადგურებული იყო. გაგების წამიდანვე ძალიან ცუდად იყო. მისი მკურნალობის პროცესში სალომემ განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო. მამიდებთან ერთად, ყველაფერს უზრუნველყოფდა, მაგრამ ყველაფერი უნაყოფო აღმოჩნდა.

– როგორ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება?

– რეალურად იმხელა სითბოს ვიღებთ, ვერც აღვწერ. ასეთი რამ სხვას რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი. ყოველდღე, ქუჩაში რომ გავდივართ, 30 კაცი მაინც გვაჩერებს და გვეფერება. სოციალურ ქსელებში მოწერილ შეტყობინებებზე აღარ მაქვს საუბარი – საოცარი სითბოა და გარეთ ეს ასმაგად იგრძნობა. ასეთი რამე თუ შესაძლებელი იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდი, საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა.

– კრიტიკული კომენტარებიც ბევრი იყო.

– მესმის. იქნებოდა კრიტიკული კომენტარები, რადგან ჩემი დანაშაული ძალიან დიდია. თავს დამნაშავედ ვთვლი სალომეს წინაშეც და ასევე, ჩემი ყოფილი ცოლის წინაშე. რაღაც-რაღაცები ცოტა გაუგებრად გამომივიდა. ვერ გამოვხატე სწორად და ვერ დავასრულე ისე, როგორც საჭირო იყო. ვერ შევფუთე ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, ძალიან ცუდად გამომივიდა. ამას ვაღიარებ და ძალიან განვიცდი. გულზე მძიმედ მაწევს, ბევრი ადამიანი შევიყვანე შეცდომაში. მადლობა ღმერთს, უკვე ყველაფერი დალაგდა და სირთულეები უკვე უკან მოვიტოვეთ.

– ხალხმაც ვერ გაიგო სწორად, რაღაც პერიოდი ყველამ ჩათვალა, რომ განქორწინებული არ იყავი, სალომეც გაურკვევლობაში იყო.

– ოფიციალურად არ ვიყავი განქორწინებული, ცოტა ხნის წინ განვქორწინდი.

– რეალურად ყველაფერი დასრულებული იყო?

– ნაწილობრივ.

– როგორ მოახერხე ამ გაურკვევლობის შემდეგ სალომესთან ურთიერთობის დალაგება?

– ალბათ, იმის დამსახურებით, რომ მართლა ძალიან მიყვარს. სალომე ძალიან მიდგას გვერდით, ასევე, ჩვენი გარემოცვაც, ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც უკვე ჩვენი ოჯახის წევრები არიან.

– რეალურად როდის დაასრულე წინა ქორწინება?

– რეალურად პროექტის შემდეგ. მე ამას ძალიან განვიცდი. მე მაქვს დანაშაულის გრძნობა ჩემი ყოფილი მეუღლის მიმართ. მინდა, ის ჩემზე მეტად ბედნიერი იყოს. მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ის ჩემზე ასჯერ ბედნიერი იყოს.

– მან როგორ მიიღო შენი გადაწყვეტილება?

– რა თქმა უნდა, მძიმედ. ვერ დავალაგეთ ურთიერთობა, მაგრამ მისი სიბრაზე და აგრესია ჩემ მიმართ გამართლებულია. არ ვამტყუნებ. არ ვარ ასეთი ადამიანი, მაგრამ ძალიან შემიყვარდა სალომე, ამას ძალიან გულახდილად ვამბობ.

– საზოგადოების აზრის შეცვლა არ გაგიჭირდა?

– იყო აგრესია. შეიძლება, არიან ადამიანები, ვინც ამის გამო ჩემ მიმართ ახლაც უარყოფითად არიან განწყობილი და ვერც მათ გავამტყუნებ. მადლობა ღმერთს, დიდი არმია მყავს, ვისაც ვუყვარვარ და მადლობა ღმერთს იმისთვისაც, რომ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება.

– ახლა როგორია თქვენი რომანტიკა და ყოველდღიურობა?

– ყოველდღე ახალი სიხარული გვაქვს. უკეთესად გავიცანით ერთმანეთი. პროექტს გარეთ სულ სხვანაირია ერთად ცხოვრება. ჩვენ შორის კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს. ერთმანეთს ვავსებთ და ვეხმარებით.

– ერთმანეთის შვილებთან ურთიერთობა როგორ ააწყვეთ?

– მართლა იდეალურად. ყველა ძალიან ბედნიერი ვართ. ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ბავშვებთან და ბავშვებსაც – ერთმანეთთან. ძალიან კეთილი და ღიმილით სავსე ოჯახი გვაქვს. ბედნიერებით ვტკბებით. უფალს ვთხოვ, რომ ეს იქამდე გაგრძელდეს, სანამ ვსუნთქავ. ერთმანეთს ვამხნევებთ და ბევრს ვეხუტებით.

– შვილთან დაკავშირებით, ძალიან მტკივნეული გამოცდილება გაქვს, როგორ გაუმკლავდი იმას, რაც წარსულში მოხდა?

– ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, კიდევ გვაქვს გასავლელი, რადგან ცოტა რთული პროცესია. ავარიის შემდეგ ძვალი იზრდება და მომავალში კიდევ ერთი სერიოზული ოპერაცია გველოდება. ღვთისა და ექიმების იმედი მაქვს. ჩემს თავს ძალიან დიდი სასწაული მოხდა. ჩემი შვილი განწირული იყო. გადარჩენის შანსი არ არსებობდა. მეუბნებოდნენ, ტვინი ფელამუშივით აქვს და აზრი აღარაფერს აქვსო, კომაში იყო. კითხვის დასმასაც კი არ ჰქონდა აზრი. ჩემი შვილის სიცოცხლე ღვთისა და უმაგრესი ქართველი ექიმების დამსახურებაა. მეგობარმა მითხრა, აუცილებლად წავიდეთ მამა გაბრიელის საფლავზეო. 40 დღე იყო გასული, ავდექი და წავედი. ასე არასდროს მისაუბრია ღმერთთან. მორწმუნე ვიყავი, მაგრამ ასეთი გრძნობა იქამდე არასდროს განმიცდია. იქ მე მთელი ჩემი გრძნობა და ემოცია დავხარჯე. მამა გაბრიელის საფლავიდან რომ წამოვედი, 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, სად ხარ, შენი შვილი კომიდან გამოვიდაო.

უცებ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, თავიდან დაბადება, ალბათ, ამას ჰქვია. ერთდროულად სიხარულისგან და ნერვიულობისგან გავჭაღარავდი. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ცხოვრება შევცვალე, სულ სხვა გაგების გავხდი. ფაქტობრივად, გავაქრე ჩემში აგრესია. ადამიანები თავშეუკავებლები და აგრესიულები ვართ. მეც ასეთი ვიყავი, სანამ ჩემს ცხოვრებაში ეს არ მოხდა. ახლა, რაც არ უნდა მოხდეს, მაქსიმალურად ვიკავებ თავს და ვცდილობ, აბსოლუტურად ყველა ადამიანში სიყვარული და მეგობრობის უნარი ვიპოვო. ვცდილობ, არავის არაფერი ვაწყენინო.

– საიდან დაიწყო ეს ისტორია?

– ჩემი შვილი ჩვენს ძალიან ახლობელთან ერთად იყო ავტომობილში. საჭესთან ვინც იჯდა, ის ნასვამი ყოფილა. ამ ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მე მაშინ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. დილის რვა საათზე მითხრეს, რაც მოხდა და არც მახსოვს, საავადმყოფომდე როგორ მივედი. მეგონა, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო. დედამ დამირეკა, მითხრა იმედს არ გვაძლევენ, აპარატზეა შეერთებულიო. ვფიქრობდი, რომ დამინდო დედამ და ტელეფონში არ მითხრა, მაგრამ სინამდვილეში უკვე გარდაცვლილი იყო. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა, ჩემი შვილი ცოცხალი იყო, თუმცა, საშინელ მდგომარეობაში. ისეთი შეშუპებული იყო, 7 წლის ბავშვი 20 კილოგრამით მეტი გახდა. მე პირველი ერთი კვირა არ მინახავს, ფიზიკურად არ შემეძლო მასთან შესვლა, ჩემი მეგობარი აკეთებდა ყველაფერს, ყველას ის ეგონა მამა, მე მკვდარი ვიყავი. ყველაფრის უნარი დავკარგე, ეგეთი სუსტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მგონია, რომ არც არსებობს სხვა რამ, რასაც შეუძლია, ამ მდგომარეობამდე მიგიყვანოს. უფლის წყალობით, გავუძელით.

– დღეს როგორი მამა ხარ?

– ალბათ, ეს ჩემმა შვილმა უნდა თქვას. ჩემი ძმაკაცია, ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს. ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად. მე ძალიან მაგარი მამა მყავდა, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა, უსაყვარლესი კაცი იყო, ყველაზე კეთილი და მსუქანი. 18 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და გულში დიდი ტკივილი და დიდი სიყვარული დამიტოვა. ძალიან განათლებული კაცი იყო, ცოცხალ, საყვარელ ენციკლოპედიას ეძახდნენ. ბევრი რამ მასწავლა და იმედი მაქვს, რომ მე მისი ნახევარი მაინც ვიქნები. უფლებაც არ მაქვს, ჩემი შვილის გვერდით არ ვიყო და მისთვის ყველაფერი არ გავაკეთო.