„ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა, ორივე დაბნეულები ვიყავით…“

163

ინგა ფერაძე უკანასკნელ განსასვენებელს მახათას მთაზე, პანთეონში იდებს… დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მშობლიურ მიწას, დღეს უერთდება.

პიანისტი ნიკა ნიკვაშივილი ფეისბუქზე მომღერალთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. ინგას ცნობილი ალბომი – “ოქროყანის აღმართი” ნიკას ორგანიზებით გამოცემულა… აი, როგორ დაიწყო მუსიკოსების ტანდემი.

ნიკა ნიკვაშვილი: მაშინ, ალბათ, 25 ან 26 წლის ვიყავი, როდესაც ღრმა ბავშვობის შემდეგ, ინგა ფერაძის სახელმა ახლიდან შემახსენა თავი. ეს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მის სცენაზე გამოსვლას უკავშირდებოდა და მომენტალურად დავურეკე ჩემს მენაბდეს კითხვით, თუ იცნობდა და თუ დამაკავშირებდა ინგას? რა თქმა უნდა, მანანამ ძალიან ოპერატიულად, მეორე დღესვე გაუკეთა ორგანიზება აღნიშნულ საკითხს და ამ დღიდან ძალიან მოკლე დროში, ავიღე ბილეთი და გავემგზავრე ბელგიაში ინგასთან, ვიცოდი რაც მინდოდა, მაგრამ სად მივდიოდი, ეგ არ ვიცოდი…

სურვილი მხოლოდ ერთი იყო, რომ ინგას სიმღერები, ყველაფერი აღმედგინა და შემდეგ ალბომის სახით გამოგვეცა.

ვგრძნობდი, მის უნიკალურ ხმას და პიროვნებას, რომლის ყურადღების გარეშე დატოვებაც უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

ჩავედი ბრიუსელში და ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით, ცოტა უცნაურად მიყურებდა, მეც დაახლოებით ასევე. უკვირდა, ასეთ ახალგაზრდას, რატომ მოგინდა ჩემი ალბომის და სიმღერების გაკეთებაო?..

დავიწყეთ მუშაობა, როიალის ნაცვლად ორღანზე გვქონდა რეპეტიციები, გამომიცხადა მეტი არ მაქვსო..)) სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ინგულის განსაკუთრებულად ძალიან თბილი, გამორჩეული ურთიერთობა. ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული…

ალბომს “ოქროყანის აღმართი”დავარქვით.

ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო…

www.primetime.ge