“დღეს ზანდუკელზე შემხვდა გლოვოს კურიერი, ეტყობა ფეხი სტკიოდა ცოტათი კოჭლობდა კიდეც”

ჟურ­ნა­ლის­ტი და მთარ­გმნე­ლი თეა გვა­სა­ლია სოციალურ ქსელში წერს:

“ჯერ ველოსიპედით მოძრავ, „გლოვოს“ კურიერებს რომ ვხედავდი თბილისის აღმართებზე, მათი ცოდვით არ ვიყავი და ამ ბოლო დროს, ფეხით მიმავალი, ზურგზე იმხელა ყუთმოკიდებულები რომ მხვდებიან ყოველ ნაბიჯზე, ახლა ამათზე მეთუთქება გული. დღეს ზანდუკელზე შემხვდა ერთი, თან, ეტყობა ფეხი სტკიოდა, ცოტათი კოჭლობდა კიდეც. ზანდუკელის ამოვლა უტვირთოდაც რა დამღლელია და იმ საწყალ ბიჭს ალბათ როგორ უჭირდა.  ასეთ დროს, აწმყო რომ მთრგუნავს, მომავალი კი კაცმა არ იცის რას გვიმზადებს ამ დაძაბულ, სიძულვილით და ომებით სავსე სამყაროში,  ჩემს ლაღ, მზით გაჩახჩახებულ და მშვიდ ბავშვობას მივადგები ხოლმე თავშესაფრის თხოვნით და ისიც სიამოვნებით მიღებს, თავის დროზე დიდური თავგადასავლების ძიებაში იმ ბედნიერი სამყაროდან თავქუდმოგლეჯით გაქცეულს.  

დღეს, წარსულში დასაბრუნებლად,  თვალების დახუჭვაც არ დამჭირვებია, სადაც მივდიოდი, იმ მარშრუტს გადავუხვიე და  ნახევარი საუკუნეა ფეხი რომ არ შემიდგამს, იმ სახლს მივადექი.   ვერის უბნის რელიეფს გამო,  მშენებლებმა მისი ათვისება, რაც თანამედროვე ქართულ ურბანისტიკაში, უსახური, მრავალსართულიანი კორპუსების ერთიმეორის გვერდით ჩაჭუჭკვნას ნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოახერხეს. ზანდუკელზე, ჩემს ბავშვობაში რომ ჯავახიშვილი ერქვა, ხელი არავის უხლია სახლისთვის, რომლის მეორე სართულზე ბებიაჩემი და მამიდაჩემი ცხოვრობდნენ, როცა ეს უკნასკნელი სტუდენტი და შემდეგ ასპირანტი იყო. იმ წლებში მე ვიყავი ძალიან პატარა, ალბათ ბაღშიც არ დავდიოდი, მაგრამ გადასარევად მახსოვს იმ სახლის სუნი, ხის კიბეებიდან რომ იწყებოდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, 2023 წლის თბილისიდან „გაქცეულმა“, წინა საუკუნეში დასაბრუნებელი კარი რომ შევაღე და სუნიც და კიბეებიც იგივე დამხვდა. 

გარეთ იყო ის, რაც მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ: „გლოვოს“ კოჭლი კურიერი და ბოლო გამოშვების „ლექსუსში“ გაჯგიმული რომელიმე ბაზრობის, სასაფლაოს ან რესტორნის დირექტორი, „ანტრედან“ გამოსული უცხოელი და ქუჩის კუთხეში ხელგაშვერილი მოხუცი მათხოვარი, ბავშვებით სავსე, უძვირესი კერძო სკოლის ავტობუსი და დედა, რომელიც ღამით უნდა გაეპაროს მძინარე შვილებს და უცხო ქვეყანაში, ალცჰაიმერიან სხვის მშობლებს უცვალოს პამპერსები.  შიგნით იყო გასული საუკუნე და ხის მოხვეული კიბე, რომლის ყოველი საფეხური, მზით გამთბარ დიდ ოთახთან მაახლოვებდა, სადაც ბებიაჩემი სახაჭაპურე ყველს ფშვნიდა, ჩემი ლამაზი მამიდა კი თავის შეკერილ, „დოლჩე გაბანას“ რომ შეშურდებოდა, ისეთ ვარდებიან კაბას მაცვამდა, თავისივე მოგონილ, ორიგნალურ ვარცხნილობას მიკეთებდა და სასეირნოდ მივყავდი. გარეთ იყვნენ მოკლული, ჩამოგდებული, დაჭერილი და საიმპიჩმენტოდ განწირული პრეზიდენტები, ნაცები და ქოცები, „ამოწყდი“ და „გადადექი“, შიგნით ვიყავი მე და გარეთ გამოსლა არ მინდოდა – წერს თეა გვასალია.

ასევე იხილეთ