“ყოფილ ქმარს სურს მისი საყვარელი გავხდე”

ძალიან უხერხულ თემაზე მიწევს საუბარი. ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ ამბის გამოქვეყნება, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, ფართო საზოგადოების წინაშე გამომეტანა. იქნებ ბევრი ადამიანი დაფიქრდეს და მიხვდეს, როგორ არ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში.

სიმშვიდეში გავიზარდე და მშვიდი ხასიათიც ჩამომიყალიბდა. ექიმი ვარ და ბევრი ჩემი პაციენტი აღნიშნავს, რომ ეს ხასიათი მათ ძალიან შველით, მენდობიან და ყველა რჩევას ითვალისწინებენ. ბევრს უთქვამს, თქვენი კაბინეტიდან მორჩენილები გავდივართ, ლაპარაკით გვკურნავო.  ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ კონფლიქტური არ ვარ, პირიქით, ყოველთვის სიტუაციის დაშოშმინებას ვცდილობ.

ჩემს ქმართანაც ასეთი ვიყავი. ყოველთვის გვერდით ვედექი. თუკი რამე პრობლემა ჰქონდა ან სამსახურში, ან ვინმესთან ურთიერთობაში, ყოველთვის ვამხნევებდი, ყველაფერში ვუგებდი. ერთი შვილი გვყავს და ჩვენს გოგონას არაფერს ვაკლებდი. ისეთი შვილი გავუზარდე, როგორზეც ნებისმიერი მამა იოცნებებდა. არაფერი აკლდა, რომ უკეთესი გარემო სხვასთან ეძებნა. აზრადაც არ გამივლია, რომ ჩვენს ერთობას რამე დაარღვევდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

ჩემი ქმარი, რომელსაც მე და მთელი ჩემი სანათესაო ხელისგულზე ვატარებდით, სხვა ქალთან წავიდა. ეს ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო. მე რატომ უნდა შემრცხვენოდა, მაგრამ თუ დამიჯერებთ, პაციენტების უზომოდ მერიდებოდა. მეგონა, რომ ყველა ჩემი და ჩემი ქმრის ამბავს განიხილავდა. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავში ყველაფერი თავის ადგილას დალაგებულიყო. მშობლების, ძმების და, რაც მთავარია, შვილის მხარდაჭერით ისევ დავიბრუნე სიმშვიდე და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ქმარი ჩემი გონებიდან უნდა წამეშალა და მისთვის არ მიმეცა უფლება, ჩემზე ებატონა.

კონფლიქტები რადგან არ წამოვიწყე, ყოფილმა ქმარმა ჩემთან მოსვლა გაბედა. რა თქმა უნდა, შვილის გამო მივიღე. არაფერი მითქვამს, არც ლაპარაკი გამიბამს. ისევ ჩემს თავს შემოვუძახე, რომ თითქოს სხვა ადამიანი იყო და უნდა ამეტანა. ამან ძალიან გაათამამა და ჩემთან მეგობრული ურთიერთობა წამოიწყო. მეკითხებოდა შვილზე, რამე ხომ არ გვჭირდებოდა და ა.შ. რამდენიმე ხანში კი ჩემი კონტროლიც დაიწყო, აინტერესებდა, სამსახურში დიდხანს რატომ ვრჩებოდი, რომელ პაციენტთან და რომელ უბანში მივდიოდი და ასე დაუსრულებლად.

გამოგიტყდებით, თავიდან მსიამოვნებდა კიდეც, ჩემი ცხოვრება რომ აღელვებდა, მაგრამ მერე სხვანაირი გახდა. ერთ დღეს მოვიდა და ჩემთან ფიზიკური სიახლოვე სცადა, მითხრა, რომ ძალიან ვენატრებოდი. სახლიდან გავაგდე, მაგრამ მერე ისევ სცადა, ჩემთან სარეცელი ისევე გაეყო, როგორც ცოლქმრობისას. იმ ქალთან გაშორებაზე არც ახლა ფიქრობს, უბრალოდ როლების შეცვლა სურს, რომ ახლა მე ვიყო მისი საყვარელი, ის ქალი კი – ცოლი.

ჩემთან მოსვლა კი ავუკრძალე, მაგრამ კლინიკასთან ხშირად მხვდება. პაციენტების და თანამშრომლების თვალწინ სცენებს ხომ ვერ მოვაწყობ, ამიტომ იძულებული ვხდები, მანქანაში ჩავუჯდე, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, უკვე გამოვუცხადე, რომ მსგავს რამეს აღარ მოვითმენ.

იმ ქალს, რომელმაც ოჯახი დამინგრია, ალბათ ჰგონია, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ხელში ჩაიგდო და მისი ერთგული იქნება. გამორიცხულია, ჩემს ცხოვრებაში დაბრუნების საშუალება მივცე, მაგრამ ის აუცილებლად სხვასთან წავა. უკვე ბუზღუნებს, ტვინი ამირია, თავი შემაცოდა და მასთან იმიტომ წავედიო. ის ქალიც მარტო დარჩება, მასაც მიატოვებს და მერე ნახავს, რას ნიშნავს, შეურაცხყოფისგან ადგილს რომ ვერ პოულობ, რომ გგონია, მთელი სამყარო თავზე დაგეცემა და გაგჭყლეტს, გაგანადგურებს, როცა ფიქრობ, რომ ეს ყველაფრის დასასრულია. ვიცი, მალე ამას თავადაც გამოსცდის და მიხვდება, რაც გამიკეთა.

ჩემი ქმარიც მიხვდება, ვინ და რა დაკარგა. დარწმუნებული ვარ, ასე ივლის ქალიდან ქალთან, რომ ისევ ის სითბო და პატივისცემა მიიღოს, რაც ჩემთან ჰქონდა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება! ასე რომ, სანამ ოჯახებს თავზე დაიმხობთ, იქნებ ჯერ დაფიქრდეთ ხოლმე.

“სარკე”

ასევე იხილეთ