რატომ შეუვარდა ტრაქტორს ბორბლებში გიორგი სუხიტაშვილი ბავშვობაში და როდის შიმშილობდა ნანა ღოლიჯაშვილი შვილთან – ლევან სუხიტაშვილთან ერთად

322

ლევან, გიორგი და ნინი სუხიტაშვილებს ყველა იცნობს. გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველისთვის ამ სამი წარმატებული ადამიანის დედა, უსაყვარლესი ქალბატონი – ნანა ღოლიჯაშვილი გაგვეცნო.

ნანა ღოლიჯაშვილი: ჩემს შვილებზე რომ კარგს ამბობენ, ძალიან მიხარია, მაგრამ თან, ისე უხერხულად ვგრძნობ თავს, მინდა, მაშინვე სხვა თემაზე გადავიტანო საუბარი. არ მიყვარს მათით თავის მოწონება. თუ ვინმემ თვითონ არ მიცნო, გამორიცხულია, მე ვთქვა, რომ სუხიტაშვილების დედა ვარ.

ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რა კარგი შვილები გყავთ, ბედნიერი დედა ხართ, სამივე შვილი ასეთი ცნობილი და წარმატებული რომ გყავთო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვგრძნობ, რომ ისინი რამით სხვებისგან განსხვავებული არიან. ჩემთვის შვილები არიან და არა პოპულარული ადამიანები და სამივე ისე მიყვარს, როგორც ყველა დედას უყვარს საკუთარი შვილი.

– როდის დაიწყეს შემოქმედებითი აქტიურობა?

– გიორგი ძალიან პატარა იყო, ჯერ სიტყვებს ვერ ამბობდა, მაგრამ მელოდიებს მღეროდა. ჩემი მეუღლე მუსიკოსია, დედამთლიც ძალიან კარგად მღეროდა და მამამთილის მამაც ცნობილი მუსიკოსი იყო გორში. ალბათ, გენეტიკა თავისას შვება და არც გაგვკვირვებია. ჩვენს ოჯახში სულ სიმღერის ხმა ისმოდა.

მე ძალიან მიყვარდა თეატრი. მაშინ გორში ვცხოვრობდით და 90-იანების დანგრეულ ქალაქში, ომში და უბედურებაში, ჩავიცვამდი საღამოს კაბას, მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და მართალია, თეატრი ჩვენგან ძალიან შორს იყო, მაინც ყოველთვის მივდიოდით.

ლევანი მეცხრე კლასში იყო თბილისში წამოსვლა და სამედიცინოზე ჩაბარება რომ გადაწყვიტა. ჩააბარა, მაგრამ სწავლისას განაცხადა, ახლა თეატრალურზე მინდაო. ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, შემდეგ თეატრალურში. ოთხი წელი ისწავლა სამედიცინოზე და ძალიან არ მინდოდა თეატრალურზე გადასულიყო, მინდოდა იქ დაესრულებინა სწავლა, მაგრამ თვითონ ასე გადაწყვიტა. მანამდე ჯგუფშიც მღეროდა, მის ჯგუფს „სფინქსი“ ერქვა და საკმაოდ პოპულარულები იყვნენ. სტუდენტი იყო, როცა „ამტანებში“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. ის რომ მშიერი იყო, მეც არ ვჭამდი საჭმელს (იცინის). ამ პროექტში შეუყვარდათ ერთმანეთი მაკას და ლევანს და დღეს მშვენიერი ოჯახი აქვთ, ანგელოზი შვილები ჰყავთ, უკვე დიდები.

– სკოლაში როგორები იყვნენ?

– ლევანთან თავიდან ძალიან ვმკაცრობდი, მაგრამ გარდატეხის ასაკში რომ შევიდა, მერე უკვე – ვეღარ. მასწავლებელთან რომ ვუშვებდი, სადღაც იპარებოდა. მაშინ მობილური არ იყო და არ ვიცოდი, სად მეძებნა. მუსიკიდანაც გამომეპარა. ფორტეპიანოზე დადიოდა და თურმე, აცდენდა. ერთხელაც მასწავლებელს რომ ვკითხე, რას შვება-მეთქი, მიპასუხა, რომ მხედავს კიბის ქვეშ იმალებაო (იცინის). თავიდან კარგად სწავლობდა, გარდატეხის ასაკში ცოტა მოუკლო, მაგრამ მაინც კარგი მოსწავლე იყო. გიორგიც კარგად სწავლობდა, მაგრამ მერვე-მეცხრე კლასში, ანალოგიურად, ისიც გაცუღლუტდა. მეცხრე კლასში გამომიცხადა, მე რაც მინდა, იმას ვსწავლობ და სადაც მინდა, იქ აუცილებლად ჩავაბარებ, მეტი არ დამაძალოო. მართლა კარგად ჩააბარა, საუკეთესო სტუდენტი იყო და თეატრალურში ასპროცენტიანი გრანტით მოხვდა, პრეზიდენტის სტიპენდიატიც იყო. რაც თქვა, შეასრულა კიდეც.

ნინიმ ჯერ კონსერვატორიაში ჩააბარა, ორმაგი ასპროცენტიანი გრანტი ჰქონდა, მაგრამ მერე აღარ მოეწონა და გადაწყვიტა, ჯავახიშვილში ჩაებარებინა ხელოვნების განხრით. სამწუხაროდ, მისი ფაკულტეტი გაუქმდა და შემდეგ თეატრალურში ჩააბარა. თუმცა, თეატრალური სფეროს ინტრიგებს ვერ გაუძლო და „ჯიპაში“ გადავიდა და იქ საჯარო მართვაზე გააგრძელა სწავლა. მაგისტრატურა გარემოს დაცვის მიმართულებით გაიარა. ბავშვობიდან ამბობდა, მომღერალი და მსახიობი უნდა გამოვიდეო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს გზა აირჩია. თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისითაც აქტიურია.

– ცელქი ბავშვები იყვნენ?

– უცელქესები. რაც შეიძლება, ბავშვმა გააკეთოს, ყველაფერს აკეთებდნენ. ლევანი გიორგიზე 5 წლით უფროსია, ნინისთან შედარებით ორივე ძალიან დიდია. ნინი რომ დაიბადა ლევანი13 წლის იყო, გიორგი – 7-ის. ნინი იმდენად პატარა იყო, რომ აღარც ეთამაშებოდნენ (იცინის). ვერც ეს აღიქვამდა ძმებად, ლევანი ისე უვლიდა ხოლმე, ალბათ, მამა ეგონა (იცინის). სხვათა შორის, ლევანის თხოვნით გავაჩინე ნინი. მეუბნებოდა: დედა, ძალიან მინდა, პატარა. გეხვეწები გააჩინე და მე მოვუვლი, შენ ახლოს არ მიგაკარებო და მართლა უვლიდა. გიჟდებოდა, ისე უყვარდა. სტუდენტობისას თუ რამე ფული გაუჩნდებოდა, მაშინვე ნინისთვის ყიდულობდა ყველაფერს. ნინი და გიორგი სულ ჩხუბობდნენ (იცინის). გიორგის თუ ვეტყოდი, ცოტა ხანს ბავშვს მიხედე-მეთქი, მეტყოდა ხოლმე, ბავშვს მშობლები ჰყავსო (იცინის).

რთული წლები გამოვიარეთ, მუდმივი ომი და დაძაბულობა. 2008 წლის ომის დროს ნინი ძალიან განიცდიდა. ამბობდა, რა დავაშავე, ომში დავიბადე და ომში ვიზრდებიო. გიორგი და ლევანი ომის დროს ვერ იძინებდნენ, თვალს ვერ ხუჭავდნენ ხოლმე. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩვენ მაშინ თბილისში ვიყავით, მხოლოდ ნინი დარჩა იქ. გიორგი შუაღამისას წავიდა და როგორღაც ჩამოიყვანა. მერე ბიჭები დადიოდნენ და როგორც შეეძლოთ, მოსახლეობის დახმარებას ცდილობდნენ. ძალიან მძიმედ აისახა ეს წლები ჩემს შვილებზე. დიდებზეც მძიმე კვალი დატოვა, მაგრამ ბავშვის ფსიქიკა კიდევ სხვა არის.

– ხიფათიანი ბავშვებიც იყვნენ?

– ვაიმე, სამივე. გიორგი ძალიან ცელქი იყო, სულ რაღაცას იშავებდა. ერთხელ ხელიდან გამისხლტა და ჩემ თვალწინ ტრაქტორს შეუვარდა ქვეშ. შეშით დატვირთული პატარა ტრაქტორი იყო და ზედ გადაუარა. მეგონა, ვერ გადარჩებოდა და მეც იქვე მოვკვდი. სასწრაფოთი წავიყვანეთ, ორი საათი იწვა და თვითონ გამოიქცა საავადმყოფოდან. უფლის წყალობით გადარჩა, არაფერი დაზიანებია. ლევანიც ხან საიდან გადმოხტებოდა, ხან საიდან. ერთხელ მეგობართან ერთად ავარიაში მოყვა და ფეხი ისეთ დღეში ჩაიგდო, ძლივს გადავურჩინეთ. ნინიმ, საერთოდ, წამლები დალია დიდი დოზით. მაშინ ძალიან პატარა, წლინახევრის იყო. უყვარდა წამლები და ეს რომ ვიცოდი, სულ ვუმალავდი, მაგრამ როგორღაც უპოვია, მოუპარავს და დაულევია. მაშინაც რთული ამბები გამოვიარეთ. მძიმე მდგომარეობაში იყო და უფლის წყალობით, გადავრჩით.

საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელია, ყველაფერს გადავურჩით. სამივე გონიერები იყვნენ, მაგრამ თან, ძალიან ცელქები და ცოტას მანერვიულებდნენ, თუმცა, არა უშავს, მთავარია, დღეს წესიერი ადამიანები არიან, საკუთარი ქვეყანა და ადამიანები უყვართ. ბოღმიანები არ არიან, არავისი არაფერი შურთ და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

– ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან?

– ხასიათებით სამივე სხვადასხვანაირია, მაგრამ სამივეს სუხიტაშვილური, ცოტა მძიმე ხასიათი აქვს, მე არცერთი არ მგავს (იცინის). ლევანს აქვს ცოტა რბილი ხასიათი, თითქოს ცოტა წამაგავს, მაგრამ მაინც სუხიტაშვილია (იცინის). საკუთარი შვილების ქება არ მიყვარს, მაგრამ რადგან მათზე ვსაუბრობთ, თამამად ვიტყვი, რომ ჩემი შვილების გამო ნამდვილად ბედნიერი დედა ვარ.

– მკაცრი დედა ხართ?

– პატარები რომ იყვნენ, მაშინ ვიყავი ცოტა მკაცრი. ალბათ, იმ ასაკში საჭიროა, კარგები რომ გაიზარდონ. ახლა – არა, პირიქით, რბილი და თბილი დედა ვარ, მე ასე მგონია. სულ ვეფერები. ცხოვრება ისედაც სტრესულია და ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამოც იმდენი სტრესი მივაყენე შვილებს, არ მინდა, კიდევ სიმძიმეში ვაცხოვრო. პირიქით, სულ ვამხნევებ და ვცდილობ, სითბო არ მოვაკლო. თვითონაც სულ მეფერებიან, სამივე ძალიან თბილი და ყურადღებიანია.

– ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რთული პერიოდის გამოვლა მოგიხდათ…

– არ მიყვარს მათი შეწუხება. ჯანმრთელობის მხრივ, რამე თუ მაწუხებს ან სხვა პრობლემაა, შემიძლია, ისე მოვაგვარო, რომ შვილებს არც გავაგებინო. ისედაც რთულია ცხოვრება, ახალგაზრდებისთვის – მით უმეტეს და მე კიდევ რატომ უნდა დავუმატო სადარდებელი, მაგრამ ამის გამო სულ მიბრაზდებიან ხოლმე. მაშინაც ასე დამემართა, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა. უფრო სწორად თავიდან ექიმებიც ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა. დიაგნოზის დასმა ძალიან გაჭირდა, რადგან ძალიან იშვიათი დაავადება მაწუხებს. თავიდანვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ რა, ვერ ვხვდებოდი და ექიმებიც გადაჭრით ვერაფერს მეუბნებოდნენ. ვიწექი და ნინი რომ მეკითხებოდა: რა გჭირსო, ვეუბნებოდი, გაციებული ვარ-მეთქი. მერე მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და ბიჭებს უთხრა, რაღაც სჭირს და გვიმალავსო. ძალიან ინერვიულეს. გიორგი იტყვის ხოლმე, მინიმუმ, ათი წლის სიცოცხლე დამაკლდაო. ნინიც ისე ნერვიულობდა 42 კილოგრამი გახდა. ჩემთან კი არ იმჩნევდნენ ნერვიულობას, მაგრამ… სულ ვამბობ ხოლმე, რომ არა შვილები და ჩემი ოჯახი, ალბათ, მე ვერც გადავრჩებოდი და ვერც ფეხზე დავდგებოდი. მეუბნებოდნენ: დედა, ჩვენთვის იცოცხლე, როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყო, გვჭირდებიო და ამ შეძახილებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მე თვითონაც ძალიან ოპტიმისტი ვარ. რამე ცუდი რომ მოხდება, არ ვტირი, მაშინვე გამოსავალზე ვფიქრობ. ამათ გამო გადავრჩი, ამათ გადამარჩინეს, თორემ ექიმებს არ ეგონათ, რომ გადავრჩებოდი და თუ გადავრჩებოდი, მერე ფეხზე დავდგებოდი და გავივლიდი. შვილებმა ყველაფერი გამიკეთეს, რაც კი შეიძლებოდა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის საქართველოში გაეკეთებინათ. ნინი ფიზიკურად მივლიდა. სამედიცინო პროცედურებსაც კი მიტარებდა. გიორგიც ყველაფერს მიკეთებდა. ლევანი ფიზიკურად იქით იყო, მაგრამ მაინც სულ გვერდში მედგა. ჩემი რძალი, მაკა სულ იმას მეკითხებოდა, რა გაგიკეთოო. მეგობრებსაც არ მინდა, დავუკარგო ამაგი, ღამეებს მითენებდნენ, ყველაფერს მიკეთებდნენ და მათი დამსახურებითა და უფლის წყალობით, ყველაფერი შევძელი.

– ახლაც გიწევთ მკურნალობა?

– კი, არ შეიძლება ამის გარეშე. რამე თუ შევწყვიტე, მაშინვე უკუპროცესები იწყება და სულ ყურადღებაა საჭირო. ახლაც ძალიან ყურადღებიანები არიან ჩემი შვილები. მე თუ დამავიწყდა რამე, მათ არ ავიწყდებათ.

– როგორი დედამთილი და სიდედრი ხართ?

– არც დედამთილი ვარ და არც სიდედრი. ეს სიტყვებიც კი არ მიყვარს. ვემეგობრები, არ ვეუფროსები. სხვანაირად არ შემიძლია. მაკაც და ნინის მეუღლე, ნოდარიც ჩემი შვილებივით მიყვარს. გიორგის როცა ეყოლება, ისიც ასე მეყვარება. იმედი მაქვს, რომ მალე ეყოლება (იცინის).

– ეუბნებით ხოლმე, მალე დაოჯახდიო?

– ვერ ვეუბნები, არ გათქმევინებს (იცინის). მეგობრებთან ერთად თუ შევაპარებ რამეს ხუმრობით (იცინის). რასაკვირველია, მინდა, ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ. ღმერთმა ქნას, თავიანთ პროფესიაში იყვნენ საუკეთესოები და არც პირადი ბედნიერება მოაკლდეთ. მარტო ჩემი შვილებისთვის კი არა, ყველასთვის კარგი მინდა და ღმერთმა ქნას, ყველა ახალგაზრდა წარმატებული და ძლიერი იყოს, რომ საკუთარ თავსაც გამოადგეს და ქვეყანასაც.