როგორია ქეთი ჩხაიძის ჯადოსნური სიყვარული და როგორ ანებივრებენ მას საკუთარი ბიჭები

202

ულამაზესი მომღერალი და ოთხი შვილის დედა – ქეთი ჩხაიძე, ბევრი პასუხისმგებლობისა და მოუცლელობის მიუხედავად, ახერხებს, რომ პროფესიულად საკმაოდ აქტიური იყოს. უფრო მეტიც, მან ცოტა ხნის წინ მეუღლეც აამღერა.

ქეთი ჩხაიძე: დაახლოებით 11 თვის ვიყავი, ჯერ ვერც კი ვლაპარაკობდი, როცა ვიმღერე და ფაქტობრივად, „ყვავილების ქვეყანათი“ ავიდგი ენა. დედა, მამა, ბებია-ბაბუა ყველა მღერიან და ეს, ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა. სამი წლის ვიყავი, როდესაც საესტრადო ვოკალურ სტუდიაში შემიყვანეს და პატარაობიდანვე სცენაზე ვიდექი. საქართველოში ძალიან ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. საზღვრებს გარეთაც არაერთხელ გავსულვარ საერთაშორისო კონკურსებზე და პირველი ადგილებიც ჩამომიტანია. საკუთარი საესტრადო-ვოკალური სტუდიაც მქონდა და ვოკალისტად ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც ოჯახი შევქმენი და ორწლიანი შუალედებით ოთხი შვილი შემეძინა, ფიზიკურად ვეღარ შევძელი მუშაობის გაგრძელება და კარიერა დროებით გვერდზე გადავდე.

მალე მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე ვჭკნებოდი, უსიცოცხლო ვიყავი. ნელ-ნელა დავიწყე გააქტიურება და სოლო კარიერას მივყავი ხელი. მე თვითონ ვწერ ტექსტებსაც. დუეტი „ლეონის“ შესრულებული ბევრი ცნობილი ჰიტის ტექსტის ავტორი ვარ და მეც ჩემივე დაწერილ სიმღერებს ვასრულებ. ახლა, ძირითადად, ქავერებს ვმღერი, მაგრამ მათი ტექსტი მე მეკუთვნის. საავტორო სიმღერებიც მაქვს, რომელსაც მალე გამოვიტან დღის შუქზე.

– მეუღლეც აგიმღერებიათ.

– კი, მეუღლეც ავამღერე და დუეტი გავაკეთეთ. ჩემი მეუღლე – გიორგი ჯიღაური პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ მუსიკა ყოველთვის უყვარდა. ქართულ ხალხურ საკრავებს კარგად ფლობს. ჩვენ სიყვარულმა გაგვაერთიანა და აგვამღერა. გიორგის არ აქვს პრეტენზია მომღერლობაზე, ეს, უბრალოდ, გულიდან წამოსული გრძნობებია. ერთი სიმღერა მოვისმინეთ და მისგან ინსპირირებულებმა გადავწყვიტეთ, სიყვარულის დუეტი გაგვეკეთებინა და ასეც მოვიქეცით.

– მსმენელმაც სიყვარულით მიიღო თქვენი დუეტი…

– ძალიან დიდი სიყვარულით. ალბათ, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ მე და გიორგი ორივე ძალიან დადებითი და თბილი ადამიანები ვართ. სოციალურ ქსელში ხშირად ვაქვეყნებ ჩვენს ცხოვრებისეულ კადრებს და ეს ყველაფერი იმდენად გულწრფელია, რომ ალბათ, საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა და ხალხის მხრიდან მოკლე დროში ძალიან დიდი სიყვარული მივიღეთ. სოციალურ ქსელებში ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა.

– ალბათ, მეუღლესაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ თქვენ კარიერას დაუბრუნდით.

– კი, ჩვენ, ჩვენი შეუღლების დღიდან 11 წლის განმავლობაში, არცერთი დღე და წამი არ გვყოლია დამხმარე. აბსოლუტურად მარტოები ვუმკლავდებით ოთხშვილიანი ოჯახის საჭიროებებს. ამიტომ, რომ არა გიორგი და მისი ხელშეწყობა, მე ამას ვერ შევძლებდი. გიორგიმ მომცა სტიმული და ყველანაირად გვერდით მიდგას, რომ მე აქტიურობა შევძლო, რომ არ ჩავქრე და სულ ვკაშკაშებდე. შვილებიც ძალიან ჭკვიანები გვყავს და ყველანაირად გვგულშემატკივრობენ და გვეხმარებიან.

– ოთხი ბიჭის დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა…

– მიმაჩნია, რომ შვილები მშობლების წინაშე ანგარიშვალდებული არ არიან. მათი გაჩენა ჩვენი არჩევანია. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც უდიდესია. როცა ამ პასუხისმგებლობას აიღებ, ბოლომდე უნდა უერთგულო. ძალიან რთულია ოთხი შვილის მოვლა, მით უმეტეს, როცა მეუღლის გარდა სხვა დამხმარე არ გყავს, მაგრამ ვცდილობ, სირთულეებსაც პოზიტიურად შევხედო. ვარდისფერი სათვალე მოვირგე და ყველაფერში მხოლოდ დადებითს ვეძებ.

– თან ჯერ მხოლოდ 30 წლის ხართ. გეგმავდით, რომ ბევრი შვილის დედა უნდა ყოფილიყავით?

– ჯერ 30-საც არ ვარ, 29-ის ვარ, თუმცა, მალე ვხდები და სამიანთან დაკავშირებით ცოტა დეპრესია მაქვს (იცინის). ბევრი მეკითხება, გინდოდა ბევრი შვილიო?! სანამ გავთხოვდებოდი, რატომღაც ყველა და მათ შორის ჩემი ახლობლებიც, სხვანაირად ფიქრობდნენ ჩემზე. ბავშვობიდან ძალიან პრანჭია და ცქრიალა გოგო ვიყავი და ეგონათ, რომ ერთი შვილის მეტს არ გავაჩენდი, რომ თავს ზედმეტად არ შევიწუხებდი. რატომღაც ასეთი იმიჯი მქონდა, თუმცა შინაგანად ასეთი სულაც არ ვყოფილვარ. ბავშვობიდან ორი ოცნება მქონდა. ჯერ კიდევ თოთო ბავშვი ვიყავი, როცა უკვე მომღერლობაზე ვოცნებობდი და ჩემი მეორე ოცნება ბევრი შვილის ყოლა იყო. ბალიშს მივიდებდი ხოლმე მუცელზე და სარკის წინ ვტრიალებდი, რომ წარმომედგინა, როგორ მომიხდებოდა ორსულობა (იცინის). ზოგს ჰგონია, რომ ამდენი შვილი გოგოს ძიებაში გავაჩინე. ეს არ არის სიმართლე, სქესს ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა. როცა ბიჭი გყავს, გოგოც გინდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ დრო რომ უკან დავაბრუნო იმავენაირად მოვიქცეოდი. მე ბევრი შვილი მინდოდა და არა კონკრეტული სქესის შვილი. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.

– ახლა არ გაქვთ გოგოს გაჩენის სურვილი?

– მაქვს, მაგრამ რთულია. ძალიან რთულად გადავიტანე წინა მშობიარობები. სხვათა შორის, მე უფრო მაქვს სურვილი, ვიდრე მეუღლეს. მას ვეცოდები, არ უნდა, რომ კიდევ გავწვალდე. ოთხივე შვილი საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი და მეხუთე ძალიან დიდი რისკი იქნება. მეოთხეზე უკვე ძალიან გავრისკეთ, მეც და ბავშვსაც საფრთხე შეგვექმნა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერს გავუმკლავდით. ასეთი ადამიანი ვარ, ყოველთვის ყველაფერში პოზიტივს ვხედავ. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ. მეუღლისთვისაც, მეგობრებისთვისაც ძალა და დასაყრდენი ვარ. შემიძლია, ადამიანების გამხნევება. ყოველთვის, როცა რამე პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვართ, ჩემი მეუღლისთვის მე ვარ ძალა, რომელიც არწმუნებს, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით და ასჯერ რომ დავეცეთ, ასმეერთეჯერ წამოვდგებით ფეხზე. ძალიან მებრძოლი და შემტევი ვარ. გურული და ზოდიაქოთი მორიელი რომ ვარ, ალბათ, ამის დამსახურებაა (იცინის).

– ხუთი ბიჭი როგორ ცდილობს ოჯახის ერთადერთი გოგოს განებივრებას?

– შვილები ცდილობენ, დედა ხელისგულზე ატარონ. საუზმეს მოამზადებენ ხოლმე და ლოგინში მომართმევენ. ჩემს უფროს შვილს ძალიან უნდა სამედიცინოზე ჩაბარება. მე კი ვთხოვ, შეფმზარეული გახდეს – საჩემო საქმის მოგვარებასაც ვცდილობ (იცინის).

ძალიან რთულია, როცა სახლში ხუთი მამაკაცი გყავს, მუდმივად სამზარეულოში გიწევს ყოფნა. უკვირთ ხოლმე, სოციალურ ქსელში ძალიან გაპრანჭული ფოტოები და ვიდეოები რომ მაქვს, ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ სხვანაირი ქეთიც არსებობს (იცინის). რეალურად, ძალიან შრომატევადი და საათობრივად გაწერილია ჩემი ყოველი დღე, მაგრამ თავის მოვლისთვისაც ყოველთვის ვიცლი.

– როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– მეთორმეტე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლაში მანდატურის სამსახური ამოქმედდა. მაშინ გიორგის უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და ამ სფეროში სცადა ბედი. 21 წლის იყო, როდესაც ჩემს სკოლაში მანდატურის ამპლუაში მოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მხრიდან პირველივე დანახვაზე რაღაც იმპულსი გაჩნდა, მაგრამ მალევე ვიგრძენი, რომ მასთან რაღაც უხილავი ძაფი მაკავშირებდა. ამის აღწერა მიჭირს, უცნაურ კავშირს ვგრძნობდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, მაგრამ არ ვიცოდი რატომ. ანალოგიური შეგრძნება ჰქონდა მასაც. მერე საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, რომელმაც სკოლის გარეთ დაგვაახლოვა ერთმანეთს. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და თავიდან ვმალავდით, რადგან მიუღებელი იყო მოსწავლესა და მანდატურს შორის ასეთი ურთიერთობა, ბოლოს კი ქორწინებით დავაგვირგვინეთ.

– მგონია, რომ თქვენნაირი ნატურის, ხელოვან ადამიანთან განსაკუთრებულად უნდა ყოფილიყო ყველაფერი და როგორი იყო თქვენი რომანტიკული ამბები?

– ნამდვილად ასეა, ძალიან რომანტიკული ვარ და ადამიანს მარტივად ვერ ვუშვებ გულთან, მაგრამ ალბათ, რადგან ორი მონათესავე სული შევხვდით ერთმანეთს, მალევე ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი ჩემი იყო. მივენდე, თითქოს ვიცანი, რომ ჩემი იყო. როდესაც სიყვარული ამიხსნა, ისეთ აგონიაში ვიყავი, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე ლამის ავტომობილი დამეჯახა (იცინის). შეყვარებულობის ორი წელი ნამდვილი ზღაპარი იყო. ყველაფერი საოცრად დაიწყო. რაც შეეხება ოჯახურ ურთიერთობას, ბუნებით რომანტიკოსი ვარ და ამის გარეშე ცხოვრება ერთი წამით არ შემიძლია. ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ურთიერთობაში და ცხოვრებაში ბევრი პრობლემის და ბევრი რთული პერიოდის მიუხედავად, მე არასდროს ვკარგავდი რომანტიზმს. აქედან გამომდინარე, მე და ჩემს მეუღლეს 11 წლის თავზეც გვაქვს რომანტიკა ურთიერთობაში, რაც ვფიქრობ, წყვილისთვის აუცილებელია. ჩვენ დღემდე საუკეთესო მეგობრები და შეყვარებულები ვართ.