”მე და ბებო ჩავეხუტეთ ერთმანეთს, მე ქართულად დავიწყე ლოცვა, მან თურქულად”

282

ცოცხლად დამარხული ასიათასობით ადამიანი და ნანგრევებად ქცეული ქალაქები – 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7,6-7,7 მაგნიტუდას შეადგენდა. თურქეთში 10 ქალაქი დაინგრა, რომელთაგან 3 მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. ადამიანები ფიზიკურ და სულიერ ჭრილობებს ჯერ კიდევ იშუშებენ.

თურქულ ქალაქ გაზიანთეპში, სადაც შენობების დიდი ნაწილი ჩამოინგრა, ქართველი ქალი, ლია მაისურაძე, მუშაობდა. მან თავისი თვალით ნახა, როგორ ინგრეოდა შენობები და გაიგონა იქიდან ამოსული გამგმირავი ხმები. შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ მოხუცი, რომელსაც უვლიდა, არ მიატოვა.

ლია მაისურაძე გამოვლილ საშინელებაზე ,,სარკეს” უყვება:

– დილის 5-ის 13 წუთი იყო, მიწისძვრა რომ დაიწყო. დღემდე ზუსტად ამ დროს, 5-ის 13 წუთზე ფეხზე ვარ… მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით. მიწისძვრა რომ დაიწყო, გვერდები კედელზე მახლევინა. ვერ ვდგებოდი. ქალი, რომელსაც მე ვუვლი, ლოგინად ჩავარდნილი არ არის, მაგრამ სიარულის დროს ხელს ვკიდებ და ერთად დავდივართ. გვერდიგვერდ ოთახებში ვიწექით და კარი მუდამ ღია მქონდა, რომ გამეგონა ხმა დაძახების შემთხვევაში. რომ მივხვდი, მიწისძვრა იყო, პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, არ ადგეს და არ დაეცეს-მეთქი. როგორც იქნა, წამოვდექი, შევვარდი მის ოთახში, წამომჯდარი იყო…

ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მე ქართულად დავიწყე ლოცვა, მან – თურქულად, თან ვამხნევებდით ერთმანეთს. ის მეუბნებოდა, ნუ გეშინია, შვილოო, და მე დავძახოდი, ნუ გეშინია, დედა-მეთქი. იმდენ ხანს გაგრძელდა, მეგონა, საუკუნე გავიდა. ჯერ აქეთ-იქით გვაქანავა მიწისძვრამ და მერე ზემოთ გვახტუნავა. ზემოთ ხტუნვა რომ დავიწყეთ, მაშინ კი ძალიან შემეშინდა. ამ დროს დაიწყო სამზარეულოში ყველაფრის ლეწვა. კარი გაიღო, უჯრები გამოიღო, ჭაღის ნაწილები ცვიოდა…

– სახლში მარტო თქვენ და ის ბებია ცხოვრობდით?

– დიახ. ერთი ქალიშვილი იზმირში ჰყავს, მეორე – სტამბულში და ვაჟიც სტამბულშია. სამივე დაოჯახებულია. სამი წელია, ამ ბებოსთან ვცხოვრობ და მე მყავს ჩაბარებული.

გაზიანთეპი პატარა ქალაქი არ არის. თან ეს ქალი იქ მოხუცთა თავშესაფრის მეპატრონეა, რომელიც წინაპრებისგან დარჩა. პაპა – მისი ქმარი, ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

94 წლის იყო. მას წიგნები აქვს დაწერილი და ბოლო დროსაც აგრძელებდა რაღაცების წერას – მკარნახობდა და მე კომპიუტერში ვბეჭდავდი. ამ ოჯახს ჩემთვის არც ჩემი სარწმუნოების ხსენება თუ სანთლის ანთება დაუშლია. პაპას აინტერესებდა კიდეც და ბევრ კითხვასაც მისვამდა. ლიტურგია რომ იყო ტელევიზორში, მეძახდნენ, მოდიო. მსოფლიო ჰქონდა ცოლ-ქმარს მოვლილი და საქართველოშიც ნამყოფები არიან. გამიმართლა, რომ მათთან მოვხვდი.

ყველაფერი ხომ შენ არ უნდა მიიღო, რაღაც ხომ უნდა გასცე კიდეც. ამიტომაც მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ეს ქალი როგორმე ცოცხალი გამომეყვანა შენობიდან. ამ დროს გარეთ თოვლი, წვიმა და ქარიშხალი იყო ერთდროულად. მაშინვე მოსასხამს მოვკიდე ხელი, რომ ბებოსთვის შემომეხვია და ჩემს პასპორტს, რომელიც, როგორ ვიპოვე იმ მძიმე წუთებში, არც მახსოვს. ვიფიქრე, რამე რომ იყოს, ხომ უნდა ამომიცნონ, ვინ ვარ-მეთქი. ბებოს დავავლე ხელი და ნახევრად ზურგზე მოკიდებული ჩამოვიყვანე დაბლა. ლიფტით უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ არ შევუშვი. არც ვიცი, როგორ, მაგრამ, მგონი, წამებში უკვე დაბლა ვიყავით.

ჩვენს ქვემოთ ჟურნალისტი ცხოვრობდა, ახალგაზრდა ქალი და მის მანქანაში ვისხედით დილის 9 საათამდე. რყევები გრძელდებოდა, მანქანაშიც კი გვარხევდა და გვაქანავებდა. გაგვიმართლა, რომ ჩვენი კორპუსის წინ დიდი პარკი იყო და საშუალება გვქონდა, თავისუფლად ვმდგარიყავით, არაფერი დაგვცემოდა.

– სახლი, სადაც ცხოვრობდით, დაინგრა?

– არა. დილის 9 საათზე სახლში ავედი, რომ რაღაც ნივთები წამომეღო. პირველი საათის მერე კი კვლავ საშინელი მიწისძვრა მოხდა. სახლი ისევ გადარჩა… ყველაზე საშინელი, იცით, რა იყო? ხმები რომ ისმოდა ნანგრევებიდან. ფეხშიშველა ბავშვები გამორბოდნენ იმ ყინვასა და სიცივეში… ისეთი საშინელებები დავინახე, ენით ვერ აღვწერ!.. შუაზე გადახსნილი კორპუსები, ჩამონგრეული სახლები… ნგრევაში მოყოლილები ყვიროდნენ, გვიშველეთო. გარედან კი მათ სახელებს ყვიროდნენ ახლობლები. ზოგი შვილის სახელს გაჰკიოდა, ზოგი მშობლისას…

– როგორი ქალაქი იყო გაზიანთეპი ამ საშინელ დღემდე?

– ძალიან სუფთა და ლამაზი ქალაქი იყო, შესანიშნავი გამწვანებით. სულ ხელოვნური პარკებია და უამრავ ადამიანს უხდიდნენ ხელფასს, რომ მოწესრიგებული ყოფილიყო ეს პარკები. მოწესრიგებული ქუჩები – სიგნალის ხმას საერთოდ ვერ გაიგებდი, შეხმატკბილებული ხალხი ცხოვრობდა და ყველა ყველას პატივს სცემდა. 9 წელია, აქ ვარ…