დათო დოიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ „ნიკოლოზის კითხვებს“ პასუხობს.
პირველი სიყვარული ბაღში ჰქონდა და გოგონა ძალიან შეუყვარდა: „მახსოვს, ეს მაბედნიერებდა, პირველად მას გამოვუტყდი სიყვარულში. ყოველ სამ წელიწადში ახალ გარემოსთან შეგუება მიწევდა, ახალი ბავშვების გაცნობა, კომფორტზონის დამყარება. შეყვარებულიც ახალი იყო… მაგრამ ის ბავშვობის სიყვარული გაიდეალურებული მყავდა. 10 წლის წინ, ფეხით მოვდიოდი და ქალმა გამაჩერა. ვერ მიცანიო? ვერა-მეთქი. დაყენებული ღიმილით ვუყურებდი… ის ვარო… ბავშვობიდან ქალობამდე გზა ძალიან მწარე იყო… ვერ ვიცანი. ოცნება ხომ ოცნებად რჩება. რამეს კი არ ნიშნავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან დავბერდი…
ჩემი მეუღლე პატარა იყო, როცა პირველად ვნახე, 15 წლის იყო. მის მამინაცვალთან დიდი ურთიერთობები მქონდა, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. 27 წლის რომ ვიყავი, ერთად მივდიოდით გასტროლზე და მქონდა შემოთავაზება, რომ სამი წლით წავსულიყავი ლონდონში და მთავარ ნაციონალურ თეატრში უნდა მქონოდა კონტრაქტი. ვხვდებოდი, რომ თუ იქ წავიდოდი, აღარ დავბრუნდებოდი. დავიწყე ფიქრი, რატომ არ მინდოდა წასვლა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ქეთი… რადგან მივხვდი, რომ ქეთი იყო ეს არგუმენტი, ძალიან უცებ გადავწყვიტე, მეთქვა, თუ გამომყვებოდა ცოლად, ვრჩებოდი. მოხდა ისე, რომ გამომყვა ცოლად. ძალიან განსხვავებულები ვართ და ალბათ ეს არის, როცა ადამიანები ერთმანეთს ავსებენ. სხვადასხვა გემოვნება გვაქვს, სხვადასხვა რამ მოგვწონს, სხვადასხვანაირი შეხედულებები გვაქვს. ქეთი არის ის ადამიანი, რომელიც სულ ცდილობს, მიწაზე დამსვას და ამის გამო მადლობელი ვარ მისი. ჰარმონია, რომელიც ჩემშია, ქეთის დამსახურებაა.
იყო მსახიობი პროფესიით, ახლა ვნანობ, მაგრამ იმდენად მესაკუთრე ვარ, რომ არ შემეძლო გაყოფა. შეიძლება, ძალიან ნიჭიერ ადამიანს დავუნგრიე კარიერა. არასდროს უსაყვედურია, მაგრამ მგონია, ამან განაპირობა ის ჰარმონია, რაც გვაქვს…“