“ყველა ვერ უსმენს ჩემს მუსიკას, არ არის მარტივად მოსასმენი და გასაგები”

247

როგორია თამარ ალადაშვილის ჯადოსნური სიყვარულის ისტორია, რა გზა გაიარა მან მსმენელის გულებამდე მისასვლელად და რის გამო არის ის უფლის განსაკუთრებით მადლობელი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თამარ ალადაშვილი: ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძალიან მხიარული და მუსიკალური პატარა ვიყავი. მიყვარდა ეზოში კონცერტების ჩატარება და მსგავსი გართობები. მაშინ ტელეფონები არ იყო და ისე ვერთობოდით, როგორც შეგვეძლო. ოთხი წლისა უკვე ვმღეროდი. პირველი კლასიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი სასკოლო ღონისძიებებზე. ყველა სოლოს მე ვასრულებდი. 7 წლის ასაკში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში შემიყვანეს და იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

– ცეკვა და სიმღერა არც თქვენი ოჯახისთვის არის უცხო…

– ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ, ყველა ვუკრავთ, ვმღერით და ვცეკვავთ. ეს, ალბათ, დედის გავლენა იყო. დედა ფორტეპიანოზეც არაჩვეულებრივად უკრავს და მუსიკალური განათლებაც აქვს. მისი მხრიდან ბებიებიც, ძალიან ადრე, ანსამბლებში მღეროდნენ და ალბათ, მათგან გამოგვყვა მუსიკალური ნიჭი. ახლა უკვე ძმისშვილები და დისშვილები აგრძელებენ ჩვენს ტრადიციას. მოკლედ, ყველა ვმღერით და ვცეკვავთ. ჩვენი შეკრება, ბავშვობიდან მოყოლებული, ერთი ზეიმი იყო. მაშინ ხომ ყველას ელექტროენერგიის მოსვლა უხაროდა და ჩვენ ერთი სული გვქონდა დენი ჩამქრალიყო, რომ ერთად გვემღერა და გვეცეკვა (იცინის).

– რომელმა სიმღერამ მოგიტანათ პოპულარობა?

– მე „გორდელას“ ერთ-ერთი სოლისტი ვიყავი. ჩვენ 2009 წელს ვიმღერეთ „აყვავებულა არაგვზე დეკა“ და პირველად ბუმი ამ სიმღერის დამსახურებით წამოვიდა, საერთოდ, ანსამბლის თუ ცალკეული გოგოს მიმართ. იქამდეც აქტიურები ვიყავით, მაგრამ ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც მსმენელმა აიტაცა. რაც შეეხება სიმღერას, რომელმაც მე, როგორც სოლო მომღერალს, პოპულარობა მომიტანა, არის ტარიელ ხარხელაურის ლექსზე შექმნილი „გოგო რომელსაც უყვარდა წვიმა“. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი სოლო კარიერისკენ და ამანაც დიდი აღიარება და სიყვარული მომიტანა.

– სოლო კარიერა, როცა უკვე „გორდელასთან“ ერთად გიცნობდნენ, ალბათ, ერთგვარი რისკი იყო.

– კი, ძალიან რთული იყო. რისკიც დიდი იყო, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა საზოგადოება, მაგრამ მე იმდენად გულწრფელი ვარ ჩემს მსმენელთან, რომ მგონია, ყველაფერს სწორად გამიგებენ.

– ზაფხული მომღერლებისთვის, დასვენებასთან ერთად, აქტიური სამუშაო სეზონიცაა. თქვენთვის როგორია წლევანდელი ზაფხული?

– მე წელს განსაკუთრებული მდგომარეობა მაქვს – პატარას ველოდები, უკვე მეხუთე თვეში ვარ და ამიტომ წლევანდელი ზაფხული პროფესიულად ძალიან არ დამიტვრითავს. ზოგადად, ჩემი ზაფხული სრული საგიჟეთია ხოლმე. მხოლოდ ხუთი დღით ვახერხებ დასვენებას. თუმცა, ახლა ჩემი მეუღლის სოფელში ვარ, ვანში და აქ კარგად ვისვენებთ.

– ვინც სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ, იცის, რომ მეუღლესთან განსაკუთრებული სიყვარული გაკავშირებთ. მინდა, ეს ისტორია ჩვენს მკითხველსაც გავუზიაროთ.

– ჩვენი ისტორია საოცრად დაიწყო და ასეც გრძელდება. ეს გრძნობა ორივესთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 12 წელია, ერთმანეთი გვიყვარს. ათი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სახე მიგვეცა ამ ყველაფრისთვის. ერთად საოცარი მოგონებები გვაქვს. ადამიანებს, ალბათ, ორი ცხოვრება არ ეყოფათ ამდენის გამოსავლელად. სასწაული დღეები გვაკავშირებს. ის ყველა კონცერტზე ჩემ გვერდით იყო. მთელი საქართველო ერთად გვაქვს მოვლილი. თავიდან სხვა სიტუაცია იყო, ჩუმად მაკვირდებოდა. ძალიან მანებივრებდა გვერდზე ყოფნით, მაგრამ აქტიურად არ ჩანდა (იცინის). სიყვარულის ახსნაც განსაკუთრებული იყო: 2012 წლის 14 იანვარს სიღნაღის ცენტრში დამიჩოქა და უამრავი ადამიანის წინაშე სიყვარულში გამომიტყდა. ადგილიც და დღეც განსაკუთრებული შეარჩია და ეს დღე ჩვენს ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ასეთი დღე ძალიან ბევრი გვაქვს და ძალიან მინდა, ჩვენს ისტორიას წიგნის სახე მივცე. მთელი ჩემი შემოქმედება თავიდან ბოლომდე ამ ადამიანს ეძღვნება. ყველა სასიყვარულო ტექსტის ადრესატი ის არის.

– თვითონ რა პროფესიისაა, არაჩვეულებრივ ლექსებს გიძღვნით ხოლმე.

– კი, ამ ბოლო დროს დავიწყე მათი გამოქვეყნება, ბევრი ლექსი აქვს ჩემთვის მოძღვნილი. პროფესიით იურისტია, მაგრამ ძალიან კარგად წერს. ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ბევრი კარგი ჩანახატი და ლექსი აქვს. ახლა მის ერთ-ერთ ლექსზე ვგეგმავ საავტორო სიმღერის გაკეთებას. ნიჭიერი და განათლებული ადამიანია.

– ამდენი წელი რატომ დაგჭირდათ ურთიერთობისთვის სახელის დასარქმევად?

– თავიდანვე ყველაფერს მივხვდით, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გხვდება და მერე ყველაფერს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს, მე 12-13 წლის წინ ძალიან აქტიური კარიერა მქონდა. „გორდელასთან“ ერთად მსოფლიო მაქვს მოვლილი. თვეობით გავდიოდი ქვეყნიდან და არ მინდოდა, ეს გადაწყვეტილება ჰარი-ჰარალეზე მიმეღო. ასაკიც არ მქონდა დიდი, რომ მეჩქარა დაქორწინება. არ მიყვარს ასეთი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება. სიყვარული და ოჯახი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ამ საკითხს მარტივად არასდროს ვუყურებდი. ყველაზე მეტად არ მინდოდა, ამ ადამიანზე წარმოდგენა შემცვლოდა, ანუ წლების შემდეგ აღმომეჩინა, რომ ისეთი არ იყო, როგორიც გავიცანი. და ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ ყველაფერში არ დავრწმუნდი და, საბედნიეროდ, ჩვენი გრძნობა არ განელებულა, პირიქით, უფრო გაიზარდა და ჩემი მეორე ნახევარიც ნამდვილად საიმედო ადამიანი აღმოჩნდა. მის შესახებ წარმოდგენა წლებს ნამდვილად არ შეუცვლია. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ტრიალებდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ვერავის შევადარებ. საოცარი თვისებების მქონე ადამიანია.

ნამდვილ სიყვარულზე ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ამით დამაჯილდოვა. როცა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, ოჯახიც შევქმენით და საახალწლოდ მშობლებიც გავხდებით. ჩვენი პატარას ამქვეყნად მოვლინების დღე იმ დღეს ემთხვევა, როცა სიყვარული ამიხსნა – ბავშვს 14 იანვარისთვის ველოდებით და ესეც უზომოდ მახარებს. გოგოს ველოდებით, სქესი ჩემს დაბადების დღეზე გავიგეთ. ვფიქრობ, რომ ღმერთის საჩუქარი მოდის ჩემთან. დედამთილის სახელი ვარქმევთ – მას ნუნუკა ჰქვია და პატარას ნუკას დავარქმვეთ.

სამყაროსგან ძალიან ბევრი სიურპრიზი მივიღე და ამის გამო უფლის უზომოდ მადლობელი ვარ.