“გადასარევად ვიცი, რომ უფრო დიდი სახელის მოხვეჭა შემეძლო, მაგრამ სრულიად შეგნებულად გავაკეთე არჩევანი”

235

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – მაინც რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას? ამასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას ირმა სოხაძე გაგვიზიარებს.

ირმა სოხაძე: რომ ვთქვა, ბედს ვემდური და თავს უიღბლოდ მივიჩნევ-მეთქი, ძალიან უმადური უნდა ვიყო. ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ და ყოველთვის, როცა ამას ვამბობ, ხეზე ვაკაკუნებ (იცინის).

მადლიერი ვარ სიცოცხლის ყოველი დღისთვის. მადლიერი ვარ ჩემი ბებია-ბაბუების, დედ-მამის, ბიძების, ძმის და მთელი ჩემი ოჯახის. ეს დიდი გამართლებაა, ეს არის ის იღბლიანი ბილეთი, რომელსაც ღმერთი გიგზავნის.

სიყვარულში გავიზარდე, არაჩვეულებრივი ხალხი და გარემო იყო ჩემ გარშემო. სულ სიმღერა მესმოდა და თითქმის ყოველ საღამოს ამ სიმღერის ფონზე ვიძინებდი. გვერდზე ოთახში მუდმივად სუფრა იყო გაშლილი და საოცარი ადამიანები იყვნენ შეკრებილები. როცა ასეთი ოჯახი გაქვს, შენც გრძნობ ვალდებულებას – გინდა თვითონაც კარგი იყო და თავს არ მისცემ უფლებას, რომ მშობლებს აწყენინო. ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც საჭიროა. მე ეს აზრი ბავშვობიდან მომყვება. არავინ მიჩიჩინებდა, რომ ხუთებზე უნდა მესწავლა. არაფერი მოხდებოდა, თუ ქიმიასა და მათემატიკაში 4-ს მივიღებდი, მაგრამ ჩემ ირგვლივ ყველაფერს საუკეთესოს ვხედავდი და ეს იმდენად მომწონდა, რომ მეც მინდოდა, მისი ნაწილი ვყოფილიყავი. რა შემეძლო გარდა იმისა, რომ კარგად მესწავლა? 4-5 წლიდან უკვე ვმღეროდი და ამის პარალელურად, ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. კიდევ გავიმეორებ, სწავლას არავინ მაძალებდა, ამის სურვილი თვითონ მქონდა. არ მოვიტყუები, ეს ძალიან იოლად გამომდიოდა.

– ნიჭი ხშირად აზარმაცებს ხოლმე, ეს მომენტი არ გქონიათ?

– მაპატიოს ყველა ნიჭიერმა და ზარმაცმა, მაგრამ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ნიჭმა გამაზარმაცოს, პირიქით, ვერ წარმომიდგენია, ნიჭმა არ შემაწუხოს და ყველაფერი ხუთიანზე არ გამაკეთებინოს. როცა ნიჭიერი ხარ, ზარმაცი როგორ უნდა იყო? ნიჭი არ გასვენებს, ვერ გაჩერდები. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმას ვდარდობ, რომ შეიძლება, ჩემი მონაცემების დიდი ნაწილი ვერ გამოვიყენე. ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბევრი სირთულე გამოიარა და მეც, როგორც ყველას, ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი შემხვდა. დიდი გაჭირვების მიუხედავად, ფეხი არსად გამიდგამს. არც მიფიქრია კარიერა სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა ან დროებითი გამოსავალი მეპოვა. აქ ვიყავი და უკეთეს დროს ვუცდიდი, თუმცა უსაქმოდ არასდროს გავჩერებულვარ.

– ალბათ, განსაკუთრებული ენერგია უნდა გქონდეს ამისთვის.

– ენერგია ცალკე თემაა. ეგ ნამდვილად შემაწუხებლად ბევრი მქონდა და მართლა არ მასვენებდა (იცინის). ძალიან არაზარმაცი ადამიანი ვარ. ვერ ვიტან საქმის ხვალისთვის გადადებას. სახლში საღამოს 12 საათზე რომ მოვიდე და დასაწერი მქონდეს რამე, აუცილებლად დავჯდები და დავწერ, მიუხედავად იმისა, რომ არც იმით დაშავდება რამე, თუ ამას მეორე დილით გავაკეთებ. ლოგინში უკვე ძილისკენ წასულს კარგი აზრი რომ მომსვლია, მაშინვე ავმდგარვარ და ჩამინიშნავს. მე მგონია, რომ ნიჭი და შრომისმოყვარეობა ერთმანეთზეა მიბმული.

– რა არის თქვენთვის მოტივაცია: აღიარება, ფინანსური სარგებელი თუ საყვარელი საქმის კეთების სურვილი?

– ბოლო. წარმატება შედეგია, რომელიც მაშინ მოდის, როცა საყვარელ საქმეს კარგად აკეთებ. თუმცა, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ყველას თავს ვერ მოაწონებ. ასეთი რამ არ ხდება. გამორიცხულია, თუნდაც სოციალურ ქსელში არ გამოჩნდეს ადამიანი და რამე ცუდი არ დაგიწეროს. ადამიანების ნაწილი ამ ბოლოს დროს იმაზეა მომართული, რომ სხვა თუ არაფერი, კაბის ჭრილი ან ფეხსაცმელი მაინც დაგიწუნოს. ამაში არ არის საქმე, მთავარი ისაა, რომ უმრავლესობას მოსწონს და მოსწონს ზუსტად იმიტომ, რომ შენ მასში გული ჩადე, სიყვარულითა და ადამიანებისადმი კეთილგანწყობით გააკეთე და შედეგიც შესაბამისი გამოგივიდა.

მე მაქვს სურვილი, სანამ შემიძლია, კიდევ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. როცა აღარ შემეძლება, მერე სახლში დავჯდები. უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს ასაკში აქტიური ვარ და ამდენი წლის განმავლობაში დიდი პაუზა არ მქონია. მცირე შესვენებები და შედარებით პასიური პერიოდები – კი ბატონო, მაგრამ მაინც სულ რაღაცას ვაკეთებ. უმძიმეს 90-იანებში მარათონებს ვმართავდი. ახლა რომ ვუფიქრდები, თვითონაც არ მჯერა, როგორ გავაკეთე ცხრა მარათონი იმ პერიოდში?! თუმცა ფაქტია, რომ შევძელით და უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. მათ, ვისაც ეს ძალიან სჭრიდებოდა. ყველაფერს ენთუზიაზმის ხარჯზე ვაკეთებდით, რა ხელფასი, რის ანაზღაურება?! მთელ თანხას ბენეფიციარებს ვურიცხავდით, ბოლო კაპიკამდე. ჩემთვის მოტივატორი არასდროს ყოფილა ხელფასი. მუშნი ზარანდიასი არ იყოს, ხელფასი არასდროს არ ეყოფა ადამიანს, ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს. ძალიან პატარა ხელფასიც მქონია და სოლიდურიც, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ გავგიჟებულვარ. მე ძალიან ეკონომიური ადამიანი ვარ, არ ვცხოვრობ ვარსკვლავურად. არ მაქვს სასწაული დანახარჯები. გაიკეთო ბრილიანტის სამეული – ეს არ არის ბედნიერება, სასაცილო უფროა. მე რომ მკითხო, ქაჯობაც კია ამაზე დიდი თანხის დახარჯვა ან თუნდაც, ტანისამოსში 5 ათასის გადახდა. ძალიან ბევრი ლამაზი სამოსი მაქვს, მაგრამ ბიუჯეტური. სხვათა შორის, ერთი-ორმა მითხრა, არაპროფესიონალიზმის ნიშანია, თუ პირველ ადგილზე ანაზღაურებას არ აყენებ და საკუთარი თავის ფასი არ იციო. რა ვქნა, შეიძლება, ამ კონტექსტში არ ვარ პროფესიონალი (იცინის). ფული საქმეზე წინ არასდროს დამიყენებია.

– ოჯახი თუ კარიერა, რომლისთვის უფრო მეტს შრომობთ?

– 19 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ, პრაქტიკულად, უარი ვთქვი დიდ კარიერაზე, გასტროლებსა თუ ანსამბლში მოღვაწეობაზე. რეზოს არასდროს უთქვამს, არ გაბედო სადმე წასვლა, სახლში იჯექიო, მაგრამ მე თვითონ ვიცოდი, რომ ეს არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ადამიანი ან ოჯახს ირჩევ, ან კარიერას. ძალიან გამიმართლა, რომ არცერთის სრულად დათმობა არ დამჭირდა, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ოჯახს არ დავთმობდი. ჩემთვის მთავარი ყოველთვის ოჯახი იყო. 65 პროცენტი ოჯახი, დანარჩენი – კარიერა, ასე იყო ჩემთვის. გადასარევად ვიცი, რომ უფრო დიდი სახელის მოხვეჭა შემეძლო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ სრულიად შეგნებულად გავაკეთე არჩევანი. თუ გასტროლებზე წავიდოდი, მე ოჯახს დავკარგავდი და ამიტომ დარჩენა ვარჩიე. ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე ასე გადავწყვიტე და ერთი წუთითაც არ მინანია.