როგორ მოხვდა ანიკო ჭედია ესპანეთში უმაღლესი დონის შეჯიბრებაზე საუკეთესო ხუთეულში და რატომ ეგონათ დედამთილი მისი მწვრთნელი
ბოდიბილდერი ანიკო ჭედია ცოტა ხნის წინ იტალიასა და ესპანეთში ორ უმაღლესი დონის შეჯიბრებაზე გამოვიდა და ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ხუთეულში შესვლაც შეძლო.
ანიკო ჭედია: ორ ქვეყანაში, იტალიასა და ესპანეთში ორ შეჯიბრებაზე მივიღე მონაწილეობა. მილანში Flex weekend-ზე კი ერთ შეჯიბრებაზე ორ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვედი. აქედან პირველი ბიკინის კატეგორია იყო. ამ კატეგორიაში 2014 წლიდან გამოვდივარ. და მეორე კატეგორია ველნესი, რომელიც პირველად ვცადე. საერთოდ, ბოდიბილდინგში არსებობს ორი ფედერაცია IFBB და NPC, რომელსაც ასევე, ამერიკის ფედერაციას ვეძახით და უმაღლესი დონისაა. მე მოღვაწეობა წლების წინ პირველ კატეგორიაში საქართველოში დავიწყე. გავხდი საქართველოსა და თბილისის აბსოლუტური ჩემპიონი. არაერთხელ ვიყავი საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი, თუმცა, 2019 წელს საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მომცა.
– რა მიზეზით?
– შეჯიბრებაზე პარკში გამოვყავდით, რაზეც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა და აქედან გამომდინარე, ორივეს მიმართ აგრესიულად განეწყო. ტელევიზიაში, სპორტულ გადაცემაში მიგვიწვიეს სტუმრად და რომ გამოვედით, ფედერაციის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ძალიან უხეშად მოგვიხსენია. ამას მოჰყვა ჩემი მეუღლის აგრესიული გამოთქმები მის მიმართ. რის შემდეგაც, მან ჩემს მეუღლესთან ერთად მეც სამუდამო დისკვალიფიკაცია მომცა. ამის შემდეგ აღარც ჩვენ გვქონდა სურვილი, საქართველოში გამოვსულიყავით. როგორც გითხარით, ბოდიბილდინგის სფეროში ყველაზე ძლიერი ფედერაცია NPC, ანუ ამერიკის ფედერაცია გახლავთ. მომხდარის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ამ ფედერაციაში გადავედით. საქართველოში NPC-ის ერთადერთი პროფესიონალი სპორტსმენი ჩემი მეუღლეა. მან ამ შედეგს შარშან მიაღწია. სამწუხაროდ, ქართველები არ არიან ამ ფედერაციაში. აქ რომ გამოხვიდე, ძალიან დიდი გამოცდილების სპორტსმენი უნდა იყო. გარდა ამისა, ძალიან კარგი ფორმა და არც თუ ისე ცოტა ფინანსები გჭირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალში მეტი ქართველი გამოვა ამ დონის შეჯიბრებაზე.
– ალბათ, საკმაოდ რთულია იქ მოხვედრა.
– კი, ძალიან რთულია. მძიმე რეჟიმია და ფინანსურადაც დიდ თანხებს საჭიროებს. სამწუხაროდ, არავინ გვაფინანსებს. ჩემმა მეუღლემ გასულ ნოემბერში მოიპოვა პროფესიონალური ბარათი. მაშინ მე, სამწუხაროდ, ერთი ქულით წავაგე. მითხრეს, რომ გამარჯვებისთვის ცოტა მეტი კუნთოვანი მასა მჭირდებოდა. ამიტომ ამჯერად ორი შეჯიბრება ავირჩიე იტალიასა და ესპანეთში, მინდოდა ისევ მეცადა „პროკარტის“ მოგება. ამ მიზნით კარგად მოვიმატე კუნთოვანი მასა და ისე წავედი იტალიაში. რომ ჩავედი, აღმოჩნდა, რომ მსაჯებმა კრიტერიუმები შეცვალეს და ბიკინის კატეგორიაში ახლა ნაკლებ კუნთოვან მასას ითხოვდნენ. ეს მონაცემები რატომღაც ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ფედერაციამ და ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი დაკლებას. მანამდე რამდენიმე თვე ვცდილობდი მომატებას, ადვილი არ არის ამის მიღწევა. შეჯიბრებაზე ოლიმპიის ამერიკელი მთავარი მსაჯი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რადგან მეტი კუნთი გაქვს, ხვალ აუცილებლად უნდა სცადო სხვა კატეგორიაში გამოსვლაო, ანუ, იქ სადაც გოგონებს უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვთ. დამატებითი თანხა გადავიხადე კიდევ ერთი, უფრო ძლიერი Wellness კატეგორიისთვის და მეორე დღეს გამოვედი, მაგრამ ამ კატეგორიის გოგონებთან შედარებით პატარა ვიყავი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ ორი კატეგორიის შუაში აღმოვჩნდი და სამწუხაროდ, ხუთეულში ვერ შევედი. იქიდან ესპანეთში გავემგზავრე, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა და პროფესიონალური „კარტები“ თამაშდებოდა. მანდ უკვე მოვახერხე ხუთეულში შესვლა.
– იტალიაში შეჯიბრებაზე საოცრად გგულშემატკივრობდათ დედამთილი. ალბათ, ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ.
– რადგან ფიტნესსფეროში ვარ და დარბაზში ვმუშაობ, სულ მეუბნებიან, რა გეშეჯიბრება, ბავშვი გააჩენეო და ასე შემდეგ. შვილი მყავს, მაგრამ ქართველებს გვჩვევია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთისთვის რჩევების მიცემა. ისიც უთქვამთ, შენი დედამთილი როგორ არ გლანძღავს ამის გამოო. რეალურად კი ჩემი დედამთილი ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. ამ შეჯიბრებებზე დიდი თანხები დამჭირდა, რასაც ძალიან განვიცდიდი, იმიტომ რომ ოჯახს ვაკლებ და ისე გავდივარ. დედამთილი იყო პირველი, ვინც ამბობდა, რომ ამაზე არც უნდა მეფიქრა. იტალიის შედეგზე გული ისე ძალიან დამწყდა, ვფიქრობდი, რომ ესპანეთში აღარ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისევ დედამთილი იყო პირველი, ვინც მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და ბრძოლა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. თვითონ ემიგრაციაშია და იტალიაში ამ შეჯიბრებაზე ჩემი გასვლა, ფინანსურად ნახევარზე მეტი მისი დამსახურება იყო. იქ ფიზიკურადაც ჩემ გვერდით იყო და ყველაფერში ისე მეხმარებოდა, ისე მედგა გვერდით, რომ ყველას ჩემი მწვრთნელი ეგონა. სანამ დავოჯახდებოდი, ფიტნესით ვიყავი დაკავებული, მაგრამ არა პროფესიონალურ დონეზე. ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, ის უკვე მოქმედი ბოდიბილდერი იყო და ჩემს პირველ შეჯიბრებაზე, როგორც ბოდიბილდერი, სწორედ მან გამიყვანა. ჩემი მწვრთნელი ის იყო და ბიძგიც მან მომცა. ახლაც ასეა. დედამთილს ამაზე არასდროს ჰქონია პრობლემა. პირიქით, ჩემი ნებისმიერი შედეგი ძალიან უხარია და დიდ მოტივაციას მაძლევს.
– შვილის გაჩენის შემდეგ არ გაგიჭირდათ ფორმის დაბრუნება?
– ორსულობის რვა თვე ვმუშაობდი. ბავშვის გაჩენიდან ორ თვეში უკვე ორი ჯგუფი მყავდა. წონაში 7 კილოგრამი მოვიმატე და სამშობიაროში 10 დავტოვე. ასე რომ არ გამჭირვებია. თუ ორსულობამდე სხეული ნავარჯიშები გაქვს, მერე აღარ არის რთული.
– ამ ყველაფერში, ალბათ, მეუღლეც გვერდით გიდგათ, სოციალურ ქსელში საოცრად თბილი პოსტით გამხნევებდათ.
– ბევრი ქართველი მამაკაცი ვერ მიიღებს ცოლის ამ სფეროში საქმიანობას. მე გამიმართლა, რომ ისიც ამ სფეროშია. გასაგებია, რომ ეჭვიანობის მომენტი ცოტა ორივეს გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენს საქმიანობაზე არ აისახება. ის არის ჩემი მწვრთნელი, ის მამზადებს ყველა შეჯიბრებისთვის და ის მეხმარება შედეგების მიღწევაში. ჩემი მეუღლე მამხნევებს და გვერდით მიდგას მაშინაც, თუ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევ.