როგორ შეცვალა სალომე ტეტიაშვილი სიყვარულმა და რატომ აღარ ჩანს ის ეკრანზე

436

სალომე ტეტიაშვილის ცხოვრებაში აქტიური ვარსკვლავური პერიოდი პასიურმა ჩაანაცვლა. ახლა მომღერალი საკუთარი პროფესიით ბანკში მუშაობს. შემოქმედებითი თვალსაზრისით კი ძველებურად აქტიური ვეღარ არის. ამის მიზეზებზე თავად მოგვიყვება.

სალომე ტეტიაშვილი: ჩემი გულშემატკივრები და გამომწერები ხშირად მეკითხებიან, თუ სად ვარ და ჩემი პასუხი ასეთია: იქ, სადაც, ალბათ, ყველა მომღერალია, რომელიც ოდესღაც ეკრანზე აქტიური იყო. ყველა მუდმივად ეკრანზე ვერ რჩება და ფართო ეკრანებიდან ჩრდილში ინაცვლებს. მუსიკა არ მიმიტოვებია, მაგრამ ისე აქტიური აღარ ვარ. ბანკში ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ და ალბათ, მეც, როგორც მომღერლების უმეტესობა, ძირითადად, წვეულებებსა და კორპორაციულ საღამოებზე ვმღერი. თუმცა, მაქვს სიახლეებიც. ბოლო დროს, იმ ძველი, ცნობილი სიმღერის, „უდარდელას“, ახალი, სტუდიური ვერსია გავაკეთეთ, რომლითაც საერთოდ გამოვჩნდი. ველოდები მის გამოსვლას.

– ხშირ შემთხვევაში, მომღერლების კარიერა ფოიერვერკით იწყება, მაგრამ გადის ცოტა დრო და ყველაფერი პაუზდება. რატომ ხდება ასე?

– ძირითადად, ასე ხდება. მომღერალი ნაკლებად სთავაზობს ტელევიზიებს, გადაცემებში მიმიწვიეთო. ტელეგადაცემებმა ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინონ. როცა პოპულარობის პიკში ხარ, მაშინ არის დაინტერესება. მერე ახალი თაობები მოდის, ახალი კონკურსები, კონკურსანტები და მათზე კეთდება აქცენტი. ჩვენი მხრიდანაც არის პასიურობა, ამის მიზეზი კი ფინანსებს არქონაა. ყველაფერს საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება და ამას ბევრი ვერ სწვდება. ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება.

– არ გაგიჭირდა ამ ცვლილებასთან შეგუება?

– კი, ეს რთულია. ისიც რთულია, როცა ჩვეულებრივად ცხოვრობ და მერე უცებ აგიტაცებენ ჰაერში და ყველა შენზე საუბრობს. ამან არ უნდა „გაგაფუჭოს“, რაც სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ამ წარმატების შემდეგ თუ იკარგები, რა თქმა უნდა, ემოციურად ესეც ძალიან რთულია. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს სოციალური ქსელები გვაძლევს საშუალებას, მსმენელებს თავი შევახსენოთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ როცა ვცდილობ, გამოვჩნდე, ვგრძნობ, რომ ხალხს ვახსოვარ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა წლები გადის და მაინც ძალიან დიდ მხარდაჭერასა და სიყვარულს გრძნობ, ვფიქრობ, ეს დათესილის მომკას ჰგავს. ალბათ, მართლა რაღაც კარგი გავაკეთე და ადამიანებს დღემდე ვახსოვარ.

– ბანკში სამსახური არის სტაბილური შემოსავლის წყარო?

– კი. მე განათლება ბიზნესის კუთხით მაქვს მიღებული. ბანკში მხოლოდ იმიტომ არ ვმუშაობ, რომ სამსახური მქონდეს, ეს ჩემი მიმართულებაა და მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ეს ჩემი პროფესიაა და იმიტომ არ ვაკეთებ, რომ უბრალოდ, „საჭმლის ჭამის“ საშუალება მქონდეს. მუსიკა ძალიან კარგია. ხელოვანი ადამიანისთვის ეს შეიძლება, სასულდგმულო წყაროა, მაგრამ ჩვენს მოცემულობაში, აუცილებელია, ამასთან ერთად სხვა საქმეც გქონდეს, იმისთვის, რომ ნორმალურად იცხოვრო. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ყველანაირი თვალსაზრისით სწორი მგონია.

– ამასობაში წლები გავიდა, სალომე გაიზარდა. ყველამ ძლიერ და მებრძოლ გოგოდ გაგიცნო. დღეს როგორი ხარ?

– 18 წლის ვიყავი, როდესაც გამოვჩნდი. კონკურსზე, სცენაზე მდგომს მკითხეს ჩემი ბუნების შესახებ და ვთქვი, რომ ძლიერი პიროვნება ვარ. ამას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა. ისე შეაფასეს, თითქოს ჩემს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა მქონდა. საქმე ისაა, რომ მე პირდაპირ მკითხეს, შენ ძლიერი ადამიანი ხარ? როგორ წარმოუდგენია ვინმეს, სცენაზე ათასობით მაყურებლის წინაშე ვიტყოდი, არა, მე ძალიან სუსტი ადამიანი ვარ-მეთქი?! მით უმეტეს, როდესაც ვფიქრობ, რომ ძლიერი ვარ. საერთოდ, შენ თუ არ აფასებ შენს თავს, თუ დაბალი წარმოდგენა გაქვს მასზე, ფიქრობ, რომ სუსტი ხარ და სირთულეს ვერ გაუმკლავდები, ასე ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება. თავს ძლიერად მიიჩნევდე, ეს არ ნიშნავს, რომ თავი ვიღაცაზე მეტი გეგონოს და კი, მე ნამდვილად ვარ ძლიერი. ერთადერთი, რაც ძალიან მიშლის ხელს, ისაა, რომ ზედმეტად ემოციური ვარ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. თუ მიხარია, ძალიან მიხარია, თუ მწყინს, ძალიან მწყინს. ემოციების კონტროლი ცოტა მიჭირს, მაგრამ მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა და დღეს უკვე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ძლიერი ვარ. ძალიან ბევრი პრობლემა და ბარიერი შემხვდა ცხოვრებაში. როცა პრობლემებს ეჩეხები და ამ ფონზე ნაბიჯებს მაინც წინ დგამ, იმისთვის, რომ ცხოვრება გაიუმჯობესო, რა თქმა უნდა, ძლიერი ხარ. ძლიერი რომ არ ვიყო, ვერ გავუმკლავდებოდი იმ დაბრკოლებებს, რომლებიც ცხოვრებაში შემხვდა.

– შენ და დედა მთელი ცხოვრებაა ერთმანეთის გვერდით დგახართ. ადრე მთელი პასუხისმგებლობა მასზე იყო, ახლა თუ გამოდის, რომ მან შენს იმედად, თავს მოდუნების უფლება მისცეს?

– საბედნიეროდ, მოვახერხე და ამით ძალიან ვამაყობ. 18 წლის რომ ვიყავი, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. ამ ასაკში მშობელია წამყვანი და ძირითადად, პასუხისმგებლობებს ის იღებს საკუთარ თავზე. ყველამ იცის, რომ მე მხოლოდ დედა მყავს. არ მყავს დედმამიშვილი, არ მყავს მამა. აქედან გამომდინარე, ჩემი ძირითადი საყრდენი ყოველთვის დედა იყო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ უკეთესად ვიყოთ. იმას არ ვამბობ, რომ ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და დედა არაფერს აღარ აკეთებს. დედას, უბრალოდ, არ შეუძლია მუშაობის გარეშე ცხოვრება, მაგრამ დღეს უკვე ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ შემიძლია, მე ვიზრუნო დედაზე. გავუკეთო, რაც უნდა, დასასვენებლად წავიყვანო, ვუყიდო რაც უხარია. მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საბედნიეროდ, მოვახერხე, რომ მეზრუნა დედაზე და მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ამით ძალიან ვამაყობ. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს დედაშვილურ სიყვარულს. მე მთელი ცხოვრება ვუყურებდი როგორი წვალებით, რამდენი დაბრკოლების გადალახვის ფონზე მოახერხა მან ჩემი ფეხზე დაყენება და ადამიანად ჩამოყალიბება, ამიტომ მის მიმართ სიყვარული და პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად მაქვს გამძაფრებული, თორემ დედა რომ ყველა ადამიანს უყვარს – ეს ბუნებრივია.

– მამა და ძმა გყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ გქონია და როგორც ვხვდები, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.

– არა და თან, სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა. ისე გარდაიცვალა, რომ არ მინახავს და არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობაში რთულია. ადრე ვთქვი, მის მიმართ გრძნობები არ გამაჩნია-მეთქი და გამკიცხეს.

ადამიანის მიმართ გრძნობები რომ გაგაჩნდეს, მასთან ურთიერთობა ხომ უნდა გქონდეს?! ფიზიკურად ვერ გექნება გრძნობები ამის გარეშე. ვაფასებ, ვაცნობიერებ, რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებდი, მაგრამ ისეთი სიყვარული, რომელიც დედის მიმართ მაქვს, ცხადია, მამის მიმართ ვერ მექნებოდა. მე ის ბავშვობის შემდეგ არ მინახავს. თუმცა, გარდაცვალება ისეთი რამ არის, გულგრილად ვერ შეხვდები. ვერ მოვიტყუები და განვიცადე. შემეცოდა, რომ ასე დალაგდა მისი ცხოვრება. რაც შეეხება ძმას, არც მასთან მაქვს ურთიერთობა.

– კარგ ამბავზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, შეყვარებული და ბედნიერი ხარ.

– კი, ასეა. ბანალურად ჟღერს, მაგრამ როცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, მაშინ გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დაკავებული ვიყავი, რამდენიმე სამსახურში ვმუშაობდი, დრო არაფრისთვის მქონდა, პანდემია ახალი დაწყებული იყო და ახალ ადამიანთან კი არა, ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორისაც კი იყო გართულებული. ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთან ჰქონოდა ურთიერთობა და მეც გამიჩნდა მასთან ურთიერთობის სურვილი. მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, ორივემ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ურთიერთობისთვის და დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. თითქმის სამი წელია, ერთად ვართ. ეს ურთიერთობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მქონოდა.

– შეყვარებული სალომე როგორია?

– ალბათ, უფრო ლმობიერი. ზოგადად, ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. ფეთქებადი ვარ. გინდა არ გინდა, როცა ადამიანის მიმართ გრძნობები გიჩნდება, ამ მხრივ იცვლები, უფრო ლმობიერი და დამთმობი ხდები.

– რადგან რამდენიმე წელია, ურთიერთობაში ხარ, მაგრამ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნია, როგორც ჩანს, ძალიან „შეწუხდნენ“ ახლობლები შენი ბედით. „ფბ-ზე“ წერდი, არავის საქმე არ არის, როდის გადავდგამ ამ ნაბიჯსო.

– ადამიანი ურთიერთობაში არის თუ არა, 24-25 წელს რომ გადასცდება, უკვე ეკითხებიან, როდის თხოვდები, შემდეგ – ბავშვი როდის უნდა გყავდეს? და ასე დაუსრულებლად. მე მგონია, რომ ჩვენზე უკეთ არავინ იცის, როდის უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. საერთოდ, მე გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შემდეგ ვიღებ და ასე ვიქცევი აბსოლუტურად ყველა საკითხში. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ცუდად მომბრუნებია ან მინანია. ამ საკითხშიც მინდა, მყარი გადაწყვეტილება მივიღო. განა ის, რომ მე დავრწმუნდე, ნამდვილად მინდა თუ არა კონკრეტულ ადამიანთან ერთად ყოფნა, უბრალოდ, მინდა, როცა ამ ნაბიჯს გადავდგამ მქონდეს ჩემი კუთხე, ჩემი საქმე და გარკვეული საკითხები სამომავლოდ კარგად მქონდეს დალაგებული. ოჯახი ცხოვრების ისეთი ეტაპია, რომელსაც უზარმაზარი დაფიქრება სჭირდება და როცა ამ ნაბიჯს დგამ, ძალიან მყარად უნდა იდგე ფეხზე, რომ შემდეგში პრობლემები არ შეგექმნას. კი, ვეთანხმები ამ ადამიანებს, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს ნაბიჯი დროულია, თუმცა, მოკლედ რომ ვთქვა, არსად მეჩქარება (იცინის).