“არ ვეკუთვნი იმ ქალთა კატეგორიას, რომლისთვისაც გათხოვება აუცილებელია”

200

მომღერალი ნათია ზარანდია ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მისი გულშემატკივრების რაოდენობაც იზრდება. ნათიას ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნათია ზარანდია: დავიბადე და გავიზარდე რუსეთში. 30 წლამდე იქ ვცხოვრობდი. საქართველოში საბოლოოდ 6-7 წლის წინ გადმოვედი.

ყოველთვის აქტიური და სცენური ბავშვი ვიყავი. დედას ყველგან დავყავდი, რადგან ჩემში არტისტული ნიჭი თავიდანვე შეამჩნია. ძალიან მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა, ბევრ კონცერტზე გამოვდიოდი, მაგრამ პროფესიულად ხელოვნებას არ გავყევი. ჩემი მშობლები ამ სფეროს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. გოგომ უნდა იცოდეს ცეკვა და სიმღერა და საზოგადოებაში რომ მოხვდება, უნდა იცეკვოს და იმღეროსო – ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ როგორც პროფესიას, ისე არ უყურებდნენ. აქედან გამომდინარე, მეც ის გავაკეთე, რაც მშობლებს უნდოდათ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ლომონოსოვის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ამ სფეროში ათი წელი ვმუშაობდი. სხვათა შორის, საქართველოშიც ვიმუშავე ტურისტული გადაცემის მთავარ პროდიუსერად. პარალელურად, სულ იყო სიმღერა, მასზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ საქართველოში დაბრუნებამდე, მხოლოდ ჰობის დონეზე შევინარჩუნე.

– ოჯახის საცხოვრებლად რუსეთში გადასვლა რასთან იყო დაკავშირებული?

– მამა 40 წელია, რუსეთში ცხოვრობს. დედაც ქართველი მყავს, რომ დაქორწინდნენ, იქ ცხოვრობდნენ და აქედან გამომდინარე, მე და ჩემი ძმაც რუსეთში დავიბადეთ. მამაც უკეთესი ცხოვრებისთვის წავიდა, თორემ ემიგრაციაში ცხოვრება არავის უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ძალიან კომფორტულად ვცხოვრობდი, თანამდებობაც მქონდა და კარგი პირობებიც, გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი, არა მაშინ, როცა ომი დაიწყო, არამედ, მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად იყო. მე ყოველთვის მინდოდა საქართველოში ცხოვრება. ჩემს ქვეყანაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შვიდი წლის წინ იქ ყველაფერი დავტოვე და მას შემდეგ აღარც წავსულვარ. სიმართლე გითხრათ, არც გამჭირვებია ამ ნაბიჯის გადადგმა. მანამდეც, საქართველოში არდადეგებსა თუ შვებულების პერიოდში რომ ჩამოვდიოდი, რუსეთში სულ ცრემლებით ვბრუნდებოდი ხოლმე და ყოველთვის სამუდამოდ დაბრუნებაზე ვოცნებობდი. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. უკვირთ, ამას რომ ვამბობ ხოლმე. იქ არა მარტო წარმატებული კარიერა მქონდა, უამრავი მეგობარიც მყავდა და მყავს, მაგრამ მაინც საქართველოში ვგრძნობ თავს ისე, როგორც თევზი წყალში.

– ოჯახში ქართული გარემო გქონდათ?

– რადგან რუსეთში ვიყავით, მშობლები ძალიან მკაცრი ტრადიციებით მზრდიდნენ. ტრადიცია ჩემთვის უბრალოდ სიტყვა არ არის. ისე ვიზრდებოდი, როგორც ქართველ გოგოს შეეფერებოდა. აქ რომ ჩამოვედი, აქ მყოფებზე უფრო ქართველადაც კი ვიგრძენი თავი და გამიკვირდა კიდეც ის თავისუფლება, რაც აქ ვნახე (იცინის). ენა რომ კარგად ვიცი, ესეც ოჯახის დამსახურებაა. რადგან ისედაც რუსულენოვან გარემოში ვცხოვრობდით, ოჯახში რუსულად საუბარი აკრძალული გვქონდა და მხოლოდ ქართულად და მეგრულად ვლაპარაკობდით. წარმოშობით სამეგრელოდან ვართ და არც მეგრული უნდა დაგვევიწყებინა. ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, ასე რომ გვზრდიდნენ.

აქ რომ ჩამოვედი, სულ სხვა რეალობა დამხვდა. იქ უფრო მეტად ვიყავით ორიენტირებულები ადათ-წესებსა და ტრადიციებზე. თუმცა, რაც დამხვდა, ისიც ძალიან მომეწონა. არის რაღაცები, რაც შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ გაცილებით მეტია მოსაწონი. თან, საქართველოში მუსიკალური თვალსაზრისითაც დავიწყე საკუთარი თავის რეალიზება.

– ფაქტობრივად, ოცნება აიხდინეთ.

– კი, აქ ავიხდინე ეს ოცნება. რომ დავბრუნდი, ტელევიზიაში ვმუშაობდი, მაგრამ მერე ის არხი დაიხურა და წინა პლანზე სიმღერამ გადმოინაცვლა. ჩავწერე სიმღერები და კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ბოლო ერთი წელია, უფრო რეიტინგული გახდა ჩემი შემოქმედება და პოპულარობაც მოვიდა. აქამდე ისეთ პიარსაც არ ვუკეთებდი საკუთარ თავს, როგორც ახლა. ვგულისხმობ სოციალურ ქსელებში აქტიურობას და როგორც კი ეს ნაბიჯი გადავდგი, შედეგმაც არ დააყოვნა. რუსეთიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ არ მაქვს იქ ჩასვლის სურვილი. თუმცა, მე რუსულ სიმღერებსაც ვმღერი. სხვათა შორის, ამის გამო მაბულინგებენ კიდეც. შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ენა რა შუაშია ხელოვნებასთან, მე რაც მომწონს, იმას ვმღერი. ჩასვლას რაც შეეხება, მიუხედავად ორი სერიოზული შემოთავაზებისა, ეს ნაბიჯი არ გადამიდგამს.

– გამორჩეული ვიზუალი და ჩაცმის სტილი გაქვთ. ეს რამდენად გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?

– სხვათა შორის, რაც საჯაროდ გამოვჩნდი, ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს ჩემს ჩაცმულობას დადებითი კონტექსტით. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს. ეს დედას დამსახურებაა. ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია და ძირითადად, ის ზრუნავს ჩემს ჩაცმულობაზე. მიყვარს გამორჩეულად, ექსტრავაგანტურად და ზოგჯერ თამამადაც ჩაცმა. მე ვფიქრობ, რომ მომღერლისთვის, რომელიც სცენაზე დგას, ეს პლუსია. ვიზუალს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც მიმიღია კომპლიმენტები და რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი წარმატებაში მეხმარება. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად მამრობითი სქესისგან ვიღებ ხოლმე კომპლიმენტებს. უთქვამთ ხოლმე, შენ სულ არაფერი რომ არ გააკეთო სცენაზე და უბრალოდ იდგე, ისეთი ხარ, მაინც სიამოვნებით გიყურებს ადამიანიო (იცინის). ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ როცა გარეგნობა ხელს გიწყობს, ეს დამატებითი პლუსია. თან, დღეს ისეთი დროა, ვიზუალსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამისთვის ადამიანები ბევრ რამეს სჩადიან. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ 37 წლის ვარ, მალე 38-ის ვხდები, მაგრამ არანაირი ჩარევები არ მაქვს. ძალიანაც მინდოდა, მაგრამ არაფერი მიჩერდება და ასე ნატურალურად მომიწევს დაბერება (იცინის). მეც მომინდა, ტუჩი გამეკეთებინა და ვცადე, მაგრამ თურმე ისეთი ორგანიზმი მაქვს, რომ ყველაფერს იწოვს, ეს ეხება ბოტოქსსაც და ამიტომ ჩემმა რამდენიმე მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა (იცინის).

– სხვა მხრივ როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

– მიჭირს, რადგან გურმანი ვარ (იცინის). მიყვარს გემრიელად ჭამა, თან, იცით, როგორი გემრიელი კერძები გვაქვს მეგრელებს. დედაც არაჩვეულებრივი მზარეულია და ზოგჯერ გამექცევა ხოლმე კილოგრამები.

აქედან გამომდინარე, მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ. ახლაც რომ გესაუბრებით, ფაქტობრივად, მშიერი ვარ (იცინის). რა ვქნა, ყველაფერი მერგება, თან, ეკრანიც მატებს წონას. სხვათა შორის, ვინც ეკრანიდან მიცნობს, ლაივში რომ ვუნახავვარ, უთქვამთ, როგორი გამხდარი ყოფილხარო. საერთოდ, არ მომწონს ჩემი თავი ეკრანზე და ბევრს ისიც უთქვამს, ცხოვრებაში უკეთესად გამოიყურებიო.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– თაყვანისმცემლები ყველას ჰყავს და მათ შორის მეც, მაგრამ სერიოზული არაფერია. იყო ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და დაიღუპა. სიმართლე გითხრათ, რუსეთში რომ ვცხოვრობდი, არ მინდოდა, სხვა ეროვნების წარმომადგენელს გავყოლოდი ცოლად. მერე სწავლა იყო პრიორიტეტი. ახლაც არ ვეკუთვნი იმ ქალთა კატეგორიას, რომლისთვისაც გათხოვება აუცილებელი საკითხია. არც არასდროს ვყოფილვარ დაქორწინებული, არც შვილები მყავს. მშობლები და მეგობრები დამაფიქრებენ ხოლმე ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, კარგია, როცა საყვარელი ადამიანი გყავს, მაგრამ ეს ცოტა რთული თემაა. რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ბევრ რამეს აკვირდები. მე თან ძალიან მომთხოვნი ადამიანი ვარ, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე საპირისპირო სქესისადმი. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემთვის ადამიანის მატერიალური მდგომარეობა არის გადამწყვეტი. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. არადა, ჩემთვის პირველ ადგილზე ადამიანი დგას. უბრალოდ, ხელოვანი ადამიანებისთვის ორმაგად რთულია მეორე ნახევრის პოვნა. მოსწონთ მომღერალი გოგონები, მაგრამ როცა ურთიერთობაში შემოდიან, მერე ცდილობენ, სახლში დასვან, ეჭვიანობენ. მე მქონია ასეთი შემთხვევა და იქიდან გამომდინარე, რომ შინაგანად ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, ვერ შევეგუები შეზღუდვებს. ადამიანს თუ შევიყვარებ, ის უნდა ამაყობდეს ჩემი საქმიანობით, კი არ უნდა მზღუდავდეს, ხელს უნდა მიწყობდეს. ამიტომ ასე მარტივი არ არის, თორემ ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ გათხოვება რომ მინდოდეს, მსურველები დღესაც არიან და საერთოდ, თუ სურვილი გაქვს, მე ვფიქრობ, ამაზე მარტივი არაფერია. რთული ბედნიერი ოჯახის შექმნაა და ჯერჯერობით არ შემხვედრია ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი. ახლა რომ ვუფიქრდები, კი, ჩემი ერთ-ერთი სურვილი არის ასეთი ადამიანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში.

– ქართველ და რუს მამაკაცებს რომ ადარებთ ერთმანეთს, რას ფიქრობთ?

– რა შედარებაა, რუს კაცს არასდროს შევადარებ ქართველს. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგები ჩვენი ქართველი კაცები არიან. დღეს ცოტა შეიცვალა სიტუაცია და რაღაცები არ მომწონს, მაგრამ ქართველ ვაჟკაცს მაინც ვერცერთი ეროვნება ვერ შეედრება. მაგარი ბიჭები გვყავს. სხვა ეროვნების ადამიანს ცოლად არასდროს გავყვები. ამბობენ, არასდროს თქვა არასოდესო და მთავარი ადამიანია და არა ეროვნება, მაგრამ მქონდა ასეთი შემთხვევაც, სარწმუნოებაც სხვა ჰქონდა და არ გადავდგი ეს ნაბიჯი. მე მაინც ჩემი მინდა და არა სხვა. მაგალითებიც საუკეთესო მყავს: მამა, ჩემი ძმა, მეგობრები – საამაყო ქართველი ვაჟკაცები არიან და მე ასეთ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ. ნამდვილად არიან დარჩენილი ნამდვილი ქართველი მამაკაცები და იმედია, მე ზუსტად ასეთი შემხვდება (იცინის).

– თაყვანისმცემლები როგორ ცდილობენ სიყვარულის გამოხატვას?

– გამოსავალი იპოვეს, მწერენ ხოლმე, სპონსორი ვარ და შენი შემოქმედების დასპონსორება მინდაო. მეც მჯერა, რამდენჯერმე შეხვედრაც დამინიშნეს და რომ მივედი, მერე მივხვდი, რომ სინამდვილეში ჩემი ნახვა უნდოდათ და არანაირი საქმიანი შემოთავაზება არ ჰქონდათ (იცინის).